ილია მეორე: ბავშვებო, უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს

gurianews.com

21-ს ქვევით

ილია მეორე: ბავშვებო, უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს

დეკემბერი 17
13:56:51 2017

სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამბიონზე ბავშვები იხმო, დალოცა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ბედობის დღეა, ბედნიერების დღეა, ბავშვების დალოცვის დღეა, ამიტომ ბავშვებს უნდა მივაგოთ პატივი. დღეს ჩვენ ვლოცავთ ბავშვებს და ყოველ მორწმუნე ადამიანს. წმინდა ბარბარე განსაკუთრებული წმინდანია, ის იყო ერთადერთი შვილი, მას ჰყავდა მამა და ის ზრდიდა, მაგრამ მამას არ ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის არ იყო ქრისტიანი. წამება წმინდისა ბარბარესი სამაგალითოა, მისმა მამამ მოჰკვეთა თავი.

ყოველმა ადამიანმა თავის გულში უნდა გააკეთოს მესამე ფანჯარა. აი, ეს ტაძარი წმინდა სამების სახელობისაა, ეს რომ არ ყოფილიყო წმინდა სამების, ალბათ ვერ ავაშენებდით ამ ტაძარს. დღეს მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო ბავშვების აღზრდას, ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, რომ სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი, ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა იღებს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ თქვენ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს, თანახმა ხართ? თქვით ერთად –  “თანახმა ვართ”.

თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს ავი საწამლავი, ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებსა და სამშობლოს, ამიტომ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი.

მე ასევე, მინდა შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამასწინათ მოხდა დიდი უბედურება, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა, ღმერთმა აპატიოთ ეს ცოდვა. ბევრი ახალგაზრდა დღეს წასულია უცხოეთში, ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ცხოვრობს უბრალოდ, ღმერთმა დალოცოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები და ღმერთმა მალე დააბრუნოს სამშობლოში.

მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას, არის შობადობის სიმცირე. სტატისტიკა ამბობს, რომ ყოველი მეორე ოჯახი შორდება ერთმანეთს, თქვენ ბავშვებო ილოცეთ, რომ თქვენ გქონდეთ მტკიცე ოჯახი, მტკიცე ოჯახი ადამიანისთვის ბედნიერებაა, ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გათავისუფლდება ცუდი ჩვევებისგან, იმედი მაქვს, რომ იგრძნობს ნარკომანიის საშიშროებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასდროს გასინჯოთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.



არქივი