„მწამს ჩემში მცხოვრები ღმერთის“_ ირინა ქავჟარაძის მორიგი გამონათება

gurianews.com

21-ს ქვევით

„მწამს ჩემში მცხოვრები ღმერთის“_ ირინა ქავჟარაძის მორიგი გამონათება

იანვარი 27
14:06:43 2020

ირინა ქავჟარაძე (ირაიდა) ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ის   არაერთი მოსწავლეთა ოლიმპიადის თუ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

ახლახან ის 2019 წელს გამართული  მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა და იმ 50 მოსწავლეს შორისაა, რომელიც აღნიშნულ ტურში მთელი საქართველოს მასშტაბით გადავიდა.

ძალზე სიღრმისეულია და საკუთარი ხელწერა იგრძნობა   ბლიც-ინტერვიუში, რომელიც მან ფეისბუკსტატუსის სახით გამოაქვეყნა:

№195, ბლიც-ინტერვიუ ირინა ქავჟარაძესთან

დავიბადე — თვეში, რომელსაც გალაკტიონი მოძმედ არ ეძნელებოდა;

გახლავართ — იმდენნაირი პიროვნება, რამდენ ადამიანსაც შევხვედრივარ;

ვცხოვრობ — და ამ ბუნებისაგან მომადლებული ცვრით დიდ ქარიშხალთა შეჩერებას ვლამობ;

ვწერ — იმ ფიქრად დალექილი ემოციით, რომელმაც სათანადო სიტყვა იპოვა გარეთ გასაღწევად;

მიყვარს — ყველაზე დიდი სულიერი მიწისძვრებით;

ვეჭვიანობ — და ტანჯვის ამ ხელოვნებით უნდობლობას ვუცხადებ საკუთარ თავს;

ვპატიობ — ყოველთვის, თუმცა, მოგეხსენებათ, ზოგჯერ მიტევებაც შურისძიებაა;

ვგრძნობ — საკუთარ თავს სამყაროში და სამყაროს – ჩემში;

მეშინია — გულსმოჩვეული ოცნებების მსხვრევის ხმის;

არ შემიძლია — შეგნებულად ვავნო საყვარელ ადამიანს;

გული მიჩუყდება — ავი ყოფის გამო ნაადრევად გაზრდილი ბავშვის ხილვისას;

ვკითხულობ — რათა ვიცხოვრო მეტი;

ვეძებ — უნიღბო ადამიანებს, რადგან მწარედ მახსოვს, გემოთი ვიცი, თუ რას ნიშნავს სიყალბე ურთიერთობაში;

ვბრაზდები — თუკი საკუთარ თავს უპასუხისმგებლო ქმედებაში გამოვიჭერ;

ვიმახსოვრებ — ადამიანების დაბადების დღეებს, რათა უყურადღებოდ არავინ დამრჩეს და ამ ქარაშოტულ ცხოვრებაში წელიწადის ერთ დღეს მაინც მოვახერხო ნაცნობისათვის გულის გათბობა;

ვიცინი — საკუთარ თავზე. თვითკრიტიკულობა აუცილებელია პიროვნული განვითარებისათვის;

ვინახავ — საჰერბარიუმო მასალასა და ძველ დღიურებს;

მწამს — ჩემში მცხოვრები ღმერთის;

მსიამოვნებს — პატიოსანი ადამიანის ხილვა;

ვივიწყებ — ჩემგან წასულ ხალხს;

მესიზმრება — ძირითადად ისინი, ვინც მიყვარს და ხშირად წინასწარმეტყველურადაც;

ვეხმარები — საკუთარ თავს გაძლიერებაში;

ვუსმენ — ბეთჰოვენს, ბახს, შოპენს, შუბერტს, მოცარტს... გულის ხმას;

ჰობი — ქარგვა, ხატვა, ქსოვა...;

ვფიქრობ — უამრავ საჭიროსა და კიდევ უფრო მეტ უმნიშვნელო საკითხზე;

ვნანობ — ბევრ თქმულსა და ბევრსაც უთქმელს;

მანაღვლებს — ცხოვრებისაგან ნაბადივით გათელილთა ხვედრი;

მენატრება — მამა;

სამშობლო — მაგრძნობინებს, თუ როგორ განვსხვავდები მონისაგან და მაკავშირებს კაცობრიობასთან;

რჩევა ავტორებს — დაიცვან ენის სიწმინდე;

პოეზიარი — ძალიან პროდუქტიულად ემსახურება „არდაკრული ტაშის ქუხილის“ შემცირებას და დიდი მადლობა მას ამისთვის!;

ხელოვნება — შუამავალია მოკვდაობასა და მარადისობას შორის;

ერთი ლექსი — დამმარხე, ცაო
დამმარხე, ცაო
და დამტოვე ღრუბლებმიყრილი,
რომ მომარიდო
წამს, რომელსაც ჰქვია სიკვდილი...
დამმარხე, ცაო,
რომ მამსგავსონ დარდებმა ცხედარს
და ჩამომკვეთე
იმ განსაცდელს, ჩემს ფიქრს რომ ხედავს...
მაღლით მიჩვენე
სიხალისე ლაღი ბავშვების,
რომ აღარასდროს
შემეშინდეს დაბლა დაშვების...
დამმარხე, ცაო
და დამტოვე ღრუბლებმიყრილი,
რომ მომარიდო
წამს, რომელსაც ჰქვია სიკვდილი...



არქივი