მარგველაშვილის პასუხები კოჰაბიტაციაზე, ივანიშვილის ახირებაზე და დაპირებულ საწარმოებზე

მთავარი თემა

მარგველაშვილის პასუხები კოჰაბიტაციაზე, ივანიშვილის ახირებაზე და დაპირებულ საწარმოებზე

16 სექ. 2013, 11:40:15

_ ბატონო გიორგი, კოჰაბიტაცია, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილს აღელვებს, თქვენი სიტყვების თანახმად, 27 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. საინტერესოა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ კოჰაბიტაციის დასასრულებლად?

_ კოჰაბიტაცია ჩვენ გვესმის, როგორც ორხელისუფლებიანობა და ის პროცესი, რომელშიც ერთდროულად არსებობს მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტი. ეს რეჟიმი, თავისთავად, რთულია ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ კონსტიტუციის გარდამავალ პერიოდში ვართ. ანუ, პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რაც ჰქონდა მანამდე. ის უფლებამოსილება, რაც ექნება პრეზიდენტს არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო სხვანაირია, რადგან ჩვენ ვართ გარდამავალი პერიოდის გარდამავალ პერიოდში. ამავე პერიოდში ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი დაპირისპირებულია სახელისუფლებო გუნდთან, რომელიც ფორმირდება პარლამენტიდან. პარლამენტი ახორციელებს მთავრობის ფორმირებას, ამ ძირითად ვექტორს კი უპირისპირდება პრეზიდენტი და მის მიმართ დაქვემდებარებული ყველა უწყება. ამ დაპირისპირებას ჩვენ, ვინც მთავრობაში ვიყავით, ნათლად ვხედავთ. მისი შინაარსი პოლიტიკურია _ ერთ გუნდს არ მოსწონს მეორე გუნდი, მაგრამ მისი გამოხატვის ფორმა ყოველდღიურ რეჟიმში არის არა პოლიტიკური კრიტიკა, არამედ, უბრალოდ, მუდმივი საბოტაჟი. ეს საბოტაჟი ხორციელდება, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე, ყველა ქვედა დონეზე. ამ საბოტაჟს აქვს ცენტრალური მარეგულირებელი ერთეული, რომელიც არის პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ეს გამოიხატება თუნდაც რეფორმის პროცესის მუდმივ შეჩერებაში. რამდენი კანონიც შევიტანეთ პარლამენტში, სააკაშვილმა ყველას დაადო ვეტო. უფრო მეტიც, როდესაც არა მხოლოდ კანონშემოქმედებაზეა საუბარი, არამედ რომელიღაც პროექტის გახორციელებაზე, ვგრძნობ, რომ იმდენი შემთხვევითი, გაუთვლელი რაღაცეები ხდება, რომ ეს საბოტაჟი ხორციელდება არა მარტო ცენტრალურ დონეზე, არამედ ქვედა დონეებზეც. ჩემი ვერსიით, ინსპირირებული გუბერნატორების მხრიდან, რომელთაც აქვთ ინტენსიური კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ადგილებზე. ხშირ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეს არის შანტაჟი და მე ამას მოვსწრებივარ. შესაძლოა იქ ზუსტად ვერ დაინახო შანტაჟი, მაგრამ ადამიანი, რომელიც გეუბნება დღეს, რომ რაღაცის არასწორად გაკეთება აიძულეს, ეჭვი გიჩნდება, რომ ის ძველი სტრუქტურა, ძველი სისტემა მოქმედებს. კოჰაბიტაციის დამთავრება ჩვენ გვესმის ასე _ პრეზიდენტი, ბუნებრივია, შეიცვლება. ამ ცვლილების შედეგად, მაქვს დიდი იმედი და მეტიც, თვალნათლივ ვხედავ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ. ჩვენ ვიმარჯვებთ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ყველა ვექტორი გაერთიანდება, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი და საპრეზიდენტო. ბუნებრივია, პრეზიდენტის დონეზე მოიხსნება პრობლემა. ქვევითაც, როდესაც საუბარია გუბერნატორებზე, მათ კონტაქტებზე, მათ გავლენაზე, მთელი ეს ელემენტები ჩადგება მწყობრში. კოჰაბიტაციის დამთავრება ნიშნავს საპრეზიდენტო ძალაუფლების გადმოცემას იმისთვის, ვისაც ეს ძალაუფლება შარშან ხალხმა გადასცა, ანუ "ქართული ოცნებისათვის" და შესაბამისად, ყველა ამ დონეზე და ამ ძირითადი, ჩემი აზრით, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული იმპულსის მოხსნას. გუბერნატორების დონეზე, ჩაშლილ ქვედა დონეზე, და ა.შ. ანუ, მე რა მინდა ვთქვა. ამ ხელისუფლების გადმოცემის რეჟიმში ვითარება თვისობრივად შეიცვლება, დამშვიდდებიან ის ძალები, რომლებიც ახლა აფორიაქებულია და ბოლო ბერკეტს ებღაუჭებიან, თუმცა, უიმედოდ, მაგრამ გაფუჭების თვალსაზრისით ებღაუჭებიან _ ამ ძალებს მეტი შანსი აღარ ექნებათ.

_ თუმცა, თქვენი კოალიცია თანამდებობებზე და თანაც მაღალ პოსტებზე, ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც გასულ წელს, როგორ მედიას, ასევე მოქალაქეებს ავიწროებდნენ, აშანტაჟებდნენ, ხელს უშლიდნენ მუშაობაში, კამერით აფიქსირებდნენ "ქართული ოცნების" აქციაზე მიმავალ ადამიანებს. კონკრეტულად, ჩოხატაურის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, "მრეწველებმა" ერთ-ერთი ასეთი ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეს. ის დღეს თქვენი შტაბის წევრია და ამის გამო, ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა შტაბი. მათ შორის, კოალიციის იმ სახეებმა, რომლებმაც გასულ წელს, მართლაც ყველაფერი დადეს სასწორზე "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის. თქვენთვის ეს ყველაფერი მისაღებია და ხართ თუ არა ამ ყველაფრის საქმის კურსში?

_ არა, მიუღებელია. ჩემთვის მიუღებელია, ერთის მხრივ, პოლიტიკური დევნა ანუ, თუ ადამიანი პროფესიონალია რომელიმე საქმეში, იქნება ის კარგი ინჟინერი, მათემატიკოსი თუ ფილოსოფოსი, მოხსნა სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო. მაგრამ მიუღებელია ისიც, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე დააწინაურო ადამიანი, რომელიც შარშან სხვა პოლიტიკურ ღირებულებებზე იდგა. ერთის მხრივ, თუ არსებობს კარგი ეკონომისტი, ის ისე არ უნდა მოხსნა სამსახურიდან, როგორც წინათ აკეთებდნენ, "ნაციონალური მოძრაობის " დროს. ან ასაკის გამო, ან იმის გამო რომ სხვა პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, მაგრამ ეს ერთი თემაა, ეს პროფესიონალური ჭრილია. მეორეა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური კარიერა. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კარიერა ეფუძნებოდეს იმ პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ადამიანს გაუკეთებია. იმ მორალურ არჩევანს, რომელიც გაუკეთებია, იმ ავტორიტეტს, რომელიც ადამიანს გააჩნია საზოგადოებაში. შესაბამისად, ადამიანის წამოწევა პოლიტიკურ თანამდებობაზე უნდა მოხდეს მნიშვნელოვან წილად მათ წარსულზე და მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებით.

_ როგორც ჩანს, ასე არ ხდება...

_ ჩვენ ვმუშაობთ კოალიციური შტაბის რეჟიმში, უაღრესად ვითვალისწინებთ ყველა პოლიტიკური პარტიის შეხედულებას. მე თვითონ არ ვარ პოლიტიკური პარტიის წევრი _ მე ვარ კოალიციური კანდიდატი. შესაბამისად, ყველა პარტიას აქვს ხედვა, ვინ უნდა წამოწიოს წინ. მე რომ მქონოდა პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური გაერთიანება, ადამიანებს, რომლებიც შარშან ან შარშანწინ, ასე ვთქვათ, ღრმად იყვნენ შესულები ღრმად მომცველ კოჰაბიტაციაში წინ არ წამოვწევდი, მაგრამ არის პოლიტიკური თანხმობის მომენტი, რომელშიც, ეტყობა, რომელიღაცა პარტია თავისი ლოგიკიდან გამომდინარე, ამა თუ იმ კანდიდატს წამოწევს.

_ თუმცა, ისინი თქვენს გამარჯვებაზე მუშაობენ, თქვენი შტაბის წევრები არიან...

_ მე მესმის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ _ მე ვარ კოალიციის კანდიდატი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ თანხმობას ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის. მე ვერ ვუკარნახებ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას კოალიციაში ან კოალიციის გარეთ, ვინ დააწინაუროს თავის რიგებში. ერთი რამე შემიძლია ვთქვა _ მე რომ პოლიტიკური პარტია მქონდეს, ადამიანებს, რომლებიც შარშან ვიღაცას დასდევდა ან წელს უნდა, რომ ვიღაცას სდიოს და ასე ვთქვათ მწყემსოს, არ დავაწინაურებდი.

_ ლანჩხუთში, თქვენი შტაბის ხელმძღვანელს, გოგი ხელაძეს "ნაციონალებთან " გარიგებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ამავდროულად სოფლის რწმუნებულია, ამბობს, რომ თუ ეს სიტუაცია არ გამოსწორდება, თქვენი შტაბის წინ თავს დაიწვავს... გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია?

_ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავეძიოთ ასეთ განცხადებებს. რამდენადაც, არ ვიცი, ერთი და იგივე ადამიანზე გვაქვს თუ არა საუბარი, მაგრამ, როგორც ვიცი, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აპირებდა თავის დაწვას და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ხელი აიღოს ასეთ მძიმე სულიერ დანაშაულზე, თურმე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან აქტიური თანამდებობის პირი ყოფილა....

_ როგორც ჩანს, სხვადასხვა ადამიანზე ვსაუბრობთ....

_ მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი აპირებდა თავის დაწვას იმიტომ, რომ მას "ქართული ოცნების" შტაბში არ აძლევდნენ რაღაც დანიშვნების გაკეთების შესაძლებლობას. ასეთი რაღაცეებიც ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თავის დაწვა არის თვითმკვლელობა, დიდი სულიერი ტრაგედია თვითონ იმ ადამიანისთვის, გარშემო მყოფებისთვის და მე მოვუწოდებ ყველას, რომ ემოციებს დაუკლონ. ასეთ რეჟიმში ნუ გვექნება ურთიერთობები და ეს პოლიტიკაშიც არ არის საჭირო. ჩვენ ასეთ დრამატულ ეპოქაშიც არ ვართ, რომ თავი დავიწვათ.

_ ბატონო გიორგი, მარტში, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, თქვენი, როგორც მინისტრის რეიტინგი საკმაოდ დაბალი იყო. შემდგომში, კანდიდატად თქვენი დასახელება ბევრს გაუკვირდა. ერთ-ერთმა თქვენმა ოპონენტმა აღნიშნა კიდეც, რომ რეგიონებში სტუმრობისას მას თქვენზე ეკითხებიან, რადგან საზოგადოება არ გიცნობთ.

_ თუ შეხვედრაზე იმის მაგივრად, რომ საკუთარ პროგრამაზე ისაუბრონ, ხალხს ჩემზე ესაუბრებიან, მოვუწოდებ, რომ გააცნონ ჩემი თავი. ე. ი. ხალხს მე ვაინტერესებ და არა ის ოპონენტები. ჩემი ყველა ოპონენტი უაღრესად კარგად მიცნობს.

_ ერთ-ერთის მრჩეველიც კი იყავით....

_ კარგია, თავისი პროგრამის აგიტაციის მაგივრად იმაზე ელაპარაკონ რაც ხალხს აინტერესებს. ანუ ჩემზე მოუყვნენ.

_ დავასრულებ შეკითხვას. თქვენს მიერ რამდენიმე წლის წინ დაწერილ თავისუფლების დღიურებში, ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერია _ "მესმის, რომ არჩევნებისთვის ფულის მოძიება საჭიროა, საჭირო კი არა, აუცილებელია. აქ მარტივი ლოგიკაა _ შენ მოიძიებ ფულს, რომ მე, როგორც ამომრჩეველი, დამარწმუნო და ხმა მოგცე. მაგრამ თუ ხმა მოგეცი, არ უნდა აღმოჩნდეს უცებ, რომ ხმა ვიღაცისთვის, სრულიად გაუგებარისთვის მიმიცია". როგორც კითხვის დასაწყისში ვისაუბრე, თქვენზე ამბობენ, რომ არ გიცნობენ, რომ ივანიშვილის პირადი კანდიდატი ხართ და ა. შ. როგორ არწმუნებთ ამომრჩეველს, რომ თქვენ, ბიძინა ივანიშვილის ე. წ. "ახირება" არ ხართ და ხმას ვიღაცას არ აძლევენ?

_ პირველ რიგში, ჩემი ოპონენტები ძალიან კარგად მიცნობენ. გააგრძელონ ჩემი აგიტაცია. ეს ერთი. ახლა მეორე _ თქვენ ნახეთ, რამდენი ადამიანი მოდის ჩემს შეხვედრებზე. აქაც და სხვაგანაც. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. ძალიან ბევრი ასეთი შეხვედრის შემდეგ ვხვდები, რომ ეს ყურით მოთრეული _ "არ მიცნობენ", რეალობა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის " ბატონობის დროს მედია სივრცე იყო ოკუპირებული, არის ადგილები, სადაც ეს მედია სივრცე არ იყო ოკუპირებული.

_ მაგალითად, "გურია ნიუსი".

_ მაგალითად. ხშირად, როდესაც მე მხვდებიან, მიყვებიან ფრაზებს ჩემი პოლემიკის, კამათის და აღტაცებას გამოხატავენ ჩემი წარსული მედიაცხოვრებით, რასაც, ძირითადში, "კავკასიაზე" და "მაესტროზე" ვახერხებდი. ასე რომ, იქ, სადაც "კავკასია" და "მაესტრო" გადიოდა, კარგად მიცნობენ, რადგან 9 წლის განმავლობაში ვიყავი უაღრესად აქტიური. ალბათ, მანამდეც ვიყავი უაღრესად აქტიური, რადგან ჯიპა-ს რექტორი ვიყავი _ იქ მთელი ოპოზიციური გარემო დუღდა. ეს ტერმინიც _ "არ იცნობენ", მოგონილია. თეორიულად გკითხავთ _ რა ჯობია, არ გიცნობდნენ და ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები რეკომენდაციას გიკეთებდნენ, ისეთი, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია. თუ გიცნობდნენ ისე, როგორც მათ იცნობენ _ წარსულით, ბიოგრაფიებით.

_ თუ ივანიშვილის "ახირებას", როგორც თქვენი ოპონენტები ხშირად ამბობენ...

_ ბიძინა ივანიშვილი ნაკლებად ტოვებს ახირებული კაცის შთაბეჭდილებას. ვინც იცნობს, მათ ეს იციან. მე არ მინდა ვილაპარაკო, რომ მე არ ვარ ვთქვათ, "ახირება". მე საერთოდ არ მინდა რომ ივანიშვილი დავაკნინო მაგ დონემდე, რომ, თურმე, ივანიშვილმა, რომელმაც თავისი თავი გადადო, ოჯახი გადადო, შევიდა ბოლომდე ბრძოლაში, გამარჯვების შემდეგ, თურმე, არ იცის, რა გააკეთოს და ახირებები აქვს. ეგეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს ივანიშვილი? ჩემზე არ ვლაპარაკობ, ივანიშვილზე ვლაპარაკობ. რეალურად ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო, რომ შარშან დაწერილი სიტყვები ზედმიწევნით შეესრულებინა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა იმ დროს და მიგვეღწია ამ წარმატებისთვის მართლა ასე უსისხლოდ. ეს კაცი არ არის, მე მგონი, ღირსი, ვილაპარაკოთ, რომ ახირებებით ცხოვრობს. ბიძინა ძალიან რაციონალური ადამიანია. ჩემს თავზე კი არ ვსაუბრობ, მასზე ვსაუბრობ.

_ თქვენზე რომ ვისაუბროთ, რამდენად ხართ ისეთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება ვიღაცის ახირებები ასე მარტივად დააკმაყოფილოს?

_ რა ვიცი, არასდროს არ დამიკმაყოფილებია ეს ახირებები. მახსოვს, მეათე კლასში შევქმენით "ქრისტიან დემოკრატიული ასოციაცია", რომელიც პირდაპირ იყო დაპირისპირებული მაშინდელ რეჟიმთან. იმის მერე ვარ ოპოზიციაში. არც ერთ თანამდებობაზე არ წავსულვარ. 2003 წელს ვიყავი ათეულში იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც გაიმარჯვა, მაგრამ რომ ვნახე, რომ მიშასთან აპირებდნენ გაერთიანებას, იმ წუთშივე გადმოვედი და დავდექი ოპოზიციაში. არ მგონია, ჩემი ცხოვრებით როდესმე მეჩვენებინოს, რომ ან თანამდებობა მაინტერესებს ან ვიღაცის ახირებაზე შეიძლება ვიარო. როდესაც მეგობრებთან ერთად ვგეგმავ ქვეყნის განვითარებას, ვხედავ რაღაც ვალდებულებებს, რომლებიც გადასანაწილებელია და ამ ვალდებულებში ვხედავ ჩემს დღევანდელ პოლიტიკურ კარიერას. მათ რომ ჰქონდეთ რაიმე ფაქტი ჩემზე, ან კომუნისტების დროს, ან შევარდნაძის დროს, ან სააკაშვილის დროს. რას იზამდნენ?! ერთხელ მაინც ან თანამდებობაზე წავსულიყავი, ან ვიღაცის ინტრიგებში მიმეღო მონაწილეობა ან რაღაც კორუფციულ გარიგებებში ვყოფილიყავი _ ერთი ფაქტი მაინც ამოიღონ, გარდა იმისა, რომ საუბრობენ იმის თაობაზე, თურმე ბიძინა ივანიშვილი ახირებულია. ბიძინა ივანიშვილი ახირებული კი არა, პრინციპული კაცია, არ უნდა ეს სიბინძურე. თქვენ გინდათ იგივე პოლიტიკური სიბინძურე, რაც იყო აქამდე? ეს მუდმივი ჭორები, ინტრიგები _ ვიღაცამ ვიღაცას ვიღაცის დანიშვნა დააძალა, თავისი კაცი იქ მოაწყო, კარგად ჩასვა. ამაში ცხოვრება რად უნდა ბიძინა ივანიშვილს, რად უნდა რაღაც მარაზმატული, "მოქალაქეთა კავშირიდან " გადაზრდილ "ნაციონალურ მოძრაობაში" რაღაც ინტრიგანული და კორუფციაზე დაფუძნებული პოლიტიკის შენარჩუნება, რისთვის გაწირა თავი, იგივე ხალხი რომ მოსულიყო?!

_ თითქმის იგივე ხალხი ზის ახლაც თანამდებობებზე...

_ რანაირად გრჩებათ ეს შთაბეჭდილება?

_ არ გვრჩება, კონკრეტული სახელი და გვარებით, ფაქტებით შეგვიძლია საუბარი. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა....

_ შინაგან საქმეთა სამინისტროში ზის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ადამიანი _ ირაკლი ღარიბაშვილი.

_ რომელმაც თანამდებობაზე გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსად დანიშნა ადამიანი, რომლის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, 7 ნოემბრის დარბევიდან 26 მაისის სისხლიანი დარბევის ჩათვლით.

_ გავიგე, მაგრამ ჩვენ აქ განვასხვავოთ პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობებს იკავებენ. მინდა კარგად იცოდეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასე თუ ისე, უნდა დაყრდნობოდა ძველ კადრებს. კონსერვატორიიდან მოგვეყვანა მომავალი პოლიციელები? მთავარი ის კი არ არის, კონკრეტულად ეს ადამიანი იყოს უმწიკვლო, ბოლომდე უმწიკვლო, ალბათ, არავინ არის, მთავარია, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან არასდროს წასულა მესიჯი _ აბა, მიდით, დაატერორეთ, აბა, მიდით, პრობაციონერი გვჭირდება იმ ოჯახში, აბა, მიდით იმას მოუსმინეთ და იმ ბიზნესმენთან მივიდეს ვინმე იუსტიციის სამინისტროდან და აზრზე მოიყვანოს! ეს მომენტი მოიხსნა. ადამიანები, ყველანი ცოდვილები ვართ მეტად თუ ნაკლებად და მით უმეტეს, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაკომპლექტდება სრულიად უმანკო ადამიანებით. პროკურატურაც და შსს-ც გარკვეულ წილად ეყრდნობა ძველ კადრებს, მაგრამ არის ძალიან სერიოზული სიფრთხილე, რომ პოლიტიკური მესიჯი არ წავიდეს, რომ ამ სისტემამ ხალხის წინააღმდეგ იმუშაოს. ამ ხალხს ევალება მშვიდობის და სამართლის დაცვა. ჩემს სისტემაშიც იგივე იყო. ბუნებრივია, განათლების სამინისტროშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინა რეჟიმის დროს მუშაობდნენ, მაგრამ თუ წინა რეჟიმის დროს შაშკინი მათ ავალებდა ჩაწერას, სამსახურიდან მოხსნას, ტერორს და ეუბნებოდა, რომ მათ სისხლს დალევდა, ეს მოიხსნა. მე სხვანაირად ველაპარაკებოდი პედაგოგებს. ახლა რომ წარმოვიდგინოთ, ოქტომბრის მერე მოხდება რაღაც გარკვეული სახე ცვლილება და ყველას ჩვენი წარსულის მიმართ ცოდვები მიგვეტევება, ყველანი უმანკოები შევალთ ახალ საქართველოში, ეს ხომ ტყუილი იქნება? ეს ქვეყანა უნდა აშენდეს ახალ კადრებზე და ძველ კადრებზეც, მაგრამ დამისახელეთ ერთი მაინც მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე თუნდაც, რომელზეც თქვენ იტყვით, რომ ბინძური ადამიანია. პოლიტიკური ხელმძთვანელობა, დაახლოებით ასი კაცია, რომელიც მართავს ქვეყანას. ამ ადამიანებზე ვერასდროს ვერაფერს ასეთს, თვალნათლივს ვერ ვიტყვით. დანარჩენი კი რეალობაა ეგეთი. თქვენ არ გყავთ საახლობლოში ადამიანი, რომელიც იყო "ნაციონალი" ან დანაშაული ჩაუდენია?

_ ასეთები ყველას გვყავს...

_ მთავრობაც არის ხალხის გაგრძელება. მთავარია, რომ მინისტრები არც კორუფციაში არიან გახვეულები, არც ხალხის დევნაში, არც პოლიტიკურ ძალადობაში და სულ სხვა რეალობაში ვტრიალებთ.

_ ბატონო გიორგი, დაპირებული 100 საწარმოს ბედზე რას გვეტყვით? მათი შენებლობაც კი არ არის ჯერ დაწყებული...

_ ვინ გითხრათ, რომ დაწყებული არ არის?

_ ჩოხატაურს ორი საწარმო დაჰპირდა დეპუტატი, მაგრამ ჯერ მშენებლობაც არ დაუწყიათ. იგივე შემიძლია გითხრათ ოზურგეთსა და ლანჩხუთზეც...

_ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მგონი, 60 მილიონამდე ლარის კრედიტია გაცემული. ეს ფული დაბანდებულია საწარმოებში, რომლებიც ამუშავდება. ბიზნესს სახელმწიფო ვერ აამუშავებდა. მინისტრი ვერ იქნება ქარხნის დირექტორი, მინისტრმა უნდა შექმნას პირობა.

_ მინიმუმ დაწყებული სამუშაოები ხომ უნდა დავინახოთ?

_ პირველი ის, რომ სახელმწიფომ იაფი კრედიტები გასცა და ჩვენი ინფორმაციით, ძალიან მალე რამდენიმე საწარმო ამუშავდება. მეორე _ ახლა კრედიტების გაცემის ახალი ეპოქა იწყება. ეს არის კოოპერატივებზე კრედიტების გაცემა. ჩვენ თუ ველით იმას, რომ როგორც კომუნისტების დროს იხსნებოდა სახელმწიფოს მიერ საწარმოები, საქმდებოდა მუშები და სახელმწიფო უხდიდა ხელფასს, ასე არ იქნება. იგეგმება სახელმწიფოს დახმარება ბიზნესისთვის, რომ მათ შესაბამისი საწარმო გახსნან. მე ვესაუბრე კიდეც თხილის გამყიდველებს _ ცალ-ცალკე ნუ ხართ, გაერთიანდით კოოპერატივებად, რადგან კოოპერატივებს მიეცემათ დახმარება და კოოპერატივები სადაც არის, იქ ბევრად უფრო ძლიერია კონსოლიდირებული ხმა, თუნდაც თხილის ჩაბარების ფასზე. კონკრეტული გლეხი რომ მოდის და გეუბნება თხილის ფასი არ მომწონს და ბიძინა ივანიშვილს სთხოვე, ფასს მოუმატოსო, ეს ცოტა არარეალურია. ჯობია, რომ გლეხები გაერთიანდნენ. სახელმწიფო დაეხმარება და თხილის ფასიც მათ შეუძლიათ მერე აწიონ. აი, ეს არის ახალი ფორმატი, რომელშიც სახელმწიფო არის დამხმარე. ეს უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფო მხოლოდ ეხმარება. ის საბიუჯეტო პროექტები, რომლებიც მე დავასახელე _ ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, მხოლოდ დახმარებაა, თორემ რეალურად ადამიანმა თვითონ უნდა გაიტანოს თავი _ სხვანაირად ქვეყანა ვერ აშენდება. სხვანაირად, ყველაზე დიდი რესურსული პოტენციალით ძლიერი საბჭოთა კავშირიც კი დაინგრა. დაწყებული ხე-ტყით, ბრილიანტებით, ნედლეულით, ყველაფერი იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ როდესაც იქ არ იყო კერძო ინიციატივა და კერძო ადამიანის ძალა არ იყო წამოწეული, დაინგრა ბოლოს ის ეკონომიკა. იგივეა საქართველოსთან მიმართებაში. გაგვაჩნია პოტენციალი, მაგრამ არც იმდენი ნავთობი გვაქვს, რაც რუსეთს, არც ბრილიანტი, არც ხე-ტყე და არც ბეწვეული. სახელმწიფო ახლა მაქსიმალურად ეხმარება იმ ხალხს, ვინც აქტიურია.

_ დაპირებები ვახსენეთ და უფასო სახელმძღვანელოებზეც მინდა გკითხოთ. მინისტრობისას თქვით, რომ ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდებოდა ყველას, თუმცა, კერძო სკოლის მოსწავლეები დარჩნენ სახელმძღვანელოების გარეშე, ასევე, დარიგდა მეორადი წიგნებიც. თუ გქონდათ ეს გათვლილი და ამის შესახებ თუ გაიარა კონსულტაციები თქვენთან ახალმა მინისტრმა?

_ სიტყვასიტყვით ჩემს ციტირებას თუ მოახდენთ, სიტყვა _ "ახალი" საერთოდ არ მიხსენებია და არც ყველა არ მიხსენებია საერთოდ. იყო ნათქვამი, რომ სექტემბრიდან ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმძღვანელო ექნებოდა უფასოდ. ეს ასეც არის _ ყველა საჯარო სკოლაში სახელმძღვანელოები მიტანილია უფასოდ. ასე რომ, ხაზგასმულ იყო საჯარო სკოლები და არა კერძო სკოლები. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით ასამდე კერძო სკოლაა. მაშინ, როცა გამომცემლებთან იყო კამათი, ხაზგასმით ითქვა, რომ თუ თქვენ გჭირდებათ თავისუფალი ბაზარი, გრჩებათ კერძო სკოლების ბაზარი. რაც შეეხება სიტყვას _ "ახალი". ესეც არ მიხსენებია, მაგრამ რეალურად ასეა. ახალი სახელმძღვანელოები ურიგდებათ. შარშანდელი სახელმძღვანელოები ურიგდებათ მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევაში. იქ, სადაც ამხელა მასშტაბით ბოლომდე ვერ მოხდა რაღაცის გათვლა, ანუ არსებობს შარშანდელი სახელმძღვანელოების ტირაჟი, როგორც გარკვეული გარანტია, როგორც გარკვეული დაცულობა, სადმე თუ დაგვაკლდა, იქიდან დავამატებთ. მე მინისტრთან გავიარე კონსულტაცია და იმისთვის, რომ სადმე არ დაგვკლებოდა, დაცულობის თვალსაზრისით გვქონდა სახელმძღვანელოების ეს რესურსი. მე მგონი, 0,02%-ში სადმე თუ მოხდა ასეთი რამე; მინდ აქვე გითხრათ, რომ ყველა სკოლაში არსებობს ბავშვების რაოდენობა, ყველა სკოლა სხვადასხვა სახელმძღვანელოს ირჩევს და სადღაც შესაძლებელია, ზუსტად ვერ დაემთხვა. ჯამში ეს არის 0.02 პროცენტი. მე მესმის, რომ არსებობს მცდელობა, ჩრდილი მიაყენონ იმას, რაც გავაკეთეთ. თქვენ არ გეუბნებით, ეს იმ ხალხს ეხება, რომელსაც დააკლდა 60 მილიონი ყოველწლიური შემოსავალი. მათ მუდმივად ექნებათ ის სურვილი, რომ ჩემს რეფორმას მიაყენონ ჩრდილი, თითქოს არ დარიგდა ახალი სახელმძღვანელოები. არა, ყველგან დარიგდა ძალიან ორგანიზებულად. მანამდე ამბობდნენ, რომ ვერ მოასწრებდნენ, მერე _ ვერ მიიტანდნენ. მე მესმის, 60 მილიონს რომ დაკარგავ, მერე შეიძლება, ყველაფერი მუქ ფერებში მოგეჩვენოს, მაგრამ, რას იზამ, ეს პროექტი წარმატებით გახორციელდა.

გიორგი მარგველაშვილთან ჩაწერილი სრული ინტერვის ნახვა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი ქართულ დემოკრატიაზე, თვითმმართველობის მნიშვნელობაზე და ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესაძლო შესვლაზე საუბრობს შეგიძლიათ იხილოთ აქ _ "კვირის თემა გიორგი მარგველაშვილთან ერთად".




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?