ხსოვნა

gurianews.com

ხსოვნა

ხსოვნა

2018 იან 26 21:37:58

არქიტექტორი  საყვარელ სალუქვაძე

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით,  ადამიანებთან გამორჩეული ურთიერთობებით, საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით   საზოგადოების დიდ ყურადღებას,   პატივისცემას სიცოცხლეშივე იმსახურებენ. სწორედ ასეთ რჩეულთა რიგს განეკუთვნება საყვარელ გიორგისძე სალუქვაძე.

პიროვნება, რომელმაც  სახელოვნად განვლო შემოქმედებითი თუ ცხოვრებისეული გზა, ჭეშმარიტად ერთგულად ემსახურა თავის ქვეყანას, თავის პროფესიას, არქიტექტურას. პიროვნება, რომელშიც ბუნებრივად იყო შერწყმული მისი თაობის საუკეთესო თვისებები, თაობისა, რომელმაც თავის დროზე ძლიერი იმპულსი მისცა პროფესიულ, საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხასიათდებოდა ინტერესთა მრავალმხრივობით.  ამიტომაც იყო მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო, რამეთუ ის არ ისაზღვრებოდა მხოლოდ პროფესიული ჩარჩოებით, არამედ მოიცავდა ხელოვნების შეცნობისა  და შემეცნების ფართო არეალს.

საყვარელ სალუქვაძე დაიბადა 1944 წლის 30 ივლისს ქალაქ ოზურგეთში. 1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით. 1975 წელს მოსკოვის საერთაშორისო ქალაქგეგმარების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა. უმაღლესი  სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იგი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ არქიტექტურასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია.

იგი იყო ოზურგეთის  მთავარი არქიტექტორი, საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, სამშენებლო ტრესტ „კოლხეთმშენის“ ოზურგეთის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, ოზურგეთის გამგებელი.

ხელმძღვანელობდა საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს, გურიის მხარის ურბანიზაციის და  მშენებლობის დეპარტამენტს.

მისი ძირითადი ნამუშევრებია: სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს 1300 ადგილიანი ტურისტული კომპლექსი სევასტოპოლში, (1968წ). ეთნოგრაფიული მუზეუმი ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში, (1981წ), ადმინისტრაციული და  და სამეცნიერო დაწესებულებები ოზურგეთის რაიონის სოფლებში (1988-1989წწ).  მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ოზურგეთში (ქ. ლომჯარიასა  და დ.სვანიძესთან ერთად), ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი სოფელ ლიხაურში( 2015წ).  მრავალი საზოგადოებრივი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები, რომელთაგან თითქმის ყველა გახორციელებულია და სხვა.

საყვარელ სალუქვაძე იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი, საკავშირო და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, რესპუბლიკური  და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე, მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის საპატიო წოდება. (2016 წ). მისი ბიოგრაფია შესულია არქიტექტურის და მშენებლობის ენციკლოპედიაში. (2017წ).

უდიდესი დანაკლისია საყვარელ სალუქვაძის ამ ქვეყნიდან წასვლა მისი კოლეგების, მეგობრების, თანამშრომლების, ახლობლების და განსაკუთრებით ოჯახისთვის. დასანანია, რომ აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის  პერიოდში შეწყდა ქართველი არქიტექტორის, ღირსეული მამულიშვილის, დიდებული ოჯახის შთამომავლის საყვარელ გიორგის ძე  სალუქვაძის მაჯისცემა.

მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა. უფალს ებარებოდეს!

საყვარელ სალუქვაძის მეგობრები


ნახვა: 218


არქივი