"თანატოლებს უმეტესად ქისტურად ვესაუბრებოდი"

არჩევანი მე

"თანატოლებს უმეტესად ქისტურად ვესაუბრებოდი"

2015 ნოე 13 13:48:17

ისლამ გორგიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" წარმომადგენელი, როგორც თვითონ ამბობს, ქისტია პანკისის ხეობიდან.

გვითხრა, რომ პანკისზე უამრავი სტერეოტიპი არსებობს და საზოგადობას, ვინც არ იცნობს პანკისს, ბევრი მცდარი წარმოდგენა აქვს და პანკისის ხეობაში არცერთ ხელისუფალს სახელმწიფო პოლიტიკა არ გაუტარებია.

_ ახალგაზრდები, ძირითადად, ევროპაში ან ჩეჩნეთში მიდიან. იქ მუშაობენ, მერე ჩამოდიან და აქ აშენებენ სახლებს, არჩენენ ოჯახს და ა.შ. ხეობის მოსახლეობის ნახევარზე მეტი საზღვარგარეთ მყოფი ახლობლების დახმარებით ირჩენს თავს, _ გვიყვება ისლამი, რომელმაც სკოლა თელავში დაამთავრა.

_ როდესაც ჩემი სკოლაში მისვლის დრო მოახლოვდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ პანკისის ხეობიდან წამოვეყვანე და თელავში მესწავლა, რადგან პანკისის ხეობა იმ პერიოდში "დუღდა" და სკოლებშიც განათლების მხრივ დიდი პრობლემები იყო. ეს იყო ჩემთვის ისეთი გრძნობა, თითქოს, დედამიწიდან მარსზე გადავედი და ადაპტაცია უნდა გამევლო იქაურ გარემოსთან. ქართულად საუბარი საერთოდ არ ვიცოდი, თანატოლებს უმეტესად ქისტურად ვესაუბრებოდი, ისინი კი გაოცებულები მიყურებდნენ ხოლმე. თავიდან, რა თქმა უნდა, ცოტა ძნელი იყო უცხო გარემოში, უცხო ხალხთან შეგუება, რადგან აქამდე სულ სხვა გარემოში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩემთვის ამას დიდი დაბრკოლება არ შეუქმნია და სულ მალე ქართულიც ავითვისე, ახალი მეგობრებიც გავიჩინე და კარგი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის, _ იხსენებს ჩვენი რესპონდენტი.

ისლამ გორგიშვილის თქმით, ქისტებისთვის ტრადიციებს და ადათ-წესებს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.

_ ყველა ტრადიციას პატივს ვცემ და ვაფასებ. მინდა, რომ მომავალმა თაობებმაც შემოინახონ და ასე მემკვიდრეობით გადაიცემოდეს. მინდა გესაუბროთ სტუმარ-მასპინძლობაზე. ვაინახების (ქისტების) სტუმარ-მასპინძლობა განთქმულია მთელ კავკასიაში, სტუმრის დაცვა, მისი სიცოცხლისა და ქონების გარანტია მასპინძლის წმინდა ვალია. სტუმრის უშიშროებაზე მასპინძელია პასუხისმგებელი და აქედან გამომდინარე, მთელი თეიფია (გვარი) გარანტი. ყოფილა შემთხვევები, როცა სტუმარი მასპინძლის მტერი ყოფილა, მაგრამ ისე დაუცვია თავის ოჯახში, როგორც საკუთარი თეიფის წევრი _ "დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა".

იმდენად დიდია სტუმრის პატივისცემა ქისტებში, რომ მის მოწონებულ ნივთს, რაოდენ ძვირფასიც არ უნდა იყოს მისთვის, აუცილებლად აჩუქებენ.

გორგიშვილი ფიქრობს, რომ ხეობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები 2000-იანი წლებიდან იღებს სათავეს:

2000-იან წლებში, ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომის დროს, როცა ლტოლვილები გადმოვიდნენ პანკისში, მათ გადმოყვნენ მეომრები, არაბული ქვეყნებიდან მოჯაჰედები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებიდან აგენტები, თავი წამოყვეს ადგილობრივმა კრიმინალებმაც და ასე ვთქვათ, "ცხელ წერტილად" იქცა პანკისი. ყველამ ყველა დაპირისპირებამ შინა თუ გარე ძალამ იზრუნა, რომ ხეობაში არსებული პრობლემები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ. თუ რამე დანაშაული მოხდებოდა, სადაც ქისტები არაფერ შუაში იყვნენ, ხელებს ქისტებზე იწმენდნენ. სწორედ, ეს და სხვა მოვლენები გახდა მიზეზი იმისა, რომ პანკისზე ბევრი სტერეოტიპი შექმნილიყო. საზოგადოებას ჩარჩა ეს ყველაფერი გონებაში და ჰგონია, პანკისში ისევ იგივე სიტუაციაა.  პანკისს ყველა თავს არიდებს ხოლმე და ჰგონიათ, რომ იქ მკვლელები, ტერორისტები არიან, ხდება ადამიანთა გატაცებები და მსგავსი დანაშაულებები. ჰგონიათ _ ახლა იქ რომ ჩავიდე, ალბათ, თავს დამესხმებიან, მცემენ, ყველა ცუდად მომექცევა და გამომაგდებენ იქედან.  ბევრ ჩემს მეგობარს უთქვამს ჩემთვის და ვინმეს, რომ გავიცნობ ხოლმე ქართველს, მეუბნებიან, პანკისში იარაღის ყიდვა მინდაო, სად შემიძლია იარაღის ყიდვა და ა.შ.  ასეთ რამეებზე, რა თქმა უნდა, მეცინება ხოლმე და ვცდილობ, დავარწმუნო, რომ პანკისში რეალურად მსგავსი არაფერი ხდება. რომ ჩვენ ჩვეულებრივი ცივილიზებული, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და არა კაციჭამიები. ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების ან რა რელიგიის იქნება. პანკისში, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლები ცოტანი არიან  საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, შესაშურად კარგი ურთიერთობა გვაქვს და ის, რომ სხვა რელიგიის არიან, დაბრკოლებას არ გვიქმნის.

ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო ქალთა უფლებებზე პანკისში და მათზე შექმნილ სტერეოტიპებზე _ საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ პანკისში ხდება ქალების უფლებების უხეში დარღვევა, ხდება მათზე ძალადობები, ეს იქნება სექსუალური თუ ფიზიკური. ასევე, ის, რომ მათ არ აქვთ მუშაობის უფლება, რომ რაიმე საქმე აკეთონ... ეს ყველაფერი  სიცრუეა, გარე ძალების მიერ სპეციალურად შექმნილი ფონი, რაც რეალობას არ შეესაბამება, რეალურად პანკისში სულ სხვა სიტუაციაა. მეტიც, ვთვლი, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, პანკისში ქალის უფლებები დაცულია და ისეთი შემთხვევები არ ხდება, როგორიცაა: ქმარმა ცოლი თავში ცულის ჩარტყმით მოკლა, ქმარმა ქალი ცემით მოკლა,  ქალი გაუპატიურეს,  შეყვარებულმა შეყვარებული მოკლა, მამამ თავისი შვილი მოკლა, არასრულწლოვანი გოგონა გაუპატიურეს და ა.შ. მსგავსი შემთხვევები, რაც თავი მახსოვს, პანკისში არ მომხდარა და ჩემს მშობლებს, უფროს თაობას ვეკითხები ხოლმე და მსგავს შემთხვევებს ისინი, ფაქტობრივად, ვერ იხსენებენ.  პანკისი გამონაკლისი არაა და, რა თქმა უნდა, ქალის უფლებების დარღვევის ფაქტები აქაცაა, მაგრამ ისეთი უხეში, ზემოთ რაც ჩამოგითვალეთ, თითქმის არ ხდება და ამით პანკისი ნამდვილად გამოირჩევა საქართველოში. ქალებს აქვთ მუშაობის უფლება. ისინი არიან სხვადასხვა საჯარო სამსახურის თანამდებობებზე დასაქმებულები და მათ ადათ-წესები არ უკრძალავს ამას, მით უმეტეს, არც რელიგია.

წელს პანკისის ხეობაში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა და ერთ-ერთ სოფლის გამგებლად დაინიშნა ქალი და ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქალებს აქვთ საშუალება დაკავდნენ, მთავარია სამუშაო ადგილები იყოს, თორემ მათ მუშაობას არავინ უკრძალავს. მთავარია, საკუთარი საქმის გამკეთებლები იყვნენ, კარგ საქმეს აკეთებდნენ და სწორ გზას ადგნენ.

_ რით ერთობიან პანკისში ახალგაზრდები?

_ პანკისში დღეს მძიმე სოციალური ფონია შექმნილი და ახალგაზრდებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ დასაქმდნენ, საქმე აკეთონ, დასაქმების პერსპექტივა საერთოდ არ არის. არც ერთ ხელისუფლებას, შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ხეობის მიმართ არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა არ გაუტარებია.

. ახალგაზრდები, ძირითადად, სპორტით არიან დაკავებული, მაგრამ ამ მხრივაც არ აქვთ ხელშეწყობა, რადგან სპორტ-დარბაზები არ არის. დუისში გაიხსნა სპორტდარბაზი, მაგრამ ხეობაში 10 ქისტებით დასახლებული სოფელია და აქედან ძალიან რთულია თავშეყრა და ვერც იტევს დარბაზი ამდენ ახალგაზრდას, ინტერესი კი ძალიან დიდია. ხეობამ ბევრი სპორტსმენი გამოზარდა, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი  ხელშეწყობა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა წავიდა ხეობიდან ევროპაში ან ჩეჩნეთში და დღეს წარმატებული სპორტსმენები არიან. რატომ უნდა ასახელებდეს ევროპაში წასული ქისტი სხვა ქვეყანას და არა საქართველოს, სადაც დაიბადა და გაიზარდა? ეს ჩვენი სახელმწიფოს ბრალია.

_ ისლამ, რამდენად აქტიურად არიან ახლგაზრდები თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართული?

_ ახალგაზრდები, როგორ ვიცი, თვითმმართველობის საქმიანობაში, თითქმის არ არიან ჩართულნი. ალბათ, იმიტომ, რომ შემოთავაზება არ აქვთ.    

_ ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენაში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

_ ასეთი შემთხვევა  ჯერ არ მქონია...

_ არჩევნებში რამდენად აქტიურად ხართ ჩართულები?   

  _ არჩევნებში ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, ჩართულები არიან, მაგრამ მთავრობის და დაპირებების მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილნი, რადგან ხალხი მარტო არჩევნების წინ ახსენდებათ, დაპირებებს იძლევიან და არჩევნების მერე დაპირება დაპირებად რჩება და ეს ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ არჩევნებში ჩართულობაც ნაკლები იქნება.

_ ჩვენი გაზეთ-ის მეშვეობით რას ეტყოდი შენ თანატოლებს?

 _ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ: "სადაც არ უნდა წახვიდე, არ დაივიწყო, ვინ ხარ და საიდან ხარ!"




 ახალი ამბები
  • "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_ ფოტოები აცანადანგურიის თითოეული სოფელი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, თუმცა, სოფელ აცანას ზღაპრული ხიბლი აქვს. აცანა  მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ-ის სიმაღლეზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობისაა და  მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. ცნობისთვის, აცანაში აღმოჩენილია უნიკალური, ანტიკური, სპორტული ინვენტარი _ საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირად თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა, ეს იყო ვაჟკაცთა ქვა. აგრეთვე დავით ქინქლაძის ოჯახში ინახებოდა გოთიკური ტიპის გასაღები, ოქონის ბეჭედი, რომელიც მან გადასცა აცანის მამათა მონასტერს. "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ამო ქინქლაძე და აცანის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ. ... ...
  • ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნები დააკმაყოფილესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების - მწვანე ალტერნატივას, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები  „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კერძოდ, პროექტის არსებული ვერსია, რომელიც, ორგანიზაციების მითითებით, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, პარლამენტს აღარ წარედგინება. ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც ჩაატარებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ასევე ორგანიზაციების მოთხოვნით, სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ განმარტებასაც იმის შესახებ, თუ რომელი შენიშვნები აისახება და არ აისახება კანონპროექტში და - რატომ. 30 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი მიმართვაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ითხოვდნენ, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინათ პარლამენტისთვის, რადგან ის მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. პროექტის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციები სამინისტროს  თანამშრომლობასაც სთავაზობდნენ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი მაინც გაუმართავი იყო სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები და პრაქტიკულად არ იყო მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“. ამის მიზეზი კი, ორგანიზაციების თვალსაზრისით, პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადება ... ...
  • აქცია პარლამენტთან_ "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის"დღეს დილიდან პარლამენტთან ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა. როგორც ოპოზიცია აცხადებს პარლამენტის პიკეტირების მცდელობები და აქციები მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, თუ საჭირო გახდა საპარლამენტო არჩევნების დღემდე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის შენობაში შესვლა დღეს შეძახილების ფონზე მოუწია.  როგორც მან ჟურნალისტებთან  განაცხადა,  "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია". მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ ... ...
  • ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული,  დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით,  ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • ჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახაჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...