მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით _ რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია "ივლიტას ბიბლიოთეკაში"

gurianews.com

21-ს ქვევით

მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით _ რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია "ივლიტას ბიბლიოთეკაში"

თებერვალი 12
10:41:12 2019

"ვყვირივარ; ანი ბანი და განი და დანი ზანი და თანდათან თანი კანი და ლანი და მანი მანი და მე ნანი ნანი ნა მინდა’’ .

რატი ამაღლობელი _ თანამედროვე ქართული პოეზიის სახე. კაცი, რომელმაც ქართული ანბანი გარდაქმნა სივრცედ, სადაც ენის მუსიკა, პოეზიის ძალა და ფიქრები გოლგოთაზე ქმნიან ‘‘სეკვენციას ‘’.

სწორედ პოეზიის ძალაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა რატი ამაღლობელმა 6 თებერვალს, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ გამართულ საჯარო ლექციაზე, რომლის თემა ევროპა და საქართველო იყო.

პოეტმა ხაზი გაუსვა ევროპულ ღირებულებებს და ქართულ რეალობასთან შეადარა.

მან, ასევე, ისაუბრა საბჭოთა კავშირის პერიოდზე, როდესაც საქართველოში ლიტერატურა, კულტურა ვითარდებოდა  რუსეთის ცენზურის ფონზე, რაც თრგუნავდა საქართველოს განვითარებას:

_ სწორედ ამან განაპირობა, რომ საქართველოს კულტურული განვითარების ტემპი ჩამორჩა სამყაროს, _ აღნიშნა პოეტმა.

მისი თქმით ევროპელები სიახლის ძიებაშია, ქართველები კი, ამ ნოვაციების მომხმარებლები არიან.

როგორც რატი ამაღლობელმა აღნიშნა, ევროპული სახელმწიფოს იდეა მოდის ფილოსოფოსებისგან და მოაზროვნეებისაგან.

_ ქართული ლიტერატურისა და კულტურის ძირეული შესწავლით აღმოვაჩენთ, რომ ევროპული ღირებულებები ეს იგივე ქართული ფასეულობებია, _ აღნიშნა ამაღლობელმა.

ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პოეტმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის, გურიაში სტუმრობა ყოველთვის განსაკუთრებულია:

_ ძალიან მიხარია გურიაში ჩამოსვლა, აქაურ ადამიანებთან შეხვედრა. განსაკუთრებით თქვენი თაობის გოგო-ბიჭებთან საუბარი, კამათი, აზრების გაზიარება. განსაკუთრებული ინტერესით ვუსმენ თითოეულ ახალგაზრდას, მათთან ურთიერთობაში მეც ბოლომდე ვიხარჯები და ბევრ რამეს ვსწავლობ, _ გვითხრა პოეტმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „ახლანდელი თაობა სწორი მიმართულებით ვითარდება“.

_ ბატონო რატი,  ხშირად საუბრობენ, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა წიგნს დაშორდა თქვენ რას ფიქრობთ ამ  საკითხთან დაკავშირებით?

_ არ მგონია, რომ ასე იყოს. ბევრი კარგი ლიტერატურა გამოდის და ითარგმნება ქართულად. ამ ყველაფერს ჩვენი თაობა ნელ-ნელა ეცნობა. რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი გვინდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლანდელი თაობა სწორი მიმართულებით ვითარდება, სწორ გზას ადგას.

_ დღევანდელ თაობაზე საუბრისას არ შეგვიძლია არ შევეხოთ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას _ სკოლის გამოცდების გაუქმებას. როგორ ფიქრობთ, სწორი მიმართულება აქვს არჩეული განათლების სამინისტროს?

_ მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით. მეც ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს და ვფიქრობ, რომ საჭიროა  არა ერთჯერადი ცვლილება, არამედ განათლების გრძელვადიანი რეფორმების გატარება რა თქმა უნდა სწორი კუთხით.

_ ცოტა ხნის წინ თქვენ გააკეთეთ მწვავე პოლიტიკური განცხადება და თქვით, რომ არ მთავრდება ივანიშვლის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ნიღარიბით მანიპულაცია, ეს განცხადება ნიშნავს, რომ დღევანდელი მთავრობით  უკმაყოფილო ხართ?

_ ამ განცხადების მიზანი იყო აღწერა და დაფიქსირება იმ პოზიციის და მდგომარეობის, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, _ აღნიშნა პოეტმა. 



არქივი