"იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება" _ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

მთავარი თემა

"იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება" _ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

7 იან. 2016, 14:18:16

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს, რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან" (სადღესასწაულო)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

_ რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა?

_ ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღვთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს!

"საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული - ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროისა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ" (სადღესასწაულო).

მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.

_ ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში?

_ რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.

_ კერძოდ?

_ ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა.

_ როგორ შევძლოთ ეს?

_ წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13.13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.

_ როგორია ღვთაებრივი სიყვარული?

_ ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, _ ,,ღმერთი სიყვარულია"(ინ.4,8).

ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა.

,,შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" (ინ. 13,34); ,,არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მოყვასისათვის (ინ. 15,13.), _ ბრძანებს იესო.

ქრისტიანობამ აბსოლიტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, _ მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი!

,,მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა" (მთ. 5.44-45).

ეს არის მანამადე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანმადე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა.

ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები:

,,მე იგი ვარ...ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად..." ,,სიყვარული აღგვამაღლებს."

ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?
აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.

სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.

ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან.

მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და 'ახალი სიყვარულის" ძებნას იწყებენ.

ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.

აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?

ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა.

ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.

რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით.

წმინდა წერილი ბრძანებს: ,,შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ.1.27), _ როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება.

უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ - ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, _ თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება.

ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: ,,ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი, - შეურაცხყოფას" (სიბრძნ. სოლ. 9,7).

როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: ,,არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა" (მთ. 10.34).

გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: ,,ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი" (Iკორ. 6.9-10).

მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაჰფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: ,,შეიცანი თავი შენი;" რომაელებიც იმეორებდნენ: ,,NOSCE TE IPSUM." სახარებაც გვარიგებს: ,,რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?" (მთ.7.3).

საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე:

1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს.

2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში.

ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური ,,მე" ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს.

გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს.

მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის.

ჩვენი ნამდვილი ,,მე-ს" დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია.

საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს.

რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა?

წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: ,,პირველითგან იყო სიტყვა" (ინ. 1.1).

დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: ,,სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა...და ყოველივე მის მიერ შეიქმნა"(ინ. 1.1-3).

სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: ,,თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი...და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად...და იქმნა ასე"(დაბ. I. 3,6,7,14,15)...

ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა!

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინა არსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების მიერ მოხდა:

,,ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,...მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, - მიწა (დაბ.1.5.8.10), ადამსაც სახელი მან დაარქვა...

შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს.

ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ.

სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.

ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ.12,36).

ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით...

,,ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს" და ,,სავსეა მომაკვდინებელი გესლით" (იაკ.3,5, 8).

,,ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც" (იაკ. 3;9). ამიტომაც, თუ ვინმეს ,,ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა" (იაკ.1, 26).

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?

სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: ,,დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

_  ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.

_ რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?

_ არა, პირიქით.

_  ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?

_ ვფიქრობ, არა.

_ ,,თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!" _ უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.

დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.

ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.

საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის.

აი, როგორ გვარიგებს მოციქული: ,,უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს...რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს...და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო...ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას"(იაკ. 5. 13, 15-16).

მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან ,,სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა" (კოლ.3,15).

ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი ,,სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (Iკორ. 13.4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:

,,კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე...წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ...მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია" (I კორ.13.1-3).

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: ,,გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მარკ.12.30-31).

როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: ,,ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, _ სანახევროდ;

ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.

მდიდარი ხარ? - მოწყალება უხვად გაეცი.

თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე...

თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.

ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის.

აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი."

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.

ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი...რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა!

უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები:

,,ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით." (Iკორ.6,11)

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს.

მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!

ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს.

ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი"




 ახალი ამბები
  • შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებაშინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს. „2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას ... ...
  • სროლა თბილისში- დაჭრილია 2 ადამიანისროლა იყო ცოტა ხნის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან. სროლის შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ამ დროისთვის დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, ჭრილობები რა სახის იარაღით არის მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • “მწვანე გურია“ კაკო ღლონტის სამეფოშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურიანთაში მცხოვრები ფერმერი, აგრონომი კაკო ღლონტი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეხვდა ღლონტების ოჯახი პანდემიას. კაკო ღლონტი ასევე ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომელია. _ ბატონო კაკო, როგორ შეხვდით კორონავიურისს და როგორია თქვენი დღის წესრიგი? _ თითქმის არაფერი შეცვლილა, ვმუშაობდით ჩვეულებრივ რეჟიმში და გადავედით დისტანციურ რეჟიმზე.  ჩვენ ფერმერებთან  არ გაგვიწყვეტია კონტაქტი და ის, რაც პროექტები გვქონდა, გრძელდებოდა მისი გახორციელება. თხილის, ციტრუსის პროექტი გვაქვს, სიმინდის კუთხით ახალი ჯიშებს ვიყვანთ. ახალი ის არის, რომ ბროკოლის მოყვანა გადავწყვიტეთ და დავამტკიცეთ, ესეც შესაძლებელია გურიაში. _ სახლში რა ხდება, სადაც თქვენ ხართ მბრძანებელი? _ საქმის კეთება ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ვაგრძელებ სხვადასხვა კულტურების მოყვანას და მომრავლებას. უფრო მეტად აქტიური გავხდი ამ კორონავირუსის შემხედვარე. ვმუშაობ დაუღალავად. ჩემი მეუღლე, შვილები ჩემს გვერდით არიან.   _ ეს  პანდემია როდის გადაივლის,  ჯერჯერობით, არავინ არ იცის. დამწყებ ფერმერებს რა რჩევა-დარიგებას მისცემთ, რომ შემოდგომა-ზამთარს მომზადებულები შეხვდნენ? _ ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს მზად, რა იცი, წინ რა გველოდება. სიმართლე გითხრათ, ბევრი,  დავუშვათ, ვერ შემოიტანეს უცხოეთიდან მარცვლეული ან სხვა პროდუქტი? ადამიანმა იმდენი მაინც უნდა იშრომოს, რომ სახლში მოყვანილი პროდუქტებით ერთი ან ორი თვის მანძილზე გაიტანოს თავი. პირველ რიგში, უნდა დაეკითხონ და დაუჯერონ დარგის სპეციალისტებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სოფლის მეურნეობაში. ასევე იკითხონ წიგნი, ნამეტარი ინტერნეტს ნუ მიეჯაჭვებიან. _ რომელი კულტურის მოყვანით და გამრავლებით არიან დაინტერესებულები? _ ყველას უნდა კონსერვი გააკეთოს. ძირითადად ბოსტნეულების მოყვანით არიან დაინტერესებულები. მაგრამ, მარტო კიტრის და პომიდორის მოყვანა ხომ არ არის საკმარისი. შეგვიძლია შემოდგომაზე და ზამთარში სალათების, მწვანილების, კიტრის მოყვანა. ფუჭად არ უნდა დავკარგოთ დრო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ დროის გამოყენება შედეგიანად, რომ შემდეგ საკუთარ თავთან და ღმერთთან მართლები ვიყოთ. კარგად უნდა დავგეგმოთ თითოეული წუთი და საათი. უფრო მეტი გააქტიურება არის საჭირო და საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება. _ თქვენ პირადად, რომელი კულტურის მოყვანით ხართ დაკავებული? _ მე ვარ მრავალფეროვნების მოყვარული. თუ კი რამეს მოყვანა შეიძლება გურიაში ყველაფერი მომყავს, ვაშენებ, ვამრავლებ და ვახარებ. ჩემთან, რომ მოდის ფერმერი ნერგის საყიდლად, აუცილებლად მას ვანახვებ იმ კულტურებს, რომლის გახარება და გამრავლება შევძელი. ამ კონსულტანციას და რჩევა-დარიგებებს კიდევ არავის ვამადლი. მთავარია, სასაუბრო დრო მქონდეს.  აგერ, მაგალითად, ჩემს ეზოში, სახლის გვერდზე, კომბოსტო უკვე თავშეხვეულია. ხომ იძახიან გურიაში არ იხარებს და არ მოდის კომბოსტოო, არ არის ეს სიმართლე, ბატონებო - მოდის, თან წელიწადში  _სამჯერ. _ რატომ არ ვიყენებთ? _ საკმარისი ცოდნა არ აქვთ და იმიტომ. მაგალითად, დაიწყო დამწყებმა ფერმერმა სხვადასხვა კულტურების მოყვანა, მაგრამ ცოდნა რომ არ ქონდა, ვერ გაახარა და ვერ გაამრავლა. შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და დაჯდა სახლში. საბედნიეროდ, მოდიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ და მუშაობენ. შედეგიც არის და ეს იძლევა იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. _ როგორც ვიცი, წელს ყველაზე მეტად იყიდება პომიდორის, კიტრის, ბულგარულის და სხვა კულტურის ნერგები. _ ჩემი მეუღლე მენერგეობას მისდევს და აგრარულ ბაზარში ყიდის ნერგებს. წელს  ფაქტიურად სახლიდან გაიყიდა ნერგები. ბაზარში ორი დღეც არ გასულა. თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან რომ დაბრუდნენ, თავის კარმიდამოს მიხედვა ხომ ჭირდება, დაიწყეს მოვლა, შემდეგ ბოსტანში სხვადასხვა ნერგები დარგეს. ყველა ცდილობს, რაღაც გააკეთოს... ცოტა შიშმა შეაფუცხუნა ჩვენი ხალხი. _ ბატონო კაკო, საუბრის დასასრულს, იქნებ, თქვენ გვითხრათ, კორონავირუსის დროს გურია და კახეთი მწვანე ზონა იყო. თქვენი ვერსია  როგორია,  შეინარჩუნებს გურია მწვანე ზონად თავის თავს? _ ხომ იძახოდნენ გურულები, არ არიან კანონმორჩილნიო?! სინამდვილეში კანონმორჩილნი ვყოფილვართ. ყველაფერს ვასრულებდით, რაც რეკომენდაციები გაიცა სპეციალისტების მიერ.  კიდევ შემიძლია ვთქვა: ღმერთი გვფარავს გურულებს, ლაღები ვართ, ლაღი იუმორით და ალბათ, ლაღი ბუნებიდან გამომდინარე. ჩემი მოსაზრებით, არ მოგვივლინა დიდი განსაცდელი. შეიძლება ჩვენი სისუსტის ბრალია: აგენი ვერ გადაიტანს მაგასო და აღარ შეგვხდა ეს კორონავირუსი. _ გურიაში ხომ იყო პერიოდი, როდესაც არ სწამდათ ღმერთის და ეკლესია-მონასტრებში მძიმე მდგომარეობა იყო. _ ეს მხოლოდ გურიაში არ ყოფილა. იყო რაღაც პერიოდი, რომ ეშმაკმა დაძლია საზოგადოებას, მაგრამ დროულად გამოფხიზლდა ერი. გურიაში სწრაფი ტემპით მიდიოდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მშენებლობა. ადამიანები დაუბრუნდნენ ეკლესიას და ... ...
  • "გულის მუშაობა აღვუდგინეთ"- გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტის მდგომარეობა მძიმეაექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც აფეთქებული გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დღეს დენმა დაარტყა, საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 39 წლის მამაკაცი "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მკურნალობს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს. კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. "39 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პარკუჭთა ფიბრილაცია, თუმცა 10 წუთში გულის მუშაობა აღვუდგინეთ. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 2-3 დღეში პაციენტის გამოღვიძება მოხდება,"- განაცხადა ნათია ნუცუბიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ აფეთქებული გაზგასამართი სადგურის შესამოწმებლად ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მისულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. წყარო: რუსთავი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?