redman federation inc-ს ლარიც არ გადაუხდია _ ვინ არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელსაც სააკაშვილმა მიწები მისცა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომპანია redman federation inc-ს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში, ზღვისპირა ზოლში, თითქმის 9 ჰექტარი მიწა 1 ლარად ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, 2011 წლის 3 აგვისტოს მისცა.
9 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა. თუმცა, 1 ლარად გასხვისებამდე 6 დღით ადრე, 2011 წლის 29 ივლისს, სამინისტროს წარმომადგენელმა არჩილ ბერიძემ საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია მოეხდინათ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა განცხადება იმავე დღეს დააკმაყოფილა და შესაბამისი დოკუმენტიც გასცა.
2011 წლის 3 აგვისტოს კი რეესტრს გაცხადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ზვიად საპანაძემ მიმართა და ციხისძირის მიწების რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა, რომელიც იმავე დღეს დაკმაყოფილდა.
ეს ყველაფერი უწყებებს იმისთვის დასჭირდათ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქონება ადვილად გაეჩუქებინა, რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საქართველოს პრეზიდენტი ერთი განკარგულებით ვერ გასცემდა.
რაც შეეხება განკარგულებას _ მასში მითითებულია, რომ კომპანიას გადაეცა სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 433 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 391 კვ. მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, 27 557 კვ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 199 კვ. მ შენობა-ნაგებობა, 33 780 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 28 217 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი 1 ლარად.
დოკუმენტის თანახმად, საპრივატიზებო პირობად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია ამ დროის განმავლობაში 1 ლარს არ გადაიხდიდა, მას, ყოველ გადაცილებულ დღეზე 500 ლარი _ პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კომპანია redman federation inc-ს, რომელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2011 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრში საჯარო მოხელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ თინათინ ჩაჩანიძემ მოახდინა, 1 ლარი არ გადაუხდია და დღეის მონაცემებით, redman federation inc-ის სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება თითქმის მილიონ ლარს შეადგენს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ და პროკურატურაში გვამისამართებენ. კომენტარს არ აკეთებს ჩაჩანიძეც, რომლის თქმით, პროკურატურა ციხისძირის მიწების პრივატიზების კანონიერების თაობაზე გამოძიებას 2013 წლიდან აწარმოებს და მას, როგორც მოწმეს, კომენტარების მიცემა აკრძალული აქვს.
კომენტარების მოპოვებას მთავარ პროკურატურაში “გურია ნიუსი“ მთელი დღის მანძილზე ცდილობდა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, უწყებიდან კონკრეტულ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია, გაიტანენ თუ არა ქონებას აუქციონზე. ეკონომიკის სამინისტროში 2-წლიანი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა, სახელმწიფოს აქვს უფლებამოსილება, ქონება დააყადაღოს და აუქციონზე გაყიდოს:
_ თუკი უცნობია მფლობელი, მაგრამ სახეზეა ქონება, სახელმწიფო საჯარო განცხადებას გააკეთებს, რომ არსებობს დავა და ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს. ქონება გადის აუქციონზე და თუკი იმაზე მაღალ ფასად მოხდა ქონების გაყიდვა, რა დავალიანებაც კომპანიას აქვს სახელმწიფოს წინაშე, ზედმეტი თანხა კომპანიას ანგარიშზე უნდა ჩაერიცხოს, _ განმარტა ტრაპაიძემ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიხეილ სააკაშვილმა ამ დრომდე უცნობ კომპანიას 9 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება 1 ლარად მისცა. პირობების დარღვევის გამო, დავალიანება მილიონ ლარს აღწევს. თუკი სახელმწიფო ქონებას აუქციონზე გაიტანს, ბუნებრივია, რომ მისი ფასი საკმაოდ მაღალი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით redman federation inc წაგებული არ დარჩება და ფულს არაფრიდანაც იშოვის.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით ეს კომპანია, მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირ კავშირშია და მისი მფლობელი, სანდრა რულოვსის მეგობარი ჩეხეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული პეტრ ზიკაა.
აღნიშნულ პიროვნებაზე ინფორმაციის მოპოვება ამ დროისთვის შეუძლებელია _ არც ერთ საძიებო სისტემაში მასზე არაფერი წერია; მის შესახებ ინფორმაციას არც ბიზნესს წრეებში ფლობენ.
ამავე თემაზე: სააკაშვილის გარიგება _ 9 მილიონიანი ქონება ციხისძირში 1 ლარად ვალდებულებების გარეშე; სააკაშვილის მიერ 1 ლარად გაყიდული მიწები უცნობ კომპანიას საჯარო მოხელემ დაურეგისტრირა _ ექსკლუზივი; ერთ ლარად გაყიდული ციხისძირის მიწების უკან საერთაშორისო მაფია დგას?; მოჭრა შეიძლება, გადარგვა არა _ რეპორტაჟი ციხისძირიდან, სადაც ტყეები გაჩეხილია