"ყველას უნდა მიეცეს ლოცვის საშუალება და ამაზე შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ"

მთავარი თემა

"ყველას უნდა მიეცეს ლოცვის საშუალება და ამაზე შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ"

31 მარ. 2016, 20:23:13

რელიგიის თავისუფლების დაცვის გარანტი საქართველოს უმაღლესი კანონი _ კონსტიტუციაა და ამის დაცვის ვალდებულება ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაც აიღო.

მუშაობს თუ არა ეფექტურად კანონი საქართველოში და დაცულია თუ არა რელიგიური უმცირესობის უფლებები _ ამ თემაზე აკაკი სიხარულიძის და თამთა კაკაურიძის მიერ მომზადებული სპეციალური სიუჟეტი "გურია ნიუსის" ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი მე", გასულ პარასკევს გავიდა.

რამდენად ხშირია რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტები, როგორც რეაგირებს სახელმწიფო კონკრეტულ შემთხვევებზე და რა რეკომენდაციებს აწვდის მთავრობას სახალხო დამცველი _ გადაცემის პირველი სტუმარი სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი მაკა სტივენსონი იყო:

სტივენსონის ინფორმაციით, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატს, დისკრიმინაციის გამო, 145 განცხადებით მიმართეს, აქედან, 109 საქმის შესწავლა დასრულებულია.

_ ქალბატონო, მაკა, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები თუ დაფიქსირდა?

_ საჩივრების, დაახლოებით, 11% ეხება რელიგიური ნიშნით დის­კრ­იმინაციას. მომჩივნები სადაოდ ხდიან იმ ფაქტს, რომ ისინი დაექვემდებარნენ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას, თუმცა, სახალხო დამცველს ამ ეტაპზე არც ერთ საქმეზე არ დაუდგენია, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, რამდენიმე საქმის შესწავლა კვლავ მიმდინარეობს.

_ სახალხო დამცველს აქვს რეკომენდაციებით მიმართვის უფლება უწყებებისთვის. რამდენ უწყებას მიმართეთ დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციით და თუ იკვეთება რომელიმე შემთხვევაში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი?

_ სახალხო დამცველს გამოცემული აქვს 8 რეკომენდაცია. თუმცა არც ერთი მათგანი არ ეხება რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

_ სახალხო დამცველი სწავლობს სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებსაც. თუ არის დაფიქსირებული სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები?

_ სახალხო დამცველთან შემოვიდა რამდენიმე განცხადება, რომელიც ეხებოდა სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტს, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ მოგვმართა ორგანიზაციამ, რომელმაც გვთხოვა რეაგირების მოხდენა და არა კონკრეტულმა დაზარალებულმა. შესაბამისად, ამ ფაქტებზე ჩვენთვის გარკვეული ინფორმაციის მოძიება გაძნელდა. ვინაიდან, ის განმცხადებლები, რომლებიც უთითებენ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე, ანონიმური განმცხადებლები არიან. მტკიცებულებების შეგროვება ამ მხრივ ძნელდება. თუმცა, თუ ანალიზს გავაკეთებთ ანონიმურად გამოკითხული ადამიანების მონაყოლიდან, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან, დავინახავთ, რომ განათლების შესახებ კანონით გათვალისწინებული რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხი სკოლებში კრიტიკულია. ისეთი სკოლებში, სადაც სწავლობენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, არის ხატები, ლოცვები, მოძღვრის მოწვევა და ბავშვების დალოცვა. ხდება რელიგიური უმცირესობების ბავშვების ეკლესიაში წაყვანა. არის შემთხვევები, როდესაც ისინი თავს ვალდებულად თვლიან, რომ ხატებს და ჯვარს ემთხვიონ.

თუმცა, კონკრეტულად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე საქმის შესწავლა ჩვენ დავასრულეთ და გავეცით რეკომენდაცია _ ეს ისევ და ისევ მოწმეთა არასაკმარისობის გამო. 

_ ანუ სახალხო დამცველისთვისაც კი, როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, ძნელია ინფორმაციის მოპოვება?

_ დიახ. კერძო პირები, დაწესებულებები არ არიან ვალდებულნი, სახალხო დამცველს მიაწოდონ ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე. მეორე შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული იკავებს თავის თვითონ ინფორმაციის მოწოდებისგან, ჩვენ არ გვაქვს ფაქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, რომ შევისწავლოთ და დავადგინოთ ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დისკრიმინაციას. სკოლის შემთხვევა ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც არ გვყავს დაზარალებულები, არ უნდათ, რომ მოგვმართონ და მათი საქმეები შევისწავლოთ.

_ რა შეიძლება გააკეთოს ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრომ?

_ ვიცი, რომ რამდენიმე განცხადება განათლების სამინისტროშიც არის შესული, რომელიც ეხება ხატების და ჯვრების გამოკვრის საკითხს. მათ ყველა შემთხვევაში მოახდინეს სკოლის რევიზია, შემოწმება და ხატებისა და ჯვრების აღება. თუმცა, ხატებისა და ჯვრების აღებით სკოლაში სიტუაცია არ გამოსწორდება, ვინაიდან, იქ შევიწროვების და დისკრიმინაციის ფაქტები მოდის ბავშვებიდან, მშობლებიდან, გარკვეულწილად მასწავლებლებისგან და მენტალიტეტისგან.

სკოლებში, მასწავლებლებს, ხშირად უთქვამთ, რომ ჩვენ თუ შევძლებთ რელიგიური უმცირესობების ბავშვის მოქცევას მართლმადიდებლობაზე, ეს იქნება დიდი გამარჯვება.

_ რა შეიძლება გაკეთდეს მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად?

_ პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იქნება განათლების შესახებ კანონის სწორი და ეფექტური იმპლემენტაცია. აუცილებელია, სახელმძღვანელოს შემუშავება, _ აღნიშნა სტივენსონმა.

"გურია ნიუსი" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობითაც დაინტერესდა _ ჩვენი მეორე სტუმარი სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე იყო.

_ საქართველო აღიარებს ევროკონვენციით ადამიანის უფლებების კონტექსტში რელიგიის თავისუფლებას. ვგულისხმობ პიროვნულ დონეზე და რელიგიური კონფესიების დონეზე თავისუფლებას. ეს აღიარებული და დაცულია ძირითადი კანონით _ კონსტიტუციით და ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამის გარდა, მინდა ხაზი გავუსვა, ეს გულისხმობს რელიგიური ორგანიზაციების თავისუფალი არჩევნის საშუალებას რეგისტრაციის და სტატუსების თვალსაზრისით.
რაც შეეხება პიროვნულ დონეზე თავისუფლებას, მრწამსის აღიარება, გამოხატვის თავისუფლება, შეცვლა, დაცულია. მომიყვანეთ ერთი მაგალითი მაინც, სადაც ჩანს, რომ იზღუდება, ან ეწევა რელიგიურ ნიადაგზე ვინმეს გადაბირებას, ან აიძულებს, რომ შეიცვალოს მრწამსი. მსგავსი პრეცედენტი საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს ვფიქრობ, არც იარსებებს,
_ თქვა გადაცემაში სტუმრობისას ვაშაყმაძემ.

_თუმცა, სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვესაუბრეთ, რომელიც აღნიშნავს, რომ არის საქართველოში სკოლები, სადაც მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ მათი ვალდებულებაა მოსწავლეები ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქციონ. გარდა ამისა, ზოგ სკოლაში გაკვეთილები "მამაო ჩვენოთი" იწყება...

_პირადად ჩემთვის მსგავსი ფაქტები ცნობილი არ არის. არც ერთ რელიგიურ ორგანიზაციას არ მოუმართავს არც კერძო პირის და არც იურიდიულ დონეზე, რომ საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში ე. წ. პროზელიტიზმს ჰქონოდა ადგილი. თუ ერთ-ორ შემთხვევას აქვს ადგილი, ეს არ ნიშნავს, რომ ტენდენციაა. თუ ასეთი ფაქტები არსებობს, უნდა გასაჯაროვდეს და გამოჩნდება, პრობლემაა თუ ცალკეული შემთხვევა.

_ საქართველოს სახელმწიფო რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პროექტი არსებობს, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი ნაბიჯები, რა უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. როდის დასრულდება ამ პროექტზე მუშაობა?

_ ეს ის პროექტია, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მათ შორის, ნაწილობრივ რელიგიური ორგანიზაციების, ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. შენიშვნები ალბათ არსებობს. მაგრამ ეს თემა არ არის დახურული და განხილვის დონეზეა. ალბათ, წელს ეს ყველაფერი დასრულდება და ძალიან საინტერესო და კარგ დოკუმენტს მივიღებთ.

_ ძალიან საინტერესო მუხლები აქვს ამ დოკუმენტს, როგორ უნდა მოგვარდეს კონკრეტული საკითხები. ბოლო პერიოდში სახალხო დამცველიც აღნიშნავდა, რომ რელიგიურ ნიადაგზე შეიძლება კონფლიქტები წარმოქმნილიყო. მათ შორის სასაფლაოს პრობლემა იყო ადიგენში; იყო პრობლემები შენობა-ნაგებობების გადაცემის პროცესში და ა. შ.

_ ბევრ რეგიონში სასაფლაოების პრობლემა ნამდვილად არ არსებობს. ერთადერთი შემთხვევა იყო ადიგენის რეგიონში. სანამ დაიძაბებოდა სიტუაცია, სააგენტოს ფინანსური და ქონებრივი საკითხების კომისიის მიერ ერთი კვირით ადრე გაიცა რეკომენდაცია მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. მუსლიმ თემს საკუთარი ფართობი გააჩნია სასაფლაოსთვის და ამ საკითხზე სრული თანხვედრა ჰქონდა სააგენტოსთანაც, გამგეობასთანაც. ამიტომ პრობლემა რაში მდგომარეობს, ვერ ვხვდები.

_ ხომ არ არის სხვა რეგიონებშიც მართული პროცესების წარმოშობის საფრთხე?

_რაც შეეხება სასაფლაოების საკითხს, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ჩვენთვის ასეთი საფრთხე ცნობილი არ არის. თუ არ მოგვმართავს დაინტერესებული მხარე და ჯგუფები, ჩვენთვის ვერც იქნება ცნობილი. ამ ჯგუფებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ, გადმოიგზავნება ჩვენთან და განვიხილავთ; ეს მართლა არ არის პრობლემა. ადამიანი რომ გარდაიცვლება, ხომ უნდა დასაფლავდეს, რა მნიშვნელობა აქვს რომელი რელიგიური მრწამსისაა?.

_ გარდა, სასაფლაოების პრობლემებისა არის რელიგიური უმცირესობებისთვის შენობა-ნაგებობების გადაცემის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ სხვადასხვაგვარ მიდგომას აქვს ადგილი...

_ შეგიძლიათ ნახოთ სააგენტოს საიტზე და მეც შემიძლია, კონკრეტული ციფრები დაგისახელოთ. დღეის მდგომარეობით 100-მდე მეჩეთია გადაცემული საკუთრებაში მუსლიმთა სამმართველოსთვის. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. დაახლოებით, საუბარია 200-250 მეჩეთის გადაცემაზე საქართველოს მასშტაბით. გადავეცით, ასევე, სინაგოგები. ამ დროისთვის დაახლოებით 12 სინაგოგაა გადაცემული თბილისიდან დაწყებული, რეგიონებით დამთავრებული. ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, 16 წლის განმავლობაში სალოცავი სახლი არ ჰქონდათ _6 თვის განმავლობაში რელიგიის სააგენტომ აღნიშნული პრობლემა მოაგვარა და პირველად ისტორიის მანძილზე საქართველოში, გორში სალოცავი სახლი გადაეცათ, _ თქვა ვაშაყმაძემ.

გადაცემის მეორე ბლოკი გურიაში არსებულ რეალობას დაეთმო _ გურიაში, მუსულმანებისა და ქრისტიანების თანაცხოვრება საუკუნეებს ითვლის. ზოტში, ბუკნარში, შუა და ზემოფარცხმაში, ნარუჯაში, ლაითურში, ნასაკირალში ეკომიგრანტი თუ ძირძველი მუსულმანები და ქრისტიანები, დიდი ხანია, ერთად ცხოვრობენ. რელიგიურ უმცირესობაში მყოფ მუსულმანებს უჭირთ ისეთი ფაქტების გახსენება, რამაც, განსხვავებული რწმენის გამო, პრობლემები შეუქმნათ.

გურიაში, ქრისტიანებისა და მუსულმანების მშვიდობიან თანაცხოვრებას, სასაფლაოებიც ასახავს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში მუსულმანთა სასაფლაოზე ქრისტიანებიც არიან დაკრძალულნი და პირიქით. ზოგიერთ სოფელში კი რელიგიური მრწამსის მიხედვით, ორი სასაფლაოა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა და ზემო ფარცხმაში მცხოვრები მუსულმანები ამბობენ, რომ ქრისტიან თანასოფლელებთან პრობლემები არ აქვთ და პრეტენზიები მხოლოდ ხელისუფლების მიმართ გააჩნიათ, რადგან დიდი ხანია სალოცავისთვის ადგილი გამოყოფას ითხოვენ.

ამ თემაზე სპეციალური სიუჟეტი ჟანა მეგრელიშვილმა, გიორგი გირკელიძემ და ბექა უნგიაძემ მოამზადეს, ხოლო გადაცემის დასკვნით ნაწილში, დეტალებზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოფელ ფარცხმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ ჩხიკვაძემ და მუსულმანთა თემის წარმომადგენელმა ნოდარ ბოლქვაძემ "გურია ნიუსის" სტუდიაში ისაუბრეს.

სალოცავისთვის ადგილის გამოყოფის თხოვნით 2012 წლის არჩევნებამდე მივმართეთ ჩოხატაურის გამგებელს ლელა იმედაშვილს. ეს თხოვნა მხოლოდ შუა და ზემო ფარცხმაში მცხოვრებ მუსულმანებს არ ეკუთვნოდათ _ განცხადებას ხელს აწერდა ჩოხატაურში ჩამოსახლებული ყველა მუსულმანი. რამდენჯერმე შევხდით ქალბატონ ლელას, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ, _ აღნიშნა მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა ნოდარ ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, მუსულმანების დიდი სურვილია ჩოხატაურში, ნებისმიერ ადგილზე გამოიყოს ნაკვეთი, სადაც სალოცავის აშენებას შეძლებენ:

სალოცავად საკმაოდ დიდ გზას გავდივართ. ზოგჯერ ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში მივდივართ, ხშირად ქობულეთში, _ აღნიშნა ბოლქვაძემ.

მალხაზ ჩხიკვაძის თქმით, ამ საკითხზე მუსულმანთა თემს მისთვის არ მიუმართავს: 

ყველას უნდა მიეცეს ლოცვის საშუალება და ამაზე შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, მე აქვე, ამ სტუდიაში ვთავაზობ ბატონ ნოდარს, რომ შევარჩიოთ ადგილი სალოცავისთვის.

ამ დრომდე ამ თხოვნით ჩემთან არავინ მოსულა. ფაქტია, რომ იყო მიმართვა და რეაგირება არ მომხდარა. შეიძლება ეს ხელისუფლების ბრალია და შეიძლება _ კომუნიკაციის ნაკლებობის, _ აღნიშნა ჩხიკვაძემ და პირობა დადო, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმუშავებს.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.




 ახალი ამბები
  • „ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და არჩევნებზე დასრულდება _ რატი იონათამიშვილი„ნაცკლასტერისთვის“ საგანგებო მდგომარეობა ახლა დაიწყო და როგორც ჩანს, აჩევნებზე დასრულდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. იონათაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაშიც ისარგებლებს და ეს ნათელი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. „რაც შეეხება ინტერპელაციას - მიუხედვად იმისა, რომ ეს საპარლამენტო ზედამხედველობისთვის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია, ოპოზიციის მხრიდან არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შინაარსობრივად წარმართავენ. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევითაც ისარგებლებს და ეს იქნება ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლამუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა ქუთაისშიც განაახლა _ დღეიდან ქალაქში ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ. მერიის ზედამხველობის სამსახურმა მუნიციპალური ტრანსპორტის შეამოწმა მზაობა, რამდენად აკმაყოფილებს ის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდება. მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია, მათ შორის ფეხზე დგომა და სავალდებულოა პირბადის ტარება. დღედაინ ასევე მუშაობა განაახლა ქუთაისის ბოტანიკურმა ბაღმა, სადაც ყველა საჭირო წესია დაცული, ტერიტორია და გაშლილი სივრცე კი საშუალებას იძლევა, რეკრეაციულ ზონაში ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანი შევიდეს. ადგილზე გაკონტროლდება სოციალური დისტანცირების ... ...
  • ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგადღეს დილიდან ჩოხატაურში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეს, სავალდებულოა პირბადის ტარება, ასევე, ტრანსპორტში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა და შეზღუდულია მგზავრთა ... ...
  • ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა სოფლის მიმართულებით დაიწყოოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეიდან, შიდასარაიონო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრობა აღდგა ყველა სოფლის მიმართულებით. ავტოსადგურის დირექტორი,  შალვა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს: _ტრანსპორტი, ჩვეულებრივად ყველა სოფელში იმოძრავებს ადრინდელი სარეისო გრაფიკის მიხედვით. დავიცავთ მითითებულ წესებს. კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ყველა ტანსპორტის დეზინფექცია ჩატარდება, რასაც თითოეული მძღოლი შეასრულებს.  ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ავტოსადგურს. სადეზინფექციო ხსნარს ჩვენ თვითონ გადავცემთ. _ბატონო შალვა,  მგზავრების ფეხზე დგომა  დასაშვები იქნება? _არა. მხოლოდ ადგილების მიხედვით დასხდებიან. ასევე,  უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც მგზავრებს, ისე მძღოლს. თუ ვინმე არ შეისმენს, ფეხზე დადგება ან პირბადეს არ გაიკეთებს, მძღოლი არ წავა სარეისო მიმართულებით. ამიტომ არჩევანი იქნება თითოეულ მგზავრზე. ასევე, კარგად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ფანჯრები. _ზოგ სოფელში არის სამგზავრო ტრანსპორტი, რომლის ფანჯრები არც იღება და არც იკეტება. მხოლოდ საფარად არის ჩასმული. _ამას  გადავამოწმებთ და სანამ არ მოაწესრიგებს, არ მივცემთ მოძრაობის საშუალებას. _მგზავრობის ღირებულება ხომ არ გაზრდილა? _არა. მძღოლს უფლება ეძლევა, რამდენი ადგილიც აქვს ტრანსპორტში, იმდენი მგზავრი გადაიყვანოს. შეზღუდვა არ არის, რომ მხოლოდ ორი ან სამი მგზავრით იაროს. ამიტომ არც ფასი გაზრდილა. ჯერი ჩვენზეა, როგორც დავიცავთ რეგულაციებს, შედეგიც ისეთივე გვექნება, - გვითხრა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გარკვეულ რევანშს შეეცდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. „პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?