მერიელების პრინციპულობას, შესაძლოა, "ქვიშის გენერლის კარიერა" ემსხვერპლოს

მთავარი თემა

მერიელების პრინციპულობას, შესაძლოა, "ქვიშის გენერლის კარიერა" ემსხვერპლოს

2011 აგვ 1 23:51:58
ადგილობრივი მოსახლეობა, ამ ფაქტის გამო, შეშფოთებულია და როგორც ისინი აცხადებენ, უკიდურესი ზომების მიღებას აპირებენ. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, აქ ჩინელი, ინდოელი თუ მკვიდრი ქართველი მფლობელის შემოსვლა, ერთი მაღალი თანამდებობის პირის თანხმობის გარეშე, არ ხდება. ვინ არის "ქვიშის კარიერების გენერალი" და რატომ არ უფრთხის იგი ბუნებისა და ხალხის რისხვას? სანამდე უნდა ითმინოს მოსახლეობამ, რომელსაც საყანე ფართობები წყალმა უკვე წაართვა და ადვილი შესაძლებელია, მალე სახლკარიანად "ყლაპი" უყოს ადიდებულმა ნატანების წყალმა?

მერიელებმა "გურია ნიუსს" განცხადებით მიმართეს: "ჩვენი სოფლის პრობლემა ძალიან მწვავეა: მას შემდეგ, რაც მდინარე ნატანებში ქვიშისა და ხრეშის მოპოვება დაიწყეს, წყალმა შეიცვალა კალაპოტი, წაიღო რამდენიმე ჰექტარი მიწის ფართობი და ყველა ადიდებისას, იგივე მეორდება. მდინარისგან წართმეულ მიწის ნაკვეთზე არ მიგვიღია არანაირი კომპენსაცია. ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად, დროებით სარგებლობაში გადმოგვცეს ყოფილი აეროდრომის მიწები, ყოველგვარი გაფორმებისა და ხელშეკრულების გარეშე. ამ მიწების საკუთრებაში მიღების საკითხი დღესაც გაურკვეველია. გვეუბნებიან, რომ ამ მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს კერძო საკუთრების აქტი, რომელიც მხოლოდ ერთ პიროვნებაზეა დაკანონებული. ეს არის იმავე მიწის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. აქ არსებული კარიერი ყველაზე დიდ საშიშროებას სოფლის სასაფლაოს უქმნის. დიდი რაოდენობით ქვიშის ამოღების გამო, მდინარემ სასაფლაოსაც გამოუთხარა ძირი, შეიქმნა საფლავების დაკარგვის საშიშროება. ჩვენი კუთვნილი ფართობებიდან გადის დაუთვლელი კუბური მეტრის მოცულობის ქვა-ღორღი; მოუწესრიგებელი და დაზიანებულია მერია ჴ კონჭკათის ცენტრალური სამანქანო გზა და ღამით გავლაც კი შეუძლებელია. ამ გზით სამი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. მთელი სოფლის სახელით მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება _ გასწორხაზოვანდეს მდინარე ნატანების კალაპოტი, დააკმაყოფილონ დაზარალებული მოსახლეობა, სასწრაფოდ შეწყდეს მდინარე ნატანებზე კარიერებში მოქმედება. ჩვენი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მივმართოთ ქუჩის აქციებს და ჩვენი ძალებით შევაჩეროთ იმ მანქანების მოძრაობა, რომელთაც გააქვთ აღნიშნული ინერტული მასალა. გვითხრან, ვინ ექცევა ასე უდიერად ჩვენს სასიცოცხლო გარემოს? დღეს მიწა ნაწილ-ნაწილ წაგვართვა წყალმა, ხვალ სათითაოდ წაგვიღებს! ამბობენ, რომ სახელისუფლებო ეშელონებიდან ხდება ასე დაუდევარი ქმედება, პრეზიდენტამდე რომ დაგვჭირდეს მისვლა, არ გავჩერდებით", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს სოფელ მერიის მცხოვრებლები აწერენ.

"გურია ნიუსი" ამ განცხადების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ჩავიდა და მცხოვრებლებს ადგილზე გაესაუბრა.

შოთა ვასაძე, სოფელ მერიის მკვიდრი: _ 40 ჰექტრამდე საყანე ფართობი წაღებულია და ალბათ, აწი მეტს წაიღებს; საინტერესოა, აქვთ აღებული ლიცენზიები ამ კარიერების მეპატრონეებს?! ლიცენზიას რომ აძლევენ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მთელი ახლომდებარე ტერიტორია გადათხარონ და ველურებივით მოექცნენ გარემოს? თუ 50 ჰექტარი საყანე ფართობი კიდევ წაიღო წყალმა, ხალხი მშიერი დარჩება. ეს ადგილებია "ნაკარვალი" და "ნაშუები." კონჭკათის საზღვრამდეც გვაქვს ფართობი "ნაწისქვილარი". ამბობენ, ეს კარიერი ჩინელებისააო. 200 მანქანას რომ ხრეში მიაქვს, ვითომც არაფერი და ჩვენ, ადგილობრივებს მიცვალებულის სასაფლაოსთვის რომ ერთი ურიკა ხრეში დაგვჭირდეს, უფლებას არავინ მოგვცემს ამოვიღოთ. რომ დაგვინახონ, ჯარიმა არ აგვცდება. არ შეიძლება, სოფელს ერთი ჰექტარი ფართობი გამოუყონ კარიერის სახით? აი, დადექით აქ, ცენტრალურ გზაზე და 20 წუთში 35 მანქანას მაინც ნახავთ დატვირთულს, ავტობანი კეთდებაო "ციცინათელასთან" და იქ მიაქვთო, _ ამბობენ. ჩვენი ლაპარაკი არავის ესმის. "ქვიშის გენერლის" ვინაობა ჩემთვის უცნობია, თუმცა იგი არსებობს და ხალხის გასაჭირს აინუნშიაც არ აგდებს. დაგვეხმარეთ, რომ ეს თავგასულობა შეწყდეს, ერთს აშენებენ და მეორეს ანგრევენ?!

თედო ვასაძე: _ ყველაზე დიდი საშიშროება და საშინელება ის არის, რომ ჩინელების კომპანიაა ჩამდგარი ჩვენს კარიერებში. მე გეტყვით კონკრეტულად ჩემი გაჭირვების შესახებ. ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, სარგებლობაში მქონდა 3000 კვადრატული მეტრი საყანე მიწის ფართობი. რაც კალაპოტი შეიცვალა წყალმა, გადმოვიდა და ჩემი ყანა დარჩა გაღმა ნაპირზე. საკუთარი ტერიტორიაა ეს, შუალედური აქტით გაფორმებული. ასეთ მდგომარეობაშია 12 ოჯახი. წყლის გადაღმა დარჩენილია მოსახლეობა, გამოღმა კი მათი კუთვნილი ფართობები, რომლითაც ვეღარ ვსარგებლობთ. ეს არის, ალბათ, 3 ჰექტრამდე ფართობი. ამ ადგილს "ნაწისქვილარს" ეძახიან; ვისაც არ ვკითხეთ, თუ რა ბედი გველის, ყველა "არ ვიცის" გვეუბნება; ასეთი განუკითხაობა შეიძლება? დგანან ახლა ჩინელები მდინარეში წითელი ტრაქტორებით, თხრიან და იღებენ ამ ქვიშას. ჩინელების უკან კი "ქვიშის" გენერალი დგას, როგორც უსაფრთხოების გარანტი.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიმართეთ დახმარებისთვის?

_კი მივმართეთ, მაგრამ ყველამ კარგად იცის საქმის არსი: აქ იყო სამხედრო "გარადოკი", რომელიც დაიშალა. ახლა იმ ტერიტორიაზე არის ფართობი, ჩვენი მუნიციპალიტეტი ადგა და დროებით სარგებლობაში ვითომ დაგვათესინა ყანები. ვეუბნებით, ან მოგვეცით ან გაგვიფორმეთ სანაცვლოდ-თქო. ეს თავდაცვის სამინისტროსაა და ჩვენ არ გვეხებაო, _ გვპასუხობენ. მოკლედ, არც აქეთ ვართ და არც _ იქით. ახლა იძახიან, ვითომ, ეკონომიკის სამინისტროს გადავეცით და შესყიდვები წავაო. როგორია, ჩემს კუთვნილ მიწაზე ვიღაცამ ხრეში ამოიღოს და ყიდოს?! ნახეთ, ახლა რამდენი ტრაქტორი მიდის და ყველა ჩვენს წყალში ჩადგება! დღეში, მინიმუმ, 1000 კუბური მეტრი ხრეში გადის ჩვენი სოფლიდან. ამგვარი დამოკიდებულების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, დამიჯერეთ, 4 ან 5 წელიწადში მდინარე დაბლა ჩაიტანს. ახლა ლაითურშიც გახსნეს ახალი კარიერი და ქვის სატეხი. სასაფლაოსთვის ხრეში რომ ავიღოთ, ჯარიმა არ აგვცდება. ყველა შეშინებულია. ჩვენს მიწაზე ამის უფლება აღარ უნდა გვქონდეს?! ისედაც გაქურდულია სასაფლაოები _ თუკი სადმე სპილენძი და ალუმინი იყო, ყველგან მოხსნილია. რა გვეშველება, არ ვიცით, წაგვიღებს წყალი, რაიმე თუ არ ვიღონეთ.

ფიქრია მაღრაძე: _ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ვერაფერს გავხდით ამ კარიერებთან დაკავშირებით. უკიდურეს ყოფაში ვართ, არავის ჩვენი არ ესმის, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ყანაა გლეხის სიმდიდრე და იმასაც გვართმევენ. წაიღო წყალმა ყველაფერი და რეაქცია არ აქვთ. რამდენი თვე ვირბინეთ გამგეობაში, რომ რაღაცისთვის მიგვეღწია. ვითხოვეთ, რომ იქნებ, დროებით სარგებლობაში მოეცათ აქ არსებული საყანე ფართობი, რადგან ვიცოდით, რომ ეს მიწა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და არავინ ისე არ მოგვცემდა. ჩვენი კუთვნილი მიწები წაგვართვეს და სანაცვლოს ვითხოვდით. ახლა გავიგეთ, რომ ეს საყანეები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. მოვითხოვეთ, რომ თუკი გაიყიდებოდა აუქციონზე, მოეცათ გარკვეული რაოდენობით. თუმცა, უარი მივიღეთ. შევაწუხეთ ჩვენი სოფლის რწმუნებული და დეპუტატიც, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს საქმე ადგილიდან არ იძვრის. გამოგვითხარეს ძირი, წაგვართვეს მიწა, წყალი, აქ არ გაეკარო, იქ არ გაეკაროო, ესაა საქმე?! განადგურებულია სოფელი, არ გვაქვს საბალახო... მერია ისედაც მცირემიწიანია. მე, მაგალითად, მომცეს 8000 კვ. მეტრი მიწა და წყალმა იმდენი წამართვა, 3500კვ. მეტრიღა დამრჩა... არავინ ამაზე პასუხის გამცემი არაა. მართლაც, უკიდურესად გაჭირვებულია მთელი სოფელი.

"ხალხს ხელი ჩაქნეული აქვს _ ძალიან ბევრი გვაქვს ამ საქმეზე ნარბენი, მაგრამ ვერ გავიგეთ პასუხი. ჩვენი სოფლის რწმუნებულის მადლიერები ვართ, რაც შეუძლია, გვერდით გვიდგას, რაც არ შეუძლია, რა ქნას?! მოგვაქციოს მთავრობამ ყურადღება. ნეტა, ისე ჩაგვწერდეთ, რომ ამას პრეზიდენტს მოასმენინებდეთ! მიაწვდინეთ ხმა, ძალიან გთხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. რა გახდა ეს გურია, რატომ შესძულდა ასე პრეზიდენტს?! შევარდნაძე იყო გურული და ვძულდით, სააკაშვილია და გურია საერთოდ არ აინტერესებს. გამოვალთ მთელი მოსახლეობა და ქუჩას გადავკეტავთ; ეს არ არის პოლიტიკური აქცია _ ჩვენი თავი გაგვჭირვებია და პოლიტიკა არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ ჩვენსას _ დაგვიბრუნონ ჩვენი კუთვნილი მიწა-წყალი. აი, თუნდაც ამ პეპლებს გადაუღეთ, ერთხელაც რომ არ შეუწამლიათ! ერთ რამეს ძალიან გთხოვთ: ჩვენი პრობლემები ფართოდ და მწვავედ გააშუქეთ. მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს კარიერებზე ქვიშის ამოღება. არ გვაპატიებს ჩვენ ბუნება არაფერს და ამიტომ, ვერც ჩვენ ვაპატიებთ ვიღაცას, უკანონოდ და თავხედურად გადაგვითხაროს გარემო. თუნდაც კანონიერი და ლიცენზირებული იყოს, არ გვაინტერესებს _ შეჩერდეს ქვიშა-ხრეშის ამოღება! პატარა ხანში მერიაში სასაფლაო აღარ იქნება და აღარც მიცვალებულები გვეყოლება. ნახეთ, წამოდით, სასაფლაოს მიწა რა მდგომარეობაშია _ წყალმა გამოუთხარა ძირი და სულ გადმოკიდებულია საფლავები. ადამიანს რომ საფლავებს წაართმევ, ამაზე დიდი უბედურება რა არის?!" _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბარში სოფელ მერიის მცხოვრებლები.

"გურია ნიუსთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის რწმუნებული ვაჟა ჩანჩიბაძე არსებული რთული ვითარების შესახებ საუბრობს:

_ სოფელ მერიაში ოდითგანვე იყო კარიერი, მაგრამ მოპოვებას ასეთი მასიური სახე არ ჰქონდა. ეს ორი წელია, რაც პიკს მიაღწია; ადრე ქვის სამტვრევიც იყო, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა, ახლა კი საშიშროება, რაზეც ხალხი საუბრობს, ნამდვილად არსებობს. თქვენც ნახეთ, გადაიღეთ და ხართ იმის მომსწრე, როგორ აქვს შეცვლილი მდინარეს კალაპოტი; მდინარე უნდა გასწორხაზოვანდეს. ჩემი ინფორმაციით, 30-დან 40 ჰექტრამდე საყანე ფართობია წაღებული. რა თქმა უნდა, კიდევ ს 50 ჰექტარსაც წაიღებს თუ ასე გაგრძელდა... სოფლის მეურნეობა საყანე ფართობის გარეშე შეიძლება? გლეხმა რა ქნას?

_ თუ გქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი?

_კი, მქონდა. მივედი გია ტაკიძესთან. დახმარება აღუთქვა მოსახლეობას საკუთრებაში მიწის კანონიერად დამტკიცებაში. დაკანონების შემდეგ, საკუთრებაში ვინმეს ჩაუშვებთ? იმიტომ გახსნეს იქ კარიერი, რომ ოფიციალური საბუთი ვინმეს კუთვნილების შესახებ არ არსებობს; თუ დაკანონების შემდეგ კიდევ მოხდება მსგავსი რამ, საფუძველი ექნება მოსახლეობას სასამართლოს მიმართოს. დავეთანხმები ხალხის მოთხოვნებს. მოსახლეობას არ აქვს იმის უფლება, რომ მივიდეს და თვითნებურად ამოიღოს ქვიშა, ამისთვის დაჯარიმდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში გურამ ბერძენიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაცემულია 44-მდე ლიცენზია:

_ ძირითადად, მოქმედი ლიცენზიები გაცემულია მდინარე ნატანებზე. ლიცენზიებს, როგორც წესი, ახლავს ნებართვა ქვიშა-ხრეშის მოპოვების თაობაზე. ასევე, ახლავს ტოპოგრაფიული რუკა, სადაც მითითებულია ლიცენზიის მოპოვების ადგილი და სამთო მინაკუთვნის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია ლიცენზიანტის მუშაობის სქემა სამთო მინაკუთვნის ადგილზე. მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ეს არის წყალდაცვითი ზონის ხელშეუხებლობის პირობა, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონით წყლის შესახებ. სამთო მინაკუთვნის პროექტი კრძალავს მდინარიდან პირდაპირ ხრეშის ამოღებას, რაც დღეს ლიცენზიანტების მიერ ფართოდაა გამოყენებული. მოგეხსენებათ, რომ ხრეშის მდინარიდან ამოღების გამო, იცვლება კალაპოტი, წყალი იტაცებს მის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და ფაქტობრივად, აზარალებს მოსახლეობას, როგორც ეს მოხდა სოფელ გურიანთასა და სოფელ მერიაში. დაზარალებული მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ხელთ აქვს მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, იმ მიწისა, რომელიც ფაქტობრივად მიტაცებული აქვს მდინარეს და რეალურად აღარ არსებობს. ხშირად ირკვევა, რომ ლიცენზიანტი, რომელმაც სხვა ლიცენზიანტისგან შეიძინა ქვიშა-ხრეშის მოპოვების ნებართვა, არ ელოდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ლიცენზიის შეძენასთან დაკავშირებულ პროცედურებს და იწყებს ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, _ გვითხრა გურამ ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, კომპანია "ბლექ-სი გრუპმა" ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, განახორციელა როგორც ოზურგეთში, ასევე სოფელ ლიხაურში ქვიშა-ხრეშის მოპოვება, რომელსაც თან სდევს ისეთი თანმდევი დარღვევები, როგორიცაა წიაღისეულის გადატანისას, სატრანსპორტო საშუალებებით ასფალტის საფარის და რკინიგზის გადასასვლელების დაზიანება, ავტომაგისტრალების დანაგვიანება, რაც მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას იწვევს. უფრო მეტიც, დგანან ყველაზე დიდი საშიშროების წინაშე _ ერთმევათ მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც მათ საარსებო წყაროს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, ოზურგეთში კიტა მეგრელაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად ქუჩა გადაკეტეს: "კარიერზე მომუშავე მანქანებმა დააზიანეს და ბოლო მოუღეს გზას _ 40-ტონიანი მანქანები დადიან და წყლის მილებიც ამის გამო დასკდა. ახლა "დრაბილკა" (ქვის გადამამუშავებელი საამქრო) დადგეს ქუჩის ბოლოს და მტვერიც გვახრჩობს", _ ამბობდნენ "გურია ნიუსთან" საუბარში მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებლები; სწორედ ამ დროს გაჟღერდა ამ ფირმის სახელიც.

გაზეთი "გურია ნიუსი" შპს "ბლექ-სი გრუპის" წარმომადგენელს თენგიზ გოგიშვილს ტელეფონით დაუკავშირდა (საუბრის სტილი დაცულია):

_ ბატონო თენგიზ, გაქვთ თუ არა ლიცენზია, რომლის საფუძველზეც გაქვთ უფლება მოიპოვოთ ქვიშა-ღორღი?

_ გვაქვს.

_ შეგიძლიათ, გვაჩვენოთ?

_ რატომ უნდა გაჩვენოთ? მიბრძანდით და მოიპოვეთ.

_ სად მოვიპოვოთ, იქნებ გვასწავლოთ?

_ იმ ორგანიზაციაში, ვინც გასცემს ლიცენზიებს. მიმართეთ გარემოს დაცვას.

_ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თქვენ არ გაქვთ ლიცენზია და მხოლოდ ბრძანების საფუძველზე მუშაობთ.

_ თქვენ საიდან იცით და ვინ გითხრათ?

_ ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია და წყაროს ნამდვილად ვერ დაგისახელებთ.

_ გეკითხებით, ვინ გითხრათ? მე გეუბნებით, რომ მაქვს ლიცენზია. მიმართეთ გარემოს დაცვის ორგანიზაციას. უნდა მოიპოვოთ იქ. რადგანაც ასეა, თქვენ ინფორმაციებს მოიპოვებთ, ესეც მოიპოვეთ.

_ მაშინ თუ შეიძლება, დაგვიკონკრეტეთ ზუსტად, სად გაქვთ კარიერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

_ ეგეც იმათ ეცოდინებათ.

_ თქვენ არ იცით?

_ მე ვიცი, მაგრამ თქვენ არ გეუბნებით, როგორც თქვენ არ გვეუბნებით წყაროს, ვინც ეგ გითხრათ. საიდუმლო ორგანიზაცია ვართ და ამიტომ არ გეუბნებით.

_ საიდუმლო ორგანიზაცია რას ნიშნავს?

_ საიდუმლო ორგანიზაცია, ანუ არავის არ უნდა უთხრას, სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, სად აქვს კარიერი, სად და როგორ აკეთებს... თქვენ გაზეთიდან ბრძანდებით და ასე რომ, ეგაა. თქვენ, ალბათ, ამ საუბარსაც დაწერთ.

_ კი, რა თქმა უნდა.

_ მაშინ მეორეჯერ არ დამირეკოთ, რა. მეორეჯერ არ დარეკოთ საერთოდ, _ საკმაოდ მკაცრი ტონით გვითხრა თენგიზ გოგიშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის უფროსი, ნიკოლოზ ნოზაძე ოზურგეთში არ იმყოფებოდა და ტელეფონით დავუკავშირდით.

_ ბატონო ნიკოლოზ, გვაინტერესებს, აქვს თუ არა ლიცენზია შპს "ბლექს-სი გრუპს?"

_ არ ვარ სამსახურში და ასე როგორ გითხრათ? უნდა ჩავიხედო, ასე ზეპირად არ მახსოვს, ვის აქვს და ვის არა ლიცენზია. რომ გითხრათ, რომ არ აქვს და აღმოჩნდეს მერე რომ ჰქონია, უხერხულობაში ჩავვარდებით, ორშაბათს შეგხვდებით.

რამდენიმე წუთში ნოზაძე თავად დაგვიკავშირდა და გვარწმუნებდა, რომ შპს "ბლექს-სი გრუპს" ლიცენზია აქვს:

_ იცით რა, "ბლექ-სი გრუპს" ლიცენზია აქვს.

_ მაშინ ისიც გვითხარით, სად შეგვიძლია მოვითხოვოთ ლიცენზიის ასლი.

_ მაგათმა უნდა გაჩვენოთ.

_ "ბლეს-სი გრუპის" წარმომადგენელი უარს აცხადებს და ამბობს, რომ ლიცენზია თქვენ უნდა გვაჩვენოთ.

_ მაგათ აქვთ ლიცენზია, ვიკითხე.

_ სად იკითხეთ?

_ ჩემს თანამშრომლებს შევეკითხე.

_ თქვენ შეგიძლიათ გვაჩვენოთ ლიცენზია?

_ წერილის სახით... ვერ გეტყვით. უნდა მოვიძიო(?!).

_ ანუ მოიძიებთ და გვაჩვენებთ?!

_ კი, _ შეგვპირდა ნოზაძე, ისე რომ "საბუთებში არ ჩაუხედავს".

ჩვენ ოფიციალურად, წერილობით გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს, ისევე როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 44-მდე კარიერში მომუშავე ფირმების ლიცენზიებს და თემას ისევ დავუბრუნდებით.




 ახალი ამბები
  • "ლაჩარი, არარაობა" - ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს პასუხობსეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ბესელია ე.წ. ვირთხაა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან "ოცნებიდან" ინფორმაცია გაჰქონდა. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლაჩარი და არარაობა უწოდა. ბესელია ბიძინა ურჩევს, რომ თუ მას ვანო ზარდიაშვილის მსგავსი სპიკერები სჭირდება, მის მოთმინებას ნუ გამოცდის. „ოცნებიდან“ წასული დეპუტატი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე მას ახლა უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე აქამდე ... ...
  • "ზარდიაშვილმა, დღეს აღიარა ჩემი ფარული მიყურადების ფაქტი" - მელაძე "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, ვანო ზარდიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ბესელიაზე "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება. "დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, "რუსთავი 2'-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც "კურიერისთვის" მომზადდა, მათ შორის "ქართული ოცნების" დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე. ამ ინტერვიუთი დგინდება. 1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართველი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება. 2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ, რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება. 3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუს-ი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს, პრაქტიკულად, აღიარა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი. პ.ს. ანუ ეთერში 100% სიზუსტით ვყვებოდით ყველაფერს, რომ ამტკიცებდით იგონებთო", _ წერს ... ...
  • ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება - პაატა სალია განმარტებებს აკეთებსსტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა. სალიას განცხადებით,  იუსტიციის სახლს, არანაირი საფუძველი არ ჰქონია იმისათვის, რომ არ აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. სალია ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია. "პირველ რიგში, შეგახსენებთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის სარჩელი და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების, ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი განმარტების, რომ "რუსთავი 2"-ის სარჩელი, რომელზე დაკავშირებითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შეგახსენებთ, ყველას, რომ ეს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო და არსებობდა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების საფრთხე. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა და გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობდა. მართალია, უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული თავის დროზე სასამართლოს მიერ, ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა, მოგეხსენებათ ალბათ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობის ან არსებითი განხილვისას. შესაბამისად, განიხილა რა, "რუსთავი 2"-ის სარჩელის დასაშვებობა სასამართლომ, მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები. სასამართლომ ასევე, გადაწყვეტილებაში, სადაც შავით თეთრზე წერია, მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე, მიღებული წერილი იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ჩვენი მოქმედება პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერცერთი ის პირი, ვინც დღეს კომენტარები გააკეთა, ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს", _ განაცხადა პაატა ... ...
  • "ეკა ბესელია იყო მელაძესთან მიბმული ვირთხა, რომელსაც გაჰქონდა ინფორმაციები" _ ზარდიაშვილი"დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან ინფორმაციები", _ ამის შესახებ ოცნების დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა. ზარდიაშვილის თქმით, ბესელიას საბოლოოდ ჩამოეხსნა ნიღაბი. „ის ინფორმაციების გაჟონვა, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ხდებოდა ხოლმე უკვე დადგენილია. ჩემი აზრით, უკვე უდავოა ეს ფაქტი. ეს იყო ეკა ბესელია. მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან, რომლის მეშვეობითაც ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია. ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს. იმ ცნობილი უმრავლესობის სხდომიდან, სადაც ეკა ბესელიასთან მიმართებაში დაისვა კორუფციასთან მის სიახლოვესთან კითხვები, რატომღაც იმ უმრავლესობის სხდომაზე ამ ინფორმაციას არ გაუჟონია. მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, რომ ვითომ ირაკლი კობახიძემ მოუხადა ეკა ბესელიას ბოდიში. არადა იმ შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბესელიას, კორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. რატომღაც ამ ინფორმაციამ არ გაჟონა. შესაბამისად, არ აწყობდა ეკა ბესელიას ამ ინფორმაციის გაჟონვა და უკვე ნათელია, რომ აქამდეც ყველა ინფორმაცია უმრავლესობის სხდომიდან და მიმდინარე პროცესებიდან გაჰქონდა ეკა ბესელიას. ნოდარ მელაძის საშუალებით. "რუსთავი 2"-მა იცოდა შიდა მიმდინარე პროცესები და ყველაფერი ჟონავდა. დასტურდება, რომ ეკა ბესელია იყო ნოდარ მელაძესთან მიბმული ე.წ. ვირთხა, რომელსაც გააქვს ხოლმე შიგნიდან ინფორმაციები. საბოლოო ჯამში, ნიღაბი ჩამოეხსნა ამ ქალბატონს, რომელიც როგორც გუნდის შიგნით, ასევე გუნდის გარეთ მხოლოდ კორუფციული ინტერესებიდან მოქმედებს და მას სხვა ინტერესი არ გააჩნია. მან ქვეცნობიერად ვერც კი გაიგო, თავის პარტიის ფერად აირჩია დოლარის ფერი და ასე ეხვეწება თემიდას, რომ იქნებ ფული აშოვნინოს, მაგრამ ვერ მიიღებს ეკა ბესელია სასამართლოდან ფულის შოვნას. მისი სახე არის ნათელი“, _ განაცხადა ვანო ... ...
  • "მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება" _ ბესელია შსს-ს ინფორმაციაზედეპუტატმა ეკა ბესელიამ შსს-ში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. ბესელიას თქმით, მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით „მგონი ცოტა მეტი სერიოზულობაა საჭირო, ვიდრე ასეთი სატყუარების გადაგდება, რადგან სომხეთის ციხეში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე რამდენიმე თვეა, ვიცოდით. მახსოვს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა ინტერვიუ სწორედ ამ პატიმართან, რომელიც ძალიან უცნაურ რაღაცებს ამბობდა. არ ვიმეორებ იმ ფრაზებს, რაც მაშინ თქვა, რასაც და ვისაც ასახელებდა. მაშინ ეს არავინ ჩათვალა სერიოზულად. ამ პატიმრის თაობაზე ცნობილია რამდენიმე თვეა, აქამდე მაშინ რატომ არ იყო მისთვის ბრალი წარდგენილი? როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი, მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება, დაეკითხათ ეს პატიმარი, რაც ასევე უცნაურია, რატომ არ მისცეს ამის უფლება საქართველოს მხრიდან გამომძიებელსა და პროკურორს. რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე იყო თუ არა სომხეთიდან რაიმე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა. მთავარი კითხვა დავსვი, იყო თუ არა ეს პირველი წყარო, საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება და მითხრეს, რომ ეს არ არის პირველი წყარო და რომ პირველწყაროს ვერ ადგენდნენ. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ? მე ახალი არაფერი მომისმენია პირადად. ამ პატიმრის თაობაზე ვიცოდი. გამოძიებასთან მაქვს კითხვა, ამდენი თვის განმავლობაში ბრალი რატომ არ ჰქონდა წარდგენილი, თუ ადასტურებდა ეს ადამიანი, რომ მან უკანონოდ გაავრცელა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ შსს-მ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრარში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის ... ...

არქივი

ზაფრანი

რა თანხას ითხოვენ ვარსკვლავები ავტოგრაფის სანაცვლოდ

ბრიტანულმა გამოცემამ "Daily Mail" ვარსკვლავების...

„დაწყევლილი” ნახატები

1) სვეტლანა ტელეცის - “წვიმის...

ანჯელინა ჯოლის ბრძოლა სიგამხდრესთან

ჟურნალ "ვოგის" ცნობით 44 წლის...

საუკეთესო საყვარლები ესპანელი მამაკაცები ყოფილან

სხვადასხვა ქვეყნის 15 ათასი ქალის...

ქალებს მამაკაცებში ინტელექტი და ცნობადობა იზიდავთ

ცოტა ხნის წინ რამდენიმე ევროპულმა...
კარმიდამო ჩემი

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...