ამერიკული ვესთერნი _ კინოილუზია და სინამდვილე

ისტორია

ამერიკული ვესთერნი _ კინოილუზია და სინამდვილე

10 სექ. 2019, 15:50:37

ვესთერნის ეპოქის გარიჟრაჟზე, ანუ XX საუკუნის დასაწყისში, კინოილუზია და ცხოვრებისეული სინამდვილე ერთმანეთში მჭიდროდ იყო გადაჯაჭვულ-დაკავშირებული. პირველი ვესთერნები ისეთივე აქტუალური იყო, როგორც 11 სექტემბრის შემდეგ ტერორისტებზე შექმნილი თრილერების მთელი წყება. თავად პირველი ვესთერნი ,,მატარებლის დიდი გაძარცვა” (რეჟისორი ედვინ პორტერი) დაფუძნებული იყო რეალურ ამბავზე, როცა 1900 წლის 29 აგვისტოს ბუჩ ქესიდისა და სანდენს ქიდის ,,ველური ბანდის” წევრებმა ვაიომინგის შტატში გაძარცვეს მატარებელი და გაიტაცეს 5 ათასი დოლარი. როცა ,,მატარებლის დიდი გაძარცვა” ეკრანებზე გამოვიდა, ბუჩ ქესიდი და სანდენს ქიდი სამხრეთ ამერიკაში გადაბარგდნენ და იქ განაგრძობდნენ ბანკების ძარცვას, აშშ-ში დარჩენილი მათი ბანდის წევრმა ქიდ ქერიმ კი, როცა პოლიციამ მის სახლს ალყა შემოარტყა, თავი მოიკლა; დაქირავებული მკვლელი, მეგზური და ცნობილი აპაჩი მეომრის ჯერონიმოს ერთ-ერთი დამტყვევებელი თომ ჰორნი, 12 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ვაიომინგში ჩამოახრჩევს (საბოლოოდ მისი ბრალეულობა მაინც ვერ დამტკიცდა); შერიფი ბილ თილმენი მატარებლის მძარცველს, მომავალ კინოვარსკვალავს ალ ჯენინგსს დასდევდა; სახელგანთქმული შერიფი უაიეთ ერფი ოქროს საბადოებს ამუშავებდა; ბანდიტმა ბილ მაინერმა კი თავისი პირველი მატარებელი ედვინ პორტერის ფილმის ნახვის შემდეგ გაძარცვა (1982 წელს მის შესახებ გადაიღეს კანადური ვესთერნი ,,ნაცრისფერი მელია”)...…ვესთერნის ჟანრმა ბაზისად აიღო აშშ-ის ,,ველური” დასავლეთის ძალადობრივი და სისხლიანი ისტორიები და ის გადააქცია რომანტიზირებულ მითად, მან მსოფლიოს შესთავაზა ამერიკული კინემატოგრაფის ალბათ ყველაზე ცნობილი სიმბოლო _ ქაუბოი (ინგლისურად მწყემსი, მენახირე), ანუ ადამიანი ,,ველური” დასავლეთიდან (,,ველურ” დასავლეთში იგულისხმება აშშ_ს დასავლეთი და ცენტრალური შტატები). მარტოხელა, ცხენზე ამხედრებული ქაუბოი ფართოფარფლიანი ქუდით ანუ სთეთსონით, დეზებიანი ჩექმებითა და თეძოზე ჩამოკიდული კოლტით, როგორც ამბობენ, ამერიკის ყველაზე ადვილად საცნობი სიმბოლოა.  ქაუბოი პირველად თეატრის სცენაზე მელოდრამებში გამოჩნდა, რომლის მოქმედება ხდებოდა ამერიკის საზღვრისპირა რაიონებში. შემდეგ ის უფრო ფართოდ გახდა ცნობილი ფრედერიქ რემინგთონისა და ჩარლზ რასელის ნახატებისა და სკულპტურების შედეგად.

ცნობილი შოუმენის ბაფალო ბილ ქოუდის მიერ შექმნილმა საცირკო სანახაობამ ,,უაილდ უესთმა” (,,ველური” დასავლეთი) კი ქაუბოის მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი, როგორც უბადლო მსროლელსა და ინდიელებთან მებრძოლს. ბაფალო ბილის უაილდ უესთ-ში (საკუთარ წარმოდგენებს ქოუდი არასოდეს უწოდებდა ,,შოუს”, რადგან ამტკიცებდა რომ ეს იყო ნამდვილი ,,ველური” დასავლეთი, სწორედ აქ გამოდიოდნენ გურულები) თამაშდებოდა თეატრალიზებული სცენები: ინდიელების თავდასხმა თეთრ მოსახლეობაზე, დილიჟანსის გაძარცვა, ბიზონებზე ნადირობა და მრავალი სხვა. მაყურებლისათვის ეს სამსაათიანი წარმოდგენები იყო სრულიად ახალი ხილი, ამიტომაც მთელი ამერიკა და ევროპა თავს იკლავდა, რათა შოუზე მოხვედრილიყო. ამ მშვენივრად დადგმულ სპექტაკლებში, რომელიც მიჩნეულია ამერიკული შოუ-ბიზნესის საწყისად, ქაუბოები და ინდიელები აჩვენებდნენ ბრძოლისა და ძარცვის სცენებს, ატარებდნენ შეჯიბრს ჯირითში, ლერიეტის ხმარებასა და მიზანში სროლაში. შოუ იმდენად დამაჯერებლად იყო დადგმული რომ უამრავი მაყურებლისათვის ბაფალო ბილის ,,ველური” დასავლეთი რეალურ ,,ველურ” დასავლეთად აღიქმებოდა. აღსანიშნავია, რომ მაშინაც და მომდევნო წლებშიც, ქაუბოი სოციალური ფენის ყველაზე დაბალ საფეხურზე იდგა. დღეს რომ იგი ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიქმება, არა მარტო ვესთერნისა და ,,მალბოროს” რეკლამის დამსახურებაა, არამედ ბაფალო ბილ ქოუდისა.  მიუხედავად იმისა, რომ ქაუბოი ყველა ვესთერნის ,,პირველი ვიოლინოა”, მისი პროფესიონალური საქმიანობა ანუ მენახირეობა და მწყემსობა ეკრანზე თითქმის არასოდეს იყო ასახული. მხოლოდ 1948 წელს გამოსულ ,,წითელ მდინარეში” იყო რეალურად ნაჩვენები ქაუბოების მძიმე და ფათერაკებით სავსე ცხოვრება. ამ მხრივ ასევე ყურადსაღებია ,,ქაუბოი” (1958), ,,ქალფეფერის მენახირე კომპანია” (1972), ,,ქაუბოები” (1972) და სატელევიზიო სერიალი ,,მარტოხელა მტრედი” (1990). მესაქონლეობამ დიდი აღმავლობა სამოქალაქო ომის შემდეგ განიცადა, რომლის შედეგად უზარმაზარი ტერიტორიები გავერანდა. ადამიანებმა დაიწყეს თავისი რქოსანი პირუტყვის გარეკვა ჩრდილოეთით, თავისუფალ სახელმწიფო მიწებზე, გზადაგზა პირუტყვი იკვებებოდა და დანიშნულების ადგილას კანზასის რკინიგზის სადგურებამდე, ის ბევრად უფრო მსუქანი იყო, ვიდრე გზის დასაწყისში. დასავლეთში თეთრი მოსახლეებისათვის ძროხა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ბიზონი ინდიელებისათვის. 1867 წელს პირველად გაიხსნა მარშრუტი, რომელმაც დასაბამი მისცა ნახირის ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანას. სამოქალაქო ომის შემდგომ პერიოდში თექსასიდან ჩრდილოეთისაკენ ერთი მილიონი მუსტანგი და ათი მილიონი საქონელი იქნა გადაყვანილი. დასავლეთის ყველაზე პოპულარული საქონელი იყო გრძელრქიანი ძროხა ე. წ.Lლონგჰორნ. პირველად ამ ჯიშის ძროხა ამერიკის კონტინენტზე, მექსიკაში, 1521 წელს ვინმე გრეგორიო დე ვილალობოსმა ჩამოიყვანა.  ,,ველური” დასავლეთის ისტორია ეს ამერიკის უახლესი ისტორიაა. მისი ისტორია უმეტესწილად გამოგონილი იყო ჟურნალისტებისა და კინემატოგრაფისტების მიერ.

,,თუ ლეგენდა სინამდვილედ იქცევა, მაინც ლეგენდა დაბეჭდეთ!” _ ეს სიტყვები ეკუთვნის ჟურნალის რედაქტორს ჯონ ფორდის ფილმიდან ,,ადამიანი რომელმაც მოკლა ლიბერთი ველენსი”. თვითონ რეჟისორი კი ამბობდა: ,,...მე ვფიქრობ რომ ეს სასარგებლოა ქვეყნისთვის. ჩვენს ისტორიაში უამრავი ადამიანია, რომელიც თითქოსდა დიდი გმირია, მაგრამ ბევრს კარგად მოეხსენება, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება, მაგრამ ქვეყნისთვის სასარგებლოა, როცა არსებობენ გმირები, რომელთაც პატივს სცემ, რომლითაც ამაყობ...” მუნჯი ვესთერნების ვარსკვლავმა უილიამ ს. ჰართმა ერთხელ განაცხადა: ,,დასავლეთის შესახებ ნათქვამი სინამდვილე ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი სამუშაო”. თუმცა ვესთერნის შემქმნელები და ხშირად თვით ჰართიც, სინამდვილეს ლეგენდას და შელამაზებულ ფაქტებს ამჯობინებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გმირი არ არსებობს, იგი უნდა გამოიგონო, რაც რომანებმა და განსაკუთრებით ჰოლივუდმა ზედმიწევნით კარგად შეასრულა. ისტორიის შელამაზების მცდელობა უკლებლივ ყველა ქვეყანაში იყო, გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენთანაც ხდებოდა ისტორიული უარყოფითი პერსონაჟების იდეალიზება. ამის საუკეთესო მაგალითია მეორე ტალღის გურული ფირალების, იგივე ტერორისტების (დათიკო შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი, სიმონა დოლიძე, ერასტი ჯორბენაძე და სხვა) შესახებ შექმნილი ფოლკლორული ეპოსი სიმღერებისა და ლექსების სახით. ეს ,,თოფიანი კაცები” იარაღითა  და ძალადობით წყვეტდნენ საკუთარ პრობლემებს და თვითონაც ძალადობრივი სიკვდილით ასრულებდნენ სიცოცხლეს.

საინტერესოა, რომ ,,ველურ” დასავლეთზე შექმნილი ბულვარული რომანებისა და ფილმების რეალურმა გმირებმა, ვინც იხილეს კინემატოგრაფის გაჩენა, თვითონაც მონაწილეობდნენ ფილმებში, ანუ ახალი მითოსის შექმნაში: ბაფალო ბილ ქოუდი ფილმში ,,ბაფალო ბილის თავგადასავალი” (1917), შერიფი უაიეთ ერფი ,,მეტისში” (1919), შერიფი ბილ თილმენი თვითონვე დგამდა და მონაწილეობდა ვესთერნებში, სადაც რეალური ბანდიტები (ალ ჯენინგსი, ემეთ დოლთონი) და კანონის დამცველები თამაშობდნენ, სახელგანთქმული მძარცველის ბანდიტის ჯესი ჯეიმსის შვილმა მამამისი განასახიერა ვესთერნში ,,ჯესი ჯეიმსი შავი დროშის ქვეშ” (1920) და მრავალი სხვა.

,,ველური” დასავლეთის მიმართ დიდი ინტერესის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზთაგანი იყო მთელ ამერიკაში გავრცელებული იაფი ბულვარული რომანები ,,ველური” დასავლეთის ცნობილ პერსონაჟებზე, ბანდიტებსა და შერიფებზე, რომლის ავტორები თხზავდნენ და ალამაზებდნენ მათ საქმიანობასა და ცხოვრებას. ერთი ასეთი ავტორი, ვილბურ ოლსენი (ამ პერსონაჟის პროტოტიპია ნედ ბანთლაინი, რომელმაც რომანებში ბაფალო ბილ ქოუდის რომანტიზირებული და ჰეროიკული სახე წარმოაჩინა) განასახიერა სემ ფექინფამ ფილმში ,,ჩაინა 9 ლიბერთი 37” (რეჟ. მონთე ჰელმანი, 1978).

,,ადამიანებს აღმოსავლეთში სჭირდებათ ლეგენდა ამერიკის დასავლეთის შესახებ, რომელსაც დაუჯერებენ და ირწმუნებენ... მათ ტყუილი სჭირდებათ _ ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანს,” _ ამბობს ფექინფას პერსონაჟი. ამ რომანებმა, რომელთაც სხვანაირად ,,დაიმ ნოველს” ეძახდნენ (სიტყვიდან ,,დაიმ” -ათცენტიანი, ზუსტად ამდენი ღირდა ეს ნაწარმოებები), მყარად ჩაუნერგეს მკითხველს ის აზრი, რომ ,,ველური” დასავლეთი ეს დაუსრულებელი და ამაღელვებელი თავგადასავლებით სავსე სამყაროა, სადაც მეფობენ ვაჟკაცი და უშიშარი ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად არიან დაეხმარონ უმწეო და გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს.  ამ წიგნების გმირები რეალურად არსებული ადამიანები იყვნენ, როგორც, მაგალითად, ცნობილი მეგზური და მებრძოლი კით კარსონი. ერთხელ ინდიელებმა ერთი ოჯახი ამოწყვიტეს, დედა-შვილი კი ტყვედ წაიყვანეს. ჯარისკაცებმა დახმარებისათვის ქარსონს მიმართეს. სულ მალე მან იპოვა გამტაცებლები და ინდიელებზე თავდასხმა გადაწყვიტა, მაგრამ მეთაურმა იგი გააჩერა და ინდიელებთან მოლაპარაკება დააპირა. პასუხად ინდიელებმა ქალი მოკლეს და გაუჩინარდნენ. ქალის გვამთან ქარსონმა აღმოაჩინა ათცენტიანი რომანი, რომლის გმირი თავად გახლდათ. წიგნში მოთხრობილი იყო, თუ როგორ ეხმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილთ უშიშარი ქარსონი. მოგვიანებით, თავის მემუარებში ქარსონი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ის ბრიყვული წიგნი მას დიდი ხნის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. გამოგონილმა გმირმა რეალურს აჯობა.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოპა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს. შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია, თავდამსხმელი ბანკის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანესზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ხელებაწეული გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...