ვინ იყო "ბატონი არკადინი", რომლის შექმნა უელსს სტალინის ფიგურამ შთააგონა

ისტორია

ვინ იყო "ბატონი არკადინი", რომლის შექმნა უელსს სტალინის ფიგურამ შთააგონა

2017 ივლ 17 11:31:27

ამ რამდენიმე წლის წინ რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა უარი შემომითვალა ჩემს განცხადებაზე წამეკითხა ლექციები კინორეჟისურასა და კინოს ისტორიაში – ცენზი არ გაქვსო, ანუ დოქტორის წოდებაო. როცა გადავხედე თუ ვინ იყვნენ ლექტორები, ბევრ მათგანს სტუდენტებს კი არა, კვატას არ ჩავაბარებდი მოსავლელად.   

c'est quoi la vie როგორც იტყვიან... ამიტომ, ის რაც ვიცი (გულზე ხელის დადებით გაგიმხელთ, რომ კინოს ისტორიაში, განსაკუთრებით ამერიკულში,  რაცხა-რაცხაები გამეგება) ინტერენეტ სივრცეში გამოვამზეურებ.

ახლა კი საქმე: კინოს ისტორიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანს გაგონილი ექნება ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის ორსონ უელსის სახელი. დღეს მის ბიოგრაფიას არ ჩავუღმავდები, არამედ თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მის ნაწარმოებებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ქართველებთან.

გარდა იმისა რომ უელსი ავტორია კლასკიკად აღიარებული ,,მოქალაქე ქეინისა”, მას სხვა უამრავი მაღალი დონის ნაწარმოები აქვს შექმნილი. ერთი მათგანია ,,ბატონი არკადინი”, რომელიც მოგვითხრობს იდუმალ მილიარდერ გრეგორი არკადინზე, რომელსაც ამნეზია ჰქონდა. ის იქირავებს ერთ ავანტიურისტ ამერიკელს, რათა მან გამოიძიოს მისი წარსული. სინამდვილეში კი მილიარდერს არანაირი ამნეზია არ სჭირდა, ის გეგმავდა ყველა იმ მოწმის, ვისაც დაქირავებული ამერიკელი მიაგნებდა, თავიდან მოშორებას, რათა მისი კრიმინალური წარსულისა და ცოდვების შესახებ არ გაეგო მის ერთადერთ ქალიშვილს. ცოდვები კი წარსულში მას მრავლად ჰქონდა ჩადენილი: ის იყო აფერისტი, ადამიანთა გამტაცებელი, მკვლელი, იარაღით მოვაჭრე, მეორე მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა იტალიელ და გერმანელ ფაშისტებთან, რისი მეშვეობითაც უზარმაზარი ქონება დააგროვა.

ფილმის დასაფინანსებლად უელსმა მიმართა თავის ძველ მეგობარს, სოციალისტ ლუი დოლივეს, რომელსაც ფილმების კეთების ამბიცია ჰქონდა.  მართლაც, დოლივე ფულს იშოვნის და 1954 წლის დასაწყისში ფილმის გადაღება დაიწყება.  დოლივეს სურდა რათა ფილმის მონტაჟი 1954 წლის შობამდე დასრულებულიყო. იგი გამოუცდელი პროდიუსერი გახლდათ და შვეიცარელ ფინანსისტებს ფილმის დასრულების არარეალურ გრაფიკს შეპირდა. როცა უელსმა დათქმულ ვადებს გადააცილა, პროდიუსერმა მას პირდაპირ ხელიდან გამოგლიჯა დაუსრულებელი ფილმი და სხვას გადასცა დასამონტაჟებლად.

ამავე დროს დოლივემ მას არაპროფესიონალიზმში დასდო ბრალი და ასევე განაცხადა რომ გადაღებისას ის უზომოდ ბევრს სვამდა (ეს სიმართლეს შეეფერებოდა, უელსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყო ბოთლს ჩახუტებული, შესაძლებელია მემკვიდრეობითობამაც იჩინა თავი _ როგორც ამბობენ, უელსის მამა ალკოჰოლიკი იყო). ესეც არ აკმარა და მას სასამართლოში უჩივლა, თუმცა ვერაფერი გააწყო. რეჟისორი ცდილობდა რამენაირად საკუთარი ხედვით წარმართულიყო სამონტაჟო პროცესი, ის საკუთარ მოსაზრებებს უგზავნიდა პროდიუსერს და მემონტაჟეს, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევდნენ. უელსს სურდა ,,არკადინის” სიუჟეტი, ისევე როგორც ,,მოქალაქე ქეინში”, ფლეშბექების (ფლეშბექი_სცენა, რომლის მეშვეობით ნაჩვენებია წარსულში მომხდარი ამბავი) საშუალებით აეწყო. ხოლო დოლივემ უფრო სწორხაზოვანი თხრობის გზა აირჩია. მათ ასევე ამოჭრეს ზოგიერთი სცენა რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა გრეგორი არკადინის პერსონაჟის განვითარებაში.

თავდაპირველად მთავარი გმირის გვარი იყო არკადიანი, უელსმა ის გადააკეთა და ასო ,,ა” ამოაგდო. ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: ,,არკადინი _ ეროპული სამყაროს წარმომადგენელია, ის შეიძლება ყოფილიყო ბერძენი, რუსი, ქართველი”. ამერიკელ რეჟისორს, მის ბიოგრაფს პიტერ ბოგდანოვიჩს კი უმტკიცებდა, რომ არკადინი ქართველია: ,,მისი სახელიც კი ამას გეუბნება”. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჩვენ ვგებულობთ, რომ არკადინის ნამდვილი სახელი და გვარია ვასო ათაბაძე.

ერთ ეპიზოდში მასკარადის დროს ის იძახის: ,,ახლა მინდა წარმოვთქვა ქართული სადღეგრძელო. ყოველ ქართულ სადღეგრძელოს კი წინ ისტორია უძღვის... მე მსურს შევსვა მეგობრობის სადღეგრძელო...”

მასკარადზე თუ სხვა წვეულებაზე ყოველ სტუმარს წინ ჩოხებში გამოწყობილი, ხმლებით შემართული მამაკაცები ხვდებიან. შესვლისას ყველა სტუმარი ვალდებულია დიდი ,,სტაქნით” არაყი შესვას. ,,ეს ველური ჩვეულებაა”, - იცინის არკადინის ქალიშვილი რაინა. საინტერესოა, რომ ,,ქართულ გარემოსთან” ეს უელსის პირველი შეხვედრა არ ყოფილა: 1943 წელს გადაღებულ ჯაშუშურ თრილერში ,,საშიში მოგზაურობა”, რომელსაც ბევრი უელსის ფილმად მიიჩნევს და სადაც ის თურქეთის საიდუმლო პოლიციის შეფს თამაშობს, მოქმედება იწყება მეორე მსოფლიოს დროინდელ თურქეთში და ვითარდება ბათუმში.

გასაკვირი არ არის, რომ ,,არკადინში” მთავარი უარყოფითი გმირი ქართველია, ანუ დასავლეთელებისთვის იგივე რუსი. მაშინ, ცივი ომის პერიოდში ჰოლივუდურ ფილმებში ,,ცუდი ბიჭები” ერთთავად რუსები (საბჭოთა კავშირის ყოველი მოქალაქე კი რუსად მოიაზრებოდა) ან აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ. ჰოლივუდელებს ყოველთვის სჭირდებოდათ მტრის ხატი: კაზაკი, იაპონელი, ჩინელი, სერბი, ჩრდილოეთ კორეელი... ეს ხდებოდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მეტად კი ,,ცუდი ბიჭების” როლი რუსებს ერგებოდათ. ეს ტრადიცია გრძელდება, გავიხსენოთ თუნდაც ვიკტორ რუსთაველი ბოევიკიდან ,,წითელი სიცხე” (რეჟ. უოლთერ ჰილი, 1988). ეს ჟღერადი სახელი ნარკოტიკებით მოვაჭრე ქართველ კრიმინალს თბილისში დაბადებულმა ფილმის სცენარისტმა ჰარი კლაინერმა შეურჩია. უნდა ითქვას, რომ ტიტრებში ეს გვარი აღნიშნულია როგორც  - როსთავილი, მაგრამ მას, განსკუთრებით რუსი მსახიობები წარმოთქვამენ, როგორც რუსთაველი.

ორსონ უელსი აცხადებდა, რომ ,,ბატონი არკადინის” შექმნაზე ის შთააგონა სტალინის ფიგურამ: ,,ცივმა, პრაგმატულმა, დაუნდობელმა, მაგრამ ამავე დროს რაღაც შემაშინებლად სლავური სიმძლავრის მატარებელმა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ლმობიერებისა და თვითგანადგურებისაკენ ჟინის გაღვივება”. ასევე ნაწილობრივ შთააგონეს იმ იარაღით მოვაჭრეებმა, ფინანსისტებმა და სპეკულანტებმა, მათ შორის ,,სიკვდილით მოვაჭრე” ბეისილ ზახაროვმა, ვინც უზარმაზარი ქონება დააგროვა და ხელი მოითბო ომისდროინდელ და ომისშემდგომ გაჭირვებულ და განადგურებულ ევროპაში.

არკადინის პერსონაჟის დასახასიათებლად უელსი ბაყაყისა და მორიელის ამბავს ყვება: მორიელს მდინარის გადაცურვა უნდოდა, ის შესკუპდა ბაყაყზე, რომელმაც გააფრთხილა რომ მისთვის არ ეკბინა, რადგან მაშინ ორივე დაიღუპებოდა. შუა მდინარეში მორიელმა მას შხამიანი ნესტარი ჩაასო. მომაკვდავმა ბაყაყმა ჩაძირვა დაიწყო: ,,ეს რა ჰქენი! ეს ხომ ალოგიკურია! ვიცი, უთხრა მორიელმა, მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემი ბუნებაა”.

პერსონაჟის ამგვარი დახასიათება დიდ ინტრიგას შეიცავს, ამბობდა ზოგიერთი კინოკრიტიკოსი, მაგრამ სინამდვილეში არკადინი, რომელსაც თვით უელსი განასახიერებდა, ჯეიმს ბონდის გროტესკულ უარყოფით გმირს უფრო წააგავს დაწებებული წვერ-ულვაშითა და სლავური აქცენტითო. მთლიანობაში ფილმი მართლაც დაუმთავრებელ, ნაჩქარევ და დაგლეჯილ ნაწარმოებს ჰგავს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის დღესაც, ლამის 60 წლის შემდეგ, არ მოძველებულა და მაინც საინტერესო სანახავია. უელსისთვის დამახასიათებელი უცნაური რაკურსები, კადრების ჩქარი მონაცვლეობა, ბრწყინვალე მსახიობური ანსამბლი, უმეტესად აღმოსავლეთ ევროპელი ემიგრანტების – თბილისში დაბადებული აკიმ ტამიროვისა და მიშა აუერის საოცარი თამაში (მხოლოდ არკადინის ქალიშვილის როლის შემსრულებელი, ცხოვრებაში კი მისი მესამე მეუღლე პაოლა მორი, იგივე გრაფინია დი გირფალკო, მოიკოჭლებს), რაც შეეხება დაწებებულ წვერ-ულვაშს, ფილმის ყურებისას დროთა განმავლობაში მას საერთოდ აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან უზადო მსახიობის _ უელსის მაგნეტიზმი და ქარიზმა ყველაფერს გავიწყებს.

ევროპის კინოთეატრებში ,,ბატონი არკადინი” 1955 წელს გამოვიდა (ინგლისში ეკრანებზე გაუშვეს განსხვავებული ვერსია შეცვლილი სათაურით ,,საიდუმლო დოსიე”). ,,ბატონმა არკადინმა” ორსონ უელსის ბევრი სხვა ფილმის ბედი გაიზიარა - ის გაქირავებაში ჩავარდა....

ამერიკაში ფილმის გამოსვლა ვერა და ვერ ხერხდებოდა. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. 1961 წელს პიტერ ბოგდანოვიჩი უელსთან ერთად მონგრაფიას წერდა, პარალელურად კი ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ მისი ფილმების რესტროსპექტივაზე მუშაობდა. კვლევა-ძიებისას ბოგდანოვიჩი ლოს ანჯელესის ერთი ტელევიზიის საწყობში შემთხვევით ,,არკადინის” ასლს გადააწყდა. ნახვის შემდეგ ის მიხვდა რომ ეს იყო განსხვავებული იმისგან, რასაც 50-იან წლებში ევროპაში უჩვენებდნენ. მოგვიანებით ბოგდანოვიჩი იხსენებდა, რომ ის თავს ტუტენჰამონის აღმომჩენ ჰოუარდ კარტერის მსგავსად გრძნობდა.

ბოგდანოვიჩმა მტკიცედ გადაწყვიტა ეჩვენებინა ეს ფილმი ამერიკაში. პრემიერა 1962 წელს ნიუ იორკში შედგა. უცნობია, ნახა თუ არა ფილმი თავად უელსმა და შეესაბამებოდა თუ არა ის მის პირვანდელ ჩანაფიქრს. ,,მას არც ფიქრი და არც საუბარი არ სურდა მის შესახებ, _ წერდა ავტორი ჯონათან როზენბაუმი, _ ვფიქრობ, ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყო”.

რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ორსონ უელსს, ისევე როგორც ბევრ სხვა ნიჭიერ ხელოვანს რეჟისურაში აკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღია. უელსს ოსკარი მხოლოდ 1941 წელს ჯოზეფ მანკიევიჩთან ერთად ,,მოქალაქე ქეინის” სცენარისთვის ერგო, ხოლო 1970 წელს მას საპატიო ოსკარი მიანიჭეს. დაჯილდოების ცერემონიალზე ოსკარი რეჟისორ ჯონ ჰიუსტონს გადასცეს, რომელმაც განაცხადა, რომ უელსი ესპანეთში იმყოფებოდა გადაღებებზე. უელსის წინასწარ ჩაწერილი სამადლობელო სიტყვა კი ეკრანზე გაუშვეს. გამოსვლას ის ასე ასრულებდა: ,,...მაშ შევსვათ ყველამ ერთად ჩვენი გიჟური და საყვარელი პროფესიის სადღეგრძელო. კინოს გაუმარჯოს _ კარგს და ყველა დანარჩენს”.

აკადემია ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა, სინამდვილეში კი უელსი არსადაც არ წასულა, ის საკუთარ სახლში, ჰოლივუდში იმყოფებოდა და საზეიმო სადილის შემდეგ ჰიუსტონმა უელსს ოსკარი მიართვა.

როცა უელსი გარდაიცვალა, კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი ყვავილებით მორთულ ძველ მიტოვებულ ჭაში დაასაფლავეს, რომელიც განთავსებული მისი მეგობრის, ტორეადორ ანტონიო ორდონეზის საკუთრებაში მალაგაში, ესპანეთში.

ირაკლი მახარაძე




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?