ლანჩხუთის არქეოლოგიური აღმოჩენები

ისტორია

ლანჩხუთის არქეოლოგიური აღმოჩენები

15 ოქტ. 2020, 16:22:39

გურიის გეოგრაფიული გარემო (ნოყიერი ნიადაგები, მდინარეთა ხშირი ქსელი, კარგი სასმელი წყაროები, თბილი ჰავა) ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს ადამიანის საცხოვრებლად, პირველყოფილი მიწათმოქმედების ჩასახვისა და განვითარებისათვის.

ლანჩხუთის რაიონში აღმოჩენილი უძველესი ადგილიდან, სადაც პირველყოფილ ადამიანს უცხოვრია, ცნობილია მამათის ნამოსახლარი, რომელიც გვიანი ნეოლითით თარიღდება. მამათის კოლექცია (230 ერთეული) წარმოდგენილია ქვის მასალით (63 ერთეული) და კერამიკით (167 ერთეული). კოლექციაში კაჟის რამდენიმე იარაღია: საფხეკი, ტრაპეცია, სწორკუთხედი, სახვრეტები. რიყის ქვის იარაღებიდან სადგომზე ნაპოვნია: ცულის სამუშაო პირი, შურდულის ქვა, სალესები. მამათის კოლექციაში თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ ისინი ეკუთვნოდნენ ქილისებური ფორმის ბრტყელძირა, პირგაუშლელ და უყურო ჭურჭლებს. ჭურჭლები დამზადებულია უხეში თიხისაგან. იგი შეიცავს კირის, კვარცისა და ქარსის მინარევებს.

ნამოსახლარზე აღმოჩენილი კულტურული ნაშთების შესწავლა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ პირველყოფილ მეთუნეობაზე, იარაღების დამზადების ტექნიკაზე, მის დანიშნულებაზე. აღსანიშნავია აგრეთვე ჯურუყვეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქვის იარაღები, კვირისთავები და სხვა.

ძველი წ. აღ-ის IV-III ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველოს მოსახლეობა უკვე ბრინჯაოს ხანაში გადადის. საქართველოში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ძეგლები სამ დიდ ქრონოლოგიურ პერიოდად იყოფა: ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს. ადრე ბრინჯაოს ხანა მოიცავს V ათასწლეულის მეორე ნახევარს და III ათასწლეულის პირველ ნახევარს. ჭოლიპას ნამოსახლარი ამ პერიოდის ერთ-ერთი ადრეული ძეგლია საქართველოში. პირველად აქ ჩნდება ლითონი. მას ახასიათებს განსაკუთრებით მრავალფეროვანი თიხის ნაწარმი. ასეთი ძეგლები კი იშვიათობას წარმოადგენს.

კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი წამყვანი იარაღები გურიაში კარგად არის წარმოდგენილი გვიან ბრინჯაოსხანის ძეგლებში. ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოდგენილია კოლხური ცულების ადრეული და გვიანდელი ცალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია შუხუთის ბრინჯაოს ცულების კოლექცია; ასევე თოხი, სატეხი, საბრძოლო იარაღები.

ბრინჯაოს მეტალურგია განვითარებული იყო სუფსისა და ნატანების ორმდინარეთში. აქ აღრიცხულია 100-ზე მეტი მეტალურგიული სახელოსნო.

ბერძნულ მითოლოგიაში და ეპიკურ მწერლობაში კოლხეთი ყველგან განვითარებული მიწათმოქმედების ქვეყანადაა წარმოდგენილი, არქეოლოგიურმა გათხრებმა კი დაადასტურა, რომ მითიური კოლხეთი რეალურ საფუძვლებზეა ბერძნულ მწერლობაში აღმოცენებული. განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ნიგვზიანის სამაროვანი, სადაც ათეულობით რკინისა და ბრინჯაოს იარაღია აღმოჩენილი.

ნიგვზიანის გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანში გარდა ბრინჯაოს იარაღებისა ნაპოვნი იქნა სკვითური ტიპის რკინის სატევარი, ე. წ. აკინაკი. აკინაკის ეს ტიპი სკვითურ კულტურაში ძვ. წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში იყო გავრცელებული. საქართველოში მოპოვებული ეს აკინაკები ხმარებაშია ძვ. წ. VII საუკუნის მიწურულს და V საუკუნეში. მკვლევართა აზრით, იარაღის აღნიშნული სახეობა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში იყო გავრცელებული. საქართველოში აღმოჩენილი აკინაკები სკვითურ ნიმუშებთან სიახლოვეზე მიგვანიშნებს; საფიქრებელია, რომ ძველი საქართველოს მოსახლეობას სწორედ სკვითურ ტომებთან ჰქონდათ გარკვეული სახის ურთიერთობა.

სოფელ გვიმბრალაურის ჩრდილოეთით, დაახლოებით 15 კილომეტრზე, საყანე ფართობში შეიმჩნევა 1 მეტრი სიმაღლისა და 10-12 მეტრის დიამეტრიც მქონე ბორცვი. თვით ბორცვზე ზედაპირულად მხოლოდ ბათქაში შეიმჩნევა, ხოლო აღმოსავლეთით მთელ ფართობზე მიმოფანტულია თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბათქაშის ნამტვრევები, კაჟის ნატეხები.

რაკი ჭაობში არც სახლი დაიდგმებოდა და სხვა მხრივაც დიდ სიძნელეებს წააწყდებოდნენ იქ სამოსახლოდ, ამოუყვანიათ მიწის ხელოვნური ბორცვები, სადაც ჯგუფ-ჯგუფად ან გაფანტულად ერთმანეთს მოშორებით იდგა ხის საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. თითოეულ გორაკს ირგვლივ უვლიდა ფართო და ღრმა თხრილი, რომელიც ზოგჯერ სხვა თხრილებით ერთდებოდა რომელიმე მახლობელ მდინარესთან. ყველა თხრილში თავის დროზე წყალი იყო მიშვებული და ეს არხები თავდაცვას, სანაოსნო მიმოსვლას და მოსახლეობის თევზით მომარაგებას ემსახურებოდა. კოლხეთის დაბლობის ბირცვები სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: ,,დიხა”, ,,დიხა-გუძუბა”, ,,დიხა-ზურგა”, ,,ნაციხვა” და სხვა. გვიმბრალაურის ბორცვს კი ,,ზურგას” ეძახიან.

მკვლევარ ნ. ხოშტარიას აზრით, მოსახლეობა ამ ადგილებში გაჩენილია ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში და მისი ცხოვრება გრძელდებოდა ახალი წ. პირველ საუკუნეებშიც, მთელი ანტიკური პერიოდის გასვლამდე, რის შემდეგაც ადამიანებს მთიანი ზოლისთვის მიუციათ უპირატესობა. 

გვიან ბრინჯაოსა და ადრეულ რკინის ხანაში გურიის ტერიტორიაზე მცხოვრებ დასავლურ-ქართულ ტომებში დასაბამი ეძლევა ქონებრივი უთანასწორობის წარმოქმნას და მდიდარი გვაროვნული არისტოკრატიის ჩამოყალიბებას.

ძვ. წ. VI საუკუნეში თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე ჩამოყალიბდა სამხრეთ-დასავლურ ქართულ ტომთა დიდი გაერთიანების, ,,კოლხას” პოლიტიკური მემკვიდრე, ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი კოლხეთის (ეგრისის) მონათმფლობელური სამეფო, რომლის უშუალო შემადგენლობაში მოქცეული იყო საკუთრივ გურიის ტერიტორია. კოლხეთის მოსახლეობას საკმაოდ ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ანტიკურ სამყაროსთან უმთავრესად ზღვისპირა ბერძნული სახელმწიფოების გზით ხორციელდებოდა. ბერძნულ სამყაროსთან ადრე ანტიკური პერიოდის ურთიერთობისათვის აღსანიშნავია სოფელ ჯუნჯუათში (მაჩხვარეთის სასოფლო საბჭო) ნაპოვნი ძვ. წ. V საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს ბერძნული მუზარადი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტეფაქტია სოფელ ჩიბათში აღმოჩენილი აქემენიდური ბრინჯაოს ლაგამი, რომელიც ასევე ძვ. წ. V საუკუნით თარიღდება. ლაგამი მეტ-ნაკლებ მსგავსებას ავლენს ითხვისსა და ვანში მოპოვებულ ცალებთან, თუმცა შესრულების დონით ბევრად აღემატება მათ. ჩიბათის ლაგამს მყარად დამაგრებული საყბეურები, ხოლო გარე ნაწილის საყბეურებზე სამი რგოლი აქვს. ლაგამის ღეროები, რომლებიც ერთმანეთთან რგოლებითაა დამაგრებული, კოპებითაა შემკული. იგი ისევე არის დამუშავებული, როგორც ათენის აქემენიდური ნანგრევის ფენაში, პერსეპოლისსა და დევეჰუიუკში აღმოჩენილი სპარსული ტიპის ლაგმები. ჩიბათის საყბეური შესანიშნავადაა დამუშავებული, ის დინამიური სკულპტურული გამოსახულებით ბოლოვდება. ესაა ნახტომში გამოსახული სფინქსი, რომელსაც უკანა ფეხები გაჭიმული აქვს, ხოლო წინა კი ტანის ქვეშ შემოკეცილი. ეს გამოსახულება სტილისტური თვალსაზრისით წააგავს აქემენიდურ ლითონის ჭურჭელზე არსებულ ცხოველების გამოსახულებებს. ჩიბათის ლაგამი განსხვავდება კოლხეთისა და ცენტრალური ამიერკავკასიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ყველა, მათ შორის, ე.წ. სპარსული ტიპის ლაგმებისაგან.

გარე სამყაროსთან ურთიერთობის ინტენსიურობაზე ლაპარაკობს კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ანტიკური ხანის მონეტების სიმრავლე.

1958 წლის სექტემბერში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში, მგელაძის ეზოში წააწყდნენ თიხის ქილას, რომელშიც ბიზანტიური ოქროს მონეტები იყო მოთავსებული. თვითმხილველის გადმოცემით პირთამდე სავსე ქილის ჭურჭელში 2000-მდე მონეტა იყო მოთავსებული. ჩიბათის განძი მთლიანად სოლიდებისაგან შედგება და ეკუთვნის ბიზანტიის ოთხ კეისარს. ესენია: ტიბერი II (578-582) – ერთი ეგზემპლარი; მავრიკი (582-602) – ერთი ეგზემპლარი; ფოკა (602-610) – 106 ეგზემპლარი; ირაკლი (610-641) – 14 ეგზემპლარი. განძში მოთავსებული ფული მთლიანად კონსტანტინოპოლის ზარაფხანიდანაა გამოსული.

ჩიბათის განძი დგას იმ ნუმიზმატიკურ მონაპოვართა შორის, რომელიც საქართველოში დამპყრობელს დაუტოვებია. საქართველოს დაპყრობას, რასაკვირველია, თან სდევდა ეკონომიკური გავლენა, რასაც ადასტურებს დამპყრობელ სახელმწიფოთა ფულის ნიშნების ჩვენში გაჩენა, მიმოქცევაში ჩაბმა. როგორც არტეფაქტები გვიჩვენებენ, ეს ფული უმთავრესად დასავლეთ საქართველოში ვრცელდებოდა - იმ ნაწილში, სადაც ბიზანტიელები ბატონობდნენ, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც უნდა ჰქონოდა გასავალი. აღნიშნული თითოეული მონეტა ოთხ გრამზე მეტი წონისაა, ზომით 12-22 მილიმეტრი. სავარაუდოდ განძი დაფლულია VII საუკუნის ოციან წლებში, მაშინ როცა ირაკლი კეისარი სპარსეთში მიდიოდა სალაშქროდ.

ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში ჩიბათი არ არის მოხსენიებული; მხოლოდ აკადემიკოსი გიულდენშტადტი ასახელებს ჩიბათს. საქართველოში მოგზაურობისას (1722 წელი) მას ჩამოუთვალეს გურიის რამდენიმე სოფელი, მათ შორის ჩიბათი. თუმცა ჩიბათი რომ მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, ამაზე მიგვანიშნებს არა მარტო აღმოჩენილი ოქროს მონეტები, ასევე ნაპოვნი პოლონური მონეტების განძი. საქართველოში პოლონური მონეტების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, რ. ქებულაძის აზრით – პოლონეთთან პოლიტიკურ კავშირში თუ არა, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური მიზნების ერთიანობაში მაინც უნდა ვეძებოთ. მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე შავი ზღვისა და მდინარე დნეპრის გზით პოლონეთთან აბრეშუმით ვაჭრობა. საქართველოს პოლონეთთან, როგორც ოსმალეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ერთეულთან, კავშირის დამყარება რამდენჯერმე უცდია. ასევე პოლონეთი თავის მხრივ ცდილობდა, დაკავშირებოდა ოსმალეთის მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს: ავსტრიას, ირანს და სხვა. პოლონეთის ელჩები ხშირად მიმოდიოდნენ ირანში. საამისოდ კი მათ ჯერ დასავლეთ, შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლოთ, ვინაიდან ეს ყველაზე უსაფრთხო და უმოკლეს გზად ითვლებოდა.

პიეტრო დელა-ვალეს მიერ 1627 წელს დაწერილ პაპი ურბენ VIII-ისადმი მიწერილი მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ პოლონეთის ელჩები მარტო ტრანზიტით კი არ გაივლიდნენ დასავლეთ საქართველოს, არამედ მათ გარკვეული დავალებაც ჰქონდათ ოდიშისა და გურიის მთავრებთან. ,,თვითონ პოლშის ხელმწიფეს, როგორც ამბობენ, აქვს ამ მთავრებთან მეგობრობა და მიმოწერა... პოლშის ხელმწიფეს შეუძლია კიდეც ამ გზით, რომელიც ძლიერ მოკლეა, დაეხმაროს ქართველებს ყოველ გაჭირვებაში, რომელსაც მათ მიაყენებენ ან სპარსელები, ან თათრები”. მართებულია რ. ქებულაძის სიტყვები: ,,ერთმანეთში მიმოსვლას ფულის საერთაშორისო მოძრაობაც უნდა მოჰყოლოდა”.

ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ რაიონში მდებარე ლაზთა (ეგრისის) სამეფო შემდგომ გაძლიერებას აღწევს და ფართოვდება ტერიტორიულად. ფართო სავაჭრო ურთიერთობა მყარდება დასავლეთ საქართველოსა და ანტიკურ სამყაროს შორის. ამ მხრივ საინტერესოა ლანჩხუთში, სოფელ ყვავილნარში შემთხვევით მოპოვებული III-IV საუკუნეების არქეოლოგიური მასალა განძის სახით, რომელშიც წარმოდგენილია კერამიკის, რკინის, მინის და ბრინჯაოს ნივთებთან საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად 9 ცალი ვერცხლის მონეტა, რომაელი სარდლების გამოსახულებებით.

დასავლეთ საქართველოს კულტურაში მკვეთრად ჩანს დასავლურ ელინისტურ-რომაული და ბიზანტიური კულტურის გავლენა. ეს გავლენა აშკარაა სამშენებლო ხელოვნებაშიც, აგრეთვე მაღალი არისტოკრატიული ფენის ყოფაში, წეს-ჩვეულებებსა და ტანსაცმელ-მორთულობაში. ამ თვალსაზრისით დიდ ინტერესს იწვევს დასავლეთ საქართველოს ადრეფეოდალური ხანის უნიკალური ძეგლი – სოფელ შუხუთში აღმოჩენილი სასახლის კომპლექსი.

1961 წელს შუხუთში ხალვაშის ეზოში მიწის სამუშაოების შესრულების დროს ნაგებობის კვალს წააწყდნენ. სამუშაოები შეაჩერეს და შუხუთში მივლინებულ იქნა მეცნიერებათა აკადემიის და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს კომისია პროფესორების ანდრია აფაქიძისა და პარმენ ზაქარაიას ხელმძღვანელობით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიწის წიაღში გამოვლინდა მოზრდილი სასახლის ნაშთები. ესაა შეძლებული, მდიდარი პირის ვილა შემდგარი საცხოვრებელი სახლის, აბანოსა და სხვა ნაგებობისაგან. თავისი აღნაგობითა და გეგმით ეს კომპლექსი ტიპიური გვიანანტიკური, ადრე ბიზანტიური ხანის მდიდრული, გაბატონებული კლასის წარმომადგენლის სასოფლო რეზიდენციაა. კომპლექსი IV-V საუკუნით თარიღდება. ვინაიდან თვით ზღვისპირა ქალაქებში ამ დროს მნიშვნელოვანი რომაული მოსახლეობა სავარაუდოდ არაა, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს აგარაკი ეკუთვნოდა ვინმე მდიდარ ეგრისელს და თუ ეს ასეა, მაშინ შუხუთის კომპლექსი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ თუ რამდენად ეზიარა რომაულ ყოფა-ცხოვრებას ლაზეთის შეძლებული ზედაფენა.

გათხრებისას აღმოჩნდა საკმაოდ რთული და კარგად ნაშენი, რომაული მცირე ,,კასტელური” ტიპის  აბანოს ნაშთი, რომელსაც ჰქონია სამფეროვანი კენჭებისაგან შედგენილი მოზაიკური იატაკი. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბიჭვინთისა და ციხისძირ-ბობოყვათის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ამონათხარ ნაგებობებში მოზაიკური იატაკის აღმოჩენისა. სავარაუდოდ, ასეთი მოხატულობა საკმაოდ გავრცელებული ყოფილა IV საუკუნის ბოლო მეოთხედის ძეგლებში, სადაც გამოყენებულ იქნა მცირე აზიის (პალესტინა, გერასა თუ ანტიოქია) რომელიმე მოზაიკურ სახელოსნოში შემუშავებული ორნამენტული შაბლონი.

ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქმშენებლები სათანადო ყურადღებას აქცევდნენ სანიტარულ-ჰიგიენურ დაწესებულებებს. ირკვევა, რომ გვიანანტიკურ ხანაში აბანოებიც უშენებიათ და წყალსადენიც ჰქონიათ გაყვანილი.

ე.წ. რომაული, ფართოდ გავრცელებული აბანო, რომელიც ადრეფეოდალურ ხანას მიეკუთვნება და გვიჩვენებს საქალაქო სანიტარული კულტურის გვიანანტიკური ტრადიციათა გაგრძელებას - შუხუთის აბანოა. მას ჰქონდა სათბობი განყოფილება. პირველ სართულზე წარმოდგენილი გათბობის სისტემას ტიპიური კალორიფელის სახე აქვს, ანუ საბანაო განყოფილებათა იატაკქვეშ აღმართულ სვეტებს შორის დაგროვილი სიმხურვალე აბანოს იატაკსაც ათბობდა და სათანადო არხებით ზედა სართულის კედლებსაც.

ლანჩხუთის რაიონი გვიანფეოდალური ხანის აღმოჩენებითაცაა ცნობილი. 1978 წელს სოფელ ჯიხანჯირში ,,ნასტეფნარის” გორაზე სკოლის მოსწავლემ გოდერძი გურგენაძემ აღმოაჩინა ვერცხლის მონეტების განძი. ჯიხანჯირი გურიის (ნიგოითის) ქედის შავ ზღვისაკენ მიმართული ერთ-ერთი განშტოების თხემზეა გაშენებული. თვით სოფლის სახელი მეგრულ-ჭანური წარმოშობისაა და ,,ციხის ძირს” ნიშნავს. მონეტების აღმოჩენის ადგილი ,,ნასტეფნარი” მაღალი გორაკია, რომელიც სოფელს აღმოსავლეთით გადასცქერის. გორის თავზე ქვებისა და დუღაბის გროვაა წარმოდგენილი, რომელშიც წითელკეციანი კერამიკის ფრაგმენტებიც ურევია. ,,ნასტეფნარის” აღმოსავლეთით მდებარეობს ე. წ. ,,გორგოსაულის ნაციხვარი”. ტყით და მცენარეულობით დაფარულ ფერდობებზე კარგად შეიმჩნევა ჩამოქცეული კედლის დიდი საპირე ქვები, დუღაბი და წითელკეციანი კერამიკის (ქვევრები და მცირე ზომის ჭურჭლის) ფრაგმენტები. ეს მასალა დაცულია ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მეორე ნაციხვარი, რომელიც ,,ნასტეფნარის” დასავლეთით მდებარეობს (კიბულაის ნაციხვარი) ბევრად უფრო დიდი და შთამბეჭდავია. ზედაპირზე ნათლად ჩანს შენობის კვალი. იგი კოშკის ან კარიბჭის ნაწილი უნდა იყოს, ნაშენებია რიქის ქვითა და დუღაბით. ნაციხვარის ცენტრალურ ნაწილში პატარა ტბაა, რომელიც სიმაგრის წყლის რეზერვუარად შეიძლება მივიჩნიოთ. მის აღმოსავლეთით შეიმჩნევა ნაგებობის ნაშთი, რიყის ქვით, დუღაბითა და ბრტყელი აგურის სარტყლით ნაგები, რაც რომაულ სამშენებლო ტექნიკას მოგვაგონებს. ასეთ ,,გარემოცვაში” განძის აღმოჩენა შემთხვევითობის ფარგლებს სცილდება და კანონზომიერი ჩანს - მონეტებს სწორედ გზასთან (ვაჭრობასთან) უნდა ჰქონდეს კავშირი. განძი შეიცავს 318 თურქულ ვერცხლის მონეტას ,,ახ-ჩას”, რომელიც მოჭრილია XV საუკუნის 70-80-იან წლებში. თურქული ფულის განძების აღმოჩენა გურიაში იშვიათი არ არის. ოსმალეთის იმპერია ტრაპიზონის სამეფოს დაპყრობის შემდეგ უშუალოდ დაუმეზობლდა საქართველოს. ამის შემდეგ თითქმის XVIII საუკუნის მიწურულამდე ეს სამხედრო იმპერია განუწყვეტელ სამხედრო ექსპანისიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. გამორიცხული არ არის, რომ მონეტების განძი დაფლულ იქნა თურქების ერთ-ერთი შემოსევის დროს.

გვიანფეოდალური ხანის სხვა მონაპოვრებიცაა ცნობილი ლანჩხუთის რაიონიდან. 1958 წელს სოფელ ჭალკათში (ჩიბათი) მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს იპოვეს ვერცხლის მონეტების განძი –ორი პოლონური ორტა, 82 თურქული. მონეტების მოჭრის თარიღია 1622-23 წლები - პოლონურისა, 1709-30 – თურქულისა.

უნდა ითქვას, რომ გურია და განსაკუთრებით ლანჩხუთის რაიონი, ნაკლებადაა შესწავლილი. მომავალი არქეოლოგიური კვლევა-ძიება ალბათ ნათელს მოჰფენს ამ მნიშვნელოვანი ისტორიული კუთხის უდავოდ საინტერესო წარსულს.

მომავალი წიგნიდან ,,ლანჩხუთი და ლანჩხუთელები”




 ახალი ამბები
  • ქარელში ორი ახალგაზრდა,სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალაქარელში ორი ახალგაზრდა სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას “თრიალეთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას უკავშირდება. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ . მომხდარის სხვა დეტალები ... ...
  • საზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ ქალი დაიღუპასაზარელი ტრაგედია ხობში- "დექსამეტაზონის" მიღების შემდეგ 30 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. 30 წლის ელისო ლომაიას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახის მტკიცებით ქალი ჯანმრთელი იყო და 3 დღე მხოლოდ ხველა აწუხებდა. სპაზმის დროს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით დედამ "დექსამეტაზონი" დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში  2 საათისა და 30 წუთის შემდეგ მივიდა. ელისო ლომაია ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. ელისო ლომაიას  2 დღეში  დაკრძალავენ, თუმცა ჯერ არავინ იცის რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში გარდაცვალების მიზეზად.  ახლობლები ვარაუდობენ,რომ ქალს კორონავირუსი ჰქონდა და დექსამეტაზონმაც უკუჩვენება სწორედ ამ ვირუსის გამო გამოიწვია. ამბობენ, რომ სასწრაფო დროზე რომ მისულიყო ადგილზე ახალგაზრდა ქალი გადარჩებოდა. როგორც მთელს ქვეყანაში, ისე სამეგრელოშიც ადამიანები სიკვდილთან მარტო არიან დარჩენილები. ბრიგადები, რომ საკმარისი არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ კოვიდ დადასტურებული პაციენტები რუხში მდებარე საავადმყოფოში ოჯახის წევრებს საკუთარი მანქანებით მიჰყავთ. მძიმე მდგომარეობას კი ჯანდაცვის მინისტრი როგორც ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვამს. ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში ადგილები არის, მაგრამ პაციენტებს ხედები არ მოსწონთ და უკმაყოფილოებიც ამის გამო ... ...
  • "სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან" _ ასმათ ტყაბლაძე მთავრობას მიმართავს"სახანძრო ნომერი განაცალკევეთ 112-დან", _ ამ მოთხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას ასმათ ტყაბლაძე. როგორც მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, დღეს,თბილისში, ხორავას ქუჩაზე სახანძროს დაგვიანებას ფატალური შედეგი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ... ...
  • "გენაცვალე ბაბუ" – "ლანჩხუთის" ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ბაბუასგან საჩუქარი მიიღოქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა წარმატებული თამაშის შემდეგ, არაერთი საჩუქარი მიიღეს. ერთ-ერთი ფეხბურთელი,  ხატია ჭყონია ბაბუასგან მიღებული საჩუქარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მას მადლობას უხდის. “ არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო იური ბაბუას საჩუქარი. მცირედია შეიძლება, მაგრამ მთელი სავსე გულთ... ის ჩვენი გუნდის პირველი გულშემატკივარია. ყველა თამაშზე გვახალისებს ბავშვებს და გოლის ავტორებს თანხას გვჩუქნის. ძალიან საყვარელია - ჯამრთელობა მინდა ვუსურვო და დიდხანს სიცოცხლე. გენაცვალე ბაბუ კეთილ და სუფთა გულში.“ - წერს ხატია ... ...
  • გიორგი გახარია - მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავსრაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. „რაც შეეხება აქციებს - საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც სწყინს, როდესაც ყრილობების შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან. რა სხვაობაა მაგალითად ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის არ ვიცი. გავრცელების თვალსაზრისით არანაირი სხვაობა არ არის. ან წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების მოწყობის. არაფერი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, ამ ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ის ძალიან სწრაფად და მარტივად ვრცელდება. მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული დისტანცია. არავინ არავის უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე ჟურნალისტის შეკითხვას დეპუტატების შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად, ყველანაირი პრობლემების გარეშე, რადგან არანაირი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის. რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის თქმით,  ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი არსებობს - პირბადე, წესების დაცვა და ელემენტარული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...