ვის მიჰყვებით, მიხეილ?!
რა მოხდება თუ ჩემი შვილი ზუსტად ჩემს ნაკვალევს გამოჰყვება? თუ ისიც იქ წავა, სადაც მე მივდივარ. ნეტავ, სად მიგვიყვანს ეს გზაო? _ შეაჟრჟოლა კაცს, რომელსაც ასე არასოდეს აღელვებულა თავისი ნამოქმედარის გამო... ეს შფოთიანი ღელვის საათები იმით დამთავრდა, რომ მამამ შეძლო შვილისთვის ეთქვა: "მე გამომყევი, რადგან მე ქრისტეს მივყვები!"
საოცარი სიბრძნის, დამაფიქრებელი და გზის სწორად გამკვლევი!
ამიტომაც გამიჩნდა კითხვა: თქვენ ვის მიჰყვებით, მიხეილ?!
ნეტავ, შემეძლოს ეს კითხვა საჯაროდ, პირდაპირ დაგისვათ. სიმშვიდედაკარგულ თვალებში ჩაგხედოთ და პასუხი ისე მოვისმინო!
ქრისტეს გზას მივყვებიო, არ გეთქმის, მიხეილ! ალბათ, თქვენ ბაგეებს ჩვეულებისამებრ დასცდება _ დემოკრატიისო(?!). მერედა იცით, რა არის დემოკრატია? უცხო სიტყვათა ლექსიკონში მას ასეთი განმარტება აქვს _ "დემოკრატია (ბერძნული სიტყვა) _ სახელმწიფო მმართველობის ფორმა, პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის".
ბურჟუაზიული დემოკრატიაც არსებობს. დიახ, ეს ხომ ის პოლიტიკური წყობილებაა, რომლის დროსაც პარლამენტარიზმს არის ამოფარებული ბურჟუაზიული დიქტატურა.
ბურჟუაზიული პარლამენტარიზმისგან მართლაც შორს ვართ, მაგრამ დიქტატურისგან?! ეს სიტყვა ზუსტად ხომ თქვენზეა მორგებული: "დიქტატორი (ლათინური სიტყვა) _ სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი, რომელიც აღჭურვილია შეუზღუდავი უფლებებით!"
დასავლეთისგან "დემოკრატიის შუქურით" მონათლულ-შენიღბული არ იყავით ერთპიროვნული მმართველი?! ვინ და რა არ გემორჩილებოდათ: ტყუპისცალი ტელევიზიები: "იმედი", "რუსთავი 2", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", სასამართლო, პროკურატურა, ბიზნესი და ყველაზე სავალალო _ პარლამენტი.
მერე, ამას ჰქვია "ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის?!"
ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ხალხი კუჭით აზროვნებამდე დაგეყვანათ, ვიღაცისთვის გამძვრალი ფეხსაცმელი ჩაგეცმიათ, შიმშილით დაოსებულისთვის მხრებზე ხელები მოგეხვიათ...
თქვენ არც ერის კაცი არ ხართ, მიხეილ! ნამდვილი ქართველი პირადობის მოწმობიდან გააქრობდა სიტყვებს: "ეროვნებით _ ქართველი", გაგვიუქმებდა მამის სახელს?
არც დიპლომატი ხართ, მიხეილ, რადგან "დიპლომატს იტყვიან ადამიანზე, რომელიც მოხერხებულად იქცევა და მოქმედებს სხვებთან ურთიერთობაში".
არც გვერდით გყავდათ ნამვილი ქართველები და დიპლომატები, თორემ, არც აგვისტოს ომი მოხდებოდა და არც ტერიტორიებს დავკარგავდით!
რაც შეეხება პოლიტიკოსს... პოლიტიკოსიც არსებობს და პოლიტიკანიც. პოლიტიკანს კი ასეთი ახსნა აქვს: "პირი, რომელიც პოლიტიკას პირადი სარგებლობისთვის მისდევს; "უპრინციპო პოლიტიკოსი".
ასეთ ახსნაში საღად მოაზროვნე ადამიანმა ვინ შეიძლება, დაინახოს, თუ არა თქვენ, მიხეილ?!
არც მშობლიური ენა იცით და არც საქართველოს ისტორია, არც მხატვრული პროზა და პოეზია. თქვენ რომ გისმენთ, ერთმანეთში ირევა კოლხი იყო მედეა თუ აჭარელი, თქვენს ბაგეს გალაკტიონის ლექსი დაცდა თუ ანასი?!
ძნელია თქვენი მოსმენაც და გაგებაც. არადა, გვსაყვედურობთ, რამდენი ტვინმოღრეცილი არსებობს ამ პატარა ქვეყანაშიო! ჰო, მიხეილ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ დაზუსტება დაგავიწყდათ _ უნდა გეთქვათ: ჩემს უმცირესობასა და "ნაციონალებშიო"!
მართლაც, "მიგნების დიდოსტატი" ხართ, მიხეილ! თქვენ გარდა, ვინ ჩაწვდებოდა დიდ წინაპართა აზრებს: "ასრულდება დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის ოცნება და საქართველო მაინც შევა ნატოში." ჰო, მიხეილ, საცაა შევალთ ნატოში, წინ თქვენ მიგვიძღვით, თქვენივე ველოსიპედით, ოღონდ, ისე მიქრით, რომ ვერ გეწევით!
მშიშარაც რომ ხართ, მიხეილ?! გახსოვთ, თვითმფრინავის ხმის გაგონებისას როგორ ფორთხავდით ქუჩებში!
საოცარი "ნიჭითაც" ხართ დაჯილდოვებული _ რა დაგვავიწყებს, სამშობიაროში როგორ "აალაპარაკეთ" ახალდაბადებული. არც სულგრძელობა გაკლიათ _ ბაღდათში, ახალგახსნილ საავადმყოფოში, პალატაში ტანსაცმლით მწოლარე მამაკაცს არ ჰკითხეთ, ასე ჩაცმული რატომ წევხართო? (შერცხვებოდა)...
გამოგონების დიდოსტატიც ხართ: თათბირები გამოქვაბულებში, სახლის სახურავზე, ტბის ნაპირას... ტექნიკის სიყვარული? თქვენთვის ჩვეულებრივია ტრაქტორის, თვითმფრინავის, ყვითელი ავტობუსის, ამწეს, მატარებლის... მართვა, ნავარდობთ ცაში, ზღვაში, ზომავთ მსოფლიოს ქვეყნების ტემპერატურას, არადა, როგორ წინ ვიქნებოდით, საკუთარი მოქმედების გასინჯვა-რეგულირება რომ შეგძლებოდათ! ასე რომ მოქცეულიყავით, ქართველები თავის სარჩენად, საყაჩაღოდ, საქურდლად სხვა ქვეყნებში არ გაიქცეოდნენ, არც ჩვენს მიწა-წყალს ჩამოურიგებდით უცხოტომელებს, დაინახავდით, როგორ უჭირს ხალხს, როგორ გაღატაკდა ქვეყანა...
თქვენ დღესაც ერთპიროვნული მბრძანებლობის შენარჩუნება გსურთ! ისევ თითს გვიქნევთ, მოვალო, გვაფრთხილებთ! პოლიციას თითქმის დაექადნეთ: უკანონო ბრძანებას ნუ შეასრულებთო...
დაგავიწყდათ მაის-ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის დღეები? კანონიერად ხოცავდა ხალხს მერაბიშვილის პოლიცია?! ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევა? დაგავიწყდათ აფრასიძეების ოჯახი? ქუჩებში ჩახოცილი ბიჭები?
თქვენ საქართველოს სირცხვილად, ტკივილად იქეცით, მიხეილ!
თქვენ გაძარცვული ხართ სიმშვიდის გრძნობისგან, დიახ, იმ სიმშვიდეს, რომელიც ასე უხვად აქვს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს.
მამა პაისის შეგონება მინდა გავიხსენო: "ჩემი პირადი სიმშვიდე იქიდან იწყება, რომ სხვას ვანიჭებ სიმშვიდეს".
თქვენ სიმშვიდის მინიჭება არ შეგიძლიათ, ამიტომაც ხართ მუდამ აღგზნებული, მოუსვენარი, თავშეუკავებელი, ენამოუთოკავი, ამიტომაც გვიმტკიცებთ, რომ ახალი მთავრობა დღეს საქართველოს ელიტას, "უპატიოსნეს" ხალხს იჭერს(?!).
ვითომ გჯერათ თქვენი სიტყვების? არც ერთი საღად მოაზროვნე თქვენს სიტყვებს არ დაიჯერებს, მიხეილ!
რაც გსურთ, ვიცით, მაგრამ, საუბედუროდ, თქვენ არ გსურთ იმის გაგება, რომ თქვენეულ მცდარ გზას აღარ გავყვებით!
მინდა, საჯაროდ გკითხოთ _ ვის გზას მიჰყვებით, მიხეილ? თქვენ ქრისტეს გზას ნამდვილად არ მიჰყვებით!
ეთერ ქადეიშვილი, ჟურნალისტ, ოზურგეთი