ოქროს "სარაია" _ გლეხებს... 240 ლარად!

მთავარი თემა

ოქროს "სარაია" _ გლეხებს... 240 ლარად!

2011 თებ 28 00:25:08

ეს შეხვედრა გამორჩეული იმით იყო, რომ სიმინდის თესლის ნაღდი ფულით თუ სესხით ყიდვის სანაცვლოდ, ძალიან ბევრი დაპირება გაიცა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში იმაზე მეტი სოფლის მეურნეობის გულშემატკივარი ორგანიზაცია ყოფილა, ვიდრე ფერმერად მონათლული, არადა, მხოლოდ ღმერთს მიბარებული ქართველი გლეხი! სულო და გულო, რას არ შეპირდნენ _ დიიიიდ და მცირე სესხებს, აზერბაიჯანელ ინვესტორებს, ნოვა კახოვკელ რეფორმატორებს, ბიზნესწინადადებების დახვეწა-გაკიწკიწებას, დიდჯიქნიან ძროხებს, აგუგუნებულ ტრაქტორებს, ჭაობების დაშრობას, "სამ ყურში" მოკრეფილი ჩაის ოქროს ფასად ჩაბარებას და რაც მთავარია, ყვითელი სიმინდის მთებს!!! ერთი სიტყვით, იმისთანა რამეები ითქვა, გაღვიძება აღარ მოგინდებოდათ!

_ მაქსიმალურად ვეცდებით, გვერდში დაგიდგეთ და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ; მაგალითად, ბევრს სურს სესხის აღება და ამაში ხელს უშლის ის, რომ ყველა საბუთი წესრიგში არ აქვთ. ვეცდებით, ამ პროცესშიც დაგეხმაროთ, _ თქვა ლანჩხუთის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ.

ლანჩხუთის გამგებლის თქმით, საკრებულოში ჩამოყალიბდა ლეგალიზაციის კომისია, რომელსაც გია ორაგველიძე ხელმძღვანელობს: _ ეს კომისია ყველა დაინტერესებულ პირს დაეხმარება მიწის, ქონების რეგისტრაციის დროს თუ სხვა საკითხების დარეგულირებაში. როცა ფერმერს მოწესრიგებული აქვს ეს ყველაფერი, მაშინ უფრო მარტივია ბანკებთან ურთიერთობა, _ აღნიშნა გამგებელმა.

გიორგი ჭყონია, გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში: _ სიმინდის პროგრამა პრეზიდენტის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება(?!). სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩამოტანილია ჰიბრიდული თესლი. ხშირად საუბრობენ, რომ ეს არის გენმოდიფიცირებული ჯიში. ეს ასე არ არის. შეიძლება, მომწოდებელი კომპანია, "პიონერი" ასეთ სიმინდს აწარმოებს, მაგრამ ჩვენთან ნამდვილად ჰიბრიდული ჯიშის თესლია შემოტანილი. ჰიბრიდულსა და გენმოდიფიცირებულში დიდი სხვაობაა. ჩვენ ისეთი ჰიბრიდები შემოგვაქვს, რომელიც ადამიანისთვის საშიში არ არის(?!). საუბრობენ იმაზეც, რომ თითქოს ამ ნიადაგზე შემდეგ ჩვენებური სიმინდის დათესვა რეკომენდირებული არ იქნება, რაც არ არის მართალი. ლანჩხუთიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გაგზავნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ამ კუთხით გურიაში ჩვენი მუნიციპალიტეტი პირველ ადგილზეა. 1 ჰექტარი მიწის დამუშავება, სასუქის ჩათვლით, 1000 ლარამდე დაჯდება. მოსავლიანობა კი საშუალოდ 8-10 ტონა იქნება. 240 ლარი ეღირება 1 ჰექტარი მიწისთვის საკმარისი თესლი, _ თქვა ჭყონიამ, თუმცა, არ აუხსნია, რა საჭიროა ამდენი დავიდარაბა და გლეხობის ბანკის სესხებში გაბმა, თუ შემდეგ, მაინც ჩვენი სიმინდი უნდა დავთესოთ?! ყურადღება არც იმაზე გამახვილებულა, რომ ეს, ხელისუფლებისგან მეტისმეტად საეჭვოდ მოწონებული სიმინდი სათესურად არ ვარგა და მომავალ წელს, გარდამეისად და მერე სამუდამოდ, ისევ სახელმწიფოსგან (ისე, ნეტავ რა ჰქვია კონკრეტულად ამ ორგანიზაციას და ვისი ბიზნესია?!) უნდა შევიძინოთ თესლი! ბანკების სესხების პროცენტებიც არ ყოფილა "აქტუალური" თემა.

შემდეგ სიტყვებით გამოვიდნენ ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას მათთან სესხის აღების უპირატესობას უმტკიცებდნენ; ისაუბრეს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც, ზოგიერთი მათგანი გრანტის გაცემასაც კი შეგვპირდა, ზოგი ვეტერინარების გადამზადებას აპირებს, თან ახალი ჯიშის საქონლის გურიაში ჩამოყვანას გეგმავს _ თურმე, ამ ჯიშების ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარება შეიძლება, თანაც წელიწადში 5 ტონა რძეს, ნამატს კი 22-23 თვის ასაკში იძლევა!!! აქ უბრალო არითმეტიკა რომ მოვიშველიოთ და ჩავთვალოთ, რომ ეს უცხოელი ძროხები მთელი წლის განმავლობაში არ გაშრებიან და ყოველდღე შეგვიძლია მოვწველოთ, გვიანი მაკეობის დროსაც კი, დღეში 14 ლიტრამდე რძეს მოგვცემენ!!! ასე რომ, ცოტა ხანში, ჩვენს ონკანებში, რომლებშიც წყალი მაინც არ მოდის და ტყუილად იჟანგება, შეიძლება, რძე წამოვიდეს! კეცის მჭადი (მართალია, მოყვითალო და ცოტა არ იყოს, ჰიბრიდული!), ხორცი და ყველიც ხომ თავზე საყრელად გვექნება და გურიაში იმისთანა ცხოვრება დაიწყება, ლენინსაც კი არ დაესიზმრებოდა, როცა კომუნიზმში შემავალ გზებზე ფიქრობდა! ახლა ერთი ის დაგვრჩა, ლობიოს ისეთი "პროდუქტიული თესლი" გვიშოვოს მთავრობამ, ასე, 300-400 ლარად, მოხარშულს და თან ქონდრით შეკმაზულს რომ ისხამდეს! თანაც, დოქით "ადესა" და შემწიფებული პომიდვრის მჟავეც მოჰყვებოდეს "კომპლექტში"!

ასეთმა პერსპექტივამ გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მეტად აღაფრთოვანა: _ კარგია, როცა ასეთი შეხვედრები იმართება. მცირე ფერმერული მეურნეობის განვითარება გურიისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, _ თქვა გუბერნატორმა, _ თუ ადრე კომუნიკაციის პრობლემა იყო, დღეს ეს მოგვარებულია. აქ არიან ის ბანკები, რომლებიც სესხებს გასცემენ და თქვენთვის საინტერესო შეკითხვებსაც უპასუხებენ. თითქმის ყველა სოფელი შემოვიარე ლანჩხუთში. ბევრი მეკითხებოდა სიმინდზე, მავნებელი ხომ არ არის ჯანმრთელობისთვისო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავითარი საშიშროება მისი მოყვანისას არ არის მოსალოდნელი. ხალხმა ასევე მითხრა, კარგია სიმინდის თესლი რომ ჩამოგაქვთ, მაგრამ დაჭაობებულ ადგილებში მისი დათესვა კარგ შედეგს არ მოგვცემსო. მათ ვუთხარი, რომ მაქსიმალურად ვეცდებოდი ამ საკითხის მოგვარებას _ გუშინ მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მისგან მივიღე დასტური, რომ დაჭაობებული ადგილები, სადაც არხები ამოვსებულია, სპეციალური ტექნიკით გაიწმინდება. ტექნიკა რამდენიმე დღეში შემოვა და სამუშაოებიც დაიწყება, _ კოლხეთის ჭაობების დაშრობასაც კი გვპირდება ეშხში შესული გუბერნატორი.

_ სოფლებში შეხვედრისას კიდევ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი: ტექნიკა იყო, მაგრამ არსებობდა გარკვეული პრობლემა. მაგალითად, არ ჰქონდათ საბურავი, ნაწილები და ა.შ. ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკასაც დავახმართ. რამდენიმე მეწარმე იყო ჩემთან მოსული და გვთხოვა დახმარება ბიუჯეტთან დაკავშირებით, ანუ მომხდარიყო მათი ვალების ჩამოწერა(?!). ბიზნესმენებმა წარმოგვიდგინონ საქმიანი წინადადებები და ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან ვუშუამდგომლებთ. ეს უნდა იყოს რეალური გეგმა, თორემ, თუ საწარმო არ განვითარდა, ისეთის ხელშეწყობას აზრი არ აქვს, _ კანონმდებლის ფუნქციასაც ითავსებს გუბერნატორი და "საინტერესო" სქემის ავტორად გვევლინება _ მოდით, ნუ გადაიხდით გადასახადებს, მერე მიდით გუბერნატორთან და მთავარია, "შუამდგომლობაზე" დაითანხმოთ _ ვალები ჩამოგეწერებათ!

_ ძალიან კარგად მუშაობდა გასულ წელს მილენიუმის პროგრამა. ლანჩხუთში ამ პროგრამის ხელშეწყობით ამოქმედებული თაფლის საწარმო დავათვალიერე, სადაც 11 ადამიანია დასაქმებული. ძალიან კარგია, როცა ასეთი მცირე საწარმო იქმნება. ზოგიერთ ადამიანს აქვს ბიზნესის დასაწყები ფული, მაგრამ საჭიროა დონორის მოძებნა. მე გავუშვი ჩემი თანამშრომლები და პროექტების წერა ისწავლეს (ისეთები მიეღოთ, ვინაც წერა უკვე იცოდა, არ აჯობებდა, ვითომ?!). ვისაც გაქვთ ბიზნესიდეა, მობრძანდით ჩემთან და დაგეხმარებით. ყველა საინტერესო წინადადების ლობისტი ვიქნები, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. ბევრს ეშინია ბანკებთან ურთიერთობის, გპირდებით, რომ ყველას გვერდით დაგიდგებით. ინვესტორების მოზიდვა არც ისე ძნელია (?!). ერთ ფაქტს გავიხსენებ _ სოფელ აცანაში მითხრეს, რომ ჩაის მოკრეფა გვინდა, მაგრამ მისი წამღები არავინ არისო. მოვნახე ინვესტორი და ჩამოვიყვანე. მან განაცხადა, რომ ერთ კილოგრამ ჩაის 1 ლარზე მეტად ჩაიბარებდა. აქ საუბარი იყო, ე.წ. "სამ ფოთოლში" მოკრეფილზე. ერთ დღეში საშუალოდ 20 კილოგრამის მოკრეფა შეიძლებოდა, ფულს ადგილზე იხდიდნენ. აღმოჩნდა ისე, რომ არავინ არაფერი მოკრიფა. ის ინვესტორი როგორც მოვიდა, ისე წავიდა. შემდეგ გაზეთებში დაიწერა, ქართველები ჩაის საკრეფად თურქეთში დადიანო _ ჩვენ ამ კულტურასაც ვაქცევთ ყურადღებას. მითხარით, სად შეიძლება ჩაის მოკრეფა და ინვესტორს ჩამოვიყვან, _ ბრძანა ჩიტაიშვილმა.

უყურე შენ, "მატყუარა", "ფია" გაზეთებს _ აბა, თურქეთში რომელი ქართველი დადის სამუშაოდ _ სტამბულის სანახებით ტკბებიან! ჩვენი გუბერნატორი იმდენს დადის ფეხდაფეხ, კი ეცოდინება სად შეიძლება იყოს ტურებისა და მგლებისგან "დაცული" პლანტაციები, მაგრამ, ეტყობა, აუდიტორიის ცოდნა გამოსცადა!

_ ჩვენებური სიმინდი რომ დათესო, 1000 მეტრზე მაქსიმუმ 350 კილოგრამს მოიწევ, ახალი თესლის დათესვის შემთხვევაში კი, მოსავალი 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი იქნება, _ თქვა გუბერნატორმა შეხვედრაზე.

მკითხველი შეიძლება გადავღალეთ ამდენი არითმეტიკით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ _ გუბერნატორის გათვლებით, ჰიბრიდული სიმინდის დათესვით, 1 000 მეტრზე 1 750 კილოგრამ სიმინდს მოვიწევთ (350X5=1 750), ანუ ჰექტარზე 17 500 კილოგრამს (1 750X10=17 500), რაც 17 ტონას და კიდევ ნახევარ ტონას შეადგენს. არადა, ამავე შეხვედრაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამგებლის მოადგილე ჭყონია ამტკიცებდა, ჰიბრიდული სიმინდს თუ დათესავთ, 8-10 ტონა მოსავალს მიიღებთო! რომელი ამბობს მართალს, ამას შემოდგომაზე გავიგებთ, როცა წიწილების დათვლასთან ერთად, საყანე ფართობებიდან ტონობით სიმინდს მივიტანთ სახლებში, სატვირთო მანქანებში ჩასასხმელი ბენზინის ფასს თუ შევწვდით!

გურიის გუბერნატორმა ისიც თქვა, თქვენ სიმინდი მოიყვანეთ და ახლა გასაღება პრობლემა არ არისო. ამაზე ენაკვიმატმა ქალბატონმა დარბაზიდან ურეპლიკა: _ ახლა არ არის პრობლემა, მაგრამ სიმინდის სეზონი რომ იქნება, მაშინ თუ ჩაგვაბარებინებთო?!

ერთ-ერთმა ფერმერმა გუბერნატორს დახმარება თხოვა: _ მამათელი კაცი ვარ. მაქვს 5 ჰექტარი მიწა, რომელზეც ფერმა მიდგას. ჩემთან ახლოს არის 8 ჰექტარი მიწა; მინდა მისი შესყიდვა, მაგრამ ნებას არ მაძლევენ. ათასი საბუთი მომთხოვეს, უკვე წლებია აქეთ-იქით მარბენინებენ. 80 სული საქონელი მყავს, გაფართოება მინდა. თუ ბიზნესს ხელს უწყობთ, დამეხმარეთო.

_ თქვენ ბიზნეს-გეგმა შეადგინეთ, ჩემთან ჩამოიტანეთ და მიწის შესყიდვაში დაგეხმარებითო, _ უთხრა გუბერნატორმა, რომლის სიტყვის შესრულებაში ეჭვს როგორ შევიტანთ, მაგრამ, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, იმ მამათელ ფერმერს, ერთ სულ ცინცხალ ამბავს მოვუყვებით: აგერ, აქვე, მეზობელ აჭარაში, არჩევნების წინ, ლევან ვარშალომიძემ, სოფელ გონიოში, იქაურ მოსახლეობას მიწები დაურიგა და დიდი ზარ-ზეიმით, საკუთარი ხელით გადასცა მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. გაიხარეს გონიოელებმა და ეს საზეიმო დღე ვიდეოფირზეც აღბეჭდეს, მერე კი ოცნებებს მიეცნენ: _ ჩვენი პრეზიდენტი ხომ გვპირდება, საქართველო ტურიზმის ამბავში ჰავაისაც გაასწრებს და მალდივისაცო. ჰოდა, გონიოსმომსკდარი ტურისტების დასახვედრად "ინფრასტრუქტურის" მომზადებას შეუდგნენ; ვარშალომიძის "პოჩერკიანი" საბუთიც ხომ ხელში ეჭირათ და რომელი ბანკი დაუდგებოდა წინ ამ ქაღალდს და რომელი ცხრათავიანი არ მისცემდა სესხს?! ზოგმაც "სიფრთხილე" გამოიჩინა _ სახლი გაყიდა, ამ ფულით ავაშენებ ტურისტებისთვის პატარა სასტუმროს, მაინც ზაფხულია და აშენებამდე "ლეჟანკაზეც" კი გავძლებ მუხის ქვეშო. თქმა და შესრულება ერთი იყო _ გაჩაღდა ტურისტული კომპლექსის მშენებლობა. მაგრამ... კაცი ბჭობდა, ნაციონალები იცინოდნენო, ისე გამოვიდა _ ეს მიწა ჩემთვის მინდაო, _ გამოაცხადა "სახელმწიფომ", ჩამოართვა მიწები დამწყებ ბიზნესმენებს და დარჩა რამდენიმე ასეული გონიოელი "ლეჟანკის" და ბანკის სესხების ამარა! ახლა, როცა ამ წერილს კითხულობთ, გონიოელთა ერთი ნაწილი ქუჩაში დგას და ითხოვს, კომპენსაცია მაინც გაიმეტეთო, მაგრამ ამაოდ... ამის მერე თქვენ თავად გადაწყვიტეთ, ბატონო მამათელო ფერმერო, ღირს თუ არა 8 ჰექტარი მიწისთვის გუბერნატორის შეწუხება. ისე, დამატებითი 8-ის შოვნა კი არა, რაც გაქვთ, იმ 5 ჰექტრის შესახებაც ნუ ილაპარაკებთ ასე საქვეყნოდ _ ხომ გაგიგონიათ, "სახელმწიფოს" არ სძინავსო?!

ახლა კიდევ ერთი ართმეტიკული სავარჯიშო უნდა შემოგთავაზოთ და ამჯერად ამით მოვრჩეთ: ხელისუფლება PR38R92 მარკის ყვითელი, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის 65 000 მარცვალს (რაც, მთავრობის თქმით, ერთ ჰექტარზე დასათესადაა საკმარისი) 240 ლარად მოგვყიდის. ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, ვინმე ალექსეი ბონდარი ფირმა "პიონერის" ამავე მარკის 80 000 მარცვალს (საიტზე ეს რაოდენობაა ერთეულად მიჩნეული) ვიპ-ფასში 111 დოლარად გვთავაზობს. ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებით შეგიძლიათ გაიანგარიშოთ, რომ შემოთავაზებული 65 000 მარცვლის ფასი მაქსიმუმ, 158 ლარია! თანაც, უკრაინაში კერძო პირის მიერ უკვე ჩატანილი და ბონდარის მოგებაწამატებული. საქართველოში კი "სახელმწიფო", რომელიც პროდუქციაში ბონდარზე გაცილებით ნაკლებს გადაიხდიდა პირდაპირ სიმინდის მწარმოებელი ქვეყნისგან ყიდვის დროს, საკუთარ, გაჭირვებულ მოსახლეობას შესასყიდ ფასზე ორჯერ მეტს ახდევინებს, ეს გაორმაგებული ფასი კი, ბანკისგან სესხაღებულ გლეხს, პროცენტების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გაეზრდება!




 ახალი ამბები
  • ფიქტიური გამოძახება ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო სამსახურში ჩოხატაურში ამ დილით სახანძრო მანქანების გადაადგილება შეინიშნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, გამოძახება ფიქტიური აღმოჩნდა. „მოქალაქეს ეგონა ხანძარი და დაგვირეკა. გამოძახება ფიქტიური აღმოჩნდა“,_ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ... ...
  • მდინარე ფარავნის სიახლოვეს გადაადგილება იკრძალებასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას. „მდინარის ადიდების გამო გაზრდილი რისკიდან გამომდინარე, გაფრთხილებთ, რომ მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ოთხი დღის განმავლობაში, მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე, პრევენციის მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები, უკვე ინფორმირებულია ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური,”_ წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში_ ქალი ადგილზე გარდაიცვალამარტვილში,სოფელ ვედიდკარში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,რის შედეგადაც  შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.ინფორმაცია  "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. გულთაზ ცანავას თქმით,შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.  როგორც "გურია ნიუსს"შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის მოზარდი გათავისუფლდა. ალექსანდრე შიუკაშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან. გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი დღეს დააკავეს. წყარო: ... ...
  • ოზურგეთელი ჟურნალისტი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა64 წლის ასაკში ოზურგეთელი ჟურნალისტი და მწერალი ნუკრი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ის მოულოდნელად გახდა ცუდად. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ნუკრი ნიკოლაიშვილი მუშაობდა გაზეთ “ლენინის დროშაში“, ტელეკომპანია “გურიაში“, გაზეთ “აჭარაში“ და გაზეთ “ალიონში.“ “ნუკრი ნიჭიერი კაცი, პროფესიით ჟურნალისტი იყო. ძალიან აქტიური ჟურნალისტი იყო და თავისი ერთგული მკითხველი ყავდა. ნუკრი ასევე იყო მწერალი, გამოცემული აქვს წიგნი. მისი მოთხრობები და ნოველები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში, - გვითხრა “ალიონის“ რედაქტორმა ნუგზარ ასათიანმა. ნუკრი ნიკოლაიშვილი 20 წელზე მეტი მუშაობდა აჭარის რეგიონში. ის ბოლო წლებში მშობლიურ სოფელ ბახვში, მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. „გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...