შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

gurianews.com

21-ს ქვევით

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

ივნისი 12
17:41:50 2019

12 ივნისი  ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის  მსოფლიო დღეა.

 ღვთისშვილთა კავშირის საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის „ინვალიდთა ასოციაციის“  პრეზიდენტის,  ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძის ინიციატივით, ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე ესეების კონკურსი ჩატარდა.

კონკურსის გამარჯვებულები მწერალთა სახლში დღეს დააჯილდოვეს.

ესეების კონკურსის ჩატარება მიზნად ისახავდა: შრომაში ჩართულ ბავშვთა მიმართ საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ყურადღების მიპყრობასა და  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთა მიმართ ემოციური მხარდაჭერის სტიმულირებას.

დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა 9 საუკეთესო ესეს ავტორი, მათ შორის სამი მე-11 კლასის მოსწავლე თბილისისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  შუა ამაღლების საჯარო სკოლებიდან.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლიდან ესეს კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ მირიან ჯიბლაძე და ნანა სიხარულიძე, სკოლას და სკოლის დირექტორს, სამსონ ჯიბუტს კი მადლობის სიგელი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცათ.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას შუა ამაღლების საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, ნანა სიხარულიძე ამბობს, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბავშვთა იძულებითი შრომის მხრივ და რამდენიმე მოზარდს, ვისაც გასამრჯელოს სანაცვლოდ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს თვითონაც იცნობს.

„დავწერე ესე სახელწოდებით  „ბავშვთა იძულებითი შრომა“. მსგავსი პრობლემები ჩემს სოფელშიც არის, პირადად მეც ვიცნობ რამდენიმე ბავშვს, რომლებიც თუნდაც იმ დროს, როცა გაკვეთილები მიმდინარეობს იძულებულები არიან გასამრჯელოს სანაცვლოდ იმუშაონ. მათ ტვირთი გადააქვთ, ზაფხულობით კი თურქეთში მიდიან სამუშაოდ და  მთელ საქართველოში ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა “,_ამბობს ნანა.

მირიან ჯიბლაძემ კი მწერალთა სახლში გამარჯვებული ესეების დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებისადმი სიტყვით მიმართვისას აღნიშნა: „_რას აკეთებს საზოგადოება, აძლევს 20 თეთრიანს და ამბობს, რომ საცოდავია? ნუთუ ეს საკმარისია?  ჩემი აზრით, საზოგადოებას სჭირდება მეტი პოზიტივი, სიყვარული და პასუხისმგებლობა ყველას მიმართ“.

ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც მთელს მსოფლიოში, არცთუ იშვიათად  ბავშვები სახიფათო, ასაკისთვის შეუსაბამო  სამუშაოს  ასრულებენ საკუთარი ნებით ან იძულებით, რასაც ცალკეულ შემთხვევებში  მათი სიცოცხლეც კი ეწირება. ბავშვთა შრომაში განსაკუთრებით ის ბავშვები არიან ჩართული, სადაც ოჯახებში სიღარიბის დონე მაღალია.

დღეს, საქართველოში 5-17 წლის ასაკის 570 ათასამდე ბავშვი ცხოვრობს.  აქედან 24 ათასზე მეტი ბავშვთა შრომაშია ჩართული, მათგან 60%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით, 15  ათასი ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს.  დაუზუსტებელი  მონაცემებით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა რიცხვი 2000-ს აჭარბებს.  თბილისში კი მათი რიცხვი, სხვა ქალაქებთან და რაიონებთან შედარებით, ყველაზე მაღალია.

არასტაბილური  ცხოვრების  წესი,  ჯანდაცვის  მომსახურების  ხელმიუწვდომლობა,  არაადეკვატური  საცხოვრებელი  პირობები,  აკადემიური  სირთულეები და  სხვა  ბარიერები   ამცირებს  ამ ბავშვების  განვითარებისა  და  დამოუკიდებლად  წარმატების  მიღწევის   შესაძლებლობას.



არქივი