"რეალური დაპირისპირება თუ ხელოვნური გამწვავება?" _ 8 რეკომენდაცია აღმსარებლობის თავისუფლებაზე

მთავარი თემა

"რეალური დაპირისპირება თუ ხელოვნური გამწვავება?" _ 8 რეკომენდაცია აღმსარებლობის თავისუფლებაზე

2013 ოქტ 8 20:01:25

უბრალოდ მაშინ არ იყო გაშუქებული ეს ინციდენტები. გამომდინარე იქედან, რომ ამჟამად პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია, ამის გამჟღავნება და აფიშირება უფრო მეტად ხდება, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. რა თქმა უნდა, არის პრობლემები იგივე ჭელასთან დაკავშირებით. ის ფორმა, რაც იქ ხდებოდა მიუღებელი და შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქე მაჰმადიანებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ვსწავლობთ. გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია და ამის შესახებ ცალკე გავაკეთებთ დასკვნას. იცით რა არის, ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც შეეცდება მღვრიე წყალში თევზის დაჭერას." _  განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

2012 წლის ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვის საკითხმა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა შემთხვევამ, რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამთავრობო და ექსპერტულმა წრეებმა, არაერთი საჯარო განცხადება და შეფასება გამოთქვეს ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროსა და ბოლოს უკვე, 2013 წლის 26 აგვისტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი სირთულეების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით მყისიერი გამოხმაურება მოახდინა: "ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის მშენებლობამ და მასზე სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირებამ, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. თავის მხრივ, სახელმწიფოს სტრუქტურების ქმედებების საბაბი გახდა მინარეთის მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფა და მინარეთის აღმართვა შესაბამისი ნებართვის გარეშე. "

"აღმსარებლობის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს ამ გარანტიების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოებს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების დროს, აკისრიათ ვალდებულება, იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს." _  განაცხადა 2013 წლის 9 სექტემბრის რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

2013 წლის 26 აგვისტოს საპარლამენტო ოპოზიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: "ფართო საზოგადოების მუდმივ შეშფოთებას იწვევდა გასული წლის ნოემბრიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისა თუ სხვა სახის ინციდენტების ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, ბოლო თვეების მანძილზე მომხდარი ინციდენტების დროს, მათ შორის სოფლებში წინწყაროსა თუ სამთაწყაროში, სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული საკუთარი მინიმალური ფუნქციებიც კი. სახელმწიფო არ გამოვიდა საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებების დამცველად და არ აღკვეთა ძალადობა. მეტიც, სხვადასხვა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა გააკეთეს წინდაუხედავი განცხადებები, რითაც ხელი შეუწყვეს მეტად სახიფათო კლიმატის ჩამოყალიბებას."

  1. რამდენად ობიექტურია დასახელებული წინაპირობები, რომელიც კონფესიებს შორის დაძაბულობას და შეუწყნარებლობას იწვევს;
  2. რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემები აჩვენებს რეალურ დაპირისპირებას თუ მიუთითებს საკითხის ხელოვნურ გამწვავებაზე;
  3. რამდენად უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას;
  4. რა პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს საპატრიარქოს, ცალკეულ კონფესიებსა და სამთავრობო უწყებებს რელიგიურ ნიადაგზე არსებულ შესაძლო  პრობლემების გადაჭრისათვის;
  5. რამდენად დაინტერესებულია რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტით ისლამური სახელმწიფოები, აქტიური სოციალური ჯგუფები და საქართველოსთან მტრულად განწყობილი ქვეყნები;
  6. რა ეროვნული მექანიზმი და რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მიღებულ იქნეს რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო დაძაბულობების პრევენცია და ქვეყანაში არსებობდეს თანასწორუფლებიანი აღმსარებლობის გარემო?

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" გამოაქვეყნეს კვლევა "რწმენისა და აღმსარებლობის შესაძლებლობა საქართველოში" და საპატრიარქოს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოებსა და რედაქტორებს რეკომენდაციით მიმართეს.

ორგანიზაციამ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რელიგიურ ნიადაგზე არსებული პრობლემების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ: "მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და ქართველ მუსლიმებს შორის, გაუგებრობებს გააჩნდა რეგულარული ხასიათი, ხოლო მრევლს შორის აღმსარებლობის საკითხებზე დისკუსიის გაგრძელება წამოადგენდა ხელოვნურად შექმნილ დაძაბულ გარემოს რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვის ფაქტების წარმოსაჩენად. საერთო ვითარებამ გამოკვეთა ტენდენციები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო სათანადოდ ვერ იცავს რელიგიური უმცირესობების კონსტიტუციურ უფლებებს, საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია ვერ უზრუნველყოფს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას, საქართველოს წინაშე წამოჭრილი რელიგიური ხასიათის დარღვევები კი დემოკრატიული პროცესების შემაფერხებელი და სახელმწიფო ინსტიტუტების არაქმედითი ფუნქციონირების გამომხატველია."

როგორც "ახალგაზრდა ადვოკატები" "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებენ: "სოფელ ჭელაში, მანამდე კი ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში, უხეშად დაირღვა მუსლიმთა უფლებები. არასათანადო ძალის გამოყენებით, ადგილი ჰქონდა მორწმუნეების ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. მუსლიმი მრევლის მიმართ სხვადასხვა შემთხვევების დროს განხორციელებული მუქარის, რელიგიური რიტუალისთვის ხელშეშლის, მათი დევნის ფაქტებს არც ერთ შემთხვევაში არ მოჰყოლია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაც ზრდის შესაძლებლობას, ინციდენტების განმეორების შემთხვევაში, ანტაგონისტურად განწყობილ ადამიანებში ძალადობის წახალისება გამოიწვიოს. ამასთან, შესაძლებელია, ასეთმა "დაუსჯელობის სინდრომმა" მუსლიმთა შევიწროვების პერიოდულ ხასიათს მყარი საფუძვლები შეუქმნას."

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მუსლიმი მრევლის რელიგიური თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტებიდან, ჭელას შემთხვევა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის მთავარი შემთხვევა იყო.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მიმართ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მაღალი ინტერესი, პირველად, 2012 წლის ნოემბერში გაჩნდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში აჭარის რეგიონიდან ეკომიგრანტ ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის გაუგებრობა სამლოცველოს გამო დაიწყო. სოფელში ჩასახლებულმა ეკომიგრანტმა აჭარლებმა, ერთ-ერთ სახლში, მუსულმანური სამლოცველო მოაწყვეს, რასაც ადგილობრივი მართლმადიდებლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. 2012 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, მომლოცველებს შორის არსებული დაძაბულობის ადგილზე შესწავლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, სადაც ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ. კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციით, კონფლიქტი სოფელში პროვოცირებული იყო და მეჩეთის მშენებლობის საკითხი განხილვის თემა არც ყოფილა.

"რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის ყველაზე მძლავრი შემთხვევა, უკვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 28 ივნისს, სოფელში ადგილი ჰქონდა მუსლიმი მრევლისთვის პარასკევის ტრადიციულ ლოცვაში ხელშეშლას. ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის შეფასებით, კონფლიქტის მიზეზი, 2013 წელს, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მიერ სამთაწყაროში, მუსლიმთა სამლოცველოსათვის შეძენილი კერძო სახლი გახდა, სადაც, მუსლიმი მომლოცველები აღავლენდნენ ტრადიციულ ლოცვას. ტრადიციული ლოცვა, შენობის შეძენამდე, მორწმუნეთა ოჯახებში ტარდებოდა, რაც, მუსლიმური დოგმებით, ეწინააღმდეგება მათი რელიგიით დადგენილ წესებს." _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".

ორგანიზაციამ საკითხთან დაკავშირებით, რვა რეკომენდაცია შეიმუშავა. კვლევის პრეზენტაციას სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლებთან ერთად, საკითხის სპეციალისტები და უფლებადამცველები ესწრებოდნენ. "ახალგაზრდა ადვოკატებმა" სარეკომენდაციო პაკეტი შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ინსტიტუციებს გუშინ გადაუგზავნა. რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებსაც ეხება, სადაც ვკითხულობთ:  "მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ დაბალანსებული და დაზუსტებული ინფორმაციის მომზადება, როდესაც გაშუქება რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და პრობლემური საკითხებს ეხება. მედიამ არ უნდა უზრუნველყოს "სიძულვილის ენის" გავრცელება რელიგიური კონფესიების საქმიანობისა და მორწმუნეების მიმართ. მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების წარმოჩენას საზოგადოებას და მყისიერად მოახდინოს, ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორება."

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში წერია:

"მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ გააძლიეროს ინტერრელიგიური ჯგუფის მუშაობა, რომელიც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს შორის გააღრმავებს ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს წარმოშობილი პრობლემების ეფექტურ გადაჭრას და საყურადღებო საკითხების მიმართ უზრუნველყოფს მრევლის ინფორმირებას. ინტერრელიგიურმა ჯგუფმა არ უნდა დაუშვას საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა და სათანადო რეაგირება მოახდინოს გარე ძალების ზემოქმედებაზე მორწმუნეებს შორის შუღლისა და დაპირისპირების გაღვივების მცდელობებისთვის."

"ახალგაზრდა ადვოკატებს" საქართველოს მთავრობის მიმართ შემდეგი სახის რეკომენდაცია აქვთ:

"საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თანაზომიერი, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ ლახავს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს და სრულად იცავს რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას. საქართველოს მთავრობის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დასმა 2012 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და 2013 წლის აგვისტოს რელიგიურ ნიადაგზე წამოჭრილ დავებში, ყველა კანონდამრღვევი პირის გამოვლენის მიმართულებით. დაუშვებელია შერჩევითი დამოკიდებულება, რომელიც, პრობლემის განმუხტვით, ვერ უზრუნველყოფს საკითხზე სამართლიანობის აღდგენას. ამასთან, მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა აღარ მოხდეს, კონკრეტულ რეგიონებში რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევა, რათა აღარ მოხდეს ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა განხილულ შემთხვევებში."

(გამოყენებულია "ინტერპრესნიუსის" ფოტო)




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...