ქართველი ახალგაზრდების აპლიკაცია "Ladybug-ი_ დაკარგული ნივთების პოვნაში დაგეხმარებათ

gurianews.com

21-ს ქვევით

ქართველი ახალგაზრდების აპლიკაცია "Ladybug-ი_ დაკარგული ნივთების პოვნაში დაგეხმარებათ

დეკემბერი 26
11:46:04 2017

11 დეკემბერს დასრულდა Garage48-ის მიერ ორგანიზებული ჰაკათონი ,,Gemification&Entertainment-ი”, რომელშიც 100-მდე მონაწილემ ესტონელი მენტორების დახმარებით, 48 საათის განმავლობაში შეძლო, რომ წარედგინა საკუთარი ინოვაციური იდეები. პროექტის ფარგლეში გამოვლინდა საუკეთესო ტექნიკური გუნდი – „ARX-ი“, გუნდის წევრებმა საკმაოდ მოკლე დროში შექმნა დახვეწილი აპლიკაცია სახელწოდებით „Ladybug-ი”, რომელიც დაკარგული ნივთების მარტივად პოვნაში დაგვეხმარება.

"ეს გახლავთ სისტემა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაუღოს სურათი იმ ნივთებს, რომელებიც მისთვის მნიშვნელოვანია (მაგ: ბარათი, ტელეფონი, საფულე, საათი და ა.შ) და ატვირთოს ისინი აღნიშნულ აპლიკაციაში, ამის შემდეგ კი, კომპიუტერული ხედვის ალგორითმების გამოყენებით, აპლიკაცია იმახსოვრებს მათ და, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნივთი დაიკარგება და თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანმა იპოვის მას, მპოვნელს უბრალოდ დასჭირდება, რომ აპლიკაციის კამერით შეხედოს აღნიშნულ ნივთს და წამის მეასედებში შეძლებს დაუკავშირდეს მის პატრონს," _ ამბობს აპლიკაციის იდეის ერთ-ერთი ავტორი ნიკა დევაშვილი.

მისივე თქმით, აპლიკაციას აქვს კიდევ ერთი, „Pokemon GO-ს“ სტილში წარმოდგენილი ფუნქცია, სადაც ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ნივთები, შეეძლებათ მიუთითონ ნივთის დაკარგვის სავარაუდო ადგილი და გარკვეული წამახალისებელი საჩუქარი დააწესონ მისთვის, ვინც ნივთს მიაგნებს:

თუ ვთქვათ რომელიმე მომხმარებელმა დაკარგა მეხსიერების ბარათი, რომელზეც მისთვის მნიშვნელოვანი ფაილებია, შეუძლია განათავსოს რუკაზე თავისი ნივთის დაკარგვის ადგილმდებაროება და მაგალითად დააწესოს გარკვეული ფულადი პრიზი მპოვნელისათვის, ხოლო ის ადამიანები რომლებსაც თავისუფალი დრო აქვთ და მაინც ახლოს არიან ამ ნივთთან დაიწყებენ ამ ნივთის ძებნას და ვინც პირველი მიაგნებს მას, მფლობელისგან დასაჩუქრდება,  ხოლო ჩვენს აპლიკაციაში ახალი წოდება მიენიჭება -აღნიშნავს ნიკა.

ასევე, მაგალითად, დაკარგული ბარათის პოვნის შემთხვევაში შეძლებთ დაინახოთ როგორ გამოიყურება რეალურად ამ ბარათის მფლობელი და ადვილად დაუკავშირდებით მას ჩათის საშუალებით.

„Ladybug-ის“ იდეის ავტორი კომპანია „ARX-ია“, რომელიც 5 წევრისგან შედგება, მათ შორის შორის სტუდენტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც არიან. ახალგაზრდებმა ჰაკათონში საუკეთესო ტექნიკური გუნდის სახელიც დაიმსახურეს, გამომდინარე იქიდან, რომ მენტორებისა და ჟიურის თვალსაზრისით მსგავსი პროდუქტის 48 საათის განმავლობაში შექმნა თითქმის შეუძლებელია,  თუმცა ახალგაზრდებმა დასახულ გამოწვევას წარმატებით გაართვეს თავი და მათ მიერ შექმნილი აპლიკაცია მომხმარებლისთვის უკვე 10 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი, როგორც Android-ის, ასევე IOS ის App Store-ზე.

წყარო



არქივი