"ნაზონდერალები დღეს მორალზე გვესაუბრებიან..." _ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

მთავარი თემა

"ნაზონდერალები დღეს მორალზე გვესაუბრებიან..." _ ბიძინა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

2015 ივლ 27 16:46:16

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ "რაღაც საოცრება მოხდა". 

ივანიშვილი საკუთარ თავს "სათადარიგო მოთამაშედ" განიხილავს და საზოგადოებას სწორი ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

_ საბედნიეროდ, არ არის ისეთი სიტუაცია, არაფერი იმის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის საჭიროება იყოს, არათუ აუცილებლობა. მე ვარ კარგი სათადარიგო მოთამაშე, ღმერთმა ნუ ქნას და გახდეს იმის საჭიროება, რომ დაბრუნება მომიხდეს. ხელისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ რაღაც საოცრება მოხდება _ მაგალითად, მოქმედი მთავრობა ისე მოიქცევა, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება და ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდება ხელისუფლების მსგავსი უზურპაცია, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. ჩემი აზრით, დღეს ჩვენ გვყავს სახალხო ხელისუფლება, გვყავს კარგი პრემიერი, პარლამენტის კარგი თავმჯდომარე. 

_ ასე თქვენ ფიქრობთ, თუმცა, ამის მიუხედავად, ხალხი მაინც თქვენს პოლიტიკაში დაბრუნებას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ სამართლიანობის აღდგენა, ეკონომიკური წინსვლა, საკადრო პოლიტიკის გამართვა თქვენს სახელთან და წინასაარჩევნო დაპირებებთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ უნდა საზოგადოების დიდ ნაწილს თქვენი პოლიტიკაში დაბრუნება?

_ შეიძლება, მაგრამ არის ერთი პრობლემა _ როცა ასეთი ჩამონათვალი კეთდება, რაც თქვენ დაასახელეთ, მედიაც სცოდავს ცოტას და საზოგადოებაც სწორ ანალიზს არ აკეთებს. არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ. მითქვამს და ათასჯერ შემიძლია გავიმეორო, რომ ვიზიარებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არ ვარ, სიამოვნებით ჩავერთვებოდი პოლემიკაში. თუ გნებავთ, კონფერენცია მოვაწყოთ სპეციალისტებთან ერთად და განვიხილოთ, რა დავპირდით საზოგადოებას და რა არ შევასრულეთ.

_ თანახმა ხართ, რომ " გურია ნიუსის" ორგანიზებით მოეწყოს კონფერენცია, რომელზეც ვისაუბრებთ შესრულებულ და შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებზე?

_ სიამოვნებით, როცა მოისურვებთ. ვფიქრობ, რომ პრინციპული დაპირებები რაც იყო, შესრულდა. ოპოზიციას აქვს ერთი პრობლემა _ კარგია თუ ცუდია, ყველაფერი უნდა აკრიტიკოს; როგორი კარგიც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის უნდა თქვას ცუდი. აქაც განათლება გვაკლია. ოპოზიციამ უნდა გაბედოს და თქვას კარგზე კარგი და ცუდი აკრიტიკოს. 

ჩვენ ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებებს. საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს ვენეციის კომისიის დასკვნას. შინაგან საქმეთა სამინისტროც გაიყო. თანაც საარჩევნო პერიოდი ჯერ არ დასრულებულა...

_ ბატონო ბიძინა, თქვენი განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი ყველას ჯიბეს უნდა დატყობოდა, რაც ნამდვილად არ მომხდარა... ამ სიტყვებს ხშირად გახსენებენ ოპონენტები...

_ დიახ, შემახსენეს. მითქვამს, რომ 3 წელიწადში ყველა ჯიბეს დაეტყობოდა. როცა ეს ვთქვი, არაკორექტული ვიყავი ნამდვილად, რადგანაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია ყველა ადამიანის ჯიბეს დაემჩნეს ეკონომიკური აღმასვლა. რეალურად იმაზე მეტი უმუშევრობაა, რასაც სტატისტიკა წერს, ვინაიდან ღარიბ გლეხურ მეურნეობაში დასაქმებულებს დასაქმებულებად მიიჩნევენ, მაგრამ მათი შემოსავალი ძალიან მწირია. ყველა ჯიბეს დაეტყობა _ მე ვფიქრობ, რომ ეს წამოცდენაა. იმდენად არაა ჩემი, რომ ესეც გადასამოწმებელი მაქვს.

_ ნამდვილად თქვით, ბატონო ბიძინა, ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე

_ ვერ მოვიცალე, რომ გადავამოწმო. ეკონიმიკა კარგად ვიცი და ვიცი, რა დრო სჭირდება, რომ გამართული ეკონომიკა მივიღოთ. 

_ და რა დრო სჭირდება?

_ გეტყვით მოკლედ, რა მქონდა მხედველობში, როცა ვამბობდი, რომ საქართველოში ეკონომიკური აღმასვლა დაიწყება _ მხედველობაში მქონდა ის, რასაც თანამედროვე ცივილიზაციამ მიაღწია. ეს არის კონკურენტუნარიანი ბაზარი, გამართული პოლიტიკა, სტაბილური ეკონომიკა, კერძო საკუთრება უნდა იყოს დაცული _ ეს არის ძირითადი, რის საფუძველზეც მოახერხეს ამ ქვეყნებმა განვითარება. მე მქონდა მხედველობაში, რომ საქართველოში მყისიერად შევქმნიდით ამ პირობებს. პირველსავე წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბიზნესში მთავრობის მხრიდან ხელების ფათური შეწყდა, კონკურენტუნარიანია ბაზარი და პრივილიგირებული ბიზნესმენები არ არსებობენ, რაზეც ისინი შფოთავენ. მთავრობა ვალდებულია, რომ მათ ბაზრების მოპოვებაში დაეხმაროს.

_ ამ მთავრობის პირობებში არ გსმენიათ პრივილეგირებული ბიზნესმენების შესახებ?

_ თუ მსმენია, რეაგირება გამიკეთებია.

_ ავიღოთ, თუნდაც, შავლიშვილის და ჯანყარაშვილის თემა. 

_ გარკევეული კითხვები იყო ჯანყარაშვილზე და ღარიბაშვილმა დასკვნა გააკეთა.

_ გააკეთა თუ გააკეთებინეთ, ბატონო ბიძინა?

_ არა, ვინ გააკეთებინებს?! პატარა ბავშვს ვერ გააკეთებინებ. ცოტნე, ჩემი უმცროსი შვილი, 10 წლისაა და იმას ვერ გააკეთებინებ ძალით ვერაფერს და სხვას როგორ გავაკეთებინებ? მე არ მაქვს არავითარი ბერკეტი. საზოგადოება და განსაკუთრებით, ოპოზიცია შფოთავს _ ივანიშვილი მართავს კულისებიდან და ღარიბაშვილი არის მარიონეტიო. ეს ასე არ არის და არც შეიძლება რომ იყოს. მე უნდა მქონდეს ბერკეტი, რომ ვმართო. რა ბერკეტი უნდა გამაჩნდეს, გარდა იმისა, რომ არჩევნებზე მხარი არ დავუჭირო მას და საჯაროდ წავიდე მის წინააღმდეგ? აი, პრეზიდენტია ნათელი მაგალითი _ მოვიყვანეთ და მეორე დღეს წავიდა ჩვენ წინააღმდეგ.

_ პრეზიდენტთან კონკრეტული პრობლემა რა იყო _ მხოლოდ სასახლის არ დატოვება?

_ არაკორექტული იყო მისი ქმედებები და გაუგებარი. ამბობდა ერთს არჩევნებამდე და შემდეგ გააკეთა საპირისპირო. ჩასაფრებულია, რომ გუნდს, რომელმაც მოიყვანა, როგორმე კვანტი დაუდოს და დააზიანოს. დღესაც ეს პოზიცია აქვს, როგორმე დააზიანოს გუნდი, როგორმე ამათი საწინააღმდეგო რამე გააკეთოს. წაკითხულიც არ აქვს კანონი. პირველსავე კანონზე შევეკამათე, როცა პირველ ვეტოზე იყო საუბარი _ ხომ ვიცი, რომ წაკითხულიც არ გაქვს კანონი,-მეთქი, უარიც არ უთქვამს. აღარ მინდა გავაგრძელო, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში მხოლოდ მაგ თემაზე საუბარს ვაპირებ. ზოგადად, პრობლემა არის ის, რომ ეს კაცი პრინციპულად შეიცვალა არჩენვების შემდეგ. გუნდმა მოიყვანა და იგნორი გაუკეთა ამ გუნდს პირველსავე დღეს. ასეთი რამ მსოფლიო პოლიტიკაში არ მომხდარა.

_ ამ თემებზე ესაუბრეთ პრეზიდენტს?

_ როგორ არა, მთელი ორი თვე ვსაუბრობდით. ნაწილი ამ საუბრისა გავასაჯაროვე, ნაწილს საჭიროების მიხედვით გავასაჯაროებ. 

_რას ნიშნავს საჭირო გახდება? ამას იმის გამო ხომ არ ამბობთ, რომ პრეზიდენტის რეიტინგი ბოლო კვლევების მიხედვით მაღლა იწევს?!

_ არ ვიცი, ვინ აკეთებს მაგ კვლევებს და რის საფუძველზე კეთდება ან რატომ იწევს რეიტინგი ზემოთ... ეს ცალკე საანალიზო თემაა.

_ რა მოხდა გიორგი მარგველაშვილსა და თქვენს შორის?

_ მგონი, ვისაც ანალიზის უნარი აქვს და თვალს ადევნებს, რაც ვთქვი, იცის, რომ პასუხი არც ერთზე არ გაუცია არავის, თვითონ მარგველაშვილსაც არ გაუცია პასუხი იმ შეკითხვებზე, რაც მე დავსვი. არც ერთ მის მხარდამჭერს, ადვოკატს თუ გუნდის წევრს არ გაუბედავს და არ უთქვამს, რომ არაკორექტულად ვსვამ შეკითხვებს. ზოგადად ამბობენ _ ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს.

_ ამბობენ იმასაც, რომ პრეზიდენტმა არ გაიარა თქვენს ჭკუაზე და ამიტომაც მოხდა თქვენ შორის დაპირისპირება...

_ რომელ ჭკუაზე არ გაიარა?! როდესაც სააკაშვილზე მიდიოდა გამოძიება პროკურატურაში, საქმეს უკანონოდ ჰქონდა დადებული გრიფით საიდუმლო. ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი პრეროგატივა, რაც უნდა მოეხსნა მას. სამჯერ მიმართა პროკურატურამ, ხელს გვიშლის გამოძიებაში და გრიფი მოხსენიო, თუმცა, არც ერთხელ არ მოუსმინა. როგორც კი მოეხსნა გრიფი და გაასაჯაროეს, მაშინვე განაცხადა, რომ გრიფი მოხსნილი იყო. ის ხელს უშლიდა გამოძიებას, იცავდა სააკაშვილს. ახლაც ვსვამ კითხვას _ რატომ არ ხსნიდა გრიფით საიდუმლოს? ამბობენ, პრეზიდენტის ინსტიტუტს ებრძვისო _ სად გაგიგიათ, რომელიმე ქვეყანაში იკრძალებოდეს რომელიმე ინსტიტუტის კრიტიკა?!

_ გასაგებია, რომ პრეზიდენტი თქვენს შენიშვნებს არ იღებს. მთავრობა როგორ იქცევა _ გიჯერებენ? 

_ რას ქვია, მიჯერებენ?! ძალიან იშვიათია, შეიძლება, ერთი-ორი მაგალითი ნახოთ, რომ მე რომელიმე მინისტრს დავურეკო, ამის ნათელი მაგალითია "თავისუფალი დემოკრატები". სანამ დაიწყებდნენ პოლიტიკურ თამაშებს, ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდნენ გამოძიებას, პოლიტიზირება დაიწყეს იმ კითხვების, რაც გახლდათ თავდაცვის სამინისტროში და გუნდი ერთ მუშტად შეიკრა, თქვან, გაიხსენონ ეს მინისტრები, რომლისთვის დამირეკავს და მიმიცია მინიშნებები. ესაა ჩემი დამოკიდებულება. ვისაც შეიძლება დავურეკო, ესაა ეკონომიკური გუნდი. ეკონომიკაში ძალიან ბევრს ვმუშაობ, შენიშვნებსაც ვაძლევ და იდეებსაც ვასწვდი, თუ კი მაქვს. დავრეკავ მხოლოდ ეკონომიკურ გუნდთან მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკა აღორძინდეს, რამეთუ ესაა ყველა პრობლემის გასაღები დღეს საქართველოში. ასეთი დამოკიდებულება მაქვს ყველასთან. არც ის იფიქროთ, რომ ღარიბაშვილს აყენებს შეურაცხყოფასო. ღარიბაშვილი საკმაოდ განათლებული, პრინციპული და კარგი ორგანიზატორი გამოდგა. 

_ რას ფიქრობთ, ირაკლი ღარიბაშვილს ნაკლი არ აქვს?

_ გინახავთ უნაკლო ადამიანი? თუ ვინმე იტყვის, რომ უნაკლოა, სწორედ ეს არის უდიდესი ნაკლი. არ არსებობს იდეალური ადამიანი. არ არსებობს არც ერთი მოხელე, რომ მას საქმის კეთების დროს გადაცდომა არ ჰქონდეს. მთავარია, სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს. 

რა მაქვს მხედველობაში _ ძალიან გაფაციცებით ვადევნებ თვალს, რაც დავუტოვე გუნდს, ის არ დაირღვეს. პირველ რიგში, კანონი უნდა დაიცვან და რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით მეტი მოეთხოვება მას. ის, რომ ჩვენ ვაცხადებთ, არ ვერევით კერძო საკუთრებაში, ის, რომ ჩვენ ვაცხადებთ, რაც ექვემდებარება საქართველოს კონსტიუციას _ კეთილი ინებე და დაიცავი! ის, რაც ხდებოდა ადრე _ ხალხის სამსახურში კი არ მოდიოდნენ, ხალხის უფროსებად გვევლინებოდნენ, _ არ ხდება. თამასა, როგორიც დავტოვე მე, პრინციპულად, დაცულია. გადაცდომებს რა შეეხება, ჯანყარაშვილიც შეიძლება გავიხსენოთ, ხვედელიძით დავიწყოთ.

_ "ცოლის ნათესავი რომ ნათესავი" არ არის, ეს რას ნიშნავს?

 _ ნახევრადხუმრობით თქვა კაცმა, თუ მაგას გადაცდომებს ეძახით. ეგეთ სიტყვებში "გამოკიდება" არ შეიძლება. ერთ გუნდს ემსახურებოდა მთელი საქართველო. დღეს ასეთი რამე არ ხდება. აიღეთ ნებისმიერი სახელმწიფო, გინდათ ევროპული და გინდათ _ ამერიკული და ნახეთ, იქ რა ხდება პოლიტიკაში. ასეთ საკითხებში ჩვენი სახელმწიფო არის კონკურენტუნარიანი განვითარებული ევროპის თუ ამერიკის სახელმწიფოსთან. მაგრამ ეს არ არის, რაც იყო წინათ, რომ ერთ გუნდს ემსახურებოდნენ და ამათ პრეტენზიები ისევ აქვთ, რომ ეს ასე უნდა იყოს _ სააკაშვილია საქართველო და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სააკაშვილისა და დანარჩენი ფეოდალებისთვის, რომლებიც მას ემსახურებოდნენ. ჩვენ პრინციპულად გადავალაგეთ ეს. 

რა თქმა უნდა, ვიღაცამ იქ ნათესავი დანიშნა, ვიღაცამ ზედმეტი პრემია გამოიწერა, მაგრამ ასეთი რამ ხდება მთელ მსოფლიოში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ კვლევებით _ ამ კუთხით ძალიან ბევრ ქვეყანას გადავუსწარით. ჩვენ ვართ დემოკრატიის მშენებლობის პროცესში, ეს არის დაუსრულებელი პროცესი _ დემოკრატია უნდა აშენდეს. დღეს ჩვენი პრობლემაა ეკონომიკა, ბევრჯერ გამიცხადებია და დღესაც ვიტყვი, რომ ათჯერ ნაკლებია ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული სასაქონლო ერთეული. ჩვენ ამ მხრივ ათჯერ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, მაგრამ დამოკიდებულება, ზოგადად, არ შეცვლილა. გასული წელი ეკონომიკა არ იყო სახარბიელო, მაგრამ საქართველო პირველი იყო ევროპაში ეკონომიკური ზრდით. ნაციონალების დროს 9%-იც კი ჰქონდათ ზრდა, მაგრამ პირველები არასდროს არ ყოფილან. 10 და 15-პროცენტიანი ზრდა რომ იყოს ეკონომიკაში, ამას ჭირდება ათწლეულები. 2030 როცა ავირჩიე სამიზნედ და საზოგადოება "20/30" ჩამოვაყალიბეთ, სწორედ ეს გავითვალისწინე, _ ამბობს ივანიშვილი, რომლის თქმით, 2030 წელს საქართველოს ეკონომიკურად გამართული იქნება.

_ ბატონო ბიძინა, 2030 წლამდე დიდი პრობლემა გვაქვს _ მცოცავი ოკუპაცია. რას იტყვით ამის შესახებ და როგორ აფასებთ ხელისუფლების რეაგირებას ამ ფაქტზე?

_ რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებ და ვიცი ყველაფერი. აღმაშფოთებელია ის, რასაც მეზობელი სახელმწიფო აკეთებს და ისეთი ტიპის პროვოკაციები, რაც ბოლომდე ვერ ამიხსნია. რა არის ეს _ დაშინების პოლიტიკაა, თუ რა?!. 200-300 მეტრით ე. წ. საზღვრის გადმოწევით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ ეს არის მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაცია. მთავრობა აკეთებს ადეკვატურ რეაგირებას _ იმას, რაც შეგვიძლია, გამომდინარე რეალობიდან.

ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, აკეთებენ თუ არა იმ მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. ვთქვათ, განცხადებები ყველა დონეზე, ტუსკის ჩამოსვლა. მართალია, ის ამისთვის არ ჩამოსულა, მაგრამ დაემთხვა ამ ყველაფერს.

ყველაზე საოცარი რა გახლავთ _ "თავისუფალი დემოკრატების" ორი მინისტრი რომ აკეთებს აქცენტს ამაზე, მათ დროსაც მოხდა ამის მსგავსი, საუბედუროდ.

რა გააკეთეს უფრო მეტი, გინდა საგარეო, გინდა ევროინტეგრაციის მინისტრმა, რომ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ?

კონსტრუქციულობა, არგუმენტები და სინდისი არ უნდა დავივიწყოთ. პოლიტიკა იმის კი არ არის, რომ სინდისი გავირეცხოთ და რაც მოგვესურვება, იმაზე ვისაუბროთ.

პატარა ქვეყნის შვილები ვართ, ყველა ერთმანეთს ვხვდებით და ვუყურებთ. მთავრობა აკეთებს ძალიან მიახლოებულს იმასთან, რაც შეუძლია.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევაფასოთ ყველა, მათ შორის, მთავრობაც და ხელისუფლებაც იმის მიხედვით, რეალობიდან გამომდინარე, რისი გაკეთება შეიძლება და რას აკეთებენ.

ახლა ყველაზე მეტი კრიტიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ დღევანდელ ხელისუფლებას, არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. მათ გააკეთეს სწორედ ეს უბედურება, მათ დაგვიტოვეს. თუ არა მათი გაუგებარი, უაზრო ქმედებები, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვების, ასე არ იქნებოდა. დღეს მათ გაუბედურებულ და გაპარტახებულ დატოვებულ შედეგებს ვიმკით. მათ მოახერხეს და მიიყვანეს აქამდე ეს საქმე. ეს მათი უტვინობის და გამოუცდელობის, მათი დაუდევარი ქმედებების შედეგია, დღეს კი გამოდიან და ისევ ხმაურობენ.

მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, რომ მაქსიმუმი გააკეთოს - მაქიმალურად საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ და დავარწმუნოთ ჩვენი მეზობელიც და უფრო შორეულიც, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, _ განაცხადა ივანიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსისთან" ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატები მას არ დაუფინანსებია. ყოფილი პრემიერი მათთან თანამშრომლობსაც არ გამორიცხავს და გოგა ხაჩიძესთან, ზურაბ ჯაფარიძესთან და "ნაციონალებიდან" წასულ სხვა დეპუტატებთან შესახვედრად მზადაა:

"რა თქმა უნდა, მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის მათ ქმედებაში, მაგრამ აბსოლუტურად პოზიტიურად ვაფასებ, რომ გვიან, მაგრამ გააცნობიერეს, რომ მათი ქვეყანა საქართველოა და არა სააკაშვილი. ერთ კაცს კი არა, ქვეყანას უნდა მოემსახურონ. მივესალმები მათ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ვინმეს ეშინია _ იქნება კიდევ არჩევნები და ნახავთ, რომ მათგან ძირი აღარ დარჩება. არა იმიტომ, რომ ივანიშვილი ვარ, ხალხმა იცის მათი რეალური სახე", _ განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. 

ივანიშვილი აღნიშნულ დეპუტატებთან შეხვედრის პრობლემას ვერ ხედავს და მაგალითად მოჰყავს დავით ბაქრაძე, რომელსაც, მისივე თქმით, ბევრს ესაუბრებოდა.

"მე არავისზე არ ვამბობ უარს. ბაქრაძესაც მოვუწოდებდი _ ყველანი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, პატარა ქვეყანა ვართ _ როგორ შეიძლება რაღაც პარტიული კუთხით გავიხლიჩოთ?!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მით უფრო, რომ დღესაც იგივე ძალადობრივ იდეოლოგიას აგრძელებს: 

"ისინი ხელისუფლებას ვერასდროს დაიბრუნებენ, არა იმიტომ, რომ ივანიშვილი ემუქრება _ ისევ აატრიალებს ბოკერია ამ თემას. საქართველოს მოსახლეობა არ არის ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ. ერთადერთი კარგი, რაც გააკეთეს ნაციონალებმა, აჩვენეს, როგორ შეიძლება ცუდად მოგექცეს საკუთარი ხელისუფლება", _ აღნიშნა ექს-პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ არც "ნაციონალური მოძრაობის" და არც "ქართული ოცნების" იდეოლოგია არ იცის.

"გურია ნიუსთან" ინტერვიუში ივანიშვილმა ზონდერებზე, თანამდებობაზე მყოფ "ნაციონალებზე" და პროკურატურაზე ისაუბრა.

_ მაღრაძემ თქვა კარგად _ ნაზონდერალები დღეს მორალზე გვესაუბრებიან...

_ ბატონო ბიძინა, ზოდნერები ახსენეთ... ბევრი მათგანი დღეს ისევ თანამდებობაზეა...

_ მაგალითად?

_ სიტყვა "ზონდერს" არ გამოვიყენებთ, მაგრამ, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი ილია ჯალაღანია. ამ ადამიანის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს. ძალიან ბევრი მოქალაქე დღემდე ითხოვს იმ საქმის გამოძიებას, რომლის მთავარი მოქმედი პირი ჯალაღანიაა. მაშინ, როცა ის ოზურგეთის პროკურორი იყო, ათეულობით მოქალაქეს ქონება ჩამოერთვა და სახელმწიფოს გადაეცა. ეს ადამიანები "გურია ნიუსთან" ყვებიან, რომ სწორედ ჯალაღანია აიძულებდა მათ სახელმიწფოსთვის ქონების ჩუქებას... ამაზე "გურია ნიუსმა" ბევრი სტატია და სიუჟეტი გამოაქვეყნა... ადამიანები დღემდე სამართალს ეძებენ... ასეთი ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს..

_ რატომაც არა, ჩამოთვალეთ და ერთად მოვითხოვოთ სამართალი. თქვენ ჟურნალისტი ხართ, მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და დღესდღეობით ჩემს სიტყვას ფასი აქვს და ერთად მოვითხოვოთ განმარტება. რასაც თქვენ ამბობთ, საკმარისია და პროკურატურა ვალდებულია, პასუხი გაგცეთ.

_ როდესაც არჩილ კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი, მასაც ვკითხეთ ამის შესახებ...

_ პროკურატურა ძალიან რთული სტრუქტურა იყო. ბევრი კადრი შეიცვალა ჩემს დროს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მუშაოებენ. 

_ ბევრი კითხვა არსებობს ოზურგეთის პროკურორთან, მალხაზ სირაძესთან დაკავშირებითაც. ბევრი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, ბევრი შეკითხვა დაისვა... ეს ადამიანი 2012 წელს საარჩევნო სიებსაც კი ადგენდა "ნაციონალების" სასარგებლოდ... ჩვენ კონკრეტულ ფაქტებზე ვსაუბრობთ, ფაქტებზე, რომლის მტკიცებულებები არსებობს...

_ ძალიან საინტერესოა და თუ ვინმე კანონს არღევდა, უნდა დაისაჯოს, თუმცა, იმ ნიშნით, რომ ოდესაღაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, არ უნდა გამოვარჩიოთ, თუმცა, მე არც ვმალავ, რომ ჩემს დროს ვცდილობდი, პრივილეგია უფრო ახლებისთვის მიმენიჭებინა, იმათთვის, ვინც ებრძოდა სისტემას.

_ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძალიან რთულია თანამდებობაზე იმ ადამიანების ხილვა, რომლებიც, არცთუ დიდი ხნის წინ, პოლიტიკური არჩევნის გამო მათ დასდევდა, აშინებდა, მოღალატეს ეძახდა...

_ გეთანხმებით და თქვენც შეკითხვებზეც ძალიან მაინტერესებს პასუხი. მეც დაველოდები პროკურატურისგან საჯარო განცხადებას, _ გვითხრა ივანიშვილმა.

მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კომენტარი ლარის კურსზე და მის ცნობილ გაცხადებაზეც გააკეთა:

_ რისკია როდესაც კრედიტს იღებ. საზოგადოება უნდა შეეცადოს განვითარდეს, ეს შეურაცხმყოფელი არ არის. ეს სწორი მოწოდებაა.

ვხედავთ რამდენი გაუბედურებული იპოთეკარია, თავის დროზე, როდესაც გაიგეს, რომ თურმე კრედიტის აღება სახლის ჩადებით შეიძლება არავის უფიქრია, რომ მერე იმ კრედიტს დაბრუნება უნდა. ასეთების დიდი ნაწილი დაზარალდნენ.

უამრავი ოჯახი გაუბედურდა ამის გამო. რაც შეეხება პირად ბანკირს, ეს არ არის ფუფუნება. ნებისმიერ ბანკში ვიღაც გემსახურება და მას უნდა დაუსვა კითვები, მაგრამ ამას მინიმალური ცოდნა სჭირდება. შესაბამისად, მე ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც პირად ბანკირზე ვსაუბრობდი.

ყველა კლინეტმა ბანკისგან მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მოითხოვოს. დარწმუნებული ვარ 90%-ს იპეთეკარებისას არ წაუკითხავს კონტრაქტი, ისე აიღო კრედიტი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს ეპატიება, მაგრამ რა ვუყოთ ამდენ გაუბედურებულ ოჯახს, რომელთაც პასუხს ვერ ვცემდი და დღესაც პასუხი არ მაქვს.

აჭარის მაგალითზე ვცდილობდით მე და არჩილ ხაბაძე, როდესაც პრემიერი ვიყავი, რომ იქ რაღაც პრეცენდენტი შეგვექმნა და იპოთეკარებისთვის გვეშველა და პრიციპში იქ რაღაც შეღავათი ვნახეთ, ამის საქართველოზე გადატანა მინდოდა და არ მოხერხდა, ძალიან რთულია, ჩვენს ბიუჯეტს არ აქვს ამის საშუალება .

_ ბატონო ბიძინა თქვენ პირადად როდის იყავით ბანკში ბოლოს და როდის აიღეთ სესხი? 

_ კრედიტი ბოლოს როდის ავიღე აღარც მახსოვს. როდესაც ბიზნესში ვიყავი აუცილებლად მექნებოდა კრედიტი. დღეს, პრინციპში, ბანკში არ დავდივარ, რადგან ტელეფონითაც შემიძლია ეს გავაკეთო და არა მარტო მე, როგორც შეძლებულმა ადამიანმა, ნებისმიერს შეუძლია ბანკში არ მივიდეს და ტელეფონით მიიღოს მომსახურება.

_ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ამასთან შეხება და ვიცით როგორ უჭირთ ადამიანებს.. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ორი თვის პენსიის, სამი თვის დახმარების წინასწარ ასაღებად მიდის ბანკში იმისთვის, რომ შვილებს საჭმელი უყიდოს. ძნელია ადამიანს კონტრაქტის წაკითხვა მოსთხოვო მაშინ, როცა სახლში მშიერი შვილი ელოდება...

_ ძალიან ვუთანაგრძობ ამ ადამიანებს, მაგრამ ერთი მეორეს არ ცვლის. არ არის სწორი აქცენტი გაკეთებული. სახლში რომ მშიერი შვილი გელოდება, რათქმაუნდა რთულია და საუბედუროდ, ბევრია ასეთი , მაგრამ ის რომ მას ხელშეკრულების წაკითხვის დრო არა აქვს ვერ დაგეთანხმებით. ამას სხვა პრობლემები აქვს _ ის რომ სამუშაო ადგილი არ შეუძლია იშოვოს ნორმალურად, ის რომ ბიზნესი , ეკომომიკა დაბალ დონეზეა.

ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არ არის სამუშაო ადგილები, მაგრამ ეხლა ის არ თქვათ, რომ სამუშაო ადგილების არ ქონა ცალმხრივია. ამის პარალელურად საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს პროფესიები. განათლება და ეკონომიკა ერთ კონტექსტში განიხილება. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ჩვენ გვაკლია განათლება, პროფესიონალიზმი და ეს არის მიზეზი, რომ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, მაღალანაზღაურებადი სამშუაო ადგილები. ეს პროცესია და მთავარია ჩვენ სწორი გზით ვიაროთ, _ გვითხრა ივანიშვილმა.

ინტერვიუს მეორე ნაწილს, სადაც პრემიერი ლარის კურსზე, "პანორამა თბილისზე", მაჟორიტარებზე, გუბერნატორებზე, თვითმმართველობასა და საარჩევნო დაპირებებზე საუბრობს, ხუთშაბათს შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში_ ქალი ადგილზე გარდაიცვალამარტვილში,სოფელ ვედიდკარში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,რის შედეგადაც  შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.ინფორმაცია  "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. გულთაზ ცანავას თქმით,შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.  როგორც "გურია ნიუსს"შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის მოზარდი გათავისუფლდა. ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან. გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი დღეს დააკავეს. წყარო: ... ...
  • ოზურგეთელი ჟურნალისტი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა64 წლის ასაკში ოზურგეთელი ჟურნალისტი და მწერალი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ის მოულოდნელად გახდა ცუდად. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ნუკრი ნიკოლაიშვილი მუშაობდა გაზეთ “ლენინის დროშაში“, ტელეკომპანია “გურიაში“, გაზეთ “აჭარაში“ და გაზეთ “ალიონში.“ “ნუკრი ნიჭიერი კაცი, პროფესიით ჟურნალისტი იყო. ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და თავისი ერთგული მკითხველი ყავდა. ნუკრი ასევე იყო მწერალი, გამოცემული აქვს წიგნი. მისი მოთხრობები და ნოველები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, - გვითხრა “ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა. ნუკრი ნიკოლაიშვილი 20 წელზე მეტი მუშაობდა აჭარის რეგიონში. ის ბოლო წლებში მშობლიურ სოფელ ბახვში, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. „გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას სხვა გზა არ ექნებასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ოპოზიციასთან მალე გაგრძელდება. „ჩვენ გვაქვს სამართლიანი და დაბალანსებული შეთავაზება ოპოზიციასთან, რაც გულისხმობს, როგორც სამართლიან პროპორციებს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას. სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აშშ, ევროკაშვირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპიზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დიალოგის მაგიდას დავუბრუნდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას მოითხოვს, ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება“ ,_ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ... ...
  • აპლიკანტს ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავებააპლიკანტი, რომელიც იაპონიამ დაასაქმა და გამოცდილებას საქართველოსთვის შეიძენს, ნინო ჭელიძის განათლების ცენტრი გრანტის დაბრუნებას ედავება. აღნიშნულ ინფორმაციას  „ახალგაზრდა ადვოკატები“ავრცელებს. "2020 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე ლეილა გოგიშვილის თავმჯდომარეობით, „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის კონკურსში გამარჯვებული ნინო ც.-ის საქმეს განიხილა. სარჩელის ავტორი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრია, რომელიც იაპონიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს სახელმწიფო გრანტის პირობების დარღვევას და მიღებული გრანტის - 53,379,36 ლარის დაბრუნებას ედავება. თავის მხრივ, სასამართლოში წარდგენილია ნინო ც.-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია თანხის დაბრუნების შესახებ სსიპ განათლების საერთაშოროს ცენტრის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ცენტრისთვის ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება საქართველოში დასაქმების ვალდებულების შესრულების გადავადებასა და ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრული პერიოდიდან ათვილის დაწყების შესახებ.  საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინო ც.-მა „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2016-2017“-ის ფარგლებში მოიპოვა სახელმწიფო გრანტი იაპონიაში, იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო მართვისა და პოლიტიკის ანალიზის პროგრამაზე 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებისთვის სწავლის საფასურისა და სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. გრანტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, გრანტის მიმღები არ დაბრუნდა ქვეყანაში, დაარღვია გრანტის ხელშეკრულება და მოეთხოვება ფინანსური პასუხისმგებლობა თანხის უკან დაბრუნებაზე.  სინამდვილეში, როგორც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის 2016 წლის 26 აპრილის №10-16 ბრძანება, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 28 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 25 სექტემბრის "გრანტის შესახებ" ხელშეკრულება ცალსახად აწესრიგებს შემდეგს - გრანტის მიმღებს უფლება აქვს, მიმართოს საკონკურსო კომისიას სწავლის დასრულებიდან არა უმეტეს ერთი წლის ვადით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის სფეროში/მიმართულებით სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით, უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭების თხოვნით. გრანტის მიმღები ვალდებულია წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და დასაქმების ოფიციალური დოკუმენტი. საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლების მინიჭება ჩაითვლება გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადავადებად და ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა დაიწყება საკონკურსო კომისიის მიერ გრანტის მიმღებისათვის მინიჭებული უცხო ქვეყანაში დასაქმების უფლების ვადის ამოწურვისთანავე.  „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ 2018 წლის 16 ოქტომბერს, ნინო ც.-მა განცხადებით მიმართა ცენტრს და მოითხოვა საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით 1 წლით, 2019 წლის შემოდგომამდე დარჩენა. 2018 წლის 9 ნოემბერს, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, ცენტრმა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა. კომისიის აზრით, ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ იკვეთებოდა სამსახურეობრივი პოზიცია და ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისობა დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამის მიმართულებასთან, რაც საზღვარგარეთ სამუშაო გამოცდილების დაგროვების მიზნით დარჩენის უფლების მინიჭების წინაპირობას წარმოადგენდა. 2018 წლის 18 დეკემბერს, განცხადებით კვლავ მიემართა ცენტრს და წარედგინა სრული დოკუმენტაცია და მოთხოვნილ იქნა ხელთავიდან მათზე მსჯელობა. 26 დეკემბერის ცენტრის წერილში საუბარია, რომ ნინო ც.-ის განცხადება განხილვის მიზნით წარმოებაში იქნა მიღებული და იმავდროულად, მხარეს მოეთხოვა იმ ობიექტურ გარემოებებზე მითითება, თუ რატომ არ იქნა დოკუმენტაცია წარდგენილი პირველ ეტაპზე.  2019 წლის 3 იანვარს, ცენტრს კვლავ წარედგინა დაზუსტებული მოსაზრებები სამუშაო აღწერისა და შესაბამისობების თაობაზე, ასევე ობიექტური გარემოებების თაობაზე, თუმცა 9 იანვარს, ნინო ც.-მა ცენტრისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა: ა. ვერც დადგენილ და ვერც დამატებით განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში ვერ მოხერხდა ცენტრის ინფორმირება და ობიექტური გარემოების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა და ბ. ნინო ც.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობა ვერ ადასტურებდა 18/12/18 განცხადებაში მითითებული შემაფერხებელი ობიექტური გარემოების არსებობას. შესაბამისად, გრანტის მიმღებს მოეთხოვა თანხის სრული მოცულობით დაბრუნება. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შემჩნეულია აპლიკანტების მიმართ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ მოქმედებებში, ნინო ც.-ის შემთხვევა კი გამონაკლის არ წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც ა. სახეზე იყო ხელშეკრულებით და პროგრამით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტური მასალა, ბ. პროგრამასთან და მიღებულ განათლებასთან შესაბამისობაში არსებული საქმიანობის სფერო, უფლება-მოვალეობები და გ. სამუშაო გამოცდილების დაგროვების დასაბუთება, ცენტრს არ გააჩნდა არავითარი უფლება, სათანადო კვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების გარეშე დაეტოვებინა 2018 წლის 18 დეკემბრის ნინო ც.-ის განცხადება საზღვარგარეთ 1 წლის ვადით დარჩენის უფლების ხელთავიდან განხილვის შესახებ. შესაბამისად, სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ნინო ც.-ს მიმართ სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, ხოლო ნინო ც.-მა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შეგებებული სარჩელით 2020 წლის 9 იანვარს მიმართა. როგორც სარჩელი, ასევე შეგებებული სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი. ნინო ც.-ის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ნიკა მენოგნიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე შემდგომი სხდომა 2020 წლის 20 მაისს გაიმართება.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...