დემოკრატიის მტერი _ „საპარლამენტო დიალოგი“
ქართველი პოლიტიკოსი ალეკო შალამბერიძე ერთ “საპარლამენტო დიალოგს“ ხშირად იხსენებდა.
„ვიტალი ხაზარაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბრძანდებოდა. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პირველი სხდომა ჩატარდა, გამოვედი დერეფანში და ჟურნალისტს ვეუბნები:
- ხაზარაძე სახელმწიფოს სამართლის თეორიის გაგებაში არაა.
მეორე დღეს მეორე სხდომაა, ხაზარაძე გვერდით მიზის და მეკითხება:
- ალეკო, გუშინ ტელევიზიით შენ გამოხვედი?
- არა, ტელევიზია ახლოს არ მეკარება. რა მოხდა?
- ვიღაცას ესე და ესე უთქვამს ჩემზე, ცოლმა მითხრა.
- სააკაშვილი იქნებოდა.
- არა მგონია, მიშას გავეწირე.
- მაშინ, გრიგალაშვილი.
- კი, შეიძლება, - ჭკუაში დაუჯდა.
რამდენიმე დღის შემდეგ სხდომა ჩააგდო, საქეიფოდ წავიდა. პარლამენტში გამოვედი და ვთქვი:
- ხაზარაძე სპეციალურად აცდენს სხდომებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება და წინსვლა შეაფერხოს.
საღამოა. ხაზარაძის კაბინეტში ვსხედვართ და მობილურზე ცოლი ურეკავს, უსმენს და ნელ-ნელა გამწვანდა კაცი.
- ჩემზე თქვეს დემოკრატიის მტერიაო? ვინ იყო? დაბალი და რიჟა? ა, მაშინაც ეგ იყო? ესე იგი, დაბალი და ...
უცებ შემომხედა და სკამს დაავლო ხელი. ძლივს გავასწარი“.