ჩუმ პროტესტს სტალინიც ვერ მოერია!
მართალია, მე შორს გახლავართ იმ აზრისგან, რომ ერთ ხაზზე დავაყენო ჰიტლერი სააკაშვილთან, მაგრამ სიფრთხილე კი არის საჭირო, ვინაიდან მას იარაღი აქვს ხელში, ხოლო "ფაშიზმი" დიდი და პატარა არ არსებობს.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა კუკავამ ჩაიხედა იმ მიზეზებშიც კი, თუ რამ ჩაახუტა მტრები ერთმანეთს _ ანუ იმან, რომ სამთავესათვის რისკის ფაქტორი აბსოლუტურად ამოწურული იყო.
მტკიცებადია ის ფაქტი, რომ თუ დღევანდელი საქართველოს ოპოზიცია არ გაერთიანდა, მეორე ადგილზე გასულის ლაპარაკი, რომ მათ მოჰპარეს გამარჯვება, გააყალბეს არჩევნები და ა.შ. არაფრის (სისხლის გარდა) მომტანი არ იქნება. გვაქვს კი იმის უფლება, რომ გავრისკოთ?
როცა სტალინს მთავრობის წევრები ეუბნებოდნენ, ჰიტლერი დაგვარტყამსო, ის ეკითხებოდა: რა, არანორმალურია? დაკავებული აქვს ნახევარი ევროპა თავისი სამხრეთით, კარგი კლიმატური პირობებით, საკვებით, ღვინის სარდაფებით... იქ პოზიციები არ გაუმაგრებია და აქ რა უნდაო?
ეს იყო ნორმალური სტრატეგიული, პოლიტიკური და ლოგიკური ანალიზი. მაგრამ გამოდგა სწორი? ბრძოლის კანონებში გამობრძმედილი დიქტატორიც კი შეცდა.
აი, მსგავსი რამ რომ არ განმეორებულიყო, ამიტომ გაერთიანდნენ დიდ სამეულში ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი. და მეორე: საბჭოთა კავშირს ჰყავდა სახალხო არტისტი, კომიკოსი, მეტსახელად "კარანდაში", რომელიც ანტისაბჭოური ხუმრობისთვის დააპატიმრეს. მოსკოვის და ლენინგრადის უამრავ თეატრში, როცა მანამდე გაუვალი რიგი იდგა, იმისდა მიუხედავად, რომ სალაროები ღია იყო, არც ერთი ბილეთი არ გაყიდულა. ეს ჩუმი პროტესტი გაგრძელდა არც მეტი, არც ნაკლები, მის გათავისუფლებამდე.
ვინმეს რომ ერთხელ მაინც ხმა ამოეღო, მას ბევრს მიუსვამდნენ გვერდში, მაგრამ ჩუმ პროტესტს კი ვერაფერი მოუხერხა წითელმა დიქტატურამ.
მაგრამ ეს არ გახლავთ მთავარი, მთავარი მაინც გენიალურობაა, ანუ იმის დროზე მიხვედრა, თუ რასთან და ვისთან გაქვს საქმე.
"მდგომარეობა ჩემზე უმაღლესიაო", _ უთქვამს შარლ დე გოლს და გადამდგარა პრეზიდენტის პოსტიდან. დიდება მის სახელს!