„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

gurianews.com

21-ს ქვევით

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

ივნისი 25
15:04:01 2019

24 ივნისს გაიმართა ელექტრონული რესურსის „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ (www.civiceducation.ge) 2018-2019 სასწავლო წლის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება.

ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის   საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნინო მაღრაძე, მეორე ადგილზე გავიდა ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის #4 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ქემაშვილი,  მესამე ადგილზე კი  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ანი თუთისანი.

გამარჯვებული სამეული საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენელმა დააჯილდოვა და მათ სიგელებთან ერთად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

ასევე სერტიფიკატები გადაეცა ოლიმპიადის პირველი ტურის საუკეთესო ათეულს, ხოლო 4-10 ადგილზე გასულ მოსწავლეებს „ილია ჭავჭავაძის ცენტრის“ წარმომადგენელმა,  პროფესორმა მარიამ გერსამიამ გადასცა წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუს“ ვაუჩერები.

ოლიმპიადის წესების თანახმად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა ჯილდოდ ოლიმპიადის პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელს, კერძოდ, ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, შალვა კერვალიშვილს.

ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძოს სკოლის 1100-მდე მოსწავლემ. გამარჯვებულ ათეულში არიან თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, დუშეთის, ხულოს, ზუგდიდისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების X –XII კლასების მოსწავლეები.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა www.civiceducation.ge-ს სომხური და აზერბაიჯანული ვერსიების პრეზენტაცია. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობებისთვის აღნიშნული რესურსის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა.

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ აღნიშნული ვებ-რესურსის სომხური და აზერბაიჯანული ვერსიები შექმნა, ქართული ვერსია განავითარა და 2018-2019 სასწავლოს წლის ოლიმპიადა გამართა პროექტის „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.



არქივი