"ნინო და ალი" და ბათუმი - ფოტორეპორტაჟი
ხანმოკლე მსჯელობის და აურზაურის შემდეგ, ბათუმში ყველაზე პოპულარულმა "ალი და ნინომ" ახალი ბინა დაიდო. ძეგლი "ეშმაკის ბორბალთან" ახლოს დადგეს. უცხოელი და ქართველი ტურისტები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად ამ ძეგლის სანახავად დადიან.
ზღვისპირა ბათუმში ზაფხულის სეზონი გახანგრძლივდა სექტემბერშიც. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, სოფო გუჯაბიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ თბილი ამინდებისა და ხავერდოვანი ზღვის გამო ბათუმს უამრავი შიდა ტურისტი სტუმრობს, მომრავლდა უიკენდ-ტურებიც. სექტემბერში ტურისტების მოზიდვას ხელი შეუწყო ისეთმა ღონისძიებებმაც, როგორიც იყო კლასიკური მუსიკის ფესტივალი, საავტორო კინოს ფესტივალი Biaff , რომელიც 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.
2015 წლის ტურისტული სეზონი გამორჩეული იყო როგორც ტურისტების სიმრავლით, ისე კონცერტების, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებისა და ფესტივალების მრავალფეროვნებით.
- აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში (8 თვე) გასულ წელთან შედარებით ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება.
განთავსების ობიექტების მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს შემდეგი ქვეყნები: თურქეთი (+1%), აზერბაიჯანი (+1,6%), რუსეთი (+1,1%), უკრაინა (+1,2%), სომხეთი (+0,1%), პოლონეთი (+2,7%), ისრაელი (+1,3%), ბელორუსია (+2,8%), ყაზახეთი (+7,1%), ლიტვა (+3,2%). - თქვა სოფო გუჯაბიძემ.