რატომ იხდის პირველკურსელი 13-წლიან სასჯელს
საბა მღვდელაძე, ნიკა ბერუაშვილი, ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ბადრი მიქატაძე და როლანდ ნიკოლოზაშვილი.
15 ოქტომბერს, გამოძიებამ იმავე უნივერსიტეტის პირველკურსელი ლევან აბაშიძე დააკავა და სამი სხვადასხვა დანით ექვსი ახალგაზრდის დაჭრაში დასდო ბრალი. გამოძიებამ დაჭრილები დაზარალებულად სცნო, მოგვიანებით კი მათ მიმართ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა და ყველა მათგანი დააპატიმრა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ გამოძიებამ მათი დაპატიმრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ უარი თქვეს ხელი დაედოთ ლევან აბაშიძისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ესებუამ ერთადერთი მოწმის _ "მაჭახელას" დაცვის სამსახურის თანამშრომლის მამუკა ტატიშვილის ჩვენების საფუძველზე, 18 წლის ლევან აბაშიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდების ძირითადი მოწმე მამუკა ტატიშვილი ინციდენტის დღეს, კახა სვანიძესთან და თემურ წივილაძესთან ერთად, რესტორან "მაჭახელას" დაცვისთვის განკუთვნილ ჯიხურში მორიგეობდა. ტატიშვილმა მოჩხუბრები გააშველა და როგორც აცხადებდა, საკუთარი თვალით ნახა დაჭრის პროცესი.
ინციდენტის დღესვე, გამომძიებელმა მოწმე ტატიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემის ფაკულტეტზე მიიყვანა და და 700 სტუდენტის პირადი ბარათი წარუდგინა. მოწმემ 345-ე ბარათზე იცნო პირი, რომელმაც "მაჭახელასთან" დანით დაჭრა ახალგაზრდები.
ამის შემდეგ, მამუკა ტატიშვილს ამოსაცნობად წარედგინა ოთხი პიროვნება, რომელთაგან მან ლევან აბაშიძე ამოიცნო.
აბაშიძის ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი ამბობს, რომ ამოცნობა კანონის უხეში დარღვევით ჩატარდა: "კანონის მიხედვით, ამოცნობის დროს, პირს წარედგინება 3 ამოსაცნობი პირი ყოველგვარი პირადი მონაცემების გარეშე. ტატიშვილმა ჯერ კიდევ ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიტყო სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, ნახა მის ფოტო, რის შემდეგაც მიიყვანეს პოლიციაში და უპრობლემოდ ამოაცნობინეს აბაშიძე."
ადვოკატმა "მაგთიდან" და "ჯეოსელიდან" გამოითხოვა მათი მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის ნუსხა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ინციდეტის დროს, ლევან აბაშიძე და მისი მეგობარი ოთარ შანიძე შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, "ბუკიას" ბაღთან იმყოფებოდნენ.
"აბაშიძეს აბრალებენ, რომ ექვსი კაცი დაჭრა. ორი ექსპერტიზა ჩავატარეთ, მათ შორის, სამხარაულშიც და დადასტურებულია, რომ გამოყენებული იყო სამი სხვადასხვა ტიპის დანა, ადამიანს კი მხოლოდ ორი ხელი აქვს. რაც ყველაზე მთავარია, ყველა დაზარალებულმა ერთხმად განაცხადა, რომ ლევან აბაშიძე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე ლევან აბაშიძის ამოცნობა ვერ შეძლო დაცვის ორმა თანამშრომელმა.
დაზარალებული ბიჭები უკვე პატიმრები იყვნენ და აბაშიძის პროცესზე ბადრაგმა მოიყვანა. ისინი გვერდიგვერდ დასხეს. ტატიშვილს ვკითხე, რომელი იყო მათ შორის აბაშიძე. მიპასუხა, აქედან არც ერთიო. ამ პასუხმა პროკურორი ძალიან ააღელვა. მოსამართლე ესებუამ საქმის განხილვა მაშინვე შეწყვიტა, რაზედაც პროტესტი განვაცხადე და იქვე ვუთხარი, რომ მეორე დღეს მოწმე ტატიშვილი ჩვენებას შეცვლიდა. მომდევნო პროცესზე აბაშიძე უკვე მარტო დასვეს, თუმცა, ტატიშვილმა ზუსტად ვერც მეორე დღეს დაადო ხელი. რაღაცას ამბობდა გაურკვევლად _ ეს ვინც ჩაიდინა, დარბაზში ზისო, აქ ზისო. მოკლედ, სასამართლო კი არა, ნამდვილი ცირკი იყო," _ ამბობს ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი.
"სტრასბურგელი" პატიმრების ფსიქიატრიულში წამება
ზაზა შავლიაშვილმა, რომელიც ინციდენტის დროს მძიმედ დაიჭრა, ციხე რამდენიმე თვის წინ, ახალი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტიის შედეგად დატოვა. ხულიგნობის ბრალდებით მან (ხულიგნობა იმაში გამოიხატა რომ უცნობს, რომელიც მას დანით დაესხა თავს, ხმამაღლა შეაგინა) ციხეში წელიწადზე მეტი დაჰყო.
"პოლიციაში გვითხრეს, აბაშიძეს ხელს თუ არ დაადებთ, ყველას დაგიჭერთო. ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყო თავდამსხმელი და, შესაბამისად, პოლიციას არ დავთანხმდით. 5 იანვარს, ღამით მომაკითხეს სახლში და დამაკავეს. გამომძიებელმა მენთეშაშვილმა მე და ჩემს მეგობრებს კიდევ ერთხელ გაგვიმეორა, რომ ან ხელს დავადებდით აბაშიძეს, ან ყველას ციხეში გაგვიშვებდა. ჯერ დაზარალებულებად გვცნეს, მერე კი ბრალდებულებად ვიქეცით იმიტომ, რომ ხელი არ დავადეთ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობდით. მოკლედ, ერთ საქმეში დაზარალებულებიც ვიყავით და ბრალდებულებიც.
მიუხედავად იმისა, რომ 35 ნაკერი მედო მუცელზე, ძალიან ცუდად ვიყავი და განსაკუთრებული მკურნალობა მჭირდებოდა, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანაზე კი უარს მეუბნებოდნენ. ციხის ექიმი არც კი შემოდიოდა ჩემს საკანში, ხელს მაყოფინებდა "კარმუშკიდან" და ისე მიკეთებდა ნემსს, როდესაც გაუსაძლისი ტკივილები მქონდა. იყო შემთხვევა, როდესაც ექიმმა აბანოში გამიყვანა და მითხრა, აქვე გაგიჭრი ფეხზე მდგომს და გავიგებ, რა გჭირს მაგ მუცელშიო, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.
ბოლოს, როგორც იქნა გადამიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ამასობაში, საქმე სტრასბურგის სასამართლოში გავასაჩივრე და პრობლემები მომემატა. ციხეში წესად ჰქონდათ ე. წ. "სტრასბურგელი" პატიმრების ფსიქიატრიულში გადაყვანა დღეში, ზოგჯერ რამდენჯერმეც კი. ღამის პირველ საათზე ჩემი ფსიქიატრიულში გადაყვანა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა _ სტრასბურგის სასამართლოდან გამომეტანა საჩივარი. ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ფსიქიატრულში პირდაპირ მომთხოვა, საჩივრის გამოტანა," _ ამბობს შავლიაშვილი.
გახულიგნებული დაზარალებულები
საბა მღვდელაძე ერთ-ერთი იყო ექვსიდან, ვინც "მაჭახელას" წინ მძიმედ დაიჭრა. მისი დაკითხვა გამომძიებელმა ჯერ კიდევ საავადმყოფოში სცადა, თუმცა, პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო ექიმმა ამის უფლება არ მისცა. სახლში გაწერის შემდეგ დაზარალებული ე. წ. "დოლიძის განყოფილებაში" დაიბარეს და ლევან აბაშიძის ამოცნობა სთხოვეს.
"გამომძიებელმა მითხრა, დამნაშავე დაკავებული გვყავს და ამოცნობას თუ შეძლებო. ამაზე ვუპასუხე, რომ წინასწარ გარანტიას ვერ მივცემდი და ამოცნობას თუ ჩაატარებდნენ, ალბათ, ამოვიცნობდი. გამომძიებელმა მკითხა, ლევან აბაშიძეს თუ იცნობო? ვუთხარი, რომ ეს სახელი პირველად მესმოდა. გამომძიებელმა მაჩვენა აბაშიძის პირადობის მოწმობის ასლი _ ფოტოზე გამოსახული პირი არ მეცნობოდა. ეს ბნელი სურათიაო და პირადობის მოწმობის დედანი მანახა. მე კვლავ ვერავინ ვიცანი. მას შემდეგ არავინ დამკავშირებია."
4 იანვარს, საბა მღვდელაძეს გამომძიებელმა შუაღამისას დაურეკა, ექსპერტიზის პასუხები მოგვივიდა და სასწრაფოდ უნდა გაგაცნოთო. საბა იხსენებს, რომ იმ საღამოს მიღებული დაზიანებების გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, სასწრაფო გამოიძახა და ყოველ წუთს ელოდებოდა ექიმის მისვლას.
"გამომძიებელმა მითხრა, პრობლემა არ იქნება, ჩემი ბიჭები მოგაკითხავენ, განყოფილებაში ჩამოგიყვანენ და თუ დაგჭირდა, ექიმიც იქვე მოგემსახურებაო. პოლიციაში წამიყვანეს იმ პირობით, რომ 20 წუთში უკან დამაბრუნებდნენ. მამა თან გამომყვა, მაგრამ ის შენობაში არ შემოუშვეს. რამდენიმე წუთში გამომძიებელმა მენთეშაშვილმა მამაჩემს უთხრა, რომ დამაპატიმრეს და სახლში ვეღარ წავიდოდი."
საბა მღვდელაძე იხსენებს, რომ პოლიციის განყოფილებაში მას უცნობი ქალი დახვდა, რომელიც მას ფსიქოლოგად გაეცნო. ქალმა ურჩია, თუ დაზარალებულის სტატუსით გინდა დარჩე, აბაშიძეს დაადე ხელი, ისედაც ყველაფერი ვიცით და დამალვას აზრი არ აქვსო. საბას განყოფილებაში დაპირებული ექიმი არ დახვდა, ცოტა ხანში ის ცუდად გახდა და ღებინება დაეწყო. დაკავებული მეგობრებთან ერთად დიღომში პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
იმ ღამეს, საბა მღვდელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ის "მიხაილოვის" საავადმყოფოში გადაიყვანეს. მღვდელაძეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა და ნაწლავური ტუბერკულოზი დაუდგინდა. მესამე დღეს საბა მღვდელაძეს აცნობეს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
მღვდელაძე ტუბდისპანსერში მკურნალობდა, როდესაც ექიმისგან შეიტყო, რომ პოლიცია ეძებდა. სწორედ ამ პერიოდში მას სასამართლოდან აცნობეს, რომ აბაშიძის საქმეზე დაზარალებულად იყო ცნობილი: "ჯერ ისევ მკურნალობის კურსს გავდიოდი, სიარული მიჭირდა. დედამ კარი გარედან ჩაკეტა და მაღაზიაში ჩავიდა. უცებ კარზე ბრახუნი ატყდა, ათამდე კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი იდგა და კარის გაღებას მთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარის შემომტვრევით დამემუქრნენ."
საბა მღვდელაძე მეორედ დააპატიმრეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. მკურნალობის გაგრძელების უფლება მას მხოლოდ 11 დღის შემდეგ მისცეს, თუმცა, მისი თქმით, წამლების დალევას აზრი უკვე აღარ ჰქონდა.
დაზარალებულების მტკიცებით, ლევან აბაშიძე პირველად თბილისის საქალაქო სასამართლოში ნახეს, სადაც ისინი ციხის ბადრაგმა დაზარალებულის სტატუსით მიიყვანა: "ლევან აბაშიძე პირველად სასამართლოში ვნახეთ. არც ერთს არ გვეცნობოდა. ვკითხე, რატომ ხარ დაჭერილი,-მეთქი. არ ვიციო, იმ პერიოდში მეგობრის ტელეფონიდან დავრეკე ბუკიას ბაღიდან და ალბათ, მაგიტომო," _ იხსენებს საბა მღვდელაძე.
სასამართლომ ლევან აბაშიძე დამნაშავედ ცნო, გამომძიებელმა კი დაზარალებულებს ახალი ულტიმატუმი წაუყენა _ ეღიარებინათ ხულიგნობა.
მოტყუებით აღიარებული ხულიგნობა
"ჩვენ უარი ვთქვით იმის აღიარებაზე, რაც არ ჩაგვიდენია. ჩვენი სასამართლო უკვე დაწყებული იყო, როდესაც გიგუაშვილს და ნიკოლოზაშვილს ახალი ადვოკატი გამოუჩნდა. მან ბიჭებს აღიარება ურჩია და მართლაც, ნიკოლოზაშვილი ჯარიმით გაუშვეს. ამ ადვოკატმა ჩვენი და ჩვენი მშობლების დარწმუნებაც სცადა: უნდა აღიაროთ, რომ იმ დღეს ლევან აბაშიძეს ეჩხუბეთ და გაგიშვებენო. ამაზე უარი ვთქვით. რამდენიმე დღეში კვლავ შემოგვთავაზა, უბრალოდ, აღიარეთ, რომ იჩხუბეთ, თუ არ გინდათ სულ ნუ დაასახელებთ აბაშიძის გვარსო. ეს წინადადება ჩვენთვისაც მისაღები აღმოჩნდა, ოღონდაც თავი დაგვეღწია ციხისთვის და ვაღიარეთ ხულიგნობა. ბოლო წუთამდე ველოდით, რომ სასამართლო გაგვიშვებდა, მაგრამ ამის ნაცვლად მოსამართლე გვეჩხუბა, ხომ არ გგონიათ, თქვენი ამ აღიარებით რამეს შევცვლიო. გაშვების ნაცვლად სასამართლომ ექვს-ექვსი თვე მოგვაკლო," _ ამბობს საბა მღვდელაძე.
ლევან აბაშიძის ადვოკატი ალექსანდრე ალადაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმის გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლეები დასაჭერები არიან: "ამ საბრალდებო დასკვნის ავტორს ან შვილი არ ჰყავდა, ან ნამუსი არ ჰქონდა? რას ერჩოდა ამ ბავშვებს? მათ თავს დაესხნენ უცნობი პირები, სცემეს, დაჭრეს და გამოძიებამ ისინი ჯერ დაზარალებულებად სცნო, შემდეგ კი ციხეში გაუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ტყუილად არ დაადეს ხელი ლევან აბაშიძეს. ყველა მოწმე, მათ შორის დაზარალებულებიც, ითხოვდნენ, ეჩვენებინათ დაკავებული და ჩაეტარებინათ ამოცნობა. ზოგიერთი მათგანი სამჯერ დაკითხეს. ისინი ყველა დაკითხვის დროს ითხოვდნენ ამოცნობის ჩატარებას, თუმცა, გამოძიება ისე დამთავრდა, ამოცნობა არ მომხდარა. ბოლოს კი თქვეს, ახლა ვეღარ ვიცნობთ, ამდენი დრო გავიდაო.
ამ საქმის პროკურორი ნანა ჯაყელი, რომელიც დააწინაურეს და თბილისის პროკურატურაში გადაიყვანეს; პროცესზე გამომსვლელი პროკურორი ქეთევან ჩაჩავა, რომელიც ასევე დააწინაურეს და მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს; მოსამართლე ესებუა და სააპელაციო კოლეგიის წევრები, ბებიაშვილი და სხვები ყველანი ციხეში უნდა წავიდნენ. პროკურორმა ჯაყელმა პირდაპირ მითხრა, თქვას აბაშიძემ, ვინ დაჭრა ის ბიჭები და გავუშვებო. ლევან აბაშიძე საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და ვისთვის დაედო ხელი?
ამ ადამიანების მუშაობა არ შეიძლება. მათ პასუხი უნდა აგონ ამ საქმისთვის _ მათ ლევან აბაშიძეც დაღუპეს და ეს ახალგაზრდებიც," _ ამბობს ადვოკატი "გურია ნიუსთან" და დიდი იმედით ელოდება ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, სადაც ლევან აბაშიძის განაჩენს გაასაჩივრებს.