შეხვედრა

gurianews.com

21-ს ქვევით

შეხვედრა

სექტემბერი 25
15:02:59 2020

პარიზისკენ მიმავალი მატარებელი  სადგურიდან  კარგა ხნის  გასული იყო, როცა ვაგონში მარტოდ ყოფნისა და მგზავრების ყაყანისგან შეწუხებულმა კაცმა გადაწყვიტა  ვაგონ-რესტორანში გასულიყო და ყავა დაელია. მასთან მუდმივად  მავალი  ბედისწერა არც  ამ დღეს იყო უქმად და ყავის რიგში მომლოდინეს სწორედ ის შეხვდა, ვისაც მთელი ცხოვრება ქმნიდა საკუთარ წარმოსახვებში. თუმცა, ამას ცოტა მოგვიანებით მიხვდა.

_ გამარჯობათ. მიესალმა ქალი. შეიძლება გკითხოთ?

_ დიახ, რა თქმა უნდა, _ მიუგო კაცმა. თან სადღაც არც თუ ისე შორს გულმა, სასიამოვნოდ რეჩხი უყო. ხუმრობა ხომ არ იყო, მთელ ვაგონ ხალხში ამოერჩია.

_ იცით, რა მაინტერესებს, თქვენ პარიზში  Place de la Bastille-სთან ახლოს ხომ არ ცხოვრობთ? ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ, _ თქვა ქალმა და რაღაცნაირად, მორცხვად დახარა მომღიმარი თავი.

_ დიახ ახლოს ვცხოვრობ, იქვე. ამ მოედანზე  ხშირად გამოვდივარ ხოლმე, _ თქვა გაოცებულმა კაცმა.

_ იცით, მგონი ამას წინათ ერთად  ვუყრიდით  მზესუმზირას მოედნის მტრედებს, _ მორცხვად შეახსენა ქალმა.

_ მგონი, გამახსენდა, _ აღფრთოვანებით მიუგო კაცმა. _ იმ დღეს ციოდა და თქვენ ნაცრისფერი პალტო გეცვათ, მუქი კოპლებით.

_ დიახ, არანაკლები გაკვირვებით მიმართა ქალმა.  საოცარია, როგორ დაგამახსოვრდათ?

_ კეთილი ადამიანები, ვინც უანგაროდ აჭმევს მოედნის მტრედებს, არც ისე ბევრია. თქვენ კი იმით დამამახსოვრდით, როცა მათ აჭმევდით,  სახეზე იმდენად მადლმოფენილი ღიმილი გედგათ, შეუძლებელია, არ დამმახსოვრებოდით.

მცირეხნიანი დუმილი კაცმა დაარღვია.

_ ყავას ინებებთ?

_ არა გმადლობთ, მე ჩაი მიყვარს...

_ კეთილი, _ მიუგო კაცმა და ერთი ყავა და ერთი ჩაი შეუკვეთა.

გარეთ წვიმდა, სწორ ხაზებად  დადიოდა ვაგონ-რესტორნის ფანჯრის მინებზე წვიმის წყალი. თითქოს ფარდად  ჩამოფარებოდა ამ ორს და  გარესამყაროდან გამოეყო ისინი.  ლაპარაკობდნენ და იხსენებდნენ პარიზის ამბებს. ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. უფრო მეტი საერთო ნაცნობები. საუბრის სიშორეს მეტად ახლოს მოჰქონდა ერთად ყოფნის სასიამოვნო განცდა.

_ მგონი ის არის, _ გაიფიქრა კაცმა.

_ მგონი ის არის, _ გაიფიქრა ქალმაც.

მატარებელი მიჰქროდა და სიჩქარის მომატება ცვლიდა გულის ცემის რიტმს. გარეთ წვიმდა. მაგიდაზე ჩაის და ყავას შორის იდო ფრანგული კრუასანები და  საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა. ორივე ცალ-ცალკე მისცემოდნენ ერთად ყოფნის სიხარულის ჯერ არ სათქმელ ფიქრებს.

ადრე გაზაფხულის ერთ მზიან დილას, ჯერ კიდევ, როცა დილის სუსხი იგრძნობოდა, კაცი სახლიდან გამოვიდა, ჩვეულებისამებრ დააპურა Place de la Bastille-ს მოედნის მტრედები და იქვე დასასვენებლად სკამზე ჩამოჯდა. მზეს გახედა, სასიამოვნოდ დაუარა დილის მზის სხივებმა მთელ სხეულში, სითბოთ ჩაეღვარა და ალბათ, დიდხანს იჯდებოდა ასე გარინდებით, ნაცნობ ხმას რომ არ გამოეფხიზლებინა.

_ გამარჯობა, _ მიესალმა ქალი.

კაცი ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო, თავისი ფიქრებიდან. ვერ გაერკვია, ცხადი იყო თუ სიზმარი.

მცირეხნიანი პაუზა ისევ ქალმა დაარღვია.

_ ვერ მიცანით? _ეს კითხვა  უხერხული სიჩუმის დასარღვევად უფრო იყო დასმული ვიდრე პასუხის გასაგებად.

_ კი, კი როგორ არა. ცოტათი დაიბნა და აირია კაცი, მოულოდნელი შეხვედრისგან.

_ თუ არ ჩქარობთ, ჩამოჯექით. უთხრა კაცმა და ინსტიქტურად ჩაიწია სკამზე.

_ კეთილი. უთხრა ქალმა და ჩამოჯდა.

ვერცერთი ვერ იწყებდა თავიდან საუბარს. ზომაზე ხანგრძლივი პაუზა ჩამოდგა.

უხერხულობის გაფანტვას ისევ კაცი ეცადა.

_ კარგი ამინდი დღეს, არა?

_ კი კარგი ამინდია, _ უპასუხა ქალმა.

_ ალბათ, სამსახურში მიდიოდით.

_ დიახ.

_ სად მუშაობთ? _ ინტერესით კითხა კაცმა და თან დასძინა _ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შენობით მივმართოთ ერთმანეთს. ასე უფრო იოლი იქნება.

კეთილი, შევეცდები, _ უპასუხა ქალმა. _ მე აქვე ახალი ამბების სააგენტოში ვმუშაობ.

_ საინტერესოა და სასიამოვნო. იმედია, თქვენი წყალობით, ყოველი პარიზული სიახლე დროულად მეცოდინება.

_ კეთილი ასე იყოს. დათანხმდა ქალი. ახლა თქვენი ნებართვით წავალ სამსახურში.

_ სასიამოვნო იყო მატარებლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვედრა, _ გაუღიმა კაცმა.

_ ჩემთვისაც. ქალმა მორცხვად დახარა თავი და მცირე პაუზით, თითქოს ანიშნა კაცს რომ კვლავ შეხვედრის შანს აძლევდა.

_ იქნებ შევხვდეთ თავისუფალ დროს ერთმანეთს, ფინჯან ყავაზე და ვისაუბრთ. თუმცა, თქვენ ხომ ჩაი გირჩევნიათ ყავას, მოაგონდა კაცს მატარებელში ნათქვამი.

ამაზე ორივეს გაეცინა და შეთანხმდნენ, კვირას მოედანზე შეხვედრილიყვნენ და შემდეგ ერთად გადაეწყვიტათ სად წასულიყვნენ.

წავიდა ქალი, მიდიოდა და ზურგს უწვავდა კაცის მზერა, ხვდებოდა, რომ თვალს არ აშორებდა კაცი. თითქოს ნაბიჯიც აერია, მეტი უხერხულობისგან ჩანთას აწვალებდა ხელში, როგორც იქნა, მოედნის ბოლოს შეუხვია სახლის კუთხეში, შეჩერდა  და შვებით ამოისუნთქა. კაცი კი განაგრძნობდა ფიქრს, უკვე დათქმული პირველი პაემნის შესახებ. თავის ფიქრებში გეგმავდა და ნათლად წარმოიდინა  შეხვედრის შემდეგ , როგორ ისხდნენ კაფეში და საუბრობდნენ. კაცს მთელი სხეული სიხარულით ჰქონდა ავსებული, მიხვდა, რომ ეს ის იყო, რომლის მსგავსი არასოდეს განეცადა, არასოდეს შეხებია მისი სულის სიმბებს მსგავსი თრთოლვა, მსგავსი მუსიკა. პირველი, რაც მოუნდა ის იყო,  როგორც ბავშვობაში ისე წამომხტარიყო და უმისამართოდ ერბინა მოედანზე. ეყვირა და ემცნო ყოველი შემხვედრისთვის, რომ ის სიყვარული ეწვია, რაც ყველა წიგნში წაკითხულზე მეტია. ახლა მხოლოდ ის აფიქრებდა, როდის მოვიდოდა კვირა.

ბასილი ნიკოლაძე



არქივი