"ხედვა ფესვებით დავიწყე!"

კარმიდამო ჩემი

"ხედვა ფესვებით დავიწყე!"

28 თებ. 2012, 11:44:41
ის, რაც გვსურს ჩვენს მკითხველს ამ წერილით შევთავაზოთ, მხოლოდ ეთნოგრაფიულ ყოფაში მოპოვებული უბრალო მასალა როდია _ საქმე გვაქვს ხელოვანთან, რომლის შემოქმედებას არა ერთხელ აღუფრთოვანებია უამრავი ადამიანი. თუმცა, ქალბატონ სულიკო ლომჯარიას, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ცხოვრობს, მუდამ ზედმეტი თავმდაბლობა ბოჭავდა: _ საკუთარი თავის წარმოჩენას თავადვე უფრთხოდა სულ, _ ასე ახასიათებენ მეგობრები, მეზობლები, თვით ოჯახის წევრები. მის შემოქმედებას არა თუ ერთი, რამდენიმე საგაზეთო ნომერიც ვერ დაიტევს.

"ხედვა ფესვებით დავიწყე, ფესვია სამყაროში ყველაფრის საწყისი. ვნახე, რომ მდინარეს წამოეღო ველური ხურმა და საცოდავად შერჩენოდა მეჩეჩს. ნაპირზე გამოვიტანე, გადარჩენა ვერ შევძელი, მაგრამ მივაჭერ-მოვაჭერი და გამოვიდა რაღაც ცხოველი. ჩემი ინტუიციით და გაგებით სიცოცხლე მივანიჭე და ასე დავიმშვიდე თავი", _ ამბობს სულიკო ლომჯარია.

როგორც კი მის კარმიდამოში შედგამთ ფეხს, უმალ თვალში გეცემათ მრავალფეროვანი ხალხური დეკორატიული ხელოვნება, გადმოცემული სპეციფიკურ სიმბოლოთა საშუალებით. ბზის ბუჩქიდან დაწყებული, აქ ყველა მცენარე ისეა გასხლული თუ შეკრული, თითოეულს სულიერის სახე აქვს მიღებული. სახლში კი _ მუზეუმად ქცეულ ოთახებში განლაგებულ უამრავ ნამუშევრებში, რომლებიც ძირითადად მრავალმხრივი ხალხური ორნამენტითაა შესრულებული, აშკარად ჩანს მითოსისა და რელიგიურ-კოსმოგენურ შეხედულებათა კვალი. თუმცა, ორნამენტულ სიმბოლიკაში არეკლილი წარმოდგენების ახსნა და შეფასება განსაკუთრებით გაცნობიერებულ სპეციალისტთა საქმეა. მთავარია, მკითხველს ვუამბოთ ამ საოცარ ქმნილებათა შესახებ, რომელიც ქსოვის, ქარგვის, აპლიკაციის, ჰერბარიუმისა თუ სხვადასხვა დეკორატიული ელემენტების მეშვეობით შეუქმნია საოცარ მარჯვენას.

სულიკო ლომჯარია და მისი მეუღლე ზურაბ მჟავანაძე, ორთავე სოფელ ჭანიეთის მკვიდრია. დედაქალაქში წლების მანძილზე ცხოვრების შემდეგ, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდნენ და სახელოვანი ოჯახის ტრადიცია ხელოვნებისა და გარე სამყაროს სიყვარულს ისე შეუზავეს, რომ უნებურად იფიქრებ _ ერთი მთლიანი ჰარმონია მნახველთა დასატყვევებლად შექმნეს. ქალბატონი სულიკო პროფესიით ენტომოლოგია და ერთგვარ სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ფილოლოგობაზე მეოცნებე, ენტომოლოგი გახდა. თუმცა, თავს იმით იმშვიდებს, რომ ბუნებასთან აქვს საქმე. ოფიციალურ სამსახურშიც უმუშავია და ბევრჯერ ყოფილა არა ერთი თაოსნობის ავტორი, რაც უშუალოდ ხელოვნებას უკავშირდებოდა. ქსოვა, ქარგვა, ხატვა, კერვა, კერამიკაზე მუშაობა.... ყოველივე ეს, ისე "ასდის ხელზე", როგორც კრიალოსანი. განსაკუთრებით წარმატებულად საკუთარ თავს დედისგან მემკვიდრეობად მიღებულ თვისებათა გამო თვლის:

_ ქარგვა, ქსოვა, თუ სხვა ხელსაქმე დედისგან ვისწავლე. მახსოვს, ზღაპარს რომ მოგვიყვებოდა, თან ამ ზღაპრისავე გმირს დაგვიხატავდა. ჰქონდა პატარა გობელენები, ლენტებით მორთული. ახლა ვნანობ, რომ არ შევინახე. აი, ხედვა კი ნამდვილად ფესვებით დავიწყე _ ფესვია სამყაროს საწყისი. ვნახე, რომ მდინარეს წამოეღო ველური ხურმა და საცოდავად შერჩენოდა მეჩეჩს. გადარჩენა ვერ შევძელი, მაგრამ მივაჭერ-მოვაჭერი და გამოვიდა რაღაც ცხოველი. ჩემი ინტუიციით და გაგებით, სიცოცხლე მივანიჭე და ასე დავიმშვიდე თავი. თრიას მივამსგავსე. ამის შემდეგ სადაც წავიდოდი, თან მქონდა ტომარა ან რაღაც ჩანთა და ვაგროვებდი ნაირ-ნაირ ფესვებს. მიმქონდა, სადაც წავიდოდი ან პირიქით, აქეთ მომქონდა ბორჯომიდან, საირმიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ვამუშავებდი, სულს შთავბერავდი ხოლმე, _ გვიამბობს და საკუთარი ნამუშევრებითა და საგანგებოდ შეგროვილი უნიკალური ნივთებით მორთულ ოდაში, უფრო სწორად მუზეუმში მიგვიძღვება.

სულიკო ლომჯარიას ნამუშევრებში წინა პლანზე გამოდის დროის და სივრცის შეცნობის უდიდესი წყურვილი, ხედავს ბუნების კვდომისა და აღორძინების მონაცვლეობას. მის კომპოზიციებში არ მოქმედებს დროის, სივრცის, სილამაზის თუ სევდის წყვეტილობა. აქ ყველაფერი საოცარ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ჩანს, აგრეთვე, გეომეტრიული დეკორიც. "ნატვრის ხის" მისეული ხედვა, მის მიერვე შექმნილ ჭაღშია ჩაქსოვილი, რომელსაც, ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი სხვადასხვა ნივთების თუ ელემენტების გამოყენებით, ოთახში მზის ფუნქცია მიანიჭა.

ქალბატონი სულიკო იგონებს, როგორ შეხვდა ნელი ოქროპირიძეს. ერთი პერიოდი აპლიკაციებმაც გაიტაცა, მერე გამოფენა მოაწყო პოლიგრაფიისა და კულტურის სახლში და ნელი ოქროპირიძის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. თუმცა, მისი შემოქმედებითი თავდავიწყება მაშინ დაიწყო, როცა ერთ-ერთ გამოფენაზე თოკით ნამუშევარი ნახა:

_ თოკი სულ სხვაა, უფრო სწორად, ის უკვე გობელენია, როცა მოქსოვ და ეს არის ქართული ხელოვნება. ხელოვანი ხარ, როცა საკუთარი ფანტაზიით ქმნი, როცა საკუთარი ხელწერა გაქვს და სხვისგან არ კალკირებ. არ მინდა, ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა, ვიტყვი, რომ შევქმენი საკუთარი ხელწერა. უამრავ თვითნასწავლ ხელოვანთა გამოფენაში ვმონაწილეობდი, მიმქონდა საკუთარი ნამუშევრები. იქ ასეთი რამაც ხდებოდა _ ვიღაცას შეახსენებდნენ, რომ მისი ნამუშევარი საიდანღაც იყო გადმოღებული. მე კი, ბედნიერად ვთვლი თავს, რომ მხოლოდ საკუთარი შემოქმედება მაქვს. შენი ფანტაზიით როცა აკეთებ რაღაცას, სწორედ ესაა ხელოვნება, ოღონდ ისიც საკითხავია, რა დონეზე აკეთებ? ფუნჯით ყველა ხატავს და საღებავით, მაგრამ მთავარია, რას დახატავ, რას გადმოგცემს შინაგანი სამყარო, _ გვეუბნება ხელოვანი ქალბატონი.

უამრავი ნამუშევარი _ ქსოვის, ქარგვის, ჰერბარიუმისა თუ აპლიკაციის მეშვეობით შექმნილი, სხვადასხვა დეკორაციები, გობელენებზე აქა-იქ ხევსურული ქსოვის ელემენტები: შიბა, პეპელა, კიმხა, ხატულა, მგზავრა, უნაგირა... ბევრიც დასამთავრებელი და ზოგიც სარესტავრაციო (ადრეულ წლებში შექმნილი) ნამუშევარი! ერთი სიტყვით, აქ ყველაფერია, თუმცა, ჩვენი რესპონდენტი გობელენს ანიჭებს უპირატესობას.

_ ქალბატონო სულიკო, თქვენი გობელენებიდან საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ და რა არის მისი დედააზრი?

_ მე მრავალი გობელენი მაქვს, მაგრამ გამოვყოფ ერთს _ "მიწა ქართული". იგი რამდენჯერმე იყო საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეაში გამოფენილი და სატელევიზიო გადაცემაშიც აღნიშნეს. ყველაფერი კი ასე დაიწყო _ ერთხელ, გამარჯვებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე წარვადგინე. ჩანაფიქრი ასეთი იყო _ ხმალს მივანიჭე ვენახის ჭიგოს ფუნქცია, აქეთ-იქით კი მტევნები ამოვქარგე. ერეკლე მეფის საფლავის ასოციაციაც იყო. თემატურად უპასუხა კონკურსის პირობებს, შემოქმედებითად ძალიან მოიწონეს. შემდეგ გავაკეთე "თეატრალური მოტივი", რომელმაც ასევე ხელოვნების სახლში გამართულ გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. უამრავ ნამუშევართა შორის ოცეულში მოხვდა და პრემია მიიღო. გობელენი _ "დეკორატიული მოტივი" მოსკოვში გაიგზავნა თვითნასწავლ ხელოვანთა გამოფენაზე. მახსოვს, ერთხელ ხელოვნების სახლში მოწყობილ გამოფენაზე ჩემი გობელენი _ "ფერადი თვალი" განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მასთან დიდხანს შეჩერდნენ მხატვრები და იკითხეს: გვაინტერესებს, ვისიაო. მომერიდა, მერე კი ვუთხარი, რომ ჩემი იყო. ჩაიწერეს ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ხშირად მეხმიანებოდნენ და მიწვევდნენ სხვადასხვა გამოფენაზე.

_ ატესტაცია თუ გაგივლიათ ან რაიმე წოდება თუ გაქვთ მონიჭებული?

_ ატესტაცია ადრეულ წლებში გავიარე. მონიჭებული მაქვს ხალხური ოსტატის წოდება, თუმცა, ვერანაირი ატესტაცია ვერ შეედრება იმ პრაქტიკას, რაც ჩემი ცხოვრების მანძილზე გავიარე. თითქმის ყველა მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ მაინც ჩხირით და ყაისნაღით ქსოვა იყო ჩემი ინტერესის ძირითადი საგანი. ქართული ორნამენტი ცნობილია თავისი შინაარსითა და სილამაზით და მისით თავდავიწყებამდე ვიყავი გატაცებული. არა ერთხელ ლაურეატის წოდებაც მიმიღია, მაქვს აგრეთვე მიღებული უამრავი სიგელი.

_ ქალბატონო სულიკო, თქვენს კარ-მიდამოში და ჰერბარიუმით ნასაზრდოებ ნამუშევრებში აშკარად ჩანს ყვავილების, მცენარეების უსაზღვრო სიყვარული. დეკორით მუშაობასაც დიდ დროს უთმობდით?

_ მე დასაწყისში გითხარით, რომ ხედვა ფესვებით დავიწყე. სამწუხაროდ, ყველაფერი მიტაცებდა და მიმაჩნია, რომ ყველაფერში ვერ ამოვწურე საკუთარი თავი, სულ უკმარისობის განცდა მაქვს.

_ რატომ სამწუხაროდ? თუ სასიხარულოდ?

_ არა, სწორედ სამწუხაროდ. დილეტანტი არ უნდა იყო. უნდა აირჩიო ერთი სფერო და სიღრმისეულად დაეუფლო, თუ გინდა რომ იყო ძლიერი და რაღაცას მიაღწიო. თქვენ ჩემს ეზო-გარემოში ხედავთ სხვადასხვა ფორმამინიჭებულ მცენარეებს, გაცოცხლებულ კუნძებს. ეს უკვე დეკორია. ჰერბარიუმითაც ვმუშაობ, მაქვს უამრავი ნამუშევარი. საერთოდ, აქ უკვირთ ჩემი ნამუშევრები, თორემ საქართველო უმდიდრესია უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანებით.

_ რატომ, სწორედ საქართველოს მასშტაბითაც ხომ ბევრჯერ პირველი იყავით ან პირველ ოცეულში ხვდებოდით ასობით თვითნასწავლ ხელოვანს შორის?

_ ადამიანს თუ თვითკმაყოფილების განცდა დაგეუფლა და საკუთარი თავით აღტაცებული დარჩი, ეს დამღუპველია. ამას წინათ ტელევიზიით ვნახე გადაცემა _ "დასაქმდი და დაასაქმე". საუბარი იყო მამაკაცზე, რომელიც მაკრამეს საშუალებით აკეთებდა სხვადასხვა ნამუშევარს. ისე გაიკვირვეს ეს ყველაფერი და ხოტბა შეასხეს, სახტად დავრჩი. განა, არ უნდა მოეწყოს გადაცემები თვითნასწავლ ხელოვან ადამიანებზე, მაგრამ ვიმეორებ _ უნიჭიერეს ქართველ თვითნასწავლ ხელოვანთა შორის, უნდა შეირჩეს მჯობნის მჯობნი და მასზე გაკეთდეს აქცენტი.

_ მაკრამეზე რას გვეტყვით?

_ მაკრამე არ არის ქართული. ისე, ადრე მაკრამეთი ბრწყინვალედ მუშაობდა ერთი ქალბატონი _ გვარად ქევხიშვილი იყო. მან ხელოვნების დონეზე აიყვანა მაკრამე.

_ ყვავილების ჰერბარიუმით შექმნილი ნამუშევრებში უფრო რომელი მოგწონთ?

_ "ფუფალა" მიყვარს, რომელიც ნაირ-ნაირი ყვავილებისგან გავაკეთე და ძალიან ლამაზიც გამოვიდა. ისე, უამრავი ნამუშევარი მაქვს ყვავილების ჰერბარიუმით შედგენილი და ბევრს სულაც არ ჰქვია სახელი, უბრალოდ, გოგონაა, თუნგია, შველია და მორჩა! განსაკუთრებით მიყვარს ჩემი ნამუშევარი "ვაჟა ფშაველა", რომელიც ძირითადად, ჭადრის ფოთლებითაა შედგენილი. ძალიან ხშირად ქარგვაც მიტაცებს. მაქვს არა ერთი დაუმთავრებელი ნამუშევარიც.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლის 23 ივნისს, ჭანიეთში, სულიკო ლომჯარიას ინიციატივით, ჩატარდა ჭანიეთელ თვითნასწავლ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც, ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში გადაინაცვლა. შემდეგ მას, პირობითად, "არაჩვეულებრივი გამოფენა" დაარქვეს და უპრეცედენტო უწოდეს რეგიონის სინამდვილეში. მანამდე ქალბატონი სულიკო მთელი წლის მანძილზე მუშაობდა, რათა საფუძვლიანად გაცნობოდა თანასოფლელთა ნამუშევრებს, რომელთა უმრავლესობის შთაგონების წყარო თვითონ იყო წლების მანძილზე, შეეფასებინა ხარისხობრივად, იდეურად, რათა შემდეგ, გამოფენაზე გაეტანა. ქალბატონი სულიკო ახლაც მრავალ თვითნასწავლ ხელოვანს მეურვეობს, აძლევს რჩევებს, მითითებებს და გულწრფელად ხარობს კარგი ნამუშევრის ხილვით.

გასულ წელს, ოზურგეთში ჩატარებულ "ალეგრობაზე", სულიკო ლომჯარიას კომპოზიციამ _ "მოსეს დუქანი" უპირველესი ყურადღება მიიქცია, როგორც თემატური, ისე შინაარსობრივი და ვიზუალური კუთხით. საქართველოს ტელევიზიის სხვადასხვა არხზეც მხოლოდ ეს კადრები ტრიალებდა:

_ ეს იყო ეთნოგრაფიულად ძალიან გამართლებული ჩანაფიქრი და პასუხობდა "ალეგრობის" დედააზრს. "მოსეს დუქანი" ადრეულ დროში მართლაც არსებობდა სოფელ ჭანიეთში. ჩვენ გავაკეთეთ ფაცხა, თავისი ატრიბუტებით და ვყიდდით სხვადასხვა თვითნაკეთ ნივთს თუ პროდუქტს, რომ აქედან შემოსული თანხები ეკლესიისთვის შეგვეწირა. ანუ, ეს იყო სუფთა "ალეგროს" ხასიათის და შინაარსის მქონე წარმოდგენა. ძალიან კარგია, რომ ამ ტრადიციის აღდგენას აპირებენ. იმედია, თანდათან ყველაფერი დაიხვეწება, _ ამბობს ქალბატონი სულიკო.

უდიდესი დამხმარე შემოქმედი ქალბატონისა ხელოვნების იდუმალ გზაზე, მუდამ იყო მისივე უმშვენიერესი ოჯახი. მხოლოდ საკუთარ თავს თუ ვაკლებდი ყურადღებას, ქმარ-შვილისთვის კი წამითაც არ მიმილულავს თვალი, ასე იყვნენ თვითონაც, ყურადღების ცენტრში ვიყავი მუდამ, ოღონდაც კი ხელი არ შემშლოდა საყვარელი საქმის კეთებაში და გაუჩენელს გააჩენდნენ, _ ახასიათებს ზურაბ, ბაჩო და მამუკა მჟავანაძეებს დიდი ოჯახი-მუზეუმის დიდი დიასახლისი და წუხს, რომ სიცოცხლე არ ეყოფა იმისთვის, რომ ყველაფერი რაც ჩაფიქრებული აქვს, ამოწუროს. ახლა წიგნზე მუშაობს, რომელიც სოფელ ჭანიეთის ისტორიას და მის ხალხს შეეხება. სხვათა შორის მას აქვს დიდი კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოგზავნილი პირადი წერილი, რის შესახებაც ამბობს, რომ ერთხელ მწერლის ნაწარმოებების განხილვისას, (მაშინ ასეთი ღონისძიებები ჩვეულებრივი ამბავი იყო) მოიფიქრა, რომ წერილი მიეწერა. თუმცა, არც ეგონა, რომ პასუხს მიიღებდა. კონსტანტინემ კი წერილი მისწერა და წარმატებები უსურვა!

სულიკო ლომჯარია მშვენიერი ლირიკული ლექსების ავტორიცაა, რომელსაც მომავალ წიგნში ვიხილავთ.

კიდევ ერთი ნიშანდობლივი იერი, რაც სულიკო ლომჯარიას ოჯახში ჩანს, ეს არის კერის კულტის უდიდესი ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების წინა ქრისტიანულ საქმიანობაში არსებობდა. სახლი _მუზეუმის ერთ ნაწილში დედაბოძის იმიტაცია აქვს შექმნილი, რომელიც განუყრელად კერასთან იდგა და ერთ მთლიან კომპლექსს ქმნიდა. აქ არის თავმოყრილი უამრავი ძველი უნიკალური ნივთი: თუნგი, კოკა, უთო, სპილენძის არაერთი საოჯახო ნივთი, შანდალი, სხვადასხვა ხელნაკეთი საოჯახო თუ სამეურნეო იარაღი...

სულიკო ლომჯარიას ნამუშევრების ცალკეული ასტრალური სიმბოლების და მათი სხვადასხვა კომბინაციის რელიგიურ _ მითოსური ანალიზი სპეციალისტთა საქმეა. აქ იდეათა მრავალფეროვანი სამყაროა წარმოდგენილი. შეიძლება ბევრისთვის დაუჯერებელიც იყოს, რომ სოფლის სიმყუდროვეში ცხოვრობს ხელოვანი ქალი, რომელმაც თავისი შემოქმედებით, თავისუფლად შეიძლება, უკან ჩამოიტოვოს ბევრი ცნობილი. მისი სიმბოლური აზროვნების ფორმები ვიწრო ჩარჩოთი არ ისაზღვრება. არის გარკვეული გარეგნული განსხვავება სტილისტური და კომპოზიციური ნიშნების მიხედვით. თუმცა აშკარად ჩანს, რომ აქ ასახული იდეების სამყარო უნივერსალურია და ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაშია, ოსტატის მხატვრულ-ინტელექტუალური დაკვირვების შედეგად. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა წაიკითხოს და გაიგოს მთელმა საქართველომ სულიკო ლომჯარიას შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ხელოვანი, საზოგადო მოღვაწეცაა მთელი თავისი საქმიანობით.




 ახალი ამბები
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • „ვინც თბილისში ქირით ცხოვრობთ თქვენს სოფლებში დაბრუნდით, სოფელი გააძლიერეთ“ - მანანა თოდაძემომღერალი მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას, მოსახლეობას მოუწოდებს სოფლებში დაბრუნდნენ.  „ჩემო ძვირფასებო, თქვენ, ვისაც სოფელში გაქვთ მშვენიერი სახლ-კარი და მიწა, გამოერიდეთ მას და თბილისში ხელზე ვაჭრობით ან რაიმე წვრილმანი საქმით ირჩენთ თავს, ცხოვრობთ ნაქირავებ ბინაში, ნუთუ არ გირჩევნიათ, დაუბრუნდეთ მშობლიურ მიწას, რომელიც ღმერთმა გაჩუქათ სარჩოს მოსაპოვებლად, დაამუშაოთ, მოიწიოთ მოსავალი, საკუთარი ოჯახიც არჩინოთ და ქვეყანაც გააძლიეროთ?! ხომ იცით, ქვეყანა მყარად მაშინ დგას ფეხზე, როცა სოფელი ღონიერია“,_ ამბობს ... ...
  • რუსი ექსტრასენსის კონსპირაცია ვაქცინაციასა და ბილ გეიტსზე ქართულ მედიაშიც ვრცელდებაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ კონსპირაციების წყაროდ ქართულ მედიაში ამჟამად რუსი ექსტრასენსი, ანატოლი კაშპიროვსკი მოგვევლინა, რომლის მიმართვა  ვლადიმერ პუტინისადმი ქართულმა მედიაგამოცემებმა For.ge, Resonancedaily.com და Primetime.ge გამოაქვეყნეს. ინფორმაციაში, რომელიც მედიებმა კაშპიროვსკის სიტყვებით “დაიწყება უფრო საშინელი რამ” დაასათაურეს ექსტრასენსი კორონავირუსის პანდემიას გათამაშებულს უწოდებს და მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, უარი თქვას მასობრივ ვაქცინაციაზე. მისივე თქმით, კორონავირუსის ჩავლისა და ვაქცინაციის შემდეგ „ადამიანების საყოველთაო მოკვდინება“ დაიწყება და ამ პროცესში ბილ გეიტსი მონაწილეობს: მტკიცება, თითქოს მასობრივი ვაქცინაცია ადამიანთა მასობრივი  სიკვდილიანობისკენ არის მიმართული და ამ პროცესში ჩართულია ბილ გეიტსი, კონსპირაცაა. წყარო: Myth ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე შეფერხებით მიმდინარეობს17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად  რეგისტრაცია  ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge  შეფერხებით მიმდინარეობს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ,  ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად  დარეგისტრირებითაა განპირობებული. „სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა. შეგახსენებთ, რომ  დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე. შესაბამისად, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge  და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს • „ლიბერთი ბანკის" ფილიალებს”,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...