"მე ვნახე ჩემი თვალებით _ ეს იყო კატასტროფა" _ რატომ შეჩერდა ტაძრის მშენებლობა ზენობანში
ზენობანი სოფელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში. მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 250 მეტრზე.
ამ სოფელში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, როგორც ვარაუდობენ, 1888 წელს აიგო და 1915 წლამდე ფუნქციონირებდა. საისტორიო წყაროების მიხედვით, ტაძარში მღვდელი ნესტორ კალანდაძე მსახურობდა.
ამ დრომდე სოფელში ტაძრის ნანგრევები იყო შემორჩენილი, თუმცა, მიმდინარე წელს, იქვე ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას მისი აღდგენის სურვილი გაუჩნდა და სამუშაოებიც დაიწყეს.
როგორც ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ნათია კალანდაძე ამბობს, პროექტი საპატრიარქოსთან შეთანხმდა და მშენებლობაც დაიწყო.
სამშენებლო სამუშაოები კი იმით შემოიფარგლა, რომ ნანგრევებს, სადაც, სავარაუდოდ, საკურთხეველი იყო, სამშენებლო ფილების კედელი შემოუშენეს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებისთვის აღშფოთების მიზეზი გახდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხით გენერალური ინსპექცია დაინტერესდა:
_ ეს სამუშაოები გავაჩერეთ _ ეს იყო კატასტროფა, არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა. მე ვნახე ჩემი თვალებით, იქ რაც ხდებოდა. უკვე ჩავიდა კიდეც გენერალური ინსპექცია და ახლა უკვე მიმდინარეობს მოკვლევა, საიდან და როგორ დაიწყო ეს თემები. მე ხევიდან ვარ წარმოშობით, ასეთი რამ ჩემს რაიონში ხდებოდა და ეს ჩემთვის ნამდვილად მიუღებელია, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ანთიძემ.
პროექტის არქიტექტორი პაატა ნუცუბიძე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მცირე შენიშვნები ჰქონდა:
_ ეს პროექტი საპატრიარქოს საბჭომ დაამტკიცა და გადაიგზავნა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. სააგენტომ ორი კვირის წინ განიხილა ეს პროექტი და გამოაგზავნა შენიშვნები, რაზეც პასუხი გავეცი. ამაში არაფერი არაა საგანგაშო და კრიმინალური. ერთი თვის წინ გასცა ნებართვა საპატრიარქომ და ყველა წესის და კანონის დაცვით გაიგზავნა სააგენტოში. როგორც უკვე გითხრით, მცირე შენიშვნებით დაბრუნდა, რაც არ ცვლის არქიტექტურას. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის აღწერილი და ვიღაცას შეყავხართ შეცდომაში.
_ ეს „ვიღაცა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკა ანთიძეა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ზენობანში მიმდინარე სამუშაოები კატასტროფა იყო...
_ ნიკა ანთიძე არ არის ვალდებული, 150 პროექტი ზეპირად იცოდეს.
_ ანთიძე ამბობს, რომ მშენებლობა პირადად მოინახულა..
_ მე მივალ ანთიძესთან და გავარკვევ _ არ არის ეს პრობლემა. თვეში 10-12 ეკლესიას ვაკეთებთ. მე თვითონ საპატრიარქოს საბჭოს წევრი ვარ.
_ ბატონო პაატა, სპეციალისტების გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნანგრევები, რომელიც, სავარაუდოდ, საკურთხეველი იყო, ფილების ქვეშ მოიქცა...
_ ეს არ არის საკურთხეველი. ეს არის არაპროფესიონალური მიდგომა. როგორც ჩანს, ეს არ იცის იმან, ვინც ამას ლაპარაკობს. რაც არის დარჩენილი, ეს არის დუტი, ნანგრევი, კედლის გული. მას ორივე მხრიდან ჰქონდა პერანგი, რომლითაც დღეს ეკლესია იმოსება.
ტექნოლოგიური საკითხები დადებითად გადაწყვიტა, როგორც საპატრიარქოს, ასევე კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ. მსგავსი არაფერი წერია სააგენტოს შენიშვნებში. 35 წელია, არქიტექტორი ვარ და ვინც ამას ამბობს, უნდა არკვევდეს დუტი რა არის, პერანგი რა არის და ქვით რატომ იმოსება საკურთხეველი, ესეც უნდა იცოდეს.
ერთადერთი შენიშვნა ის იყო, რომ კარის ნახაზები არ იყო დასრულებული. ამას ოფიციალური გზა მიცემული აქვს და არანაირ უკანონობას არ აქვს ადგილი, _ ამბობს ნუცუბიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
შემოქმედის ეპარქიის მღვდელთმთავარი მეუფე იოსები ამბობს, თუ საპატრიარქომ პროექტი დაამტკიცა, მაშინ მშენებლობას ვერავინ შეეხება:
_ მე არ მინახავს მშენებლობა, მაგრამ ის ადამიანი, ვისაც მშენებლობა სურდა, საპატრიარქოში გავაგზავნე. ცოტა ხნის წინ მივწერე და, ალბათ, მეტყვიან დეტალებს. ეს არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არ არის ნუსხაში შეტანილი.
პატარა ბაზილიკა როგორ შეიძლება იყოს ძეგლი?! ეს ეკუთვნის საპატრიარქოს და არა სახელმწიფოს. რა ძეგლი, ორი ქვაა იქ დარჩენილი. ყველა ნანგრევი კონსტიტუციით ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს და არავის არ აქვს უფლება, მის გარეშე დაიწყოს იქ რაღაც, _ გვითხრა მეუფე იოსებმა.