დაიხურება თუ არა ტყიბულის მაღაროები

მთავარი თემა

დაიხურება თუ არა ტყიბულის მაღაროები

2012 დეკ 3 02:32:57
_ მაღაროს დახურვის შესახებ ინვესტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩარევით, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოში შეიქმნა კომისია. მათ დასკვნაზეა დამოკიდებული, დარჩებიან თუ არა მაღაროელები სამსახურის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულის ძიძიგურის სახელობის მაღაროში სამუშაოდ ჩასული მაღაროელები 300 მეტრის სიღრმეში გაიფიცნენ. ისინი ითხოვდნენ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შენარჩუნებას; წინააღმდეგნი იყვნენ სამუშაო საათების და ხელფასი შემცირების და ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღაროს გახსნას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციის მიმდინარეობის პერიოდში, ინვესტორმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეხურა ძიძიგურის სახელობის მაღაროს ერთ-ერთი უბანი. მეშახტეების განმარტებით, ამ მაღაროს დახურვა 500-მდე თანამშრომელს უმუშევარს დატოვებს.

ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შეიქმნა კომისია, რომლის გადაწყვეტილებასაც ტყიბულელ მაღაროელებთან ერთად, კომპანია "ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მეპატრონე, ყოფილი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილიც ელოდება.

დაიხურება თუ არა მაღარო და შეაჩერებს თუ არა ქვანახშირის მოპოვებას ერთ-ერთ უბანზე მეპატრონე, ხვალ გახდება ცნობილი.

რა დასკვნას დადებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომისიის ერთ-ერთ წევრს მერაბ მეგრელაძეს ესაუბრა.

_ ბატონო მერაბ, ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოში შეიქმნა კომისია. როგორც ვიცით, თქვენ მაღაროში იყავით ჩასული. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ მეპატრონე 3 მაღაროდან, ერთ-ერთის დახურვას აპირებს.

_ მინდა გითხრათ, რომ ამ კომისიას მუშაობა არ დაუმთავრებია. ჩვენ დღეს ჩამოვედით ტყიბულიდან. კომისიის წევრები, ორშაბათს შევიკრიბებით კომისიის თავმჯდომარესთან, საბოლოო დასკვნა იქნება ორშაბათს, მანამდე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. მაგრამ შეგისწორებთ: ბოლო დრომდე ორი _ ძიძიგურისა და მინდელის სახელობის მაღარო იყო. დაახლოებით 6 თვის წინ გააერთიანეს და, ფაქტობრივად, მაღარო ერთია - მინდელის სახელობისა. საუბარი იყო ძიძიგურის სახელობის ყოფილი მაღაროს უბნის გაყიდვაზე, რის გამოც გაიფიცნენ მუშები. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიყავით ჩასული.

კომისიამ იმუშავა და ამ კომისიაში საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ. ასევე იყვნენ მოწვეული ექსპერტები ტექნიკური უნივერსიტეტიდან, სამთო ინსტიტუტიდან. წარმოდგენილი იყო ჩვენი სააგენტო, საქნახშირის წარმომადგენლობა, დეპუტატის ელისო ჩაფიძის ბიუროს უფროსი. ასე რომ, გეთაყვა, 12-კაციანი კომისიიდან, რატომ მაინცდამაინც მე დამირეკეთ?

_ ბატონო მერაბ, როგორც "გურია ნიუსისთვის" არის ცნობილი, ამ 12-კაციანი კომისიიდან თქვენ ხართ კონკრეტული სფეროს სპეციალისტი.

_ არა, მე პრობლემა არ მაქვს. სულ რამდენიმე წუთია, რაც ტყიბულიდან ჩამოვედი. ორშაბათს დაიდება პასუხი; დაუკავშირდით კომისიის თავმჯდომარეს, გრიგოლ კაკაურიძეს. მე ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვარ კომისიის რიგითი წევრი. თავმჯდომარე გაგცემთ პასუხს. თვითონ მაღარო საქმის კურსშია, შეგიძლიათ დეპუტატ ელისო ჩაფიძეს ჰკითხოთ, ყველანი კმაყოფილი დარჩნენ.

_ კომისიის წევრებს შორის იყო აზრთა სხვაობა?

_ არა, აზრთა სხვაობა არ ყოფილა. ყველამ კარგად შეასრულა თავისი მოვალეობა.

_ რა იყო კომისიის შექმნის მიზეზი?

_ დაიწერა ბრძანება "საქნახშირის" გაერთიანებაში, მე გითხარით, ერთი წლის წინ მოქმედებდა არჩილ ძიძიგურის სახელობის შახტი. იქ იყო რამდენიმე საექსპლუატაციო უბანი. მაღაროს აქვს რამდენიმე უბანი, სადაც აღმოჩნდა რთული სამთო-გეოლოგიური პირობები. ამან გამოიწვია ერთ-ერთი გვირაბის "იატაკის" ჩავარდნა, ჩაქცევა. ანუ ჩაინგრა გვირაბის ძირი. როგორც ჩანს, ამან შეშფოთება გამოიწვია. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, დაწერა ბრძანება ამ სამუშაოების შეჩერებაზე, საერთოდ ამ უბნის ჩაკეტვაზე. ამას მოჰყვა მუშათა გაფიცვა. გააპროტესტეს და ჩათვალეს, რომ იქ შესაძლებელი იყო მუშაობის გაგრძელება. საქმეში ჩაერია დეპუტატი, ეკონომიკის მინისტრი და ა.შ. შეიქმნა კომისია.

დასკვნა, რომელიც ორშაბათს იქნება ცნობილი, ნამდვილად პრაგმატული გადაწყვეტილებაა; იქ ნამდვილად საშიშია მუშაობის გაგრძელება და მხოლოდ ნაწილშია შესაძლებელი ისევ გაგრძელდეს მუშაობა. ამას ითხოვდნენ მუშებიც.

“გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ელისო ჩაფიძეს ესაუბრა.

_ ქალბატონო ელისო, როგორც ვიცით, ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროს მეპატრონე ხურავს; რატომ გახდა საჭირო შექმნილიყო კომისია?

_ ისტორია უნდა მოგიყვეთ: ტყიბულში ამოქმედებულია ორი მაღარო. 2006 წელს, ეს მაღარო გაკოტრდა. ამის შემდეგ, ის იყიდა მისმა ამჟამინდელმა მეპატრონემ, კომპანია “ჯი-აი-ჯი ჯგუფი", რომლის 100 % წილის მფლობელი გახლავთ დავით ბეჟუაშვილი. მან მეტ-ნაკლებად მოძებნა ტყიბულის ქვანახშირის გასაღების ბაზარი. კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო კომპანია, რომელიც დავით ბეჟუაშვილის სახელთან ასოცირდება, მაგრამ შემოყვანილი ჰყავს გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ამჟამად მფლობელები არიან. ეს არის კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი." რადგან თავიანთი კომპანიის წარმოება გადაიყვანეს ქვანახშირზე, სწორედ ამ კომპანიაში ხდებოდა ტყიბულის ქვანახშირის დიდი ნაწილის მიწოდება.

2007 წლიდან, ტყიბულში მუშაობდა ორი - ძიძიგურის და მინდელის სახელობის შახტები, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმებული გახლდათ 1 713 ადამიანი. 1 ოქტომბრის შემდეგ, საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება უნდა შემცირებულიყო. გამომდინარე იქედან, როგორც კომპანიის იმჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ამიხსნა, არ აქვთ კონტრაქტები.

_ ვინ იყო იმ პერიოდში აღმასრულებელი დირექტორი?

_ ეს გახლავთ ლევ ტრაიაკოვსკი, რადგან მის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზიები ჰქონდათ გაფიცულებს, იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. მან ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც მობრძანდა პარლამენტში, პირდაპირ გამომიცხადა, რომ აპირებდა 500 ადამიანის შემცირებას. ჩვენი შეხვედრა შედგა სწორედ მას შემდეგ, რაც ტყიბულში გაიფიცნენ მუშები. მათ პირველებმა მიიღეს შემცირებების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია. თანამშრომლების უმეტესობა ფიქრობდა, რომ რადგანაც მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალურ მოძრაობას," მის კანდიდატს პავლე კუბლაშვილს, სწორედ ამის გამო ხდებოდა მათზე შურისძიება.

_ საუბრობენ, რომ მეპატრონე ტყიბულის ერთ-ერთი მაღაროს დახურვას აპირებს, რითაც გაზრდიან ქვანახშირის თვითღირებულებას. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

_ თავდაპირველად მე მესაუბრებოდნენ იმაზე, რომ შახტი კი არ უნდა დახურულიყო, თანამშრომლებს შეამცირებდნენ, რადგან მსოფლიოში შემცირდა ქვანახშირის ფასები. პრინციპში, ეს ისეთი მომენტია, რომ ვერ შეეკამათები ქვანახშირის ფასებთან დაკავშირებით. იმ პერიოდში, ქვანახშირის ფასებზე მცირეოდენი ვარდნა ნამდვილად არის, მაგრამ არ მგონია, მსოფლიო ბაზრის ფასები ასე სწრაფად აისახებოდეს ხოლმე საქართველოს მდგომარეობაზე. შეიძლება ეს, როგორც ერთ-ერთი მიზეზი გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამის გამოყენება სჭირდებათ. გარდა ამისა, საუბრობენ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალებს ხალხი რომ მოემადლიერებინათ, შტატები იყო გაბერილი. საერთოდ, ამ ქალაქთან დაკავშირებით არის ასეთი მოსაზრება, ნაციონალების მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში ტყიბულში შახტები იყო გაჩერებული. ბეჟუაშვილმა ეს ბიზნესი გამოაცოცხლა. სხვათაშორის, ამ აზრს ვეთანხმები. ადამიანს თუ რამე დამსახურება აქვს, ბუნებრივია, არ უნდა დაუკარგო.

_ ანუ ბეჟუაშვილმა მართლაც გამოაცოცხლა ეს ბიზნესი?

_ გამოაცოცხლა როგორ - 2007 წელს მან დაიწყო და დიდი ხნის განმავლობაში გაჩერებული 2 შახტი აამუშავა, მაგრამ ბუნებრივია, ეს იყო მომგებიანი ბიზნესი; მას ტყიბულში ქველმოქმედება არ განუხორციელებია. 2011 წელი, როგორც პირად საუბარში თავად დამიდასტურა, მოგებით დაასრულა; ეს მონაცემები არის საჯარო და არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენს. წარმოება იყო რენტაბელური, მაგრამ, რატომღაც 2012 წელს გახდა არარენტაბელური, თან ზუსტად არჩევნების შემდეგ! საუბარია 500 მუშის გათავისუფლებაზე, რომლებსაც, რატომღაც, თურმე, 6 თვეში ისევ მიიღებენ სამსახურში. გამომდინარე იქედან, რომ მას ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებაზე ლიცენზია 45 წლით აქვს აღებული და მოპოვებული, სიმართლე გითხრათ, 6 თვე გაჩერება მისთვის არაფერს ნიშნავს.

ადამიანები როდესაც ქუჩაში გამოვიდნენ და ეს ყველაფერი გააპროტესტეს, ამის შემდეგ, ჩვენ, როგორღაც, მივაღწიეთ არა გაფიცვების ჩახშობის, არამედ მოლაპარაკების გზით საქმის მოგვარებას. პირადად მე ჩავერიე, ვთხოვე მუშებს, გარკვეული შეთანხმება დაედოთ ადმინისტრაციებთან, რომ არ დაზარალებულიყვნენ და წარმოების პროცესი განახლებულიყო. ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შეთანხმდნენ, ორი დღე არც კი იყო გასული, გაჩნდა ახალი თემა _ თითქოს, ძიძიგურის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ძალიან დიდი პრობლემები, რის გამოც მაღარო უნდა დაიხუროს. ამის შემდეგ, მე თვითონ ვიყავი შახტში ჩასული, განსაკუთრებული საშიშროება იქ ნამდვილად ვერ შევამჩნიე, თუმცა არ ვარ სამთო სპეციალისტი, საკმაო დიდი ხანი გავატარე 400 მეტრის სიღრმეზე, შევხვდი ადამიანებს, რომლებიც გაფიცულები იყვნენ და ასეთი ტიპის აქციას მართავდნენ . შემდეგ, როდესაც ჩვენი თხოვნის საფუძველზე ტყიბულში სამთავრობო კომისია ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ, დროებით შეწყვიტეს ასეთი ტიპის საპროტესტო აქცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამთავრობო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც ჩვენი ბიუროს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე შედიოდა, დაადგინა, რომ ძიძიგურის მაღაროს მე-15-ე უბანზე მარაგი თითქმის ამოწურულია და ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს; ეს უბანი, შესაძლოა, მართლაც დაიხუროს. არის გაზების დაგროვების ძალიან დიდი საფრთხე, იმიტომ რომ, ქვანახშირს თან ახლავს გაზი. ხოლო მე-2 შახტში მე-17-ე უბანი, სადაც I და II ფენები, ყველაზე რთული ფენები ქვანახშირისთვის გამოღებულია და მიმდგარი არიან ძალიან კარგ, III – IV ფენებს, რომლის გამოღებაც გაცილებით უფრო ადვილია და დიდი რაოდენობის ქვანახშირის მოპოვების, სუფთა ქვანახშირის გამომუშავებაზეც მოქმედებს, ეს უბანი არ დაიხურება.

მე ველოდები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ამ დასკვნის ოფიციალურად გამოქვეყნებას და შესაბამისად, სხვათაშორის, ასეთი ტიპის მოლაპარაკება არსებობს "ჯი-აი-ჯის" ხელმძღვანელობასთან და ამ შახტში განახლდება ჩვეულებრივად სამუშაოები.

_ გქონდათ საუბარი მუშების შემცირებასთან დაკავშირებით ინვესტორებთან?

_ რაც შეეხება მუშების შემცირებას; ინვესტორი ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს _ ან სახელფასო ფონდი უნდა შეუმცირონ, ან თვითონ ადამიანები შეამცირონ სამსახურიდან. სხვათაშორის, ბოლო ხანებში, სხვადასხვა მოტივით ბევრი ადამიანი შემცირდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე (როდესაც მეშახტეს აღმოუჩენენ სიგარეტს ან ნასვამი ჩადის სამუშაოს შესასრულებლად), ასეთი დისციპლინარული გადაცდომები მათი დათხოვნის საფუძველი გახდა. გარდა ამისა, სამსახურიდან გაათავისუფლეს საპენსიო ასაკის ადამიანები, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის. იყო შემთხვევები, როდესაც 70-78 წლის ადამიანები მუშაობდნენ მაღაროში, ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური სპეციალისტები. როგორც ჩანს, კომპანიას მიზნად აქვს, შეამციროს თანამშრომლები და მოპოვება, რის გამოც ყველაზე მეტად მოტყუებულები ეს ადამიანები აღმოჩნდნენ.

_ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ შექმნა კომისია, რომელიც 12 ადამიანისგან შედგება. საუბრობენ იმაზე, რომ კომისიაში სულ რამდენიმე სპეციალისტია, დანარჩენი კი _ არასპეციალისტი. რამდენად სანდოა ასეთი შემადგენლობის კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზეც, შესაძლოა, დაიხუროს მაღარო და ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩეს?

_ ასე ნამდვილად არ გახლავთ საქმე, რადგან, რეალურად, მაღარო არ იხურება. საუბარია მისი ერთ-ერთი უბნის დახურვაზე. ეს არის შედარებით ნაკლებად მტკივნეული. ძიძიგურის სახელობის მაღაროში რამდენიმე უბანი მოქმედებს, ხოლო მინდელის სახელობის მაღაროში ქვანახშირის გამოღება ორი უბნიდან ხდებოდა _ ეს არის მე-15 და მე-17 უბნები. ინვესტორი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ორივე უბნის დახურვას აპირებდა. როგორ მე მომაწოდეს ინფორმაცია, ამ დასკვნაში, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, სავარაუდოდ, საუბარია მხოლოდ მე-15 უბნის დახურვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრმა მეშახტეების და ჩემი პირადი თხოვნით გამოგზავნა კომისია. ბუნებრივია, მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ გიორგი კვირიკაშვილის, მაგრამ მხოლოდ კონტროლის უფლება გამაჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე და მათ წინაშე პრობლემების დაყენება შემიძლია.

რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, მე ვიცი, რომ მასში შედიან როგორც კონკრეტული სფეროს სპეციალისტები, ასევე თვითონ საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლები. საგაფიცვო კომიტეტში არიან ადამიანები, რომლებსაც წლები აქვთ გატარებული მიწის ქვეშ ქვანახშირის მოპოვებაში და საკმაოდ მაღალკვალიფიციურები არიან.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...