„საჩხერეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყველაფერი პრობლემაა“

მთავარი თემა

„საჩხერეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყველაფერი პრობლემაა“

2015 იან 31 19:44:51

განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ 2013-2014 სასწავლო წელს საჯარო სკოლის სივრცეში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასები გახსნა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კლასები აღჭურვილია შესაბამისი დამხმარე სასწავლო რესურსებით, თვალსჩინოებითა და ინვენტარით.

ინტეგრირებულ კლასში მუშაობს შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი, დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). სასწავლო პროგრამა მორგებულია თითოეული ბავშვის საჭიროებებს. 2014 წელს ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე სამინისტრო ამტკიცებს, რომ  ინტეგრირებული კლასების მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ სასკოლო აქტივობებში ძალზე ეფექტურია.

„გურია ნიუსთან“ საუბარში საპირისპიროს აცხადებს  „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა“ რეგისტრირებული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გოგა გოგატიშვილი. მისი თქმით, საჩხერეში ინტეგრირებული კლასების პროგრამა  ხარვეზებით მიმდინარეობს და  უმეტეს სკოლაში მას ფიქტიური სახე აქვს.

_ბატონო გოგა, იქნებ უფრო დეტალურად  გვესაუბროთ, რატომ მიმდინარეობს საჩხერეში ხარვეზებით ინკლუზიური განათლების პროგრამა?

_ინკლუზიური განათლების არსი და ფილოსოფია სხვაა, საჩხერეში კი სხვა  რამ ხდება (ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას).

რატომ ვამბობ, იცით, ამას? აი, მაგალითად, საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ შომახეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, უსინათლო გოგონა. მას სპეციალური ბრაელის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები ესაჭიროება.

ამ ბავშვს დაუნიშნეს სპეციალური პედაგოგი, მაგრამ მას  წიგნები არ აქვს.  რომ ვიკითხე მიზეზი სკოლასა და სამინისტროში, მითხრეს, რომ სკოლა  ინდივიდუალურად ირჩევს გრიფირებულ სახელმძღვანელოს: ერთი სკოლა სხვა ავტორის წიგნებით  შეიძლება სწავლობდეს, მეორე - სხვა. შომახეთის სკოლა რომელი ავტორის წიგნებითაც სწავლობს, აღმოჩნდა, რომ შესაბამისი ბრაელის შრიფტის წიგნი არ აქვთ დაბეჭდილი. არადა, ბავშვი, უკვე მეორე სემესტრი დაიწყო, რაც  უწიგნოდ დადის სკოლაში. განათლების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ის შესაბამისი სახელმძღვანელოთი. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ელემენტარული „აი, ია“ ვერ უსწავლია ბავშვს.

აქცენტი რაზე კეთდება, იცით? რეგიონებში ვერ უზრუნველყოფენ უსინათლოების განათლებას და ეუბნებიან, რომ თბილისში უსინათლოთა 202-ე, სპეც. სკოლაში წამოიყვანონ. სინამდვილეში კი,  გაეროს კონვენცია ითვალისწინებს, რომ ყველა ბავშვმა საჯარო სკოლაში უნდა ისწავლოს. ინკლუზია სწორედ ესაა ( საქართველოს  პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიციკაცია, რომელიც ძალაშია   2014 წლის 12 აპრილიდან, რითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელმისაწვდომი  განათლების განვითარების  ვალდებულებაც აიღო. ავტ).

_სპეციალური მასწავლებლები როგორ მუშაობენ  მოსწავლეებთან?

_ ცალკე პრობლემაა სპეც. მასწავლებლების კვალიფიკაცია. ჯერ უნივერსიტეტებში (როგორც ვიცი ილიაუნმა დაიწყო სამაგისტრო პროგრამა )შესაბამისი პროგრამები არ გვაქვს.  მასწავლებლებს მხოლოდ რამდენიმე კვირიანი ტრენინგები ჩაუტარეს და ისე გაუშვეს სკოლებში.

საჩხერეში 15  სკოლაში 15 სპეც. მასწავლებელი და 38 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. ერთმა სკოლამ საერთოდ არ აიყვანა. კონკურსი იყო გამოცხადებული,  არადა ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.  დირექტორი ამბობს, რომ კვალიფიციურ კადრს ეძებს, მაგრამ ამასობაში მთელი სემესტრი ბავშვები უმასწავლებლოდ არიან. სად იპოვნის კვალიფიციურ კადრს, არ ვიცი. ჭორვილის სკოლაში კი  2 სპეციალური მასწავლებელია, რადგან 9 სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) მოსწავლე ჰყავთ და დებულებით, 6-ზე მეტი თუ არის  სსსმ მოსწავლე, უკვე ორი სპეც. მასწავლებელი უნდა ჰყავდეს იმ სკოლას. ერთს სკოლას, როგორც გითხარით, საერთოდ არ ჰყავს სპეც. მასაწავლებელი.

ცხამის საჯარო სკოლაში ორი ეტლით მოსარგებლე ძმა გვყავდა. ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ერთთან სახლში დადის სპეც.პედაგოგი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს სსსმ მოსწავლე ერთხელაც არ მიუყვანიათ სკოლაში, არადა სკოლას ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი, მიზეზად კი მის სახლთან მისასვლელ ცუდ გზას (ცხამი მაღალმთიანი სოფელია) და არაადაპტირებულ ტრანსპოტრს ასახელებენ. სასწავლო ინკლუზიური განათლება ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას. მასწავლებლის ვკითხე, თუ ჰქონდა ეს გეგმა: წარმოდგენა არ მაქვს, რა არისო, მიპასუხა. ე. ი. ბავშვი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა და მას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არ გააჩნია.

დირექტორს ვკითხე,  მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნა თუ ჰქონდა და არაო. მაშინ როგორ გამოაცხადა სპეც. მასწავლებელზე კონკურსი, თუ ბავშვის შესახებ ამ ჯგუფის დასკვნა არ ჰქონდა? (ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი წარმოადგენს სპეციალისტთა გუნდს, რომლის შემადგენლობაში შედის:

ფსიქოლოგი,  ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი. მულტიდისციპლინურ გუნდის ფუნქციას წარმოადგენს ყველა სკოლისთვის საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარების გაწევა ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესში. მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე, სასკოლო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, შეირჩევა განათლების საუკეთესო ფორმა. საჯარო სკოლებში ჩართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს გაეწევათ მაღალკვალიფიციური მომსახურება ბავშვების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფისთვის).

მულტიდისციპლინური გუნდის მოწვევაზე ცალკე ძალისხმევა დამჭირდა. მშობლებს დავაწერინე  განცხადება.  დირექტორს არ აქვს  ამის უფლება. დირექტორმა, თქვენი შვილი თავად უნდა წაიყვანოთ ამ ჯგუფთან ზესტაფონშიო. მან ისიც კი არ იცოდა, რომ ჯგუფის წარმომადგენლები უნდა მისულიყვნენ ბავშვთან და  არა - პირიქით.

განათლების სამინისტრო შევაწუხე.  ეკა დგებუაძე, რომელიც ხელმძღვანელობს   ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს სამინისტროში, გამოგვეხმაურა და უზრუნველყო მულტიდისციპლინური გუნდის ჩამოსვლა ზესტაფონიდან.

განათლების სამინისტრომ ფეისბუქ გვერდზე ასევე მომწერა, რომ იანვარში იგეგმება გადამზადება. რომ დირექტორებს ჩაუტარდებათ ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგები. მთავრდება იანვარი და ჯერ-ჯერობით არაფერი გაკეთებულა.

ჩემი მიზანი რა არის, იცით? მე თვითონ ეტლით მოსარგებლე ვარ და ვიცი, რომ გარკვეულწილად შშმ პირები სტიგმატიზირებულები არიან. ეს იმითაცაა განპირობებული, რომ აქამდე ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა მათი სოციალური ინტეგრაციისათვის. მხოლოდ საბჭოთა მოდელი /მიდგომა, ანუ სამედიცინო მოდელი/მიდგომა იყო დანერგილი და ცუდ ასოციაციებს იწვევდა შშმ პირი. გაეროს კონვენცია კი შშმ პირთა მიმმართ სოციალურ მიდგომას ითვალისწინებს. ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შშმ ბავშვებმა უნდა შეიძინონ განათლება, პროფესიული უნარები და დასაქმდნენ. გადასახადების გადამხდელებად უნდა იქცნენ და არ უნდა იყვნენ ქველმოქმედებისა და ერთჯერადი დახმარებების ობიექტები. თუ ახლა არ ისწავლეს, ეს ინკლუზიური განათლება თუ ქაღალდზე დარჩა მხოლოდ, რეალური არაფერი გაკეთდა და შედეგი არ გამოიღო, მაშინ ისინი ისევ არაკონკურენტუნარიანები იქნებიან შრომის ბაზარზე და შშმ პირთა  მიმართ დღეს არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ისევ დარჩება და რეალურად არაფერი შეიცვლება.

_მშობლები რამდენად არიან მონდომებულები, თავიანთი შვილები ატარონ სკოლაში?

_ახლა რომლებიც დადიან სკოლებში, მათ მშობლებს პრობლემა არ აქვთ. პირიქით, მათ მოითხოვეს თავიანთი შვილებისთვის მულტიდისციპლინური გუნდის მოყვანა.  მაგრამ ბევრი ვერ ერკვევა სამწუხაროდ. ერთმა, რომელსაც შვილი ცერებრალური დამბლის დიაგნოზით ჰყავს, გვითხრა, ჩემი შვილი სკოლაში მიჰყავთ, მაშინ როცა სახლში უნდა მოდიოდნენო. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ პირიქით უნდა მოხდეს და შშმ ბავშვებმა იარონ სკოლაში. სხვამ რომ უთხრას ეს, პირიქით მშობელმა უნდა მოინდომოს ბავშვის  გარეთ გაყვანა. არ აქვთ ამის შესახებ წარმოდგენა. არავინ ეუბნება, არავინ აცნობს. ეს ერთი კატეგორიაა მშობლების. მეორე ნაწილი მშობლებისა ამბობენ, რომ მათ შვილს არაფერი არ სჭირს საიმისო, რომ ვინმემ მისი უნარები შეაფასოს. ზოგს დაკეტილიც კი ჰყავს ბავშვი სახლში. მქონდა ერთი შემთხვევა. ოჯახში მივედით, ბავშვი ღრიალებდა, ჩაკეტილი ჰყავდათ.  მშობლები, კი თითქოს არაფერი ხდებოდა, ისე გვესაუბრებოდნენ.

_სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეებისთვის უნდა იყოს რესურს ოთახები, ამ მხრივ როგორაა საჩხერეში საქმე?

_მხოლოდ ერთადერთ სკოლას აქვს რესურს ოთახი. მეორე საჯარო სკოლა ცდილობს გააკეთოს. მაგრამ ზოგგან სკოლა არაადაპტირებულია და ეტლით მოსარგებლე ბავშვი ხელით აჰყავთ და ჩამოჰყავთ. პანდუსი არაა.

განათლების სამინისტროში არსებობს ინფრასტრუქტურის სამმართველო და 2014 წელს საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წერილით მიმართა მას  2014 წლის ბიუჯეტი ათვისებული გვაქვს და 2015 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთო. ვნახოთ, აბა!  თუ გააკეთებენ!  სველი წერტილების პრობლემაა კიდევ, არაა ადაპტირებული. ყველაფერი პრობლემაა საჩხერეში:  გარემო, სასწავლო პროცესი, დამოკიდებულება.
ინკლუზიური განათლებით თავს რომ იწონებენ, არიქა, ვარსკვალვებს ვწყვეტთო. შანსს არ ვუშვებ ხელიდან, რომ არ დავაფიქსირო რეალობა რაც არის. მე მორალური უფლება არ მაქვს, პრობლემა არ დავაფიქსირო.




 ახალი ამბები
  • "დააბი პრეზიდენტი" _ აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს #შეცვალე. მათი თქმით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იღებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. ... ...
  • ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ დიდთოვლობის გამო დამსვენებლები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენამ წუთებში, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ წუხელ მოსული თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, რის გამოც, დამსვენებლები ბარში წამოსვლას ვერ ახერხებენ. _ დაახლოებით 35 ოჯახი ისვენებს კურორტზე. გამოსვლას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც კურორტზე დაბალი გამავლობის მანქანებით არიან ამოსულები. უკვე დაწყებულია გზების გაწმენდა და მალე, ყველა ადამიანი სამშვიდობოს იქნება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ბახმაროში იმყოფება. მისივე თქმით, სპეცტექნიკით დღესვე გაიწმინდება ცენტრალური გზა იმისთვის, რომ ბახმაროში გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელი ... ...
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...

როგორ გამოვფხიზლდეთ ალკოჰოლური თრობისგან

თუ ბევრი დალიეთ,  პირველი, რაც...

ის, რაც არასწორად იცოდით

აუცილებელია 8 ჭიქა წყალი დღეში...

ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული...

სამკურნალო სასმელი

უამრავი ადამიანი სვამს ყოველდღიურად ყავას,...

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...