ბუნებრივი საღებავების მრავალფეროვნება

ოჯახის საინტერესო და მრავალფეროვან ტრადიციებზე ოჯახის ჟუჟუნა შაინიძეს და მის რძალს მედეა (ლია) შაინიძეს ვესაუბრეთ.
_ ჩვენ უკვე 21 წელია, წიფნარში ვცხოვრობთ. ჩვენი ოჯახის ტრადიცია ქსოვა და ქარგვაა. სხვადასხვა ფერისა და ზომის ხალიჩებს, ფარდაგებს, თავსაბურავებს, აჭარულ სარტყელს, წინდებს, ფაჩუჩებს ვქსოვთ. საქარგი კოლოფით ვქარგავთ დეკორატიულ ბალიშებს, სუფრებს, ფარდებს.
ტილოს ვასველებ, დავადებ ორნამენტზე, დავხატავ ფანქრით და საქარგ კოლოფზე. შემდეგ ვათავსებ ნახატს. ახლა ძველებურად თვალიც აღარ მიჭრის, ადრე კი ოჯახის საქმესთან ერთად, ერთ სუფრას ერთ თვეში ვქარგავდი. სამწუხაროდ, ახლა აღარავინ იყენებს ნაქარგებს. მის შენახვას და მოვლას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. აქ ჩამოსახლების შემდეგ ვცდილობ, ჩვენი ოჯახის ტრადიცია არ დავკარგო _ შვილებს და შვილიშვილებს ვასწავლი. ბუნებრივ საღებავებს აქტიურად იყენებდა ბებია და მეც მისგან ვისწავლე მცენარეების გამოყენება საღებავებად:
შოთხვი _ ვარდისებრთა ოჯახიდანაა. მის ყვავილებს, ფოთლებსა და ოეკოს ამიგდალინის თავისებური სუნი აქვთ. აქვს ერთკურკიანი, შავი ფერის ნაყოფი. ამ მცენარეს ბარში იშვიათად ცნობენ, მთიანეთში კი საკმაოდ პოპულარული ხილია. მას ტყავის, მატყლისა და სხვადასხვა ქსოვილების მწვანედ, მონაცრისფრო და წითელ ფერად შესაღებად ვიყენებთ.
ჩვეულებრივი თხილი _ თხილის ზეთი არომატული და სასიამოვნო გემოსია. თხილს ხშირად ვიყენებთ მოყავისფრო ფერის მისაღებად.
ჩვეულებრივი მაყვალი _ აჭარაში და გურიაში მაყვლის ბარდს ვარდყვავილას ეძახიან. მას ღია და მუქი წითელი ფერის მისაღებად ვიყენებთ.
შინდი _ შინდის ნაყოფი კურკიანია და წითელი ფერისაა. მას მერქანში, ოეკოსა და ფოთლებში დიდი რაოდენობით მთრთილავი ნივთიერებები გააჩნია. ოეკოსა და ფოთლებს ძაფის ყვითლად შესაღებად ვიყენებთ.
შვიტა _ აჭარაში შვიტას ეძახიან ნაძვბალახას. ამ მცენარეს ვიყენებთ მატყლის ყვითლად და მწვანედ შესაღებად.
ქაცვი _ ხშირტოტებიანი ხე ან ბუჩქია. მისგანაც ასევე ყვითელი ფერის მიღებაა შესაძლებელი.
ფშატი _ მისი გუმფსის გამოყენება შესაძლოა საქსოვ წარმოებაში, წებოსა და ლაქ-საღებავების დასამზადებლად. მისგან შავი და ყავისფერი ფერის მიღებაა შესაძლებელი.
ტყის ჩიტისთვალა _ ენდროსებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მის ფესვებს ხარისხოვან წითელ ფერად შესაღებად ვიყენებ.
მინდვრის ნემსა _ ისიც ენდროსებრთა ოჯახიდანაა. მისი ფესვები საღებავ ნივთიერებებს შეიცავს და მომწვანო-ყვითელი ფერის მისაღებად გამოვიყენებთ.
მთის შროშანის ბოლქვების ნახარში შავად ღებავს ქსოვილებს.
მეჭეჭიანი ჭანჭყატი _ მისი ნაყოფის ბუდეებისგან მიიღება ყვითელი და ყავისფერი საღებავები.
კოწახური _ მისი მწვანე ნაყოფები მატყლის, სელის ქსოვილსა და ქაღალდს ვარდისფრად ღებავს. მისი ფესვები კი მატყლისა და ტყავის ყვითელ ფერად შესაღებად გამოიყენება.
კვირინჩხის მოხარშულ ოეკოს ტილოს ქსოვილების წითლად შესაღებად ვიყენებ. ასევე, მისი ნაყოფის წვენითა და ფესვებით შეიძლება ქსოვილების მწვანედ, ყვითლად, ყავისფრად და ნაცრისფრად შეღებვა.
თრიმლი _ მისი მერქანი ტყავისა და მატყლის ნარინჯისფერ, ყავისფერ და ყვითლად შესაღებად გამოიყენება. ფესვები კი ხასხასა წითელ ფერს აძლევს ქსოვილს.