"საქართველო ჰგავს კოოპერატივს, რომელიც დარეგისტრირებულია ღარიბაშვილის სახელზე და მართავს ივანიშვილი"

მთავარი თემა

"საქართველო ჰგავს კოოპერატივს, რომელიც დარეგისტრირებულია ღარიბაშვილის სახელზე და მართავს ივანიშვილი"

2014 ნოე 8 02:32:55

ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე დუღილის მაღალი ტემპერატურის გავლენა ლანჩხუთში მკაფიოდ იგრძნობა. კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" დემარშზე და თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი ვთხოვეთ ლანჩხუთში მოქმედი სხვადასხვა პარტიის ლიდერებს.

დავიწყოთ ლანჩხუთელ "თავისუფალ დემოკრატთა" თავკაცის, ელგუჯა ჩხაიძის კომენტარით:

_ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანა დაემსგავსა კოოპერატივს, რომელიც დარეგისტრირებულია ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე და რომელსაც რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი. მინდა გამოვეხმაურო ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ, თურმე, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის. პირიქით, ჩვენ არჩევანი პრივილეგიებსა და სახელმწიფოს შორის გავაკეთეთ, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.

მიმაჩნია, რომ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც მან გააკეთა განცხადება საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დაყენების აუცილებლობის შესახებ. ჯერ კიდევ მაშინ, გარკვეულმა ძალებმა ღიად დაადანაშაულეს თავდაცვის მინისტრი უპასუხისმგებლობაში. განსაკუთრებით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო უკმაყოფილო, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ეს არ იყო მასთან შეთანხმებული და თავდაცვის მინისტრმა შეცდომა დაუშვა. ცხადზე ცხადია, რომ აღნიშნული სისტემა ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, ჰაერივით სჭირდება ქართულ არმიას. ეს ნათლად დაგვანახა 2008 წლის აგვისტოს ომმაც და ვერ გამიგია, რა იყო ალასანიას ამ განცხადებაში მიუღებელი. მართალია, რუსეთისთვის მართლაც მიუღებელი იყოეს , მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც სჭირდება, ის უნდა იყოს უპირველესი. თანაც, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზეა საუბარი და არა ისეთი იარაღის შეძენაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თუნდაც მეზობელ ქვეყანას.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტიის პოზიციას, ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით _ პარტიის წევრები ჯერ არ შევკრებილვართ და ჩვენი პოზიცია არ შეგვიჯერებია. მე, პირადად, მზად ვარ, გავიდე კოალიციიდან. სხვათა შორის, იმ ფრაქციას, რომლის თავმჯდომარეც საკრებულოში მე გახლავართ, თავიდანვე ერქვა "თავისუფალი დემოკრატები" და არა "ქართული ოცნება _ თავისუფალი დემოკრატები", როგორც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.

_ გავრცელდა ინფორმაცია "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ორგანიზაციიდან ნუგზარ ცინცაძის (გამგებლის მოადგილე), ლია ნიკოლაიშვილის (გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი) და გურამ იმნაიშვილის (გამგებლის წარმომადგენელი მაჩხვარეთში) გასვლის თაობაზე.

_ ვერაფერს გეტყვით, ჩემთან არც ერთს აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ჰქონია. რაც შეეხება ლია ნიკოლაიშვილს, ის არასდროს ყოფილა პარტიის წევრი და რა წასვლაზეა საუბარი?

_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" "ნაციონალებს" წაართვეს მთავარი პროდასავლური ორიენტაციის მქონე ოპოზიციური ძალის სტატუსი?

_ თავიდანვე, კოალიციაში ექვს სუბიექტს შორის განსხვავება იყო პოლიტიკურ ხედვაში. ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ ბევრჯერ გაამახვილეს ყურადღება "ქართული ოცნების", როგორც მემარცხენე ძალის შესახებ, მაშინ, როცა ჩვენ და "რესპუბლიკელები" აშკარად სხვა შეხედულებებს ვიზიარებდით. მიმაჩნია, რომ დიახ, ამერიკამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ ჩაანაცვლა თავისი დასაყრდენი ძალებით.

_ რა ნაბიჯებს ელით "რესპუბლიკელებისგან"?

_ ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ერთი ცხადია _ თუ ისინი დარჩებიან კოალიციაში, არ მგონია, ყველაფერში დაეთანხმონ თანაგუნდელებს. დღესდღეობით, პრემიერი ირწმუნება, დასავლური გზიდან არ გადასულა ქვეყანაო. ასე ამბობდა თავის დროზე ნინო ბურჯანაძეც, დასავლეთის სიყვარულით გულზე მჯიღებს იცემდა და მალე პუტინს ჩაეხუტა, ახლა კი თანამშრომლობაც შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს.

ვახტანგ ზენაიშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი:

_ ეს არ არის დღევანდელი დღის თემა, ეს კარგა ხნის დაგროვილი პრობლემაა და "ქართულ ოცნებასთან" ფასეულობათა ცვლილებებში გადაიზარდა. რამდენადაც მახსოვს, ბატონმა კახი კალაძემ თავის დროზე ბრძანა, რომ ჩვენ ვართ მემარცხენე სოციალისტური ძალა, "თავისუფალი დემოკრატები" კი _ მემარჯვენეო.

ჩვენს პარტიას არასდროს განუცხადებია, რომ პროკურატურის შემოსვლას და შემოწმებას ეწინააღმდეგება. საუბარია პროკურატურის ქმედებაზე, გამოხატულ პროტესტზე. მიმაჩნია, რომ კოალიციას მისი ერთ-ერთი სუბიექტის ეს პროტესტი უნდა გაეთვალისწინებინა. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი მნიშვნელოვანი ვიზიტით იმყოფებოდა უცხოეთში, არ უნდა ხდებოდეს ასეთი პრობლემების გასაჯაროება. როცა საუბარია დასავლური არჩევნის საფრთხეზე, აქ მხედველობაში არაა ბოლო მოვლენები, ეს უფრო სხვა ფასეულობებზე შეიძლება ითქვას. ისე გამოდის, რომ ჩვენთან დასავლური ფასეულობები ვერ იკიდებს ფეხს, როცა მოსახლეობაში თანდათან ინერგება ანტიდასავლური განწყობები. ხელისუფლება ახდენს ე. წ. სოციალური თანასწორობის პრინციპის წახალისებას და ეს უფრო ბოლშევიკური მიმართულებაა. მთელი ლიბერალური ცივილიზაცია თვლის, რომ ქვეყნის დემოკრატია დგას ერთ მთავარ საყრდენზე, რასაც სასამართლოს დამოუკიდებლობა ჰქვია, სხვა დანარჩენი მისი თანმხლებია. სანამ ამას ვერ მივაღწევთ, ყოველთვის იქნება სხვადასხვა ძალოვანი უწყების პოლიტიკური ნიშნებით გამოყენების ეჭვის საფუძველი.

ევროპული კურსიდან გადახვევაა ის, რაც, თუნდაც, ჩვენს მუნიციპალიტეტში ხდება. დასანიშნი კადრების სიას უშიშროების სამსახური რომ ცხრილავს და იქედან სასურველ კანდიდატურას ავტოკალმით ხაზავს. ეს არაა ბოლშევიკური მიდგომა? როდესაც არჩეული გამგებელი, გუბერნატორის ზეწოლის გამო, ვერ ახერხებს მოადგილის დანიშვნას, როცა პარლამენტში თვლიან, რომ ლანჩხუთი "დემოკრატების ბუდედ" იქცა, როცა ტოტალური მოსმენები ხორციელდება ყველგან, ეს არაა ევროპული გზიდან გადახვევა?

_ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს კულისებიდან. რას იტყვით ამის შესახებ?

_ ეს განცხადება, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ უმჯობესია, თავად პრეზიდენტმა დააკონკრეტოს, თუ რას ან ვის გულისხმობს ამ განცხადებაში. თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს, მინდა განვაცხადო, რომ ბატონ ბიძინას დიდი ავტორიტეტი აქვს ქვეყნის პოლიტიკური მოვლენების განვითარებაში და მისი პოლიტიკური კაპიტალით ყოველთვის ჩაერევა გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენებში.

_ აპირებთ თუ არა პოსტის დატოვებას?

_ მიმაჩნია, რომ დიდი პოლიტიკის გადატანა ადგილებზე კარგს არაფერს მოიტანს. რამდენად სრულყოფილია დღევანდელი თვითმმართველობა, ეს სხვა საკითხია. ნებისმიერ შემთხვევაში, არ მგონია, "თავისუფალი დემოკრატების" წევრობამ ხელი შეუშალოს ვინმეს სოფლებში გზების გაყვანაში, ნათურების გამოცვლაში თუ ნაგვის ურნების დადგმაში. ადგილებზე სერვისების გახორციელებაში, არ მგონია, აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყოს არა მარტო კოალიციაში შემავალ სუბიექტებს, არამედ სხვა პარტიებს შორის. მე, როგორც გამგებლის პირველი მოადგილე, არსად წასვლას არ ვაპირებ და ამავდროულად, ვრჩები იმ ფასეულობების დამცველი, რაც "თავისუფალ დემოკრატებს" გააჩნიათ" .

კახა ასკურავა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:

_ ჩემთვის მოვლენების ასეთი განვითარება მოულოდნელი არ ყოფილა. მოვლენების ფორსირება მოახდინა ირაკლი ალასანიას განცხადებამ ანტისარაკეტო სისტემების განთავსების შესახებ, რომელმაც შოკში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილს პირობა აქვს მიცემული პუტინისთვის, საქართველო არასდროს გახდება ნატოს წევრიო და ეს დიდი დარტყმა იყო უდავოდ. აქედან დაიწყო ყველაფერი და "კაცისკაცსაც" დაევალა ალასანიას დასჯა. თითიდან გამოწოვილი ბრალდებებიც ამიტომ გამოჩნდა.

_ და თქვენ თვლით, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფციასთან არ გვაქვს საქმე?

_ ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ საქმიანი ვიზიტის დროს პროკურატურის ქმედება, პირდაპირი ნიშანია პოლიტიკური დევნის. ეს გზავნილი იყო ალასანიასთვის ივანიშვილის მხრიდან, რომ გადამდგარიყო. ცხადია, ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანი და ოლიგარქის მიზანი ერთმანეთს არ ემთხვევა.

საგულისხმოა ისიც, რომ 5 ნოემბერს პარლამენტში შეტანილ ბიუჯეტის ახალ ვარიანტში თავდაცვის ხარჯები გაზრდილია. ეს კი პირდაპირ მიანიშნებს მათთვის სასურველი მინისტრის დანიშვნის "დამსახურებაზე".

_ ბევრს მიაჩნია, რომ ამ მოვლენების შემდეგ "ნაციონალებმა" დაკარგეს უმთავრესი პროდასავლური ოპოზიციური ძალის ნიშა.

_ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთო ეროვნულ ინტერესებს. ალასანია და "თავისუფალი დემოკრატები" პროდასავლურ ძალებთან თანამშრომლობის გარეშე ვერაფერს მიაღწევენ. "რესპუბლიკელებსაც" იმავე ნაბიჯის გადადგმა მართებთ, სხვა შემთხვევაში, ისინი პრორუსულ ძალებად ჩაითვლებიან და საერთოდ, ეს ორი პროამერიკული ძალა ივანიშვილს ერთგვარ მაკიაჟად სჭირდებოდა ევროპასა და ამერიკასთან ურთიერთობისთვის. აქედან გამომდინარე, ბრძოლას საქართველოს რუსეთის ორიენტაციიდან საბოლოო გამოსვლისთვის ერთი ძალა ვერ მოიგებს, რადგან საქართველოში 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ კოალიციის დამსახურებით სერიოზულად გაძლიერდა რუსული ყაიდის პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები .

_ ანუ, სამომავლოდ თანამშრომლობას არ გამორიცხავთ?

_ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გაერთიანებას არ ვგულისხმობ. ჩვენ სულ სხვა შეხედულებები გვაქვს, მაგრამ იდეის ირგვლივ გაერთიანება გარდაუვალია. სხვა შემთხვევაში, შედეგს ვერაფრით მივაღწევთ.

ბაჩანა კვაჭაძე, "რესპუბლიკური" პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე: " ძალიან გულდაწყვეტილები ვართ მოვლენების ასეთი განვითარებით. "თავისუფალ დემოკრატებთან" დიდხნიანი ურთიერთობა გვაქვს. 2009 წლიდან ორივე ევროპულ-ლიბერალური ინტერნაციონალის წევრები ვართ და იდეოლოგიური ერთიანობა გვაკავშირებს. ჩვენი აზრით, თავის შეფასებებში ირაკლი ალასანიამ ცოტა გადააჭარბა. არა მგონია, ხალხის , დაუკავშიროს საკუთარი მომავალი ევროკავშირს, დღეს ან მომავალში ვინმე წინ აღუდგეს. რაც შეეხება პროკურატურის ქმედებას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გამოძიებას. ბევრმა დაასწრო მოვლენებს და ადამიანები დამნაშავეებად გამოაცხადა, ეს არასწორი ნაბიჯი იყო. რაც შეეხება "რესპუბლიკური" პარტიის მომავალს, ამ დღეებში პარტიის ლიდერმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა კოალიციაში მეტი დემოკრატიულობის მიზნით ცვლილებები რომ არის საჭირო, კოალიციის ყველა სუბიექტი აღნიშნულ შენიშვნებს ითვალისწინებს, ეს იმედს გვიტოვებს, დავრჩეთ იქ, სადაც ვართ".

ჩვენ გვაინტერესებდა "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერის, გოგი ხელაძის პოზიციაც, მაგრამ სამწუხაროდ, ბატონმა გოგიმ ოჯახური პრობლემების გამო ჩვენთან საუბარი ვერ მოახერხა.




 ახალი ამბები
  • "დაბოქლომებას როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები!“ოზურგეთში, არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბიუროს ხელმძღვანელმა, ლაშა ჭელიძემ „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი  გააკეთა: _  დაბოქლომებას  როგორ დავანებებდით?! მათთვის მქონდა სიმბოლური ცოცხები და ბოქლომები, რომ გადამეცა.  მათ შევახსენებ  წარსულს, რომ წორედ ცოცხები და ბოქლომია მათი სიმბოლო. ვუთხარი კიდეც მათ წარმომადგენელეს, ლევან ჩხაიძეს, _   თქვა ... ...
  • "ჩვენ დავბრუნდებით!“ _ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში ხელმძღვანელი პირები არ იმყოფებიანოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები ამ დრომდე იმყოფებიან. აქციის დასრულების შემდეგ, პოლიციელები იმ ადგილს იცავენ, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უნდა შევიდეს. ამ ფოტოების გადაღების დროს შენობაში არც მერი კონსტანტინე შარაშენიძე, არც გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია არ იმყოფებოდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა დაანონსეს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან და ბოქლომს მაინც დაადებენ მაჟორიტარის ბიუროს ... ...
  • კლინიკის დირექტორი: "პაციენტი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით შემოიყვანეს _ დაშავებული არ შემოსულა!“მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან მოქალაქე დაშავდა, არ დასტურდება. აქციის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ჯაბა ღლონტი „მედალფას კლინიკაში“ გულის შეტევით მიიყვანეს. _ ჩვენთან შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე შეტევით. გამოძახებულია რეანომობილი ბათუმიდან. დაშავებული არ შემოსულა. ვიზუალური ნიშნებით არაფერი არ ეტყობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ კლინიკა „მედალფას“ ოზურგეთის ცენტრის დირექტორმა დათო ... ...
  • აჭარის უმაღლეს საბჭოს ბოქლომი დაადეს„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდეს. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. თავდაპირველად ისინი ბოქლომის ჭიშკარზე დამაგრებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. „ეს არის სიმბოლური, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი აქცია, მაგრამ ივანიშვილმა მოგვიგზავნა „ტიტუშკები“. ეს ვერ შეგვაშინებს, „ქართული ოცნება“ დამთავრდა“ , – აღნიშნა გიორგი კირთაძემ, რომელმაც ბოქლომი ღობეზე ჩამოკიდა. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის დაკავებას აპროტესტებენ. აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. წყარო: ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "ბლოკირება ვერ მოხდება, სახელმწიფოს რეაქცია ექნება"პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას დესტაბილიზაციის საშუალება არ მიეცემა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას სცდილობენ, რაც მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება. „მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ სამწუხაროდ საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ 1 წლის წინ პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, 2024 წელს რჩება და არის ჩაწერილი კონსტიტუციაში. არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, წინა რომელიმე ხელისუფლებას, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ის არის ასახული კონსტიტუციაში. ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას.  მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ იქნება სიმშვიდე, არავინ მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, ის აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, სამართლიანად, გამჭვირვალედ . ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს. მოვუწოდებ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრამაა , რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად. ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება, ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს, სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია. შესაბამისად პარლამენტი აგრძელებს თავის საქმიანობას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.  წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?