ვინ ანგრევდა მეტეხის ტაძარს და რად დაუჯდა შევარდნაძეს წინააღმდეგობის გაწევა

ისტორია

ვინ ანგრევდა მეტეხის ტაძარს და რად დაუჯდა შევარდნაძეს წინააღმდეგობის გაწევა

2017 დეკ 7 15:36:43

საქართველოს მმართველი ამხანაგი ლავრენტი ბერია იღებს გადაწყვეტილებას – მეტეხის ტაძარი უნდა დაინგრეს, ხოლო მის ადგილას შოთა რუსთაველის ძეგლი უნდა აღიმართოს! დანგრეული ტაძრის მაკეტი კი იქვე აშენებულ მუზეუმში საპატიო ადგილას უნდა მოეთავსებინათ. ამ უგუნურ გადაწყვეტილებას წინ აღუდგა ქართველთა ერთი ნაწილი, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და გიორგი ჩუბინიშვილი; ისინი ბერიას ეახლნენ. მათ თავკაცობდა გარეგნულად ერთი მოკრძალებული ადამიანი -პროფესიით მხატვარი. დელეგაცია კატეგორიულად მოითხოვდა ამ გადაწყვეტილების გაუქმებას: „ქვეყანა დიდი პოეტის იუბილესთვის ემზადება, თქვენ კი იმ ტაძრის დანგრევას აპირებთ, სადაც ალბათ რუსთაველი ლოცულობდაო“. ბერიამ მათ ყურადღებით მოუსმინა.  ყველა გაისტუმრა, ხოლო დელეგაციის თავკაცს კაბინეტში დარჩენა სთხოვა:_  „თქვენ რა, საზოგადოებრივი აზრი გინდა შემიქმნათ? მეტეხი მაინც დაინგრევა, ოღონდ ამჯერად თქვენი პირადი მოთხოვნით, და ამ საკითხს თქვენ თვითონვე აღძრავთ“-ო.

ტაძარი გადარჩა, მაგრამ მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე სულ მალე დააპატიმრეს.

1885 წლის 1 დეკემბერს გურიის სოფელ ბახვში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა დიმიტრი შევარდნაძე. მისი ბიოგრაფია კარგად ასახავს იმ ტენდენციას რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნათლად გამოიკვეთა საქართველოში და რაც შემდეგში მდგომარეობდა: ნიჭიერ ბავშვს განათლების მისაღებად საზღვარგარეთ აგზავნიდნენ, სწავლების პროცესში თვალს ადევნებდნენ, რის შემდეგაც ის სამშობლოს სამსახურში დგებოდა. მოგვიანებით, ეს ტენდენცია კომუნისტებმა ამოძირკვეს. პატარა დიტო შევარდნაძესაც დაუნიშნეს მეურვეობა: ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგები ზრუნავდნენ მასზე. სწავლების დამთავრების შემდეგ იგი ჭიათურის ქვანახშირის სააქციო საზოგადოების სტიპენდიით გაემგზავრა მიუნხენს, სადაც ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, პროფესორ ოტო ზეიცის კლასში. დანიშნული თანხა სტუდენტს არ ყოფნიდა ატელიეს, მოდელის, საღებავებისა და ყოველდღიური ცხოვრების ხარჯების დასაფარავად, ამიტომ იგი ფოტოგრაფთან მუშაობდა რეტუშორად. თვითონაც მიჰყო ხელი ფოტოსაქმეს და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. ის აქვე მუშაობდა ჭიათურის სამთო ტექნიკური სასწავლებლის ეკლესიის კანკელის მოხატულობის ესკიზებზე, ამასთან ქართული იუმორისტული ჟურნალის ,,მათრახი და სალამურის” რედაქციისთვის ხატავდა კარიკატურებს. მიუხედავად ხელმოკლეობისა, დიტო თავდაუზოგავად მუშაობდა, სრულყოფდა საკუთარ ოსტატობას. ერთხელ დრეზდენის სურათების გალერეაში შევარდნაძე კორეჯოს ფერწერული ტილოს ,,წმინდა ღამის” ასლს აკეთებდა, გალერეაში მყოფი რუმინეთის მეფე, ხელოვნების დიდი მოტრფიალე და კოლექციონერი, აღფრთოვანებაში მოიყვანა მისმა ოსტატობამ.

1912 წელს დიმიტრი შევარდნაძემ დაამთავრა სამხატვრო აკადემია, ხოლო ორი წლის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. სამშობლოში დაბრუნებულმა თავის უპირველეს საქმედ ხელოვნების და ქვეყნის მსახურება აირჩია. მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მონაწილე ან მოთავე დიმიტრი შევარდნაძე არ ყოფილიყო. იგი მოწოდებით ნამდვილი ლიდერი იყო, ნებისმიერი კეთილი საქმის სულისჩამდგმელი და თავკაცი.

1916 წელს შევარდნაძემ ჩამოაყალიბა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, მხატვართა პირველი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო, ,,მხატვართა, მოქანდაკეთა და ხუროთმოძღვართა ურთიერთშორის დაახლოება-შეკავშირებისათვის და ყველა თაობის ხელოვანთა საქმიანობის გეგმიანი წარმართვისათვის”. საგულისხმოა, რომ შევარდნაძემ თავისთვის თავმჯდომარის ამხანაგის მოკრძალებული თანამდებობა აირჩია. ეს გამორჩეული თვისება იყო მისი ხასიათისა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება მას. დიტო შევარდნაძის საოცარი თავმდაბლობა მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს და ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები მასში ერთგულ მეგობარსა და ქომაგს ხედავდნენ. საზოგადოებამ სტიპენდიები დაუნიშნა ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს, ელენე ახლედიანს, შალვა ქიქოძეს, შალვა ხმალაძეს და სხვებს, რათა მათ განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ. იმავე წელს საზოგადოების ინიციატივით  მოეწყო ქართველ მხატვართა ექსპედიცია სოფელ ნაბახტევში, იქაური ეკლესიის მხატვრობის პირების გადმოსაღებად, სადაც დარჩენილი იყო XV საუკუნის დასაწყისის ფრესკები – ამირეჯიბთა საგვარეულოს პორტრეტებით.

დიმიტრი თავის ძმას მიხაკოს სწერდა:_ ,,დღეს საღამოს სხვა მხატვრებთან ერთად მივემგზავრები სოფელ ნაბახტევში ფრესკების გადმოსაღებად, დავით გარეჯას მონასტერში წასვლა გადავდეთ, ნაბახტევის ეკლესია უფრო ცუდ მდგომარეობაშია, სახურავი სულ არა აქვს და კედლებზე წვიმა ფრესკებს რეცხავს”. ეკლესიის მხატვრობის ეს პირები გამოიფინა დიდების ტაძარში და საყოველთაო ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით, 1935 წელს, შევარდნაძე მხატვარ შალვა აბრამიშვილთან ერთად ნაბახტევის ფრესკების ნაწილს თბილისში ჩამოიტანს.

ლადო გუდიაშვილი იხსენებდა: _,,ყველაზე მუყაითი, მუდამ დაუღალავი დიმიტრი შევარდნაძე იყო, ექსპედიციის მთავარი მხატვარი, კედლის მხატვრობის კარგი მცოდნე და ქართული ფრესკების დიდი მოტრფიალე”.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 1917 წელს ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის მოწყობის ინიციატორიც დიმიტრი შევარდნაძე ყოფილა. ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით განხორციელებულ ამ ექსპედიციაში, შევარდნაძე, სხვა ცნობილ მხატვრებთან ერთად, როგორც რიგითი წევრი ისე მონაწილეობდა.

უდიდესი ამაგი დასდო შევარდნაძემ ნიკო ფიროსმანის სურათების აღმოჩენის, გადარჩენისა და ერთად თავმოყრის საქმეს. თვითონ აკადემიური ტრადიციების მიმდევარი იყო,  მაგრამ მან ერთ-ერთმა პირველმა ამოიცნო ფიროსმანში ნამდვილი ტალანტი. შევარდნაძეს იგი მიაჩნდა ეროვნულ მხატვრად, რომელსაც თანამედროვეთა შორის ყველაზე მეტად ჰქონდა კავშირი ძველ ქართულ კედლის მხატვრობასთან. მხატვარი იხსენებდა: _ ,,საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიქცია სადგურის წინ მდებარე დუქნებში სურათებმა. დაინტერესებულმა გამოვიძიე ავტორის ვინაობა და მითხრეს, რომ ეს ნახატები ეკუთვნის ნიკო ფიროსმანაშვილს. ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება. 1916 წელს მან მოაწყო ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენა საკუთარ ბინაში, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში. სამწუხაროდ, მისი დიდი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა გამოფენის გატანა საზღვარგარეთ.

დიმიტრი შევარდნაძემ სამხატვრო გალერეას უანდერძა სხვადასხვა დროს შეძენილი ფიროსმანის 11 სურათი, რითაც საფუძველი ჩაუყარა მხატვრის ნაწარმოებების დიდ კოლექციას. ფიროსმანის ჩვენთვის კარგად ცნობილი ფოტოც ასევე მისი მოთხოვნით იქნა გადაღებული.

1920 წლის 6 აპრილს დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ. მხატვარი გიორგი ერისთავი იგონებდა: ,,დიტომ ძალიან ენერგიულად მოჰკიდა ხელი ნაწარმოებების უმთავრესად ქართული მხატვრობის ნიმუშების შეკრებას. ბევრი ქალაქი და სოფელი მოიარა და მრავალი სურათი შეაგროვა. ზოგ მათგანს საჩუქრად აძლევდნენ, ზოგს ყიდულობდა, ასევე შეკრიბა წიგნები და ბიბლიოთეკა მოაწყო”. მან თავი მოუყარა XIX საუკუნის თბილისური, სპარსული და დასავლური მხატვრობის ბევრ შესანიშნავ ნიმუშს. თანამშრომელთა შტატში სულ რამოდენიმე ადამიანი იყო, არადა გალერეას და მის ფონდს მეთვალყურეობა და დაცვა სჭირდებოდა. მაშინ დიმიტრი შევარდნაძემ დატოვა თავისი ბინა გუნიბის (ახლანდელი ბარნოვის) ქუჩაზე და გალერეის სარდაფში დასახლდა. ყველაფერს თავისი ხელით აკეთებდა, არავითარ სამუშაოს არ თაკილობდა. ერთ დღეს გალერეაში სტუმრად ჩამოსული რუსი მხატვარი მისულა და დირექტორი უკითხავს.  მისი დამხვდური ცოცხიანი კაცი, რომელიც იატაკს გვიდა, სტუმარს დირექტორის კაბინეტში შეუძღვა, მაგიდას მიუჯდა და გაეცნო – შევარდნაძე მე გახლავართო. სხვათაშორის, კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ფილმში ,,გოგი რატიანი” (1927) თქვენ ნახავთ სამხატვრო გალერეის კიბეებზე მოსაუბრე ტიციან ტაბიძეს, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს, ალექსანდრე წუწუნავას და დიმიტრი შევარდნაძეს. რაღაც სასწაულით ეს კადრები გადაურჩა განადგურებას, რადგან ტაბიძე და შევარდნაძე როგორც ხალხის მტრები, შემდეგ დახვრეტილნი იყვნენ. 

ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ საყოველთაო პოლიტიკური ტერორისა და ქაოსის პირობებში დიმიტრი შევარდნაძისათვის ცხადი გახდა, რომ ახალ ხელისუფლებასთან აშკარა კონფროტაცია ეროვნულ ინტერესებს კარგს არაფერს უქადდა. ამიტომ მან, ამ ურთულეს ვითარებაში დაიწყო კომპრომისული გზების ძიება ქართული საქმის საკეთილდღეოდ. იგი ყველანაირად ცდილობდა ქართული კულტურის დაცვას სოციალისტური რეალიზმის მარწუხებისგან. იყო შემთხვევა როცა მოსკოვიდან მოსული დირექტივის თანახმად ყველა რესპუბლიკის ცენტრალურ მუზეუმებს უნდა შეეძინათ დაბალი ხარისხის მხატვრული ნაწარმოებები, რასაც შევარდნაძე კატეგორიულად წინ აღუდგა. ეს კი შემდგომში მის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთ სამხილად იყო გამოყენებული.

დაძაბული მოღვაწეობის გამო შევარდნაძე ნაკლებ დროს უთმობდა საკუთარ შემოქმედებას. 1924 წელს შევსებულ ერთ ანკეტაში მან ჩაწერა:_  „მე პირადად მხატვრობას თავი დავანებე დროის უქონლობის გამო.“ მიუხედავად ამისა, მან მაინც ბევრის გაკეთება შეძლო. შევარდნაძემ შექმნა ქართული შრიფტის ერთ-ერთი ვარიანტი, თბილისის უნივერსიტეტის გერბი, რომელიც პირადად ივანე ჯავახიშვილმა შეუკვეთა, მას ეკუთვნის დამოუკიდებელი საქართველოს ფულის ნიშნებისა და საფოსტო მარკების ესკიზები; იყო წიგნის ილუსტრატორი, აგრეთვე არა ერთი ცნობილი სპექტაკლისა და საოპერო დადგმის მხატვარი. მუშაობდა ისეთ ცნობილ ფილმებზე როგორიცაა ,,ქრისტინე”, ,,ვინ არის დამნაშავე?”, ,,ჯანყი გურიაში”, ,,ელისო”. მისმა მხატვრულმა ხედვამ და ოსტატობამ, პერსონაჟთა სახეებისა და ხასიათების ღრმა ფსიქოლოგიური გახსნისაკენ სწრაფვამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ფილმების პლასტიკური სახის შექმნაში.

შევარდნაძე აქტიურად იღვწოდა ჩვენში სამხატვრო განათლების განვითარებისათვის. მან საფუძველი მოუმზადა საქართველოს პირველი სამხატვრო სასწავლებლის - სამხატვრო აკადემიის დაარსებას.

როდესაც დიმიტრი შევარდნაძე გალერეაში გადასახლდა, თავისი ბინა-სახელოსნო  ცნობილ მხატვარს ქეთევან მაღალაშვილს დაუთმო. მათ ერთმანეთი 1919 წელს გაიცნეს, იმ წლიდან იწყება მათი რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობა. ქალბატონი ქეთევანის სიტყვებით, მუდამ დიტოს ყურადღებითა და მეგობრული ზრუნვით იყო გამთბარი.  

,,თქვენ ეცადეთ თქვენი ჯანმრთელობისათვის, დანარჩენი კი ჩემი საქმე იყოს. ისე მოგაწყობთ სამუშაოდ, რომ არაფერი გაგიჭირდეთ. მინდა მოგაშველოთ ხუთი ათასი მანეთი, თუ ნებას მომცემთ, გამოვაგზავნით ფოსტით,” – წერდა შევარდნაძე ქეთევანს ერთ-ერთ წერილში.

ქეთევან მაღალაშვილი იგონებდა: ,,თანდათანობით დიტომ ექსპონატების ისეთი რაოდენობა შეკრიბა, რომ ისინი უკვე ვეღარ ეტეოდნენ გალერეაში. აუცილებელი შეიქნა ახალი დიდი შენობის გამოძებნა. შესაფერის სამუზეუმო ადგილად შეირჩა ყოფილი მეტეხის სიმაგრე, სადაც იმ დროს ციხე იყო. დიტოს მცდელობის და ზრუნვის შედეგად, ციხე ორთაჭალაში გადაიტანეს და მეტეხის სიმაგრე მთლიანად მუზეუმს გადაეცა. ამ საზეიმო დღესთან დაკავშირებით, 1933 წლის 18 ნოემბერს, დიდი მიტინგი ჩატარდა, რესპუბლიკის პრესა მხოლოდ ამ ფაქტს აშუქებდა. მიტინგზე მეტეხის ციხის ყოფილმა კომენდანტმა ციხის გასაღები ახალი მეტეხის დირექტორს - დიმიტრი შევრადნაძეს გადასცა. აქედან დაიწყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის შექმნის ახალი ეტაპი. ,,ეს ისტორიული ძეგლი უნდა ვაქციოთ ახალ ლუვრად”, - ამბობდა დიმიტრი შევარდნაძე. მუზეუმის დირექტორად თავად დაინიშნა. მან გაარემონტა ერთ-ერთი კორპუსი რათა დროებით დაებინავებინათ ექსპონატთა ნაწილი და მუზეუმის მომავალი შენობისთვის პროექტზე ზრუნვას შეუდგა.

ერთ დღესაც მუზეუმში გახურებული მუშაობისას მოულოდნელად გამოეცხადა ბრიგადა ბერიას სახელით. დიმიტრი შევარდნაძემ დაუპატიჟებელი სტუმრები უკანვე გაისტუმრა. სულ მალე შევარდნაძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, დაიწყო მიზანდასახული კამპანია მის წინააღმდეგ პრესაში, სადაც სხვა გამოჩენილ ადამიანებთან ერთად ამხელდნენ ხალხის მტრის - შევარდნაძის ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას. აი, რას წერდა იმდროინდელი პრესა:_ ,,ყველა ორატორის სიტყვა გამსჭვალულია ღრმა სიყვარულით და ერთგულებით საბჭოთა ქვეყნისადმი და უსაზიზღრესი მძულვარებით ხალხის მტრებისადმი, მათ შორის მუზეუმის ყოფილი დირექტორის გარეწარ შევრდნაძისადმი, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე შენიღბულ შხამიან გესლს ანთხევდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დევნიდა მუზეუმიდან საბჭოთა თემატიკას და მის მაგივრად არქაული სიძველეების იდეალიზაციას ახდენდა.

,,ერთ ღამეს დიტომ ჩემს კარებზე დააკაკუნა, მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე. მან დამიბრუნა ძმის სამკურნალოდ გადადებული ორი ათასი მანეთი, სეიფში შესანახად რომ მივაბარე, გადმომცა ასევე თავისი ჯიბის საათი,“ -იხსენებდა ქალბატონი ქეთევანი, როცა მან გაიგო იმ ხალხის დაჭერა რომელიც გაზეთში მასთან ერთად ,,დაამუშავეს” მან თქვა; ,,არაფრის მეშინია, ვინაიდან უმწიკვლო ვარ და არავითარი დანაშაული არ მიმიძღვის”.

შევარდნაძე მალე დააპატიმრეს. დაპატიმრებისთანავე მეტეხის იმჟამინდელი დირექტორის განკარგულებით დიმიტრი შევარდნაძის არასამუზეუმო ფასეულობად მიჩნეული ნივთები მეტეხის ეზოში საჯაროდ დაწვეს. მუზეუმის იმდროინდელმა ახალგაზრდა სპეციალისტმა და შეძლო მოეპარა დასაწვავად გამზადებული ნივთების ნაწილი და გადაენახა.

დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის დეკემბერში დახვრიტეს.




 ახალი ამბები
  • ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვესოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოწმება ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს. „ორი აფთიაქის შემოწმებისას ქართული წარწერებით აღმოჩნდა და მილიციამ აფთიაქებს ჩამოართვა „ვალტარენი“, „ფლუკოლდი“, „კრესტორი“, „ჰემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პუსი“ და სხვა მედიკამენტები, რომელსაც ქართული წარწერები აქვს“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში. სააგენტო, „კომინფი“ წერს, რომ სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება ე.წ. მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად. წყარო: ... ...
  • უკრაინის დელეგაცია გურიის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს ეცნობა (R)უკრაინის ხერსონის ოლქის გუბერნატორი იური გუსევი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას, რწმუნებულის მოადგილეს გია ებრალიძეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დელეგაცია ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტს დაესწრნენ. სახელმწიფო ანსამბლმა “გურიამ" ქართველი და უკრაინელი სტუმრების წინაშე ქართულ-უკრაინული კომპოზიცია წარმოადგინა, რომელმაც მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.   ... ...
  • მარგველაშვილი: მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, სააკაშვილსსაქართველოს ექსპრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან სასაუბროდაც მზადაა, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ხედვა აქვს. „როცა საკითხი ეხება დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ, ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით. საქართველო ივანიშვილის გარეშე კი არა, დემოკრატიული საქართველო – ეს აინტერესებს ამომრჩეველს“,_ აღნიშნა ... ...
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...