"განმაცვიფრა საქართველოსთან მსგავსებამ: ყველაფერი მაგონებდა საქართველოს, კერძოდ, გურიას" _ ჩვენ და ბასკები

ისტორია

"განმაცვიფრა საქართველოსთან მსგავსებამ: ყველაფერი მაგონებდა საქართველოს, კერძოდ, გურიას" _ ჩვენ და ბასკები

2017 თებ 4 16:30:24

ქართველებისა და ბასკების ნათესაობის პრობლემა დიდი ხანია აინტერესებს მეცნიერებას, ქართველ საზოგადოებრიობას.

"ოცი საუკუნეა კაცობრიობის ისტორიაში ტრიალებს აზრი პირენეის ნახევარკუნძულის მკვიდრთა და ქართველთა ეთნიკურ ლინგვისტური მიმართების თაობაზე. ამ საკითხზე მოსაზრებები აქვთ გამოთქმული ანტიკური ხანის ავტორებს, ევროპის მეცნიერებსა და საბჭოთა მკვლევარებს. ეს პრობლემა იდგა ძველ საქართველოშიც და, როგორც ჩანს, იმდროინდელ მოწინავე მოღვაწეებს ნაბიჯებიც გადაუდგამთ "ევროპელ ქართველებთან" კავშირ-ურთიერთობის დასამყარებლად", - წერს აკადემიკოსი შოთა ძიძიგური.

1965 წელს გაზეთ "იზვესტიის" ყოველკვირეულ დამატებაში ("ნედელია") სპორტულმა ჟურნალისტმა და მწერალმა, არაერთი საინტერესო ნარკვევისა და მემუარის ავტორმა ალექსანდრე კიკნაძემ გამოაქვეყნა სტატია "ბასკები. საიდან არიან ისინი?" და "სიმღერა ბასკზე". მან საზოგადოებრივ სამსჯავროს ისევ დაუბრუნა, ცნობილი საბჭოთა მეცნიერ-აღმოსავლეთმცოდნის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მ. კოროსტოვცევის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს "დაუმსახურებლად დავიწყებული" პრობლემა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სტატიამ დიდი გამოხმაურება პოვა. "ნედელია" რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დაუბრუნდა აღნიშნულ თემას. ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით ესპანეთის პროლეტარიატის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დოლორეს იბარური წერდა ა. კიკნაძეს: ქართველ ლინგვისტებს, ისტორიკოსებსა და ეთნოგრაფებს, რომლებიც ბასკებისა და ქართველების ნათესაობის პრობლემებზე მუშაობენ, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს მათ მეტად საინტერესო და კეთილშობილურ საქმიანობაში".

შემდგომ ქართულ პერიოდულ გამოცემებში ჩანახატების, შთაბეჭდილებების, მოგონებების სახით კვლავ გამოქვეყნდა "ჩვენ და ბასკები", ხოლო გამომცემლობა "ნაკადულმა" მკითხველებს შესთავაზა ქართველთა რძლის, ბასკი მანდილოსნის მარტინა მინტეგი ბილბაოს წიგნი "ჩემი ბასკეთი".

საინტერესო მასალები გამოქვეყნდა ჟურნალებში "ტეხნიკა - მოლოდეჟი" (N 6, 1975 წ.) და "ნაუკა ი ჟიზნ" (N 8, 1975 წ.)

აკად. შ. ძიძიგური წერს, რომ X საუკუნის სახელგანთქმულ მწიგნობარს იოანე მთაწმინდელს, გამოჩენილი ქართველი ლიტერატორის გიორგი მთაწმინდელის ცნობით (ნაგულისხმებია "იოანეს და ექვთიმეს" ცხოვრება, რომელიც 1042-44 წლებშია დაწერილი, - გ.მ.), ექსპედიცია მოუწყვია ესპანეთში გასამგზავრებლად, რათა მოენახულებინა ქართველთა ნათესავნი: "განიზრახა ნეტარმან მამამან ჩუენმან იოვანე, რაითა აღიღოს ძე თვისი და რავდენნიმე მოწაფენი და ივლტოდის სპანიად... რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან მუნ. და ამის პირისათვის წარვიდა ვიდრე ავიდოსამდე, რაითა მიერ პოვოს ნავი, კერძოთა სპანიისათა მიმავალი, და წარვიდეს მუნ..."

დოც. რ. სირაძე შენიშნავს, რომ "მართალია წარუმატებელი, მაგრამ ესაა ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი ცდა ძველ საქართველოში ესპანეთის იბერებთან დაკავშირებისა"* (*რ. სირაძე. "ესპანეთის ქართველთა" უძველესი მოხსენიება ქართულ მწერლობაში და მისი მნიშვნელობა (რამდენიმე შენიშვნა)". ჟურნალი "მნათობი", N 3, 1971 წ.)

მე-17 საუკუნის ფრანგი მოგზაური შარდენი საქართველოში ყოფნისას ნადიმზე მიუწვევიათ მეფესთან. "გამომშვიდობებისას, - წერს შარდენი, - მან მკითხა, როგორ ბრძანდებაო ჩემი ნათესავი, ესპანეთის მეფე, და ძვირფასი ქვებით მორთული თასით შესვა მისი სადღეგრძელო. მან მოისურვა კაპუცინებსა და მეც ამ მდიდრულ სასმისით შეგვესვა ეს სადღეგრძელო.** (**ჟან შარდენის მოგზაურობა ესპანეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, თბ., 1975წ., გვ. 349.) თავის მხრივ ჟან შარდენი დასძენს, ევროპაში ეს ამბავი მეც ხშირად მსმენიაო. "...დიდხანს ვიფიქრე იმის შესახებ, თუ რანაირად უნდა ყოფილიყო მთავარი ესპანეთის მეფის ნათესავი და მივხვდი, რომ ეს მრავალი ავტორის აზრს ეთანხმებოდა. ესპანელები წარმოშობით იბერიელები არიან"*** (***იქვე.)

XVIII საუკუნის თვალსაჩინო მოღვაწე და მწერალი ტ. გაბაშვილი სამოგზაურო ჟანრის თხზულებაში "მიმოსვლა" წერს: "...ვკითხევდი ევგენიოს. ხოლო იგი განგვიმარტებდა, ვითარმედ არის ძველთა წერილთა შინა მდებარედ, ვითარმედ ქართველნი მოსრულან შპანიად და დამკვიდრებულან, და უწოდეს მეფესა შპანიისასა ქართველი; და კვალად შპანიელნი წარსრულან საქართველოთა შინა და მუნ დამკვიდრებულან, ამისთვის ქართველთა და შპანიელთა ურთიერთარს სახელი ენაცვლებიან"* (*ტ. გაბაშვილი მიმოსვლა, 1956 წ., გვ. 55).

აკად. ნ. მარმა სამეცნიერო მივლინებით კარგა ხანი დაჰყო საფრანგეთის ბასკებში და 1927 წელს კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის V ტომში გამოაქვეყნა ცნობილი ნაშრომი "Из Пиринейской Гурии".

"განმაცვიფრა საქართველოსთან მსგავსებამ: ყველაფერი მაგონებდა საქართველოს, კერძოდ, გურიას. საჭმლის კეთება ჩვენებურად იციან,** ((**პროფ. ი. ტაბაღუა, რომელიც იყო საფრანგეთის ბასკეთში, თავის ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ ბასკების სახლებში ფართო კერიაა, რომელიც ქართულს მოგვაგონებს. ცეცხლის თავზე ქვაბი ჩამოკიდებულია გრძელ ჯაჭვზე. ბასკურად მას ეწოდება "ლაცა", მეგრულად - "ლარჭა". სვანურად - "ნაცა". (იხ. ი. ტაბაღუა, ბასკებთან, "ცისკარი", 1963, N 8.)

ბასკეთში გვხვდება კაფე-რესტორნები, წარწერით "გურია", რაც ქართველის ყურადღებას იქცევს. თუმცა ამ სახელწოდებას არაფერი აქვს საერთო ჩვენს გურიასთან ("გურია" ბასკურად ნიშნავს: "ჩვენთან").

პროფ. ირ. მიქელაძე მოგვითხრობს, რომ ბაიონის "ეთნოგრაფიულ მუზეუმში ცოტა რამ საერთო როდი იგრძნობა გურიისა და აჭარის სოფლის ყოფასთან: დაახლოებით იგივე აკვანი, შუაცეცხლი, ურემი, სამთო მარხილი, საოჯახო დანიშნულების მრავალი საგანი და სხვა მოწყობილობა... ბასკების ცეკვამ ძალიან მოგვაგონა ჩვენებური, განსაკუთრებით ხორუმი" (გაზ. "თბილისი", 19.02.73 წ.).

მარტინა მინტეგი ბილბაო წიგნში "ჩემი ბასკეთი" მიუთითებს, რომ სადილს ბასკი უღვინოდ არ მიირთმევს, სახარჯოდ თხელი ღვინო აქვს, გურულ იზაბელას ჩამოგავს. კერძებში ბევრი პილპილი და მწვანილი იციანო.)) მიხრა-მოხრა ქართველისებურია,*** ((***ბასკონიის ქალაქ სან-სებასტიანოში გამართულ მსოფლიო კინოფესტივალის მონაწილემ, რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა სოფიკო ჭიაურელმა თქვა, რომ ფესტივალის დღეებში აკვირდებოდა ბასკებს და "საერთოდ დიდი მსგავსება დავინახე გარეგნობაში, საქციელში, ტემპერამენტში. ისინიც ჩვენსავით გულღია, მოსიყვარულე, გულთბილი, სტუმართმოყვარე ხალხია" (გაზ. "ახ. კომუნისტი", 19.08.72 წ.)) სიმღერებიც ქართულ მოტივებს შეიცავენ, - ამბობს ნ. მარი.

შეადარეთ ერთი ადგილი "ჩემი ბასკეთიდან":

"შვიდკაცას გახსენებამ და ღვინომ სიმღერის ხასიათზე დააყენა ინიაკი, სივესტრე და ხოსე. სამხმიანი ბასკური სიმღერა წამოიწყეს, ბევრი რამ ნაცნობი მომესმა მათ სიმღერებში. განსაკუთრებით ერთი მათგანი ძალიან ჰგავდა გურულ სიმღერას: სამნი ძმანი გურულები მუშაობდნენ ყანასა..."

ვფიქრობთ, ძალზე საგულისხმოა ბასკი ხალხის საამაყო შვილის დოლორეს იბარურის განცხადება ერთ-ერთ საუბარში:

- ზოგჯერ ვფიქრობ, თუ როგორ შეხვდებოდნენ ბასკეთში და, საერთოდ, ესპანეთში ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს... იცით, რა წარმატება ექნებოდა მას?

საოცრად საინტერესო ექსპერიმენტი ჩაუტარებია ა. კიკნაძეს: "ცალკე ფურცლებზე ამოვწერე ძველი წიგნებიდან აღებული ბასკების დახასიათება, - წერს იგი, - ამონაწერები მოგვითხრობდნენ ბასკების ზნე-ჩვეულებებს, ღვინის დაყენების დიდ უნარს, მისი დალევის არანაკლებ ხელოვნებას, ბასკების სუფრის რიტუალს.

შემდეგ ეს ამონაწერები წავუკითხე საქართველოში ცნობილ სამ ადამიანს - ისტორიკოსს, მწერალსა და ჟურნალისტს, ოღონდ არ მითქვამს, რომ ლაპარაკია ბასკებზე. სამივე დარწმუნებული იყო, რომ ეს ქართველების დახასიათებაა, და გაოცდნენ, ასეთი აღწერილობა ადრე რატომ არ გვსმენიაო".

ჟურნალისტი ა. კიკნაძე თავის ზემოხსენებულ სტატიაში ხაზგასმით აღნიშნავს ბურთის კულტზე ბასკონიაში* ((*ბურთის თამაში ბასკეთში დღესაც ძალზე პოპულარულია. რომ არაფერი ვთქვათ ლანგარასა და რეგეიროს ბრწყინვალე გუნდის შესახებ, ესპანეთის 1971 წლის ნაკრებში სამი ბასკი გამოდიოდა ბილბაოს "ატლეტიკიდან" - მეკარე ხოსე ირიბარი, ნახევარმცველი ანტონიო არიეტე, თავდამსხმელი ფიდელ ურიარტე.

რაკი სიტყვა ბასკურ ფეხბურთზეა, მოგაგონებთ ერთ საკმაოდ უცნაურ, მაგრამ უდავოდ საინტერესო დეტალს ინგლისელი ჟურნალისტის ნორმან კატლერის წერილიდან: ბილბაოს "ატლეტიკში", ბასკონიის ამ უძლიერეს გუნდის შემადგენლობაში, 1915 წლიდან დღემდე თურმე არ უთამაშია ფეხბურთელს, რომელიც ბასკეთში არ დაბადებულა (ყოველკვირეული დამატება "ფუტბოლი", N 37, 1973 წ.)) და იქვე მოჰყავს ნაწყვეტი ნიკო მარის ნაშრომიდან:

"ბურთი" - ეს წმინდა საგანია; ბურთის თამაში კულტის გადმონაშთია, როგორიც უნდა იყოს თამაშის ტექნიკა, იქნება ეს მოთამაშის წინაშე საგანგებოდ აღმართული მაღალი კედელი, როგორც ბასკებს აქვთ. ან მებრძოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ბურთის ბოლომდე გატანაში. ამასთან, მიღწევას აგვირგვინებენ გამარჯვების ყიჟინით "LELO", რაც საკუთრივ, ღვთაების სახელი უნდა იყოს, გავკადნიერდები და ვიტყვი, სწორედ იმ ღვთაებისა, რომელმაც თავისი სახელი ლელო დაგვიტოვა ბასკური ეპოსის ერთ-ერთ შემონახულ ფრაგმენტში: ეს ფრაგმენტი რომის იმპერატორ ოქტავიანესთან ბრძოლის შესახებ იწყება სწორედ ამ ოთხტაეპოვანი ლექსით "ლელო! ილ ლელო!" და ა.შ. ...ყოველივე ეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს, როცა ლაპარაკია ისეთ ქვეყანაზე - ბასკონიაზე, სადაც ბურთის თამაში - "ღვთაებრივი თამაში" უკვდავ კულტად არის გადაქცეული და ოდესღაც თვით ბასკების ბურთის თამაში იყო".

"ჩვენი და ბასკების" პრობლემის გაშუქებისას აზრთა სხვადასხვაობაა სადაურობის, ურთიერთმიმართების საკითხშიც. ეს სხვადასხვაობა თავიდანვე დაჰყოლია ამ პრობლემას, რაც ნათლად ჩანს მეორე საუკუნის ბერძენი ისტორიკოსის აპიანეს დასკვნაშიაც: "იბერებს, რომლებიც აზიაში არიან, ზოგი მიიჩნევს ევროპელი იბერების წინაპრებად, ზოგი მოახალშენეებად, სხვები კი მხოლოდ თანამოსახლეებად".

სოკრატე წერდა: "ევქსინის პონტოსთან (შავ ზღვასთან) მცხოვრები ეს იბერიელები გამოსული არიან იმ იბერიელთაგან, რომლებიც ესპანეთში იმყოფებიან". პირველ საუკუნეში მცხოვრები ვარონი ფიქრობდა, თითქოს პირინეელი იბერიელები საქართველოდან არიან გადასახლებული დასავლეთში. ამავე აზრის ყოფილა ბიზანტიელი მწერალი მაქსიმე აღმსარებელიც.

XVI საუკუნის გერმანელი დიპლომატიური მოღვაწე ს. შვაიგერი (1551-1622 წ.) ფიქრობდა, რომ ქართველები ესპანეთიდან გადასახლდნენ საქართველოში. 1606 წელს ნიურნბერგში გამოქვეყნებულ წიგნში "ახალი ჩანაწერები მოგზაურობისა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმამდე" შვაიგერი გამოთვამს მოსაზრებას, რომ ქართველთა სახელწოდება ესპანეთის მდინარე იბეროდან (ებროდან) წარმოდგებაო; რომ ქართველები ოდითგანვე ამ მდინარის ნაპირას ბინადრობდნენ, ხოლო შემდგომ, როცა გამრავლდნენ, საქართველოში გადასახლდნენ.* ((*ისეთი ვერსიაც გამოჩნდა, მარტო საქართველოში კი არა, თითქოსდა, ბრიტანეთის კუნძულებზედაც წასულიყვნენ ესპანეთის იბერიიდან.

ინგლისელი ისტორიკოსი ა. მორტონი თავის კაპიტალურ ნაშრომში "ინგლისის ისტორია" (1948 წ. ლონდონი) ახსენებს იბერიელებს, როგორც დიდი ბრიტანეთის კუნძულების პირველ მერცხლებს და აღნიშნავს, რომ ისინი მოვიდნენ ესპანეთის იბერიიდან ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულში ჩვენს წელთააღრიცხვამდე (ლ. ბახტრიონელი, ინგლისური ივერიადა, გაზ. "სოფლის ცხოვრება", 1975 წ.)) ამასთან ერთად, შვაიგერი არც სხვათა მოსაზრებას უვლის გვერდს იმის შესახებ, რომ თითქოს ესპანელებიც იბერიელებისგან არიან წარმოშობილი (გაზ. "თბილისი", 3.04.73, შ. რევიშვილი).

ფრანგი ა. ბოდრიმონი წიგნში "ბასკების ისტორია", რომელიც 100 წლის წინათ გამოუციათ პარიზში, ასკვნის, რომ იბერიელები პირენეის ნახევარკუნძულზე მოვიდნენ კავკასიის იბერიიდან - საქართველოდან და თავიანთ ქვეყანას იმ ქვეყნის სახელი დაარქვეს (იბერია), საიდანაც მოვიდნენო.

ნიკო მარის ჰიპოთეზის მიხედვით იბერიელები (ბასკების წინაპრები) საქართველოდან არიან წასული. მათი მიგრაცია დასავლეთით ნავარაუდევია ორი გზით:

ერთი - ზღვაზე სამხრეთით, მცირე აზიისა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულების მიმართულებით, მეორე - ჩრდილოეთით მატერიკზე, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე და ევროპის სამხრეთით..

შ. ძიძიგური ხაზგასმით მიუთითებს, "საბჭოთა ქართველოლოგია აღიარებს, რომ ბასკები ქართველების მონათესავე ხალხია, ხოლო ბასკური ენა მიეკუთვნება იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახს (აკად. არნ. ჩიქობავა). ეს თვალსაზრისი შესულია როგორც საქართველოს ისტორიის, ისე ენათმეცნიერების სახელმძღვანელოებში".

ფონეტიკური შეპირისპირებებისა და სინტაქსური შეხვედრების გარდა, დღემდე დადასტურებული ყოფილა ბასკურ-ქართულის ორმოცამდე მორფოლოგიური შეხვედრა და სამასამდე ლექსიკური მსგავსება.

გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" ფურცლებზე 1974 წელს გამოქვეყნდა პედაგოგ ლ. თავდუმაძის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი ბასკური ზღაპარი "ცრუ" 1879 წელს ლონდონში გამოცემულ წიგნიდან "ბასკური ლეგენდები". პუბლიკაციის ავტორი დოც. გ. ჭელიძე კომენტარებში შენიშნავდა, რომ "ამ ზღაპარში ქართველი მკითხველისათვის ბევრი რამაა ნაცნობი: უსაქმური პერსონაჟის სახლიდან გაგდება, მოჯამაგირედ დადგომა, უკმაყოფილების გამოთქმისას - დასჯა, ავსულებთან გაჯიბრება, სანაძლეო, მოხერხებულობა... გვაქვს ამ ზღაპრის მეორე ვარიანტიც, სადაც გადმოცემულია ვაჟის შვიდთავიან გველეშაპთან ბრძოლის სურათი, მეფის ასულის დახსნა".

1966 წლის შემოდგომაზე, პირველად თბილისის უნივერსიტეტში (და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტებში) ჩატარდა ლექციების ციკლი ბასკებისა და ბასკური ენის შესახებ.

ლექციებს კითხულობდა გამოჩენილი ფრანგი მეცნიერი, ბასკოლოგ-ქართველოლოგი (იმ დროისათვის ამ ორივე დარგის ერთადერთი სპეციალისტი), ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორი რენე ლაფონი.* (*გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" 1972 წლის 28 ივლისის ნომერში დაისტამბა ი. ტაბაღუას მიმოხილვითი ხასიათის წერილი, რომელშიც ნათქვამია: - "პარიზში გამოვიდა სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა, რევიუ დე ქართველოლოჟი"-ს მორიგი ნომერი. ამ ნომერში გაერთიანებულია ორი ტომი - XXIX და XXX ტომები (რედაქტორი პროფ. კ. სალია, გამომცემელი ნინო სალია, მდივანი - გ. გოგოლაშვილი). რენე ლაფონი სტატიაში "ბასკური და კავკასიური ენების შედარებისათვის" იძლევა კავკასიურ ენებთან ბასკურის კავშირის მეტად საინტერესო მაგალითებს. რენე ლაფონის ეს მესამე სტატიაა ამ საკითხზე".

რენე ლაფონი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა 1974 წლის თებერვალში)).

ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან დაკავშირებით, აკად. არნ. ჩიქობავა გაზეთ "კომუნისტის" ფურცლებზე წერდა: "ბასკური ენა თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში მოქცეულია ინდო-ევროპულ ენათა გარემოცვაში ესპანეთსა და საფრანგეთში, მაგრამ იგი მკვეთრად განსხვავდება ინდო-ევროპულ ენათაგან არსებითი მომენტების, მიხედვით: სიტყვის (სახელის, განსაკუთრებით კი ზმნის) აგებულების და შესაბამისად - წინადადების სტრუქტურის მიხედვით.

და აი, სწორედ ამ მომენტების მიხედვითაა, რომ შეინიშნება გასაოცარი დამთხვევები იბერიულ-კავკასიურ ენებთან"* ((*საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტმა იტალიიდან 1972 წლის დასაწყისში მიიღო ოთხტომიანი წიგნი - "აღმოსავლური ცივილიზაცია" (რედაქტორი ჯუზეპე ტუჩი).

საქართველოს შესახებ ჯოზეფ სმიტის სტატიაში ნათქვამია, რომ შესაძლებელია ბასკურიც ენათესავებოდეს ქართულს. დასაშვებია ბასკები ეთნიკურადაც "კავკასიური" წარმომავლობისა იყვნენ. თუ გავიხსენებთ, რომ რომაელები საქართველოსა და ესპანეთსაც იბერიას ეძახდნენ, საფიქრებელია, ეს საერთო წარმოშობას მიუთითებდეს. (გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 14.04.72)).

მარტინა მინტეგი ბილბაო წიგნში "ჩემი ბასკეთი" მიუთითებს, რომ თანდებული ბასკურში, როგორც ქართულში, სიტყვის ბოლოსაა; რომ მახვილი ბასკურში არ იგრძნობა და გრამატიკული სქესიც არ არსებობსო.

ბილბაოს ფუნიკულიორი გადაჰყურებს თავს. "ჩემი ბასკეთის" ავტორი წერს: "როდესაც ბურუსიან ამინდში ატლანტის ოკეანიდან დაძრული ღრუბლები თავზე ტყვიასავით დააწვებიან ხოლმე, არჩანდა* (*ფუნიკულიორი) ნამდვილად არ ჩანს".

ბილბაოს ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმრო-რესტორანს იბერია ჰქვიაო, წერს მარტინა მინტეგი ბილბაო.

"ბასკები გარეგნობით ძალიან ჰგვანან ქართველებს, - განაგრძობს იგი, - მეც საქართველოში ქართველ ქალში ვერ მარჩევენ. ბასკი ფიცხი და მოუსვენარია".

გამოჩენილი ქართველი მედიკოს-მეცნიერის პროფ. ნიკოლოზ მახვილაძის ცხოვრების ერთი საინტერესო ეპიზოდი გაუზიარა მკითხველთ რამდენიმე წლის წინ მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ პროფ. ა. გზირიშვილმა.

პროფ. ნ. მახვილაძე 1928 წელს მივლინებული იყო ესპანეთში, ტროპიკულ სნეულებათა შესასწავლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

"სასადილოში შევედი და ცალკე მაგიდას მივუჯექი... ჩემ წინ ოთხი შავგრემანი ვაჟკაცი იჯდა. შევამჩნიე, ჩემზე ლაპარაკობდნენ და მიყურებდნენ. ერთმა მათგანმა მოიბოდიშა, გვერდით მომიჯდა და დამიწყო საუბარი ესპანურად. მე გერმანულად ვუპასუხე. ჩემდა სასიხარულოდ მან ეს ენა იცოდა.

ორი-სამი სიტყვის შემდეგ მთხოვა მათ მაგიდაზე ამხანაგებთან ერთად მესადილა... ჩვენსავით რიგრიგად სვამენ სადღეგრძელოს. ისინი მასწავლებლები იყვნენ და მითხრეს: "ჩვენი უფროსი წინაპარი იბერიელი ხართო".

1970 წლის 8 აგვისტოს შარანტის დეპარტამენტის ქალაქ კონფოლანში საზეიმოდ გაიხსნა ფოლკლორის მე-13 საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მსოფლიოს 17 ქვეყნის მხატვრული კოლექტივი მონაწილეობდა. მათ შორის რუსთავის თვითმოქმედი ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი "სალხინო".

ფესტივალზე "სალხინოს" გამოსვლას წინ უძღოდა მოგზაურობა საფრანგეთის მთელ რიგ დეპარტამენტებში. გამოვიდა "სალხინო" საფრანგეთის ბასკეთშიაც, სადაც მცხოვრებლებმა უაღრესად გულთბილი შეხვედრა მოუწყეს ქართველ მსახიობებს.

საფრანგეთში გატარებულ დღეთა შთაბეჭდილებებზე საუბარში ანსამბლის მხატვრულმა ხელმძღვანელმა რ. მორჩილაძემ თქვა:

"ისინი არა მხოლოდ გარეგნულად ჰგვანან ქართველებს, არამედ ზოგიერთს გვარიც კი ჩვენებური აქვს, მაგალითად, მეუნარგია, ლორია..."

რამდენიმე წლის წინათ გაზეთ "თბილისის" ფურცლებზე" თავის ესპანურ შთაბეჭდილებებზე მკითხველებს ესაუბრა მწერალი როდამ ჩაჩანიძე. გიბრალტარიდან, სიერა-კარბონერას მთებს იქით, "კლდეთა უბეში შეყუჟული სოფელი ლენტეხი", იქვე გვერდით - ალ-იბერია, ნავსადგურში ესპანელი შეხვედრია, გვარად ... ბოკერია. ჩვენთან ნარსიებიც არიანო, "ჩემი გვარიც საკმაოდ გავრცელებულიაო", - უთქვამს ესპანელ ბოკერიას.

ადრე უკვე მოხსენებულ საუბარში სოფიკო ჭიაურელს უთქვამს, რომ სან-სებასტიანის მახლობლად გზაზე უნახავს მდინარე ალგეთი და სოფელი ალგეთი. საოცარი გრძნობა დამეუფლაო, დაუმატებია მსახიობ ქალს.

ესპანეთის კორტესების დეპუტატი, ბასკთა ქვეყნის მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარე, საბჭოთა კავშირისადმი სიმპათიებით ცნობილი დოქტორი მანუელ დე არანეგი, რომელსაც როგორც საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრს აქტიური მონაწილეობა მიუღია მშვიდობისა და უშიშროებისათვის ჰელსინკში გამართულ სრულიად ევროპის თათბირის მომზადებაში, მოსკოველი მეგობრებისა და განსაკუთრებით ჩვენი თანამემამულის ა. კიკნაძის მეშვეობით (იგი ჯერ მიმოწერით, შემდეგ კი პირადად გაეცნო ესპანელ მკვლევარს) აქტიურად ჩაება ბასკთა და ქართველთა ნათესაობის პრობლემური საკითხების შესწავლა-გაშუქების ფერხულში.

მანუელ დე არანეგიმ თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა შ. ძიძიგურის წიგნი "ქართული ენა", მოაწყო კონფერენცია თემაზე "იბერები და ბასკები".

სტატიაში "აქვთ თუ არა საერთო წარმოშობა ბასკურ და ქართულ ენებს?" დოქტორი არანეგი წერს: "არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს იმ ფაქტმა, რომ მრავალი ქართული გვარი ზუსტი ასლია ბასკურისა, ან პირიქით. მაგალითად: ერისთავი, ლოლუა, ნოდია, აგრეთვე მრავალრიცხოვანი გვარი, რომელთა დაბოლოებაა "ური": ხუბულური, ინაური, ოჩიაური, წიკლაური და სხვა... დიდ ინტერესს იწვევენ ტოპონიმიკის მონაცემები. ქართული დაბა სოფლების სახელწოდებანი გალი, ლენტეხი, ხაშური, გორი, მესტია და ბევრი სხვა თითქოს ბასკეთის რუკიდან აუღიათო, ან პირიქით, ქართულიდან ბასკურში გადაუტანიათო..."* (*გაზ. "კომუნისტი", 15.02.75 წ.)

საინტერესო ცნობა ამოვიკითხეთ პრაქტიკული ექიმებისა და მეცნიერ-მუშაკთათვის განკუთვნილ ნ. სოკოლოვის წიგნში "Наследственные болезни человека"** (**Изд .„ Медицина“, Москва 1965 г)

წიგნში აღნიშნულია, რომ ჩვენს დროში გამოკვლეულია ყოველი ერის ადამიანთა სისხლი და რომ ამ მხრივ სურათი ერთობ ჭრელია, რადგან სხვადასხვა ხალხსა და დედამიწის სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში სისხლის ჯგუფები სხვადასხვაგვარად არის განაწილებული. და აქ საინტერესო ის არის, რომ ბასკებსა და დასავლეთ საქართველოში სისხლის ერთგვაროვანი ჯგუფების არსებობაზე მსჯელობა ავტორს ერთ აბზაცში აქვს მოქცეული. "У басков – древнейшего коренного населения Пиренеев – отмечается исключительно высокая частота группы крови О. Очень низкое распространение группи крови В и высокое группы крови О обнаруживается в Западной Грузии“* (*Н. Соколов, „Наследственные болезни человека“, стр.99).

წერილში "სიტყვა ბასკებზე"** (**გაზ. "კომუნისტი", 15.02.75 წ.) ა. კიკნაძე მოგვითხრობს გენეტიკის დარგში ცნობილი საბჭოთა სელექციონერის აკადემიკოსის ნ. ვავილოვის დაკვირვებებზე.

მცენარეთა კულტურების მსოფლიო კერების ძიებაში მეცნიერს სამოცი ქვეყანა შემოუვლია და ჩრდილოეთ ესპანეთში უპოვია პურის ისეთი სახეობა, რაც მხოლოდ საქართველოში იყო ცნობილი და სხვაგან არსად.

ასევე მისი ყურადღება მიუქცევია პატარა ჯოხებს, რომელთაც თავთავების გადასატანად იყენებდნენ, მოსავლის მოწევის ასეთი ხერხი კი შემდეგ დასავლეთ საქართველოში დაბა ლეჩხუმში უნახავს.

"ამრიგად, - წერს მეცნიერი, - აგრონომიულად და ბოტანიკურად მოხერხდა განსაცვიფრებელი კავშირის დადგენა ჩრდილოეთ ესპანეთსა და საქართველოს შორის".

სხვადასხვა მონაცემის გაანალიზების შედეგად აკად. ვავილოვი დაასკვნის, რომ "ჩრდილოეთ ესპანეთის ხალხები გენეტიკურად შეკავშირებულან ერთიან ოჯახში... თანამედროვე კავკასიის ხალხებთან".

ფრანგული ჟურნალის "ფრანს-ურსს მაგაზინის" ფურცლებზე (1973 წლის სექტემბერი, N 60) გამოქვეყნდა პროფ. ი. ტაბაღუას წერილი "ბასკები - საქართველოდან მოვიდნენ?"

წერილის დასკვნით ნაწილში ავტორს მოჰყავს ციტატი ფრანგი ავტორის ფილიპ ვეირენის წიგნიდან "ბასკები", რომელიც გამოვიდა 1957 წელს:

"ლინგვისტები ბასკურ და კავკასიის დღევანდელ ცოცხალ ენებს შორის საერთოს პოულობენ, კერძოდ, ფონეტიკაში, სიტყვების ძირებში და გრამატიკულ სუფიქსებში. მთელი რიგი სპეციალისტებისათვის, როგორიც არიან პროფ. რ. ლაფონი და კარლ ბოუდა, არსებობს საერთო ეუსკარო-კავკასიურს შორის, რომლის ერთ-ერთი შტო არის ბასკური. მათი აზრით, ბასკები პირენეის ნახევარკუნძულზე მოვიდნენ აზიიდან, ნეოლითის ხანაში. აღვნიშნავთ, რომ ეს აზრი ამჟამად მეტად გავრცელებულია, თუმცა საყოველთაოდ აღიარებული ჯერ არ არის".

ეს მოკლე საუბარი გვსურს დავასრულოთ აკად. შ. ძიძიგურის სიტყვებით: "ათასი წლის წინანდელი იმ ქართველი მოღვაწის ოცნებას, რომელიც "ილტვოდა სპანიად რამეთუ ასმიოდა, ვითარმედ ქართველნი არამცირედნი ნათესავნი და ერნი მკვიდრ არიან", რათა შეესწავლა მათი თავგადასავალი, რეალური ხორცშესხმა შეიძლება ეღირსოს დღეს, საბჭოთა ქართველოლოგიის უმაგალითო აღმავლობის ეპოქაში".

         

გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)

წყარო




 ახალი ამბები
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...