რაზე მუშაობდა ივანიშვილი ოზურგეთში 14 წლის ასაკში

მთავარი თემა

რაზე მუშაობდა ივანიშვილი ოზურგეთში 14 წლის ასაკში

2011 ნოე 21 06:26:55

შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა და ივანიშვილმა 30-ზე მეტ კითხვას უპასუხა. _ კარგად ვიცით, ეროვნული არხები როგორ ახმოვანებენ შეთანხმებულად მხოლოდ გარკვეულ პოზიციას და მეორე მხრივ, კარგად ვიცი ისიც, როგორ ზეწოლას განიცდით თქვენ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან. ისიც კარგად ვიცი, რომ ზოგიერთ მედიას ხალხის დასაქმების როლიც აქვს შეთავსებული, რამდენადაც ნებისმიერი თანამშრომლის გადაბირებაზე მუშაობენ ადგილობრივი ორგანოები, რომლებსაც საშუალება აქვთ უფრო დიდი ხელფასი შესთავაზონ ყოფილ ჟურნალისტებს. კადრების მუდმივი ცვლა, ჟურნალისტების გადაბირება _ ეს არის ძირითადად ის დახმარება (ბრჭყალებში, რა თქმა უნდა), რასაც ადგილობრივი ხელისუფლება გიწევთ. კარგად ვაცნობიერებ, რომ ადგილობრივი მედია საჭიროებს დახმარებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ მაქსიმალური დამოუკიდებლობა, რათა ჩვენ, ჩვენმა ქვეყანამ, თქვენი დახმარებით მოვახერხოთ გაძლიერება. თქვენი როლი ამაში ძალიან დიდია. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება _ ქვეყნის დემოკრატიაში და დემოკრატიულ ინსტიტუტებში განმსაზღვრელი, პირველი როლი მიენიჭება, როგორ მოვახერხებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც ჯერ, პრაქტიკულად, არ არსებობს და მერე მის გაძლიერებას, _ ამ საუბრით დაიწყო ჟურნალისტებთან შეხვედრა ივანიშვილმა.

პრესკონფერენციაზე პირველი შეკითხვა "გურია ნიუსმა" დასვა:

_ ბატონო ბიძინა, თქვენი წინა პრესკონფერენციის და შეხვედრების დროს, რატომღაც არავინ დაინტერესდა, როგორია თქვენი ხედვა სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ, 2006 წლიდან, მკითხველისთვის ვამზადებთ ბეჭდურ და ონლაინ დამატებას "კარმიდამო ჩემი", რომელშიც ვცდილობთ, სოფლის მეურნეობის სიახლეების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია აუდიტორიას და კარგად ვიცით, როგორ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, როგორი პოლიტიზირებულია ეს სფერო. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქვეყნის სიძლიერის საფუძველი წელგამართული, მდიდარი და არა დაბეჩავებული, მიწაწართმეული, ყველასგან მიტოვებული გლეხია?

_ რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ზოგადად, ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანაში, საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, წამყვან დარგად არ ითვლება აგრარული სექტორი. ძირითადად, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ეს სექტორი გარკვეულ სუბსიდირებას და დახმარებას იღებს ცენტრალური ხელისუფლებისგან. ალბათ, პირველ ეტაპზე განსაკუთრებით, ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი ამ კუთხით და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეჭირვებული გლეხის ნაცვლად გვყავდეს ძლიერი და წელგამართული გლეხი. მე მიყვარს ტერმინი _ "თოხზე გადამკვდარი" გლეხი. დღეს, თუ გამოვიკვლევთ, ძირითადი იარაღი, ალბათ, სოფელში თოხი იქნება. თუ ამას მყისიერად და სასწრაფოდ არ შევცვლით და არ დავეხმარებით სოფელს, ალბათ, სოფლის მეურნეობის განვითარების და მით უმეტეს, მისი ტემპების გაზრდის დიდი პერსპექტივა ვერ ექნება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ სფეროს მდგრადი განვითარების პრინციპებზე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საქართველოს მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა, რომ ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდეს კარგი და სრულყოფილი პროდუქტი მიიღოს. ეს არის ევროპული ქვეყნების ქარტიაც და ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ თავისი მოქალაქეები, ჭარბი და შესატყვისი თვისებების კარგი პროდუქტით დააკმაყოფილოს. მე გლეხის შვილი ვარ, სოფელში გავიზარდე და შეიძლება, განსაკუთრებით ამიტომაც განვიცდი გლეხის შრომას. მოგეხსენებათ, სოფელი როგორია _ საქართველოში შედარებით რომ ვთქვათ, იყო და არის ღარიბი და ცოტა უკეთეს მდგომარეობაში მყოფი სოფელი, მაგრამ საერთოდ, დღევანდელი გადასახედიდან, ეს უკვე აღარ არსებობს და ყველა გლეხი ერთმანეთს დაემსგავსა _ ყველა არის საოცრად გაჭირვებული. ჩემს პირველივე გამოსვლაში აღვნიშნე, რომ დღევანდელი სოფელი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. 2004 წელს, როცა ჩვენ ახალი პრეზიდენტი ავირჩიეთ, მქონდა შეთავაზება _ დღესაც არ ვიცი, რატომ არ დაინტერესდა სააკაშვილი, როცა მე დაფინანსებას, ერთ მილიარდს მყისიერად ვთავაზობდი, რაც საჭირო იყო პირველად ინვესტიციებისთვის აგრარული რეფორმის გატარების საქმეში და შემდგომშიც ვპირდებოდი, წლების მიხედვით, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და მყისიერად დავიწყებთ ამ სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. ეს მე უკვე დაწყებული მაქვს და პირადად, ძალიან ვერევი მართვაში. ეს რეფორმა არის მარტივი და გასაგები _ რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა გაკეთდეს.

ამ საკითხმა სხვა ჟურნალისტების დაინტერესებაც გამოიწვია და ივანიშვილიც ამ თემას უფრო ჩაუღრმავდა:

_ უნდა მოხდეს საფინანსო წყაროების შექმნა, რაშიც უდიდესი წვლილი ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მიუძღოდეს. ამ მიზანს მოემსახურება "ქართუ ბანკი" და ეს უნდა იყოს სხვა ბანკების ინტერესიც, რომ გლეხებისთვის შეღავათიანი და ხელმისაწვდომი კრედიტები გასცენ. უნდა შეიქმნას ინსტიტუტი, რომელიც გლეხებს სხვადასხვა კულტურების შემოტანასა და უკვე არსებულის განვითარებაში დაეხმარება. სამუშაო ადგილები გადამამუშავებელი საწარმოების ხარჯზეც უნდა შეიქმნას. დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი სარწყავი სისტემების მოწესრიგების კუთხით.

უნდა არსებობდეს ბაზარი, რაც გლეხს მოწეული პროდუქტის რეალიზების საშუალებას მისცემს. გარდა შიდა ბაზრისა, უნდა ვიზრუნოთ გარე ბაზარზეც. ეს, პირველ რიგში, ჩვენი მეზობლების ბაზარი უნდა იყოს და შემდგომ უნდა ვიფიქროთ ევროპაზეც, _ აღნიშნა ბიზნესმენმა.

ივანიშვილი მიწების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ გლეხების უფლებების შელახვის პრაქტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს: _ ჯერ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და შემდეგ აუცილებლად მოხდება მიწია წართმევასთან დაკავშირებული დავების სამართლიანი გადაწყვეტა. ამას ჩვენი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს დროში გააკეთებს.

ბიზნესმენმა გურიაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურულები უნიკალური ხალხია:

_ უნიკალური ხალხი ხართ გურულები, კარგი იუმორით. მეექვსე თუ მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც ოზურგეთში, ცენტრალური უნივერმაღის მშენებლობაზე დამხმარე მუშად ვმუშაობდი. ასე რომ, ოზურგეთის ერთი ობიექტის მშენებლობაში წვლილი მეც მაქვს შეტანილი, თანაც ადრეულ ასაკში. თქვენი მხარე ძალიან მდიდარია, გაქვთ უნიკალური საზღვაო კურორტი, შესანიშნავი მთა. ამ ყველაფრის განვითარება გურიას ეკონომიკურად წინ წასწევს. გურულები ყოველთვის მიჩვეულები იყვნენ კარგ ცხოვრებას. შეიძლება, საჩხერის მოსახლეობას გაჭირვება ახლა დიდად არ დაეტყოს, რადგან ისინი ადრეც ცუდად ცხოვრობდნენ, მაგრამ გურულებისთვის ეს განსაკუთრებით მძიმე იქნება, _ თქვა ბიზნესმენმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გურიაში მის მიერ გახორციელებული რამდენიმე პროექტისა, გურიის ხელისუფლებას არ იცნობს:

_ ცოტა ხნის წინ, შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე შევხვდი ოზურგეთის გამგებელს. საკმაოდ სიმპათიური ადამიანი იყო. მერე გავიგე, რომ ჩემთან შეხვედრიდან, ათ დღეში დააკავეს.

"გურია ნიუსის" ჩაკითხვაზე, რომ გიორგი ტაკიძის ბრალის განმტკიცებას სწორედ ამ შეხვედრას და მის ძმასთან, ადიკო ივანიშვილთან მეგობრობას უკავშირებენ, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ თავად ასე არ ფიქრობს:

_ როცა ეს შეხვედრა შედგა, რომელმაც დაახლოებით ათ-თხუთმეტ წუთს გასტანა, მე ხელისუფლება არ მებრძოდა, შესაბამისად, არ მგონია მის დაკავებას ჩემთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.

_ თუმცა, გვითხრეს რომ თქვენი პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, პატიმრობაში მყოფ ტაკიძეს თქვენს ძმასთან ახლო ურთიერთობაც გაუხსენეს. სხვათაშორის, ყოფილი გამგებელი ერთადერთი არ არის, რომლის პრობლემებიც თქვენთან დააკავშირეს. ცნობილია, რომ ოზურგეთის ყოფილი პოლიციის უფროსი, გია ურიდია, რომელიც ასევე თქვენი ძმის მეგობარი იყო, დღეს გარეთ გირაოთია გამოშვებული თქვენს ძმისშვილთან დაკავშირებული ინციდენტის დაფარვის გამო.

_ ჩემი ძმა ცოტა სხვანაირი, მოქეიფე კაცია და ბევრთან მეგობრობს. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ამ ხელისუფლებისგან ჩემი ახლობლების თუ ჩემთან დაკავშირებული ადამიანების დაკავების ფაქტი პირველი არ არის _ დააკავეს ჩემი შვილის მეგობარი, ჩემი მრჩევლის მამა, პრობლემები შეექმნა ახმეტის საკრებულოს წევრს და მის ოჯახს ჩემი მხარდაჭერისთვის, _ თქვა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ამ ადამიანებისთვის დახმარებას ამ ეტაპზე მხოლოდ კარგი ადვოკატების აყვანით შეძლებს.

ივანიშვილმა ყურადღება ადგილობრივ თვითმმართველობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული, პოლიტიკური და ფისკალური დეცენტრალიზაცია: _ ჩემს გარშემო გაერთიანებული ექსპერტების გუნდი უკვე მუშაობს საქართველოს სტრატეგიული განვითარების გეგმაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების პროექტსაც მოიცავს. უნდა დადგინდეს, რეალურად, რამდენი მუნიციპალიტეტია საჭირო, რათა შევესაბამებოდეთ განვითარებული სახელმწიფოების ვარიანტებს ამ საკითხში. დღეს, ყველა სფეროს ცენტრალიზაციის პირობებში, თვითმმართველობები ეფექტურად ვერ მუშაობენ, _ აღნიშნა ბიზნესმენმა და დასძინა, რომ თვითმმართველობის ორგანოები თავად უნდა წყვეტდნენ, რა მიმართულებით წარმართოს ფინანსები. მისივე განცხადებით, ერთ-ერთ ექსპერტს, ირაკლი შავიშვილს საკმაოდ კარგი წინადადება აქვს, რომლის თანახმადაც, ქონების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადის ნაწილი ადგილზე დარჩება, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას განაპირობებს.

ივანიშვილმა რუსეთთან შესაძლო ურთიერთობებზე და პოლიტიკურ პარტნიორებზე ბევრი ისაუბრა: _ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, სტაგნირებულ პოზიციას მყისიერად დავძრავთ ადგილიდან. თუ რა დრო დაგვჭირდება, დღეს ამის ანალიზი ძალიან რთულია, მაგრამ ერთი ცხადია _ ეს არ მოხერხდება, სანამ სააკაშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. ილუზია არ მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ვაცნობიერებ, რომ ძალიან რთული მოლაპარაკებები გველის წინ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ჩვენი ბედია, რომ ვართ რუსეთის მეზობელი და უნდა მოვახერხოთ მეზობელთან ურთიერთობების დალაგება, _ თქვა ბიზნესმენმა და განაცხადა, რომ ყველა ოპოზიციურ ძალასთან აპირებს თანამშრომლობას:

_ ვადასტურებ, რომ უნდა შევძლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობა, არა თუ ბურჯანაძე, ნებისმიერი ქართველი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე. ჩვენ ყველა ქართველს გავუწვდით ხელს აღმშენებლობის გახორციელების საქმეში. ჩვენ მოვედით არა სააკაშვილის დასამარცხებლად, არამედ ქვეყნის გასამარჯვებლად. ამაში წვლილი უნდა შეიტანოს თითოეულმა ქართველმა. ბურჯანაძე ვერ იქნება გამონაკლისი. კონკრეტული თანამშრომლობა ბურჯანაძესთან _ ასეთი გეგმა არ მაქვს. მასთან არსებობს ბევრი კითხვა, მაგრამ შესაძლებლობა, რომ მან ამ კითხვებს გასცეს პასუხი და საქართველოს აჩვენოს ის პოზიცია, რაც მოსახლეობას მოსწონს. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავხადოთ შესაძლებელი გარკვეული ურთიერთობები.

პრესკონფერენციაზე ბიზნესმენი მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო: _ ხვალ ჩემი ადვოკატები აპირებენ განცხადების შეტანას, რომელიც პრინციპში წინააღმდეგობაში მოდის იმ სასამართლო საჩივართან, რომელიც შეტანილი გვაქვს უკვე მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ჩვენი სასამართლო ამ საქმეს, რამდენ ხანსაც უნდა ხელისუფლებას, იქამდე გააჭიანურებს და დაუსრულებელი შეიძლება იყოს ეს პროცესი. ახლა შეგვაქვს მოთხოვნა მოქალაქეობის მინიჭების თავიდან უზრუნველსაყოფად. რუსეთის პასპორტი უკვე ჩავაბარე და მხოლოდ საფრანგეთის პასპორტით ვსარგებლობ დღეს. მოგეხსენებათ, ევროსაბჭოში უკვე განიხილება ჩემი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხიც და სასიამოვნოა, რომ ევროპას ასეთი მყისიერი რეაქცია აქვს სააკაშვილის უკანონო ქმედებაზე. თუ ის არ აღმიდგენს მოქალაქეობას, ამით დიდად არაფერი შეიცვლება _ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ პარტიას, იქ იქნება ცენტრი, მოვახერხებთ პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას და ქართველ მოსახლეობასაც კარგად ვაჩვენებთ, ვის უნდა მისცენ ხმა.

მისივე თქმით, მას აქვს სუფთა წარსული და რაც არ უნდა ეძებონ, უკანონოს ვერაფერს იპოვიან.

როგორც შეხვედრაზე ივანიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი საქართველოს დამონებას ვერ მოახერხებს: _ დღეს სააკაშვილია მოსამართლეც და პროკურორიც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, _ დასძინა ბიზნესმენმა.

ივანიშვილის თქმით, სააკაშვილმა მენეჯმენტი და მმართველობა არ იცის: _ ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი გაუგებარია სააკაშვილი მენეჯმენტში. ის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს აბსოლუტურად გაუგებრად და გაუცნობიერებლად. ქუთაისს როგორ განავითარებს პარლამენტი? ამას საპირისპირო შედეგები ექნება. რამდენი ადამიანიც იქ დასაქმდება, იმდენივე დედაქალაქში დარჩება სამსახურის გარეშე. არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება ასეთი საკვანძო ორგანოების რეგიონებში გადატანა. ეს არ არის რეგიონებისთვის საშველი. ერთადერთი საშველი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და განვითარებაა. უნდა მოხდეს სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური გათვლებით რეგიონების განვითარება, _ თქვა ბიზნესმენმა.

ივანიშვილს კითხვები ქველმოქმედებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს და იმ კრიტერიუმებით დაინტერესდნენ, რომლითაც ივანიშვილი ქველმოქმედების დროს ხელმძღვანელობს: _ არსებობდა ასეთი კრიტერიუმი _ ვისაც ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, მათ ვაფინანსებდით. რაც შეეხება იმას, რომ ისინი არ არიან ღარიბნი და მათ დახმარების გარეშეც შეუძლიათ არსებობა, ფონდს ხელი არავისთვის არ ამოუგრეხია. ყოველწლიურად ხდება განცხადებების დაწერა მიღება. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, უფრო გაჭირვებულებს რატომ არ ვეხმარებით, თუ კარგად გადაავლებთ თვალს ჩვენს ქველმოქმედებას, ნახავთ, რომ გაჭირვებულებზე იხარჯება გაცილებით მეტი, ვიდრე წარმატებულ ადამიანებზე. მსგავსი პროექტებიდან მინდა ერთი გამოვყო _ მე, პირადად, მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა კუთხეში გაჭირვებულებისთვის სამედიცინო მომსახურება უნდა გამხდარიყო უფასო. ეს იყო გათვლილი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მკურნალობის საშუალება არ ჰქონდათ. გერმანულ კომპანიასთან ერთად შეიქმნა პროექტი, რომლის საფუძველზეც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და ახალი შენობის მშენებლობა იგეგმებოდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველ შენობაში სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო მეორე შენობაში კლინიკა უნდა განთავსებულიყო. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა სააკაშვილის თანხმობით, თუმცა, მშენებლობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა ის, რომ მძიმე წონოსანი ეკონომიკის მინისტრის ჩარევით, როგორც სააკაშვილმა მითხრა, გამოირიცხა ამ პროექტის შესრულება, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში რესპუბლიკური საავადმყოფო უფასო იყოსო და რომ ეს საზოგადოებაში კითხვებს გააჩენდა და კერძო კლინიკების გაკოტრებას გამოიწვევდა. ამაში გარკვეულწილად ვეთანხმები, თუმცა, ის ადამიანები, ვისზეც ჩვენი პროექტი იყო გათვლილი, მაინც ვერ შეძლებდნენ კერძო კლინიკებში მკურნალობას. აღნიშნული პროექტი დღესაც გაჩერებულია, _ თქვა ივანიშვილმა.

ეროვნულ უმცირესობებზე საუბრისას ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მათი მაქსიმალური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობასთან აუცილებელია: _ უნდა მოხდეს მათი მაქსიმალური ინტეგრაცია ქართულ მოსახლეობასთან. უნდა მოვახერხოთ ქართული ენის სწავლის მხრივ დახმარება. მე ვიცი, როგორი გაღიზიანებულები არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც იმ დამოკიდებულებით, რაც დღევანდელ მთავრობას გააჩნია მათ მიმართ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მათი სოციალიზაცია და ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში.

ბიზნესმენს პასუხი არ ჰქონდა კითხვაზე რამდენი უნდა იყოს პენსია მისი მმართველობის პერიოდში: _ მე დღეს ვერ მოგახსენებთ, რამდენი უნდა იყოს პენსია. ის კი ვიცი, რომ ასეთი მწირი არ უნდა იყოს. მაგრამ ვაცნობიერებ, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას როგორი ბიუჯეტი დაგვხვდება და გავითვალისწინოთ მისი შესაძლებლობები. საოცრებები ვერ მოხდება, მე ვერ გავაკეთებ ცრუ დაპირებებს. ვფიქრობ, დაგვხვდება ძალიან ცუდი ბიუჯეტი. ვიცი, რომ პენსია უნდა იყოს იმდენი, რომ პენსიონერებს შეეძლოთ ელემენტარული პირობები მაინც დაიკმაყოფილონ, _ განაცხადა ივანიშვილმა.

ბიზნესმენის თქმით, ბევრ ქართველს იცნობს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვს:

_ ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, რომელსაც კაპიტალი აქვს და უნდა სამშობლოში ჩამოიტანოს. შემდეგ მათ სერიოზული უცხოური კაპიტალიც მოჰყვება. ეს კი დამატებითი სამუშაო ადგილებია. ამისათვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო უნდა შეიქმნას და არა ისეთი ილუზიური, როგორსაც ახლანდელი ხელისუფლება ქმნის. უფრო სწორედ, ამბობს, რომ ქმნის.

მისივე თქმით, ნურავის ექნება ილუზია რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება:

_ სიღარიბის დაძლევა ქვეყანაში რამდენიმე თვეში ვერ მოხდება. ამის ილუზია მე არ მაქვს და ყალბ იმედებს არც თქვენ მოგცემთ. აუცილებლად დაიწყება სამუშაო ადგილების შექმნა. დღეს ხალხს სამუშაო არ აქვს, ამიტომ მათ ეს უფლება უნდა აღვუდგინოთ. გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში დავძლევთ იმ პრობლემას, რომელსაც უმუშევრობა ჰქვია და რომელიც მართლა სირცხვილია, _ თქვა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის მის გუნდთან ერთად, აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით.

_ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს ხულიგნური პროცესები აღმოვფხვრათ, _ თქვა ბიძინა ივანიშვილმა.




 ახალი ამბები
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...