ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში
თაობათა შორის უკმაყოფილება ანტიკური ხანიდან მოდის _ სოკრატეს წერილებიდან ჩანს, ფილოსოფოსის აზრით, თუ რა კარგი იყო მისი თაობა, ახალი კი უარესდებოდა. ეს ეხებოდა როგორც პატრიოტიზმს, ასევე ზრდილობას და პატიოსნებას.
ჩვენს ეპოქაში, ნომერი პირველი პრობლემა იყო და არის თანამდებობა და თანამდებობის პირი.
ჯერ კიდევ სოფელში ცხოვრებიდან მახსოვს ისეთი პატარა თანამდებობის გარშემო შექმნილი პრობლემები, როგორიც იყო სოფლის ბრიგადირი. მოხსნიდნენ ერთს (იმ მოტივით, რომ ვიღაცას რაღაც გამოუწერაო), დანიშნავდნენ მეორეს, მაგრამ ძალიან მალე ირკვეოდა, რომ ის მოხსნილი ჯობდა ახალდანიშნულს.
რაც ეხებოდა თავმჯდომარეებს, რაიკომის მდივნებს, რაიაღმასკომის თავმჯდომარეებს და რა თქმა უნდა, ცენტრალური კომიტეტის მდივნებსაც, გურიის რეგიონის მცხოვრებნი, ალბათ, დამეთანხმებიან, რომ შევარდნაძის მიერ გადაყენებულ რაიკომის პირველ მდივანს ალექსანდრე თოიძეს ვერაფრით ჯობნიდა მის ადგილზე დანიშნული ენვერ მალაზონია, აკაკი გობრონიძეს _ ოთარ თენეიშვილი, ისევე, როგორც, თავად შევარდნაძე ვერაფრით ჯობდა ვასილ მჟავანაძეს.
დღეს მთელი საზოგადოება პოლიტიზირებულია, მაგრამ არც თუ ისე სწორი მიმართულებით. თუ დაინახავთ სამ მოსაუბრეს, იქ აუცილებლად წყდება პრეზიდენტის გადაყენების საკითხი. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვერ თანხმდებიან შემცვლელზე. ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ მეოთხედ შეცდომის უფლება აღარ გვაქვსო.
რა თქმა უნდა, თქვენი მონა-მორჩილიც პოლიტიზირებულია. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მე ვხედავ ღირსეულ კანდიდატს.
მართალია, მას არ დაუმთავრებია კოლუმბიის უნივერსიტეტი (სახელმწიფო მართვა-გამგეობის ხაზით) და არც ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი, მაგრამ საქმეში, რომელსაც ის ემსახურება (მსოფლიო მასშტაბით), აქვს ღვთაებრივი ნიჭი, განათლება და მსოფლიოს ხალხის სიყვარული, ავტორიტეტი და პატივისცემა.
ჯერჯერობით, მის ვინაობას არ დავასახელებ, რადგან ზოგიერთებმა მოულოდნელობისგან დაფეთება იციან. ამიტომ, ჯერ შევეცდები, ამ ხელისუფლების სათაყვანებელ აშშ-ს ისტორიაში გავაკეთო პატარა ექსკურსი, ჩავიხედოთ ქვეყნის მამა-დამაარსებლის ბიოგრაფიაში, რითაც შევამსუბუქებთ დაფეთების შედეგად კისრის მოტეხვის საშიშროებას.
ჯორჯ ვაშინგტონი იყო ჩვეულებრივი ფერმერი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა გადააწყვეტინა სამხედრო სამსახური და შემდეგ პოლიტიკოსობა, ყოველგვარი აკადემიების გარეშე; აბრაამ ლინკოლნი დუხჭირმა ცხოვრებამ აიძულა გამხდარიყო ჯერ მიწათმომწყობი, შემდგომში _ თვითგანათლება მიღებული ადვოკატი.
არ მაქვს მონაცემები ჰამილტონზე და ჯეფერსონზე, მაგრამ ცხადია, რომ არც მათ უსკდებოდათ თავები საუნივერსიტეტო განათლებით. აქედან გამომდინარე, მთავარი ყოფილა არა განათლება (ხშირ შემთხვევაში შიშველი დიპლომი), არამედ, სადაც შობილა, გაზრდილა, იმ მიწა-წყლის სიყვარული და პატიოსნება. ჩვენ ხომ დაგვარწმუნა ჩვენმა ე.წ ხელისუფლებამ, რომ უსიყვარულოდ არაფერი სერიოზული არ აშენდება?
მახსენდება, საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში, შვედეთში ხელისუფლების პირველი პირი გახდა 42 წლის მამაკაცი, განათლებით ექიმი. ერთი წლის შემდეგ რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ მოლჩანოვმა დაუსვა შეკითხვა: "თქვენს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ნუთუ პრეზიდენტობის გამო რაიმე შეღავათები და პრივილეგიები არ გეკუთვნით?" და მიიღო ჩემთვის გამაოგნებელი პასუხი: "ძალიან ბევრიც კი მეკუთვნის, მაგრამ იმდენი პრობლემები დამხვდა ქვეყანაში, რომ ამ პრივილეგიების გამოყენება ჯერჯერობით უხერხულად მიმაჩნია!" როგორი დასაჯერებელია, რომ შვედეთში მას დახვდა მეტი პრობლემები, ვიდრე სააკაშვილს საქართველოში? მარტო მისი მილიარდად ღირებული რეზიდენციის აშენება რად ღირს ამ საყოველთაო სიღატაკის ფონზე! ან კანადაში სეირნობის დროს, ღამის კლუბში გაცნობილი ლამაზი ქობალია ყოველგვარი ცერემონიის გარეშე მინისტრად რომ დაგვინიშნა, რით არის ეს ისტორია კალიგულას მიერ თავისი ცხენის სენატორად დანიშვნაზე ნაკლები?
ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს, ვეტყვი, რომ მე უფრო ის გამიკვირდებოდა, სააკაშვილს ყოველივე ეს არ გაეკეთებინა. ვინაიდან ჩვენ რომ მართლა ღირსეული ერი ვიყოთ, სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტისთვის უღირს ქმედებებს არც იკადრებდა და ვერც გაბედავდა.
ახლა იმის შესახებ, ვინ არის, ჩემი ღრმა რწმენით, პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი, რომელსაც ძალუძს გახლეჩილი საქართველოს გამთლიანება, მისი აბუჩად აგდების შეწყვეტა და უახლოეს მომავალში აღორძინება _ ეს გახლავთ პაატა ბურჭულაძე.
ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თუ ეს ჩემი ნააზრევი გახდება ცნობილი ბატონი პაატასთვის, ის ნამდვილად არ დარჩება აღფრთოვანებული, ვინაიდან ის იმდენს აკეთებს ქვეყნისთვის, რომ პრეზიდენტის პოსტი მისთვის "კატორღა" იქნება. ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ის აიტაცებს ამ იდეას და დაიწყებს არჩევნებისთვის მზადებას. არა, ბატონებო. ის მაშინ აღარ იქნება პაატა ბურჭულაძე!
ამიტომ, ჩვენ, ხალხმა უნდა ვთხოვოთ პატრიარქს, პატრიარქმა კი დაავალოს პაატა ბურჭულაძეს იკისროს ეს მძიმე ტვირთი მის ძლიერ მხრებზე. ერთი საპრეზიდენტო ვადაც კი, ჩემი აზრით, მისთვის საკმარისი იქნება, ყველას დაუმტკიცოს, რომ ქვეყნის გადასარჩენად მიმართული პოლიტიკა და პოლიტიკოსობა არის პრესტიჟული და საამაყო საქმე. ხოლო ვინც ამტკიცებს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, დაიმახსოვროს _ პოლიტიკა ბინძურია მათთვის, ვინც თავად არის ბინძური!
და ბოლოს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ 72 წლის რონალდ რეიგანი არც თუ ისე დიდი მსახიობი, შემდგომში ორი ვადით იყო ზესახელმწიფოს პრეზიდენტი და თანაც ძალიან წარმატებული, როგორ ვიფიქროთ ის, რომ ასეთი პატარა სახელმწიფოს პატრონობას ვერ შეძლებს ჯან-ღონით სავსე და მსოფლიო ავტორიტეტის მქონე, სისხლით ხორცამდე ქართველი პაატა ბურჭულაძე???
გვაქვს ასეთი შანსი, გვყავს ასეთი კაცი, გადავარჩინოთ ქვეყანა!
გ. მამინაშვილი, ოზურგეთი