" ჩვენ ვისწავლეთ ამ შიშთან ერთად ცხოვრება"
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 ჟურნალისტი მედიატურის ფარგლებში, ქართული-ოსური კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა.
პირველად სოფელ ერგენთში ვიმყოფებოდით. სოფელში მცხოვრებ ლია ჩლაჩიძეს 2008 წლის ომის დროს გადარჩენილი ნივთები, ახლა მის სახლთან ახლოს, ღია ცის ქვეშ აქვს გამოფენილი.
"ეს იმის გამო გავაკეთე, რომ რაც კარგი მქონდა, გავიხსენო და არ დამავიწყდეს. სახლში ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ ერთეული რამ გადარჩა. ნანგრევებიდან რამდენიმე რამ ამოვიღე, ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ. ძალიან მიჭირს საუბარი. "_ გვითხრა ლია ჩლაჩიძემ.
მისივე თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ ერგნეთში ცხოვრება ძალიან მძიმეა.
"მხოლოდ წელს მოგვეცა იმის ბედნიერება, სახურავი გავუკეთეთ ჩემს სახლს. მანამდე ვუყურებდი დამწვარ სახლს, დაფერფლილ კედლებს და ვცხოვრობდი იმ გარემოში, რომელიც ყოველდღე მახსენებდა რომ ეს სოფელი იყო ომის ეპიცენტრში. ჩემს საცხოვრებელ კარმიდამოში 16 კასეტური ბომბი აფეთქდა. ახლა იმ ადგილებზე ყვავილები და ხეხილი გავაშენე. შიში ახლაც არსებობს, ჩვენ საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ამ შიშთან ერთად ცხოვრება."- ამბობს ჩლაჩიძე.
სოფელში მძიმე პირობების მიუხედავად მოჰყავთ ბოსტნეული, ადამიანები სოფლის მეურნეობას ეწევიან.
ნიკო ჩლაჩიძე ამბობს, რომ მთავარია სოფელში წყლის პრობლემა გადაიჭრას.
"პირველ რიგში წყლის პრობლემაა სოფელში. დაიწყეს გაკეთება და საშველი არ დაადგა. დროულად გვინდა ეს პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ არც ძალიან შორიდან გვიწევს წყლის მოტანა. მთავარია მშვიდობა იყოს. პურის ფული გვიჭირს და უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება ხელისუფლებისგან. მოდიან ჟურნალისტები და აშუქებენ ხალხის სათქმელს. ხომ უსმენენ ტელევიზიას, მოვიდნენ და დაინტერესდნენ, რა ხდება, რა გვიჭირს, რა გვილხინს." -თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნიკო ჩლაჩიძემ.
სოფელ დიცში ჯერ ახალგაზრდებს შევხვდით. ყველაზე ძალიან მინი სტადიონი უნდათ. უფრო მეტ დროს დღის განმავლობაში ველოსიპედით სეირნობაში ატარებენ.
"თავისუფალ დროს ბურთს ვთამაშობთ. ასევე დავდივართ სკოლაში და ზაფხულში ლიახვზე ვართ. "- გვითხრეს სოფელში.
ტერეზა მძინარაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს:
"არ გვაქვს შეშა, წყალი, ეს არის მთავარი პრობლემა. ადგილობრივი ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ვაკეთებთ და ცოტა ხანში მოგვარდება წყლის პრობლემაო. ამ ეტაპზე გამხმარი ხეები მოვჭერით და მაგით ვთბებით. 2008 წელს დაგვიწვეს სახლები და უამრავი პრობლემით გვიწევს ცხოვრება"- თქვა ჩვენთან საუბრის დროს ტერეზა მძინარაშვილმა.
სოფელ ზარდიაანთკარში ერთ დროს ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ახლა სოფელში ყოფნისას ბევრი დაკეტილი სახლი ვნახეთ.
გიორგი გაბლიშვილი, ზარდიაანთკარის მკვიდრი: " დაახლოებით 12 ოჯახი ცხოვრობს ახლა, როდესაც 30-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა ამ პატარა ტერიტორიაზე. ირგვლივ ნახავთ მიტოვებულ სახლებს. არანაირი დახმარება არ გვაქვს მთავრობისგან. ახლიდან დავიწყეთ ცხოვრება. მხოლოდ პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზე ვართ. წყალი არ არის და აქედან გამომდინარე, სხვა ადგილზე ცხოვრობენ, სადაც უკეთესი პირობები ნახეს. სოფლის მეურნეობით ვირჩენდით თავს და ახლა ესეც არ არის. მოკლედ, მთავარია წყლის პრობლემა მოგვარდეს."
ციცინო ელიკაშვილი, სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრები:" ნაკვეთი დავამუშავე, მაგრამ მოსავალი ვერ მივიღეთ, რადგან გახმა ყველაფერი. ოთხი ადამიანი ვცხოვრობთ, ბავშვები მერეთის საჯარო სკოლაში დადიან, ჩვენს სოფელში არ არის სკოლა. ძალიან მძიმე პირობებია, მაგრამ რა ვქნათ. ყველანი ვითხოვთ წყლის პრობლემის მოგვარებას. ხან ცოცხის დასასველებელი წყალი არ გვაქვს, ისეთი მდგომარეობაა. სოფელი მხოლოდ სოციალური დახმარების იმედზეა."
"გურია ნიუსი" ამ საკითხებთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მედიატურის მხარდამჭერი ააიპ "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" იყო.
მარიამ ოზაშვილის, მრავალეროვანი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, მედიის წარმომადგენლები ხშირად უნდა დაინტერესდნენ ქართული-ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გაშუქებით.
" ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რეგიონული მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ბედით. ეს ტური ხორციელდება მრავალეროვანი საქართველოს მცირე გრანტების ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ" - თქვა მარიამ ოზაშვილმა.
"ქართული-ოსური კონფლიქტის ზონაში მედიატურის დროს მოსახლეობა ძალიან აქტიური იყო და ყველა იმ პრობლემის შესახებ ისაუბრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან, რაც ბოლო წლებია არსებობს."_ გვითხრა პროექტის ავტორმა ნინო ჩიბჩიურმა.