“ქართველები, ესენი გიჟები არიან...“

ა კიდო

“ქართველები, ესენი გიჟები არიან...“

2017 ივლ 22 11:57:58

დღეს სახალისო მოგონებების მორიგი „გამოშვება“ უნდა წარმოგიდგინოთ. ტრადიციას დავარღვევ და სიტყვას „არაცნობილ“ თანამემამულეებს გადავცემ. სიტყვა „არაცნობილი“ ვახსენე და ალბათ, დადგა დრო, რომ ჩვენი ვებგვერდის  „მოგონებებში“ ხმა „ჩვეულებრივ ქართველებსაც“ მივცე, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც მასმედიისა თუ ტელევიზიების ყურადღებით განებივრებულები არ არიან, მოსაგონარი კი თავიანთ „ცნობილ“ თანამოძმეებზე მეტი აქვთ.

ჩვენი დღევანდელი ისტორიების პირველი მთხრობელი ბატონი ვანო გახლავთ. (გარკვეული მიზეზის გამო, მის ნამდვილ სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ).

„როგორც მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში იტალია ოდითგანვე ცნობილია მაფიოზური კლანების სიმრავლით. ქართველები ჯერ არა, მაგრამ ნელ-ნელა ვიკრებთ "ძალას" ამ მიმართულებით. ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ნამდვილია და ერთმა ჩემმა ნაცნობმა იტალიელმა მიამბო, რომელიც დიდ მაფიოზურ კლანთან დაახლოებული პირია. მოკლედ, შარშან მათ ოჯახს ერთ-ერთი ქართული დაჯგუფების წარმომადგენელი მიადგა და ნარკოტიკების დიდი პარტია მოითხოვა.

როგორც ხდება ხოლმე, მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე დღე გაიწელა, როცა საქმე ფასზე მიდგა, სიტუაცია გართულდა, რადგან ქართველების მიერ შეთავაზებული ფასი მეორე მხარეს არ მოეწონა.

ჩვენიანები კი გაჯიუტდნენ, მეტის გადახდას არ აპირებდნენ და მუქარაც გამოურიეს ხმაში. იტალიელებმა კი - ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ბოსს უნდა ვკითხოთო. ბოსმა მოუსმინა თავისიანებს, სადაურები არიანო, იკითხა, ქართველები - იყო პასუხი. ფეხზე წამოხტა ბოსი, სასწრაფოდ მიეცით, რასაც ითხოვენ, ეგენი გიჟები არიან, თავის დროზე რუსებს დაუწყეს ომი და ჩვენ რას გვიზამენ“.

ჩვენში გოგოს მოტაცება ჩვეულებრივი ამბავია, ერთი შეხედვით - ტრადიციულიც კი,  მაგრამ ფაქტია, რომ ნაძალადევ "ბედნიერებას" გამართლება არ აქვს.

ამ უცნაური მოტაცების ამბავი იმდენად სახალისო მოსასმენი გამოდგა, თვითონ მოტაცებულს რომ არ ეამბნა, ვიფიქრებდი, კომედიურ სპექტაკლს ვუყურებ-მეთქი... მაშ ასე, თქვენს წინაშეა ქალბატონი ნინოს (იგივე „მოტაცებულის“) სახალისო “ქართული ისტორია“.

„სკოლის დამთავრების შემდეგ სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად დავიწყე მომზადება. ბიოლოგიაში ჩემთან ერთად ერთი ბიჭი ემზადებოდა. ერთ დღეს ზურა სიყვარულში გამომიტყდა. ტუჩი ავიბზუე - ჯერ ერთი, არ მომწონდა, მეორეც, გამოცდები ცხვირწინ მქონდა და რა მესიყვარულებოდა? ასეც მოვახსენე. ზურამ იწყინა და ეტყობა, გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, ცოლად მოვეყვანე. ერთხელ, ქიმიის მასწავლებლისგან  წამოსულს წინ  ზურა ამესვეტა და თავისი ძმაკაცი გამაცნო, - ეს შაკოაო. თავი ცივად დავუკარი და გზა გავაგრძელე, მაგრამ სად იყო და სად არა, უცებ კიდევ ორი გაჩნდა. აქეთ-იქით ამომიდგნენ და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, მანქანაში ბურთივით მისროლეს. შაკო საჭეს მიუჯდა, გვერდით ზურა მომისკუპდა, იმ ორმა კარი მოგვიჯახუნა, ხელი დაგვიქნია და მანქანაც გავარდა. კინაღამ გავგიჟდი. იმ სულელმა ზურამ, თავისი მოკლე ჭკუით, რომანტიკული კაცი ვარო და სავარძელზე წითელი ვარდები "დამიფინა", დაფურცლული კი არა, ტოტებიანი. ისედაც არ მომდიოდა ზურა თვალში და ეკლები რომ შემერჭო, მთლად გადავირიე.

ზურას თავში ხელები დავუშინე, ის ოსტატურად მიგერიებდა. მერე მძღოლს ჩავაფრინდი თმაში. შაკომ გამწარებულმა იყვირა: - ბიჭო, ხელი გააშვებინე, თორემ მანქანას ვერ ვმართავო. ზურა ჩემს შეჩერებას შეეცადა, მაგრამ გამწარებული ისევ მას მივდექი: შე საცოდავო, მოტაცება როგორ გამიბედე-მეთქი. ცოტა ხანში ვიგრძენი, რომ დაკაწრულ-დაგლეჯილი ფეხებიდან სისხლი მომდიოდა. ამან უფრო გამაცოფა. ფეხსაცმელი გავიხადე და ისეთი ძალით ვთხლიშე ჩემს "მომავალ" ქმარს, დარეტიანდა და გონდაკარგული სავარძელზე მიესვენა.

უკვე თბილისს ვიყავით გაშორებული, თუ რამეს არ ვიღონებდი, ღმერთმა იცის, რა მოხდებოდა. ისევ მძღოლს ჩავაფრინდი თმაში - მკლავს თუ მომაჭრიდნენ, თორემ ხელის გაშვებას არ ვაპირებდი.

- ქაჯის მოტაცება თუ გინდოდა, თავიდანვე უნდა გეთქვაო, - დაიღრიალა შაკომ, მანქანა დაამუხრუჭა და გიჟივით გამოვარდა იქიდან. კარი ლამის გამოჰგლიჯა, დამტაცა ხელი და გარეთ გადმომათრია... ზურა ისე იყო გაბრუებული, თავისი გასჭირვებოდა და სადღა ეცალა ჩემთვის!

შაკომ კიდევ ერთხელ შემაგინა კაი მამაპაპურად და ბღუილით დაძრა მანქანა. თვალი მოვკარი, რომ ერთსაც და მეორესაც თავზე ეკიდათ ხელი. რამდენიმე ნაბიჯი გავიარე. მივხვდი, ცალ ფეხზე ფეხსაცმელი აღარ მეცვა და კოჭლობით მივუყვებოდი გზას.

დედამ და ბებიამ თმაგაწეწილი და ფეხებდაკაწრული რომ დამინახეს, ლამის გადაირივნენ. მამა რუსეთში იყო და კიდევ კარგი, არ შესწრებია ამ ამბავს. მოკლედ, ჩემებმა გადაწყვიტეს გამტაცებელი დაესაჯათ. ძლივს დავარწმუნე, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა, რადგან ისინიც გვარიანად დაზარალებულები იყვნენ. სამი დღის შემდეგ, ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასამართლოდან გამოძახების ფურცელი მოგვივიდა. თურმე, ზურას დედა მიჩიოდა, - ჩემს შვილს თავი გაუტეხაო!

საჩივარში მოძალადე და დამნაშავე გახლდით, რომელიც  ახალგაზრდებს ფიზიკურად გავუსწორდი. სასამართლოზე ზურა თავშეხვეული გამოცხადდა, დედამისს კი ნათესავები ძლივს აწყნარებდნენ.

- გოგოა თუ მხეცი? ასე როგორ გაიმეტა

შეყვარებული ბიჭიო, - ენას არ აჩერებდა აღშფოთებული ქალი.

მართლმსაჯულებმა ძალიან იხალისეს ამ ამბით, მე კი გაფრთხილების ხელწერილი დამაწერინეს, რომ დაზარალებულ ზურა თ.-ს ახლოს აღარ გავეკარებოდი(?!).

გავიდა დრო. სამედიცინო ინსტიტუტს ვამთავრებდი. ჩემს კურსელ გოგონას პათანატომიის წიგნი ვათხოვე. დათქმულ დროს არ მომიტანა. შინ გავყევი წიგნის წამოსაღებად. ლია გახარებული იყო, - სხვანაირად ვერ მოგიტყუე ჩემთან, სულ არ გცალია, ახლა კი ცოტა ხანს დარჩები, ყავას დავლევთ, ჩემს ქმარსაც გაგაცნობ და მერე ის გაგაცილებსო. იმ პერიოდში კაშპიროვსკის ფსიქოტელესეანსები მიმდინარეობდა საქართველოში. ალბათ, გახსოვთ, რა აყალმაყალი მოჰყვა ამას. ლიასთან რომ მივედი, სწორედ კაშპიროვსკის სეანსი მიდიოდა ეთერში. ჩემმა კურსელმა მითხრა: მალე დამთავრდება სეანსი და ჩემს მეუღლეს გაგაცნობ, მანამდე ყავას მოვადუღებო.

ბუნებრივია, დავინტერესდი, რა აწუხებდა მის ქმარს. ლიამ - რამდენიმე წლის წინ, ჩემი ქმარი თავის მეგობარს ერთი გოგოს მოტაცებაში ეხმარებოდა. ის გოგო გიჟი აღმოჩნდა, შემოიხია ტანზე ყველაფერი, საქმროს თავი გაუტეხა, შაკოს კი თმები დააგლიჯაო. რით აღარ იწამლა და იმკურნალა, მაგრამ ის ადგილი მაინც მოშიშვლებული დარჩა. ახლა კაშპიროვსკის იმედი აქვს, როგორც კი სეანსი დაიწყება, ჯდება ტელევიზორთან და მარჯვენა მხარეს მიუშვერსო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ყავა აღარც გამხსენებია, წიგნს ხელი დავტაცე, ლიას ბოდიში მოვუხადე, - მეჩქარება-მეთქი და უკანმოუხედავად გამოვიქეცი“.

ნება მომეცით კიდევ ერთი ქართული „სიყვარულის“ ამბავი მოგიყვეთ. მას ქალბატონი მარეხი გვამცნობს. რასაკვირველია მარეხმა საკუთარი გვარის დასახელებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

„გიგლას სწავლაზე არასოდეს მოუკლავს თავი, სამაგიეროდ შრომა არ ეზარებოდა. მშობლებიც გამრჯე ჰყავდა და სახლ-კარი ისე მოვლილ-დაკრიალებული ჰქონდათ, თუ საპატიო სტუმარი ეწვეოდა სოფელს, უსათუოდ მათთან უნდა მიეყვანათ.

გიგლა 23 წლის რომ გახდა, მიხვდა, რომ მისი ბავშვობის დროინდელი მეგობარი თაია ძალიან უყვარდა. კარგა ხანს ეგონა, თანშეზრდილი რომ იყო, იმიტომ ენატრებოდა და სასწავლებლად წასულს ერთი-ორჯერ ჩააკითხა კიდეც დედაქალაქში:

- ხო არავინ გაწუხებს, გო? - ჰკითხა თაიას.

- ვინ უნდა შემაწუხოს? ვსწავლობ და ვარ, - ცოტა არ იყოს, დაბნეულად უპასუხა - არ ელოდა მის უეცარ სტუმრობას.

- ხო დაბრუნდები?

- მა რას ვიზამ! - დაჰპირდა გოგოც.

და აი, თაიაც დაბრუნდა. ბიჭმა კინოში დაპატიჟა და იმ საღამოსვე ყველაფერი გაირკვა - თურმე ჰყვარებიათ ერთმანეთი, ოღონდ აქამდე სახელს ვერ არქმევდნენ და ჩვეულებრივი მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა ეგონათ.

უცებ გავარდა ხმა - გიგლა და თაია ჯვარს იწერენო, მაგრამ ბიჭს რომ თავი ქუდში ეგონა და ქორწილისთვის ემზადებოდა, თაიას მამამ, გოგიამ, ცივი უარი თქვა: - ჩემს ნასწავლ გოგოს უსწავლელსა და უდიპლომო ბიჭს არ გავაყოლებო. მთელი სოფელი ხელებს იფშვნეტდა, გიგლაანთ პურისჭამისთვის ემზადებოდა, გოგიამ კი ყველას ცივი წყალი არ გადაასხა?!

- ნეტავ, რას იზამენ შეყვარებულები? - ჩურჩულებდა სოფელი.

- რას იზამენ და გაიპარებიან. არა, ბიჯო, უხათრებს ახლა და გოგიასი შაეშინდება გიგლას, ეგღა აკლია, - ვარაუდობდნენ ბიჭები. გოგიამ კი, - ვისი აჯობებს, ამასაც ვნახავთ, ჩემი შვილი მე დამემორჩილება, ეგ უბირი კი მაშინ გახდება ჩემი სიძე, როცა ვირი ხეზე ავაო...

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელოთ და სიტუაცია დაიძაბა. აქეთ გიგლას მშობლები განაწყენდნენ, - ნეტაი, რა აქვს ჩვენს ბიჭს დასაწუნი, მიედაროს ნებისმიერი ნასწავლი ამისთანა ოჯახის მუჭუჭსა და მარიფათიანსო, იქით კიდევ გოგოს დედ-მამა: - თბილისში იმიტომ ვასწავლეთ, რომა ისევ სოფლელს გაჰყვეს და აქ დაიდოს ბინაო? ავდგებით, ფულს დავხარჯავთ და ახლა საზღვარგარეთ გავუშვებთ ჩვენს თაიასაო...

თაია ცრემლებს მუჭით იწმენდდა, - რად მინდა სწავლა და უცხოეთი, თუ გიგლას დამაშორეთო. ასეა თუ ისე, თაიას შინაპატიმრობა იქამდე მიესაჯა, სანამ "თვალდაბნელებული" და "ყურდახშული" გონს არ მოვიდოდა. ამასობაში კი გიგლა სტრატეგიულ გეგმას სახავდა: ავდგები და მოვიტაცებ, მერე მიყუროს გოგიამ, ვირი ხეზე როგო ავაო...

ერთ მშვენიერ და ნათელ დილას, როცა გოგიას ეგონა, გაკერპებული ნასწავლი შვილი დაიმორჩილა და ჭკუაზე მოიყვანა, ეზოში გასულს ზემოდან ვირის ყროყინი მოესმა. აიხედა. საეჭვო ვერაფერი დაინახა. უნებურად ულვაშებში ჩაეცინა, - კახელ კაცს დღე და ღამე ვირი ელანდებაო. ერთი გემრიელად გაიზმორა და კვლავ ყროყინი შემოესმა, ახლა უკვე აშკარად მიჰყვა ხმას და კაკლის ხეს მიადგა. გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქით, ყროყინი აშკარად ესმოდა, ვირი კი არ ჩანდა.

უნებურად გულში გაივლო, - სოფლის ბიჭები ხო არ მამასახარავებენო. ზემოდან რომ დაიყროყინა რაღაცამ, აიხედა და რას ხედავს, კაკლის სქელ გადაჭრილ ვარჯზე ვიღაცას ჩოკინა საგულდაგულოდ "დაუმაგრებია" გადახვეულ-დაბმული. ჯერ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს, მერე კი, როცა ცოლის შეცხადება გაიგონა - უი, თავი მომიკვდეს, თაია გაპარულა გიგლასთანო, ყველაფერს ნათელი მოეფინა...

გიგლა მისი სიძე გახდა და ვირიც, მართალია, სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც ხომ ავიდა ხეზე!

ძლივს ჩამოხსნა ოთხმა კაცმა ხიდან ვირი, რომელსაც კისერზე ბარათი ჰქონდა ჩამოკიდული: "გოგია ძიავ, ახლა კი უკვე ჩემო სიმამრო, სამ დღეში დავბრუნდებით მე და თაია და ქორწილისთვის მაემზადე!"

რაღა უნდა ექნა გოგიას? "მაემზადა" და სამი დღის მერე დიდი ქორწილიც გადაუხადა ნასწავლ გოგოსა და უდიპლომო სიძეს“.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებულიოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გაქურდვაში 2 პირია მხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები - 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის შესაძლო ჩადენაში მალევე ამხილეს. სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...