"ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა იმიტომ წაიტეხა ცხვირი, რომ გვერდით "მომქანჯალებელი" არ დაიტოვა" _ ვასილ მაღლაფერიძე

მთავარი თემა

"ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა იმიტომ წაიტეხა ცხვირი, რომ გვერდით "მომქანჯალებელი" არ დაიტოვა" _ ვასილ მაღლაფერიძე

2016 თებ 8 16:02:30

რა ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან, როგორი პარლამენტი სჭირდება საქართველოს, რამდენად ადეკვატურები არიან დღევანდელი პარლამენტარები და შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" არჩევნების მოგებას, რა კავშირი აქვს "მაესტროს" წილების გადაფორმებასთან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ტელეკომპანია "GDS"-ის გადაცემა "20/30"-ის მთავარი პროდიუსერი, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე საუბრობს.

_ ბატონო ვასილ, ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ "ქართული ოცნების" სიის ათეულში მოხვდებით. მიუხედავად თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებთ, მედია ამ თემაზე ბევრს წერს. უფრო მეტიც, მომავალი პარლამენტის თავმჯდომარედაც კი გასახელებენ... 

– ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო ის არის, როგორი დიდი გასაქანი აქვს ჩვენში ჭორ-ინფორმაციებს. რაც გინდა სისულელე მოიგონე და მთავარია, თქმა მოასწრო, უცებ გავრცელდება, არც გადაამოწმებს ვინმე, არც წყაროს იკითხავს. მაგის საჩვენებლად იყო, თავის დროზე რომ დავწერე, ევროკავშირი გოჭის დაკვლას გვიკრძალავს,-მეთქი და გახსოვთ, რა ამბავიც ატყდა. ჩვენთან წაკითხულის და ტელევიზორში მოსმენილის ლამის ბრმად სჯერათ, ლუარსაბს რომ მკითხავის სჯეროდა ისე და ჭორების შექმნაც ბიზნესად იქცა.

ახლა ეს ჩემი მოგონილი გოჭის ამბავი დამიბრუნდა პარლამენტის თავმჯდომარეობის ამბად. თუმცა, გამორიცხულია, რომ საერთოდ პარლამენტში შესვლაც კი ვცადო და ამაზე სამჯერ თუ ოთხჯერ ვუპასუხე ამ მოკლე ხანში.

ვინც ჩემი პარლამენტში შესვლის ამბავი შეთხზა, იმას, სინამდვილეში, საკუთარი თავი ანაღვლებს. არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ალბათ, აინტერესებს, რა ბედი ელის. ეტყობა, არ ეუბნება არავინ არაფერს, ამიტომ შემოაგდო ჭორი და აკვირდება, ვის რა რეაქცია ექნება, რომ, იქნებ, აქედან მაინც გაიგოს რამე.

_ ანუ პარლამეტში შესვლას არ აპირებთ!

– არ მგონია, ვინმეს დიდად აინტერესებდეს ეს საკითხი, მაგრამ, ვინაიდან გამეორება ცოდნის დედაა, კიდევ ერთხელ ვიტყვი _ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ და იმედია, დაიხურება თემა. თუმცა, როგორ წარიმართება არჩევნები, ძალიანაც მაინტერესებს _ პროცესიც და შედეგებიც.

_ ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნეთ, რომ თქვენ იცით, როგორი პარლამენტარები სჭირდება ქვეყანას.

_ ეგ ვინ არ იცის?! მთავარია, როგორ შევიყვანოთ! გონიერი, სხარტი აზროვნების, ენა უნდა უჭრიდეს, უნდა ერკვეოდეს _ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. უნდა შეეძლოს საზოგადოების მთავარი პრობლემების დანახვა და მათი სწორად ფორმულირება; კანონის სტრიქონებს შორის ჩამალულ ნადვილ აზრს უნდა ხვდებოდეს; ადეკვატური უნდა იყოს! მგონი, დიმიტრი გელოვანის თამასას გადავაჭარბე, მაგრამ ნამდვილად სჭირდება ქვეყანას ადეკვატური პარლამენტარები.

_ დღევანდელი პარლამენტარები არ არიან ადეკვატურები?

_ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლა და თანაც უსისხლოდ, იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა. როცა, პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა მიდიოდა ყველაფრის მკადრებელ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და, კარგად გვახსოვს, რომ "ქართულ ოცნებასთან" სიახლოვე სახიფათო თემა იყო, იმ დროს, რასაკვირველია, "ქართული ოცნების" სია იყო ადეკვატური. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილს გვერდით დაუდგნენ, ბრძოლის ავანგარდში ჩადგნენ და მათ ამისთვის მადლობა ეკუთვნით. 

მაგრამ 2016 წლის პარლამენტი ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ამიტომ ამჟამად ისეთი პარლამენტარები სჭირდება ქვეყანას, რომლებიც ამ ახალ გამოწვევებს უპასუხებენ. შეიძლება, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ქვეყნის გულშემატკივარიც, მაგრამ თუ კონკრეტული დროში, კონკრეტულ სივრცეში, კონკრეტული საქმის კეთებისას მაინცდამაინც ის უნარები არ აღმოგაჩნდება, რომელიც ამ საქმეს სჭირდება, სასაცილო გამოჩნდები, შემაფერხებელი გახდები, ხელს შეუშლი სხვას და ქვეყანას დააზარალებ. საბოლოოდ, ამას არაადეკვატურობისკენ მივყავართ. ამიტომ, პარლამენტარი სტუმარივითაა, როგორც დროული მოსვლით გაგვახარა, ასევე წასვლით უნდა გაგვახაროს. თუ სტუმრის საუბარი ბჟუტურში გადადის და მისი საქციელი არაადეკვატური ხდება, მისი ადრინდელი დამსახურებაც გავიწყდება. ამიტომ წასვლა ყოველთვის დროულად სჯობს. თუნდაც ადრე წასვლითაც კი არაფერი შავდება, მაგრამ თუ წასვლა თუნდაც ერთი დღით დააგვიანე, დაგისტვენენ.

_ ვინ უნდა გადაწყვიტოს, ვინ რამდენად ადეკვატურია?

_ ამის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. გურიაში იციან სიტყვა "მოქანჯალება", რაც იმას ნიშნავს, სადღაც რომ იჩეხები და ცოტას შეგაჯანჯღარებენ, შეგაფხიზლებენ, რათა აზრზე მოხვიდე. 

ტკბობაში რომ ხარ, თავი კიტრად რომ მოგაქვს, შენ რომ არ შეგშვენის, იმ საქმისკენ რომ გაგიწევს გული და ამ დროს ახლობელი დაგიშლის, არ ქნა მაგი საქმეო, ე, მაგია "მოქანჯალება". 

ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა სწორედ იმიტომ წაიტეხა ცხვირი, რომ გვერდით "მომქანჯალებელი" არ დაიტოვა, შემაკავებელი არ ჰყავდა და თავკონტროლი დაკარგა _ ამ წუთისოფლის უღრანში "მომქანჯალებლის" გარეშე მარტოხელა ადამიანი გზას ვერ გაიკვლევს.

_ ბიძინა ივანიშვილმა თუ იცის "მოქანჯალება"?

_ მე ახლა ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობდი, თუმცა, რატომაც არა?! ბიძინამაც მაგარი "მოქანჯალება" იცის, მაგას კაცს არ ამადლის, მაგრამ, "მოქანჯალება" სახრე და იძულება კი არ არის, რჩევაა და გაფრთხილება; შეუსმენელი თუ ხარ, "მოქანჯალება" ვერ გიშველის _ ცოტა შენც უნდა გინდოდეს, რომ კედელს არ ურტყა თავი.

პარლამენტის თემას დავუბრუნდები. პარლამენტი განსაკუთრებული ადგილია _ აკვარიუმის თევზივით ხარ, ყველა მხრიდან გიყურებენ, შენს მუშაობას პირდაპირ ეთერში გადასცემენ, აიხედავ - გადაგიღებენ, დაიხედავ - გადაგიღებენ, ყველა ნაბიჯს და სიტყვას გიწონიან, სისულელეს იტყვი - დაგცინებენ, აბდალიაო! პირში წყალს ჩაიგუბებ და უაზროს დაგიძახებენ! სულ ფორმაში უნდა იყო და, რაც მთავარია, შენი აზრები და საუბარი მხოლოდ შენ კი არ უნდა მოგწონდეს, სხვებისთვისაც მისაღები უნდა იყოს და არსებულ რეალობასთანაც მოდიოდეს თანხვედრაში.

ისეც ხდება, რომ ადამიანს თვითშეფასებაში ჩავარდნა აქვს ხოლმე _ ვირს რქები არ ამოუვიდა, თავი ბოჩოლა ეგონა და კუნტრუში მოიწადინაო, - მაშინ ოჯახმა უნდა მოაქანჯალოს, მეგობარმა უნდა მოაქანჯალოს, მშობლიურმა პარტიამ უნდა მოაქანჯალოს და, თუ მაინც გაჯიქდა, ბოლოს ამომრჩეველმა უნდა მოაქანჯალოს. მოკლედ, რეცეპტი ის არის, რომ ადამიანი გრენლანდიის ნახატად არ უნდა გადაიქცეს!

ახლა გვჭირდებიან ისეთი პარლამენტარები, რომლებიც, პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში იქნებიან, ქვეყნის შიგნით პულსზე ედებათ ხელი და კანონის სტრიქონებს შორის ამოიკითხავენ ნამდვილ შინაარსს. ამავე დროს, საერთაშორისო ასპარეზზე და სტრუქტურებში შეძლებენ ქვეყნის ინტერესების დაცვას, რაც ძალიან კონკრეტულ ცოდნას და უნარებს მოითხოვს.

_ თქვენი აზრით, როგორი მთავრობა სჭირდება საქართველოს?

_ მე ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილი ახლაც და არჩევნების შემდეგაც შეძლებს ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმატებით უპასუხებს ახალ გამოწვევებს. მას აქვს თანამედროვე მმართველისთვის მნიშვნელოვანი თვისებები _ კეთილსინდისიერია, კვალიფიციურია, მშვიდია, გულისყურით მომსმენია(!), საკმარისად მკაცრია, გადაწყვეტილებების მიმღებია და კლანებთან არ ასოცირდება. არც ერთ ამ საკითხში საზოგადოებას მის მიმართ ეჭვი არ უჩნდება.

სხვათა შორის, ვინაიდან გიორგი კვირიკაშვილს პარტიის თავმჯდომარედ ირჩევენ, ზემოთ ნახსენები საპარლამენტო სიის შემადგენლობაც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის პოლიტიკურ გემოვნებაზე და ხედვებზე. ნადვილად ველი, რომ ეს პროგრესზე ორიენტირებული სია იქნება!

_ არჩევნების თემაზე რადგან ვსაუბრობთ, მინდა გკითხოთ, როგორ უყურებთ ოლქების ახლებურად დაყოფის საკითხს. მაგალითად, გურიაში ჩოხატაურმა და ლანჩხუთმა ერთი დეპუტატი უნდა აირჩიოს, ზოგან _ პირიქით, გაიყო მუნიციპალიტეტი. თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია ამომრჩეველთა ასეთი გადანაწილება?!

_ ამჟამად მიღებული გადაწყვეტილებით, ეს დროებითი ნორმაა და 2020 წლიდან მაჟორიტარული არჩევნები საერთოდ უნდა გაუქმდეს. ზოგი წელსვე ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

პარტიების წარმომადგენლები, ბუნებრივია, ამ საკითხს ისე შეხედავენ, ისე დაასაბუთებენ და ისეთ მაგალითებს მოიყვანენ საერთაშორისო პრაქტიკიდან, რაც მათ პარტიებს უფრო მეტ ძალაუფლებას მოუტანს. ეს ბუნებრივია, რადგან ნებისმიერი პარტია ძალაუფლების მოპოვების მსურველთა გაერთიანებაა.

მაგრამ ეს ჩვენ დაგვატყდა უცებ ყველაფერი ერთად _ დამოუკიდებლობა, დემოკრატია, პარლამენტი, პარტიები, პოლიტიკური ცხოვრება და თანაც უკიდურესი გაჭირვების ფონზე, როდესაც ადამიანები პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ამიტომაც ვერ დავლაგდით; ამიტომ ვერასდროს გახდა კონსტიტუცია საერთო ეროვნული შეთანხმების საგანი. ვისაც როგორ "აწყობდა" იმ მოცემულ მომენტში, ისე ჭრიდა და კერავდა ამ კონსტიტუციას. დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე მაჟორიტარული სისტემა გვიშლის ხელს, დრო გავა, მერე შეიძლება ისევ მოგვინდეს.

ბევრ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლად და თანამიმდევრულად ვითარდებოდა, ქვედა პალატასთან ერთად, თითქმის, ყველგან არის ზედა პალატა _ სენატი, სადაც თანაბრად წარმოდგენილია კუთხეების, რეგიონების თუ შტატების ინტერესები, განურჩევლად მოსახლეობის რაოდენობისა.

საქართველოს რეალობიდან და ბუნებითი მოწყობიდან გამომდინარე, ვგულისხმობ, კუთხეებს, რაც ჩვენი სიმდიდრე და საფუძველია, პირადად მე სენატი აუცილებელი მგონია და დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ.

_ ფიქრობთ თუ არა, რომ ქალები და კაცები თანაბრად უნდა იყვნენ პარლამენტში?

_ დარწმუნებული ვარ, რომ მალე შეიცვლება არასწორი წარმოდგენა, თითქოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები მხოლოდ კაცებმა უნდა მიიღონ და ეს მათ უკეთ გამოსდით. 

სახელმწიფოს საფუძველი ოჯახია და მხოლოდ ის ოჯახი იქნება სიცოცხლისუნარიანი, სადაც ქალი და კაცი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადარჩენის ინსტინქტი გვკარნახობს ამას და ეს ქართველებმა კარგად გამოვცადეთ _ საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონდა და ოჯახებმა შეინარჩუნეს საქართველო. იმ ოჯახში კი, ცხადია, ქალი და კაცი ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ასე ხდებოდა ყველაზე ტრადიციულ საზოგადოებებშიც კი, სადაც არასდროს ყოფილა მამაკაცების დიქტატურა, როგორც ეს ზოგს შეცდომით ჰგონია.

ხოლო თუ ერთპიროვნული მმართველობების ეპოქებს გავიხსენებთ, ვერავინ იტყვის, რომ, გინდ საქართველოში და გინდ საზღვარგარეთ, ქალებმა მართვა მამაკაცებზე ცუდად მოახერხეს. პირიქით _ ქალების მმართველობის პერიოდი თითქმის ყველგან ოქროს ხანად იქცა. ჰოდა, თუ ყველგან და ყველა დროში შეძლეს ქალებმა მართვა, რაღა ამ ჩვენ პარლამენტში არ გამოუვათ?!

ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების მონაწილეობა ყველა დონეზე. ეს კაცების დაჩაგვრას სულაც არ ნიშნავს _ ქალს ძლიერად აქვს განვითარებული შთამომავლობის დაცვის ინსტინქტი და ხანგრძლივ სტაბილურობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ, თანაბარი ბალანსის შემთხვევაში, ბავშვიც უფრო დაცული იქნება, კაციც, ქვეყანაც და გარემოც. ვის რა უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო?! 

_ ასევე, აქტიურად იწერება თქვენი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაზე. ხშირად ამბობენ, რომ ივანიშვილი გადაწყვეტილებებს თქვენს გარეშე არ იღებს და უფრო მეტიც, მედიასთან ურთიერთობებს სწორედ თქვენ არკვევთ. რა ურთიერთობა გაქვს ბიძინა ივანიშვილთან?

_ ასეთი რამ სხვადასხვა დროს, მხოლოდ ჩემზე კი არა, ბევრ სხვაზეც დაწერილა. კარგი და თავმოსაწონი ამბავი იქნებოდა ეს ჩემთვის, მარა დაიჯერებს ამას ვინმე?! ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური გურული რას გეტყვით ამაზე, თუ იცით? – "ამდენი თუ იცოდა და ასეთი ჭკვიანი იყო, ივანიშვილს რეიზა ეუბნებოდა ამ რჩევებს, თავისთვის ვერ მეიხმარაო?!" ამ გურულის ნათქვამს დავამატებ, რომ "მაგრობა" ბიძინა ივანიშვილისთვის რჩევის მიცემა კი არ არის _ იგი დიდი ყურადღებით უსმენს ყველას, "მაგრობა" მისგან რჩევის მიღებაა. 

მედიასთან ურთიერთობის გარკვევას რაც შეეხება, აგერ არის მედია და ტყუილს არ მათქმევინებენ _ საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს სხვა მედიასაშუალებებთან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომ ზოგან მუშაობენ ჩემი მეგობრები და ნაცნობები, რომელთაც ძირითადად ფეისბუქში თუ ვხედავ და კიდევ ხანდახან ინტერვიუსთვის მირეკავენ ხოლმე. 

_ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ინგა გრიგოლიასთან თქვა და დაწერა კიდეც ასეთი რამ: "უჩა მამაცაშვილთან ერთად "მაესტროს" წილების გაფორმების მოლაპარაკებებში ნამდვილად მონაწილეობდა "20/30"-ის ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მის ვინაობას დავასახელებ მაშინ, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი." თქვენ ან სხვა ვინმე მართლაც მონაწილეობდით "მაესტროს" წილების გაფორმებაში?

_ ქალბატონ ელისოს, ალბათ, ძალიან დაწყდება გული, როდესაც შეიტყობს, რომ მისთვის, თურმე, არასწორი ინფორმაცია მიუწოდებიათ გასავრცელებლად. ასევე, ალბათ, გული დაწყდებათ იმ ჟურნალისტებსაც და ექსპერტებსაც, რომელთაც ამ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე, მცდარი ვარაუდები გამოთქვეს და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვთქვა, რომ ამ ინფორმაციას სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს. 

რას ვიზამთ, ხდება ხოლმე _ ვის არ შეშლია?! თუმცა, ეს ტრაგედია ნამდვილად არ გახლავთ _ საქართველოში ყოველდღე იმდენი დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ ერთი და ორი ტყუილით მეტი საერთო სურათს ძალიან ვერ დაამძიმებს.

_ საინტერესოა თქვენი აზრი იმ წინააღმდეგობების შესახებ, რაც პერიოდულად თავს იჩენს ხოლმე პრეზიდენტის ინსტიტუტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის...

_ პრობლემის სათავე ლოგიკურად გაუმართავ კონსტიტუციაშია, რომელიც ასეთი იმიტომაა, რომ თავის დროზე ერთმა ადამიანმა, ამჯერად სხვა ქვეყნის მოქალაქემ, საკუთარ ტანზე გადაწყვიტა ქვეყნის ძირითადი კანონის მორგება და ცუდმა მკერავმა _კონსტიტუციონალისტებმაც მის ხუშტურზე ჭრეს და კერეს. ამიტომაც დღეს ჩვენი კონსტიტუცია ისევ სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს. საკონსტიტუციო კომისიაც არის შექმნილი ამ მიზნით.

ჯერ საპრეზიდენტო ქვეყანა ვიყავით, მერე გავხდით საპარლამენტო, მაგრამ შევინარჩუნეთ საპრეზიდენტო მოდელის ორნამენტები. აღმასრულებელი ხელისუფლება და რეალური ძალაუფლება პრემიერის ხელშია, რომელსაც პარლამენტი ნიშნავს, სამაგიეროდ, საყოველთაო არჩევნების გზით ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც ბევრს ვერაფერს წყვეტს. მე მგონია, რომ წინააღმდეგობები სწორედ იმიტომაც იჩენს ხოლმე თავს, რომ დღევანდელი პრეზიდენტი, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ძველი საპრეზიდენტო უფლებებისადმი მონატრებას განიცდის და ეს განუწყვეტლივ იგრძნობა მის ქცევაში, საუბარში, ცერემონიების დაგეგმვაში და, თუ გნებავთ, იმ ბედუკუღმართი სასახლისადმი დამოკიდებულებაშიც, რასაც იგი, როგორც ჩანს, ძალაუფლების სიმბოლოდ აღიქვამს.

ძალაუფლებისადმი ლტოლვა ადამიანის ინსტინქტია და ეს უნდა მივიღოთ, როგორც ბუნებრივი მოვლენა, მაგრამ კონსტიტუციის დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ ეს ინსტინქტები მოთოკოს, ძალაუფლება გადაანაწილოს და მკაფიო საზღვრებში მოაქციოს ისე, რომ ერთი შტო მეორის ფუნქციებში ვერ შეიჭრას. ამ კუთხით ჩვენი კონსტიტუცია გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგალითად _ საპარლამენტო ქვეყანაში რატომ ვირჩევთ პრემიერზე გაცილებით დაბალი უფლებების მქონე პრეზიდენტს საყოველთაო არჩევნებით?! არჩევნები პრეზიდენტს ანიჭებს მაღალ ლეგიტიმაციას, თუმცა, კონსტიტუცია უსაზღვრავს დაბალ უფლებებს, ამიტომაც პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს, რომ ხელისუფლების დანარჩენმა შტოებმა მისი უფლებამოსილება ცნონ არჩევნებით განპირობებული მაღალი ლეგიტიმაციის კონტექსტში, მთავრობა კი მის უფლებებს განიხილავს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში. უბრალო ენით რომ ვთქვათ, პრეზიდენტი იბრძვის საკუთარი ძალაუფლებისთვის.

ამჟამად ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად მუშაობის საკმაო გამოცდილება მიიღო და საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრებების მოსმენა სწორედ კონსტიტუციასთან დაკავშირებით _ როგორ ხედავს იგი მისი გადმოსახედიდან პრეზიდენტის ინსტიტუტს, რა უფლებების დამატებას მიიჩნევს მიზანშეწონილად და რა უფლებების ჩამოცილებას მიაჩნევს საჭიროდ. თუ ასეთი დისკუსია დაიწყება, თვალნათელი გახდება ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ იძაბება პერიოდულად ურთიერთობები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. პრობლემის დანახვა კი მისი მოგვარების აუცილებელი წინაპირობაა.

_ შეძლებს "ქართული ოცნება" არჩევნების მოგებას?

_ ფაქტობრივად, უკვე გიპასუხეთ ამ კითხვაზე, როდესაც გითხარით, რომ ჩემი აზრით, გიორგი კვირიკაშვილი ახლაც და არჩევნების შემდეგაც შეძლებს ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც წარმატებით უპასუხებს ახალ გამოწვევებს,-მეთქი.

დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს, რომ ახალ პარლამენტში "ოცნების" და "ნაციონალების" გარდა, შეიძლება ვიხილოთ კიდევ ორი, ან იქნებ სამი პარტიაც კი, რომლებიც დამოუკიდებლად გადალახავენ ბარიერს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეალობა, და, სწორედ ამ პარტიებს შორის მოუწევს მოსახლეობას არჩევნის გაკეთება.

არ ჩანს, რომ ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" გარდა, რომელიმე სხვა პარტია მზად იყოს ხელისუფლების ასაღებად. ვგულისხმობ პარტიულ ინფრასტრუქტურას, რეგიონებში განშლადობას და მოსახლეობის განწყობას, თორემ ცალკეული პარტიების ლიდერებს შეიძლება აქვთ კიდეც ასეთი ირაციონალურ სურვილები!

თუ "ქართულ ოცნება" კარგ საპარლამენტო სიას დადებს და სწორ საარჩევნო სტრატეგიას შეიმუშავებს, რაც ძალიან რთულ ამოცანას არ წარმოადგენს, იგი მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.




 ახალი ამბები
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...
  • "გურიის მოამბის" რედაქტორის მიმართ გახორციელებული მუქარის საქმე გახსნილია _ ვინ არის ბრალდებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს და მუქარის ფაქტზე ამხილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ამავე თემაზე: "გურიის მოამბის" რედაქტორი: შვილების ლიკვიდაციით ... ...
  • ,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ - მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ , _ ამ სიტყვებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა.  ბოკერია-მდინარაძის დაპირისპირების მიზეზი შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა. ხაბარელმა საკუთარ გამოსვლაში ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. შოთა ხაბარელმა ბოკერიას კითხვით მიმართა, ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება. კითხვის დასმის დროს გიგა ბოკერია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ბოკერია სხდომაზე დაბრუნდა, სიტყვით გამოსვლისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მიღწევა თავად მათი დამსახურებაა და არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არის. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას მოუწოდა, კითხვის არსი სწორად გაეგო და პასუხი ისე გაეცა, რის შემდეგაც ერთმანეთს „ტუტუცი“ უწოდეს. ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც, თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“. დეპუტატების დაპირისპირებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩაერთო. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მამუკა მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა და კორექტულობისკენ ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...