როგორი სახით ჩატარდება გამოცდები სკოლებში

gurianews.com

21-ს ქვევით

როგორი სახით ჩატარდება გამოცდები სკოლებში

ნოემბერი 20
13:05:48 2019

მე-4 და მე-6 კლასში ტესტირება მთლიანად ელექტრონული ფორმატის იქნება,  მე-10 კლასში კი საპილოტე ტესტები 2021 წელს ჩატარდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, მე-4 და მე-6 კლასებში შეფასებითი ტესტები სრულად, სავარაუდოდ, 2021 წელს დაინერგება.

„ჩვენ გვსურს, რომ შეფასებები, რომლებსაც დავიწყებთ მე-4 და მე-6 კლასებში ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს. გვინდა, რომ სკოლაში ჩავატაროთ და ტესტი სრულად კომპიუტერული იყო, ანუ არ ჰქონდეს პასუხების ფურცელი. ღია დავალებები იქნება თუ დახურული, მთლიანად კომპიუტერში იყოს გასაკეთებელი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს უნარები გააჩნდეთ.

მე-4, მე-6 კლასში საპილოტე შეფასება ჩატარდება 2020 წლის გაზაფხულზე, რაც შეეხება სრული მასშტაბით დანერგვას იმედი გვაქვს რომ უკვე მომავალი წლიდან დავნერგავთ, თუმცა ეს მაინც პილოტირების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ტესტირება მე-10 კლასიც იგეგმება, თუმცა, წელს ვერ იქნება, რადგან დიდი მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამიტომ მე-10 კლასში საპილოტე ტესტები 2021 წლიდან ჩატარდება“, - ამბობს გორგოძე.

სოფიო გორგოძე პირველ არხთან საუბრისას, ასევე განმარტავს, თუ რატომ ტარდება ტესტირება აღნიშნულ კლასებში და რა მიზანი აქვს მსგავსი ტიპის შეფასებებს:

„მე-4 კლასში ვაკეთებთ, რადგან უფრო ადრეულად შევძლოთ ინტერვენციების განხორციელება, რადგან მეექვსე კლასში შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს. რადგან მეექვსე კლასამდე თუ ისე მივიდა ბავშვი რომ წერა კითხვას ვერ ახერხებს შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს გამოსწორება.

შეფასების მთავარი მიზანი იქნება ის რომ სკოლებმა, მშობლებმა და თავად მოსწავლეებმა მიიღონ გარკვეული ანგარიში, გაიგონ რა გაუჭირდათ,  რა მიმართულებები დაძლიეს წარმატებით და ა.შ. ასევე სახელმწიფოს მივცემთ მონაცემებს, თუმცა არა თითოეული მოსწავლის ან სკოლის დონეზე, რომ შემდგომ ამას რაიმე დასჯის მექანიზმი არ მიებას, არამედ სოფლის სკოლებში რა ხდება, ქალაქის სკოლებში რა ხდება, დიდ და პატარა სკოლებში რა მდგომარეობაა. ამ მიმართულებით გავუკეთებთ სამინისტროს ანალიზს, რომ შემდგომ ამის მიხედვით მოხდეს დაგეგმარება, რა უნდა გაკეთდეს“.

წყარო: ეტალონი.გე



არქივი