დაგეგმილი პროვოკაცია, რომელშიც "გურია ნიუსის" გამოყენება სურდათ _ მედიასახლი შსს-ს მიმართავს

gurianews.com

მთავარი თემა

დაგეგმილი პროვოკაცია, რომელშიც "გურია ნიუსის" გამოყენება სურდათ _ მედიასახლი შსს-ს მიმართავს

2018 ივნ 21 11:14:12

„ქართული ოცნება“ გურულების და აჭარლების დაპირისპირებას ცდილობს, რაც დაუშვებელია. ახლახან დამიკავშირდა ადამიანი, რომლის ინფორმაციით, მასთან მივიდნენ „ოცნების“ წევრები და უთხრეს, რომ აწყობენ ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციას, რისთვისაც სჭირდებოდათ აჭარული მოსახლეობა, რომელსაც წინა ხაზზე დააყენებდნენ“, _ ეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ „გურია ნიუსს“ კვირას, 17 ივნისს მიაწოდა.

ათამაძემ ის პირიც დაგვისახელა, რომელმაც მას ამ ფაქტის შესახებ უამბო და მისი ტელეფონის ნომერიც მოგვაწოდა. გვითხრა, რომ პიროვნება, რომელიც მას დაუკავშირდა, ვინმე დავით შავაძე იყო.

„გურია ნიუსმა“ იმ დღეს შავაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

მეორე დღეს, 18 ივნისს, ეს ინფორმაცია ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდებარე აქციაზეც გაჟღერდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა არა ერთხელ თქვეს, რომ მმართველი გუნდი აჭარლების და გურულების დაპირისპირებას ცდილობს.

ამის შემდეგ „გურია ნიუსი“ დეტალები გადამოწმებას ცდილობს, მით უმეტეს, რომ მსგავსი შეტყობინება გუშინაც მივიღეთ.

გუშინ ჩვენ ასევე მოვახერხეთ დავკავშირებოდით ვინმე დავით შავაძეს, რომელის ტელეფონის ნომერიც, როგორც აღვნიშნეთ ბესო ქათამაძემ მოგვაწოდა.

თავიდან ამ პიროვნებამ ჩვენ ზარებს არ უპასუხა, მოგვიანებით კი სხვა ნომრიდან დაგვირეკა და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მოგვცა.

მოგვიყვა, რომ 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, დააკონკრეტა, რომ ცხოვრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში და რომ ნამდვილად დავით შავაძეა.

 "რამდენიმე დღის წინ ჩემთან მოვიდა "ქართული ოცნების" კოორდინატორი, რომელმაც მთხოვა, რომ შემეკრიბა აჭარული მოსახლეობა და გამეყვანა "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციაზე, რომელსაც "ოცნება" აწყობდა“, _ ყვება რესპოდენტი, მისი მტკიცებით, დავით შავაძე და აგრძელებს:

2012 წელს, მაშინ, როცა "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იყო და ბევრს ეშინოდა მათ გვერდით დადგომის, მე საკუთარი მანქანით დამყავდა ხალხი აქციებზე. მაშინ მეუბნებოდნენ, მოვა ახალი ხელისუფლება და ყველაფერი შეიცვლებაო. იმასაც მპირდებოდნენ, რომ ხელფასს მომცემდნენ _ ახლა ივანიშვილს ანგარიშები აქვს გაყინული და მერე აგინაზღაურდებაო.

ხელისუფლებაც შეიცვალა და ივანიშვილის ანგარიშებიც მუშაობს, თუმცა, ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მიუხედავად ამისა, მაინც ვიდექი "ქართული ოცნების" გვერდით. ასე იყო წინა არჩევნებზეც _ ტარიელ აროშიძეს, რაც შემეძლო, ისე დავეხმარე. ამას იმიტომ გიყვებით, რომ არ იფიქროთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ.

უკვე, არც ერთი პარტიის მხარდამჭერიც კი არ ვარ. უბრალოდ, ვწუხვარ იმაზე, რომ რთულად ვითარდება პროცესები. ვიღაცას ძალიან უნდა ხალხი რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე დააპირისპიროს და ამაში მეც გამომიყენონ“, _ ამბობს ის.

რესპოდენტმა ასევე დააკონკრეტა, რომ   სწორედ ამ მიზნით მივიდნენ მასთან "ოცნების" კოორდინატორი და ბესო ქათამაძის ცემაში ბრალდებული ტარიელ აროშიძის ახლობლები:

თქვეს, რომ აქციას აწყობდნენ, რომელზეც უნდა გამომეყვანა აჭარული მოსახლეობა. საუბარი იყო იმ დღეზე, როცა მელია ჩამოდიოდა. მე უარი ვუთხარი და გარკვევით ავუხსენი, რომ ამ პროცესებში არ ჩავერთვებოდი. თავს არავის გამოვაყენებინებ. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც თანამდებობის პირი.

მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც მშვიდად ცხოვრება უნდა და რომელიც ბოლო დროს გრძნობს, რომ რელიგიური და კუთხური ნიშნით განსხვავებული მიდგომებია.

ვჭირდებოდი და გამომიყენეს. მე რომ რაღაც დამჭირდა და მივედი, არაფერი გააკეთეს. ახლა, ისევ მოვიდნენ და მთხოვეს, გვერდში დავდგომოდი, მაგრამ ცუდი რამ მითხრეს, რაზეც, როგორც გითხარით, არ დავთანხმდი”.

ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში, მას ჩვენ ხელახლა დავრეკეთ იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც ბესო ქათამაძემ მოგვაწოდა და ვთხოვეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი ეთქვა, რომელიც მასთან მივიდა და აქციაზე აჭარული მოსახლეობის გამოყვანა სთხოვა.

მან „ოცნების“ კოორდინატორის ვინაობა იმ მოტივით არ დაასახელა, რომ ამ სოფელში უნდა იცხოვროს და დაძაბულობის შექმნა არ სურდა.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად „გურია ნიუსი“ სოფელ კონჭკათში რამდენიმე პიროვნებას დაუკავშირდა. მათ შორის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ადამიანი, სახელი და გვარით დავით შავაძე ამ სოფელში არ ცხოვრობს.

ჩვენ, ქათამაძის მიერ მოწოდებული ტელეფონის ნომერი ასევე სატელეფონო ბაზაშიც გადავამოწმეთ, სადაც აღნიშნული ნომერი ვინმე როინ ძირკვაძეზეა გაფორმებული.

ამის შემდეგ, სხვა ტელეფონის ნომრიდან იმ ნომრებზე დავრეკეთ, რომლებიდანაც ე. წ. „დავით შავაძე“ გვეკონტაქტებოდა და როინ ძირკვაძე ვიკითხეთ.

ტელეფონზე ქალბატონმა გვიპასუხა და გვითხრა, რომ როინი გასული იყო.

მეორე ნომერზეც, რომლიდანაც თავად დაგვიკავშირდა რესპოდენტი, ისევ ქალბატონმა გვიპასუხა და  აღნიშნა, რომ როინი დაკავებული იყო და ცოტა ხანში დავკავშირებოდით.

მოგვიანებით, არც ერთ ნომერზე არ გვიპასუხეს. რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ჩვენ ისევ დავრეკეთ „გურია ნიუსის“ ნომრიდან ტელეფონზე, რომლიდანაც  ვინმე შავაძე დაგვიკავშირდა. ტელეფონზე ქალბატონმა გვიპასუხა. როდესაც ვუთხარით, რომ როინთან გვსურდა საუბარი, გაიკვირვა და აღნიშნა, რომ ასეთ არავის იცნობდა. შემდეგ დავუკონკრეტეთ, რომ ამ ნომრიდან დაგვიკავშირდნენ დავით შავაძის სახელით და ვთხოვეთ ტელეფონი მისთვის გადაეცა:

„არ ვიცი, საერთოდ ვინაა“, _ გვითხრა ქალბატონმა და ტელეფონი გაგვითიშა.

მას შემდეგ არც ერთ ნომერზე არ გვპასუხობენ.

ამ საუბრების შემდეგ, ჩვენ ბესო ქათამაძესაც დავუკავშირდით და სიტუაციაში გარკვევა მოვთხოვეთ.

ქათამაძემ გვითხრა, რომ პიროვნებას ისიც დავით შავაძედ იცნობდა:

_ მისი მეუღლის, ლიას ფეიბსუქით მეკონტაქტებოდა. თავად დამიკავშირდა და ის ინფორმაცია მომაწოდა, რომელიც მე თქვენ მოგაწოდეთ. მე სოციალური ქსელით ვეკონტაქტები და ასე გავიგე მისი ნომერიც, _ აღნიშნა ქათამაძემ.

ბესო ქათამაძეს ჩვენ მისი სიტყვების მტკიცებულებაც ვთხოვეთ. ის დაგვპირდა, რომ შესაბამის სკრინებს გამოგვიგზავნიდა. რამდენიმე შეხსენების შემდეგ ქათამაძემ სკრინები მოგვაწოდა. როგორც ის ამბობს, ეს მიმოწერა გახორციელებულია ე. წ. დავით შავაძის მეუღლის ფეისბუქგვერდიდან და ქათამაძის თქმით, ეს ქალბატონი ფეისბუქში დარეგისტრირებულია, როგორც ლია შავაძე.

ქათამაძის მიერ მოწოდებულ სკრინებში ჩანს, როგორ წერს ქათამაძეს ჩვენთვის უცნობი პიროვნება, რომ „ტელეფონის ნომერი დავით შავაძის სახელით მიაწოდე. შევცვალე, როგორც ვთქვით, ძმა!“ ქათამაძე მას ჟურნალისტის ტელეფონს აწვდის და ეუბნება, რომ ჟურნალისტი ამ ნომრიდან დაურეკავს.

ქათამაძის თქმით ახლა, ფეისბუქის ეს გვერდი გაუქმებულია.

 ჩვენ დღესაც ვცადეთ, ამ პიროვნებასთან დაკავშირება, თუმცა, უშედეგოდ. პარალელურად კი გავარკვიეთ, რომ ვინმე როინ ძირკვაძე ნამდვილად ცხოვრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში და ის, 2012 წელს „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „გურია ნიუსი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს მოკვლევა ამ კონკრეტულ საქმეზე, დაადგინონ ვინ და რა მიზნით დაიგეგმა ეს პროვოკაცია, რატომ სურდათ ამ ყველაფერში „გურია ნიუსის“ გამოყენება და ასევე იპოვონ ის ადამიანი, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ცდილობდა.

ჩვენ მზად ვართ საგამოძიებო უწყებას ყველა შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც ამ ამბების მოკვლევის დროს გაკეთდა, დაუყონებლივ გადავცეთ.


ნახვა: 2015


 ახალი ამბები
  • ორად გაყოფილი სპორტული ცენტრი დახურულ სხდომაზე ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდახმაური და დაპირიპირება იყო დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, სოციალური კომისიის სხდომაზე, სადაც „გურია ნიუსის“ ინფორმაციით,  სპორტული ცენტრის საკითხი განიხილებოდა. სხდომის ეს ნაწილი, კომისიის თავმჯდომარის ემზარ თედორაძის გადაწყვეტილებით, დახურულად გამოცხადდა. თედორაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სპორტული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნით მიიღო. როგორც გაირკვა, სოციალური კომისიის სხდომაზე ცენტრის დირექტორს გოჩა ლომაძეს თანამშრომელთა ნაწილი ღიად დაუპირისპირდა და მისი სამსახურიდან წასვლა მოითხოვა. „თავად თანამშრომლებმა მთხოვეს, რომ სხდომა დახურული ყოფილიყო. ფაქტია,  სპორტულ ცენტრში არაჯანსაღი ვითარებაა და კოლექტივი ორ ნაწილადაა გაყოფილი. შექმნილი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სპორტული ცენტრის მუშაობაზე.  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მოუწევს დროული გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე“, _ გვითხრა თედორაძემ. სხდომას მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძეც ესწრებოდა. „პირადად ვესწრებოდი ამ სხდომას და მოვისმინე ის პრეტენზიები, რაც  ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს აქვს, ამის თაობაზე  მანამდეც ვიყავი ინფორმირებული.  ამ საკითხის დარეგულირება უშუალოდ მერის პრეროგატივაა და თუ მისი მხრიდან იქნება დავალება, ჩვენი სამსახური შეისწავლის სპორტულ ცენტრში არსებულ მდგომარეობას. ფაქტია, რომ ვითარება იქ მართლაც არაჯანსაღია“, _ გვითხრა ია ჩხაიძემ. თუ რას გადაწყვეტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა  სპორტულ ცენტრთან მიმართებაში, ჯერჯერობით, უცნობია, სოციალური კომისიის სხდომას არც მერი და არც მისი მოადგილე არ დასწრებიან. „სოფელ ნინოშვილში ვიყავი აქციაზე და ამ დროისთვის არ ვარ ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა სოციალური კომისიის სხდომაზე. მერიც არ იმყოფება ლანჩხუთში, თბილისშია. ასე რომ, ამ ეტაპზე, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით საკითხთან დაკავშირებით“, _ გვითხრა გოგი ფაცურიამ. შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსი“ უკვე წერდა სპორტულ ცენტრში არსებული დაპირისპირების შესახებ, სადაც  ცენტრის დირექტორს, გოჩა ლომაძეს თანამშრომლების მიმართ ძალადობაში ამხელდნენ. თუმცა, მაშინ ლომაძე მისი მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. სპორტული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილიც მხარდაჭერას გამოთქვამდა დირექტორის მიმართ. ამავე თემაზე: სპორტული ცენტრის დირექტორს თანამშრომელთა ნაწილი ... ...
  • შეკვეთილი კანონი _ ,,გასაგებად უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი არის ივანიშვილის იდეა“11 სექტემბერს ცნობილი გახდა მთავრობის იმ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს. კანონპროექტმა, რომელიც საზოგადოებისგან მალულად შემუშავდა და რომლის წარმდგენი პარლამენტში  შს სამინისტროა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საპატრიარქოს მხრიდან წამოსულმა დიდმა საპროტესტო ტალღამ კი კანონპროექტის იმპლემენტაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და პარლამენტი მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დააფიქრა. პარლამენტიდან აღნიშნული კანონპროექტის შესაძლო გაწვევაზე ირაკლი კობახიძე საუბრობს. ,,მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც კობახიძის განცხადებიდან ხდება ცნობილი, ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეებს ამჟამად ვერ აცნობიერებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კანონპროექტისგან მომდინარე  რისკებს გააანალიზებს. საკითხზე პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საუბრობს: _ ბატონო ვაჟა, მმართველი პარტია საერო და სასულიერო პირების მხრიდან წამოსული პროტესტის შემდეგ აცხადებს, რომ მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან იმ შემთხვევაში გაიწვევს, თუ საზოგადოებას საფრთხეს შეუქნის.  პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს და შემდეგ საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რამდენად კანონზომიერია ,,ქართული ოცნების“ ქმედება? _ ახალბედა პოლიტიკოსს, გამოუცდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს  რაღაც არსებითად ნამდვილად ეშლება. საზოგადოებასთან ასეთი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარეს არ გამოადგება.  კონკრეტული კანონპროექტის შეტანა პარლამენტში იყო გაუაზრებელი და მოუმზადებელი აქტივობა მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან. გასაგებად უნდა ითქვას, რომ მთლიანად ეს კანონპროექტი და მარიხუანის კულტივირება არის ბიძინა ივანიშვილის იდეა. ფაქტობრივად, ის მართავს ქვეყანას და მისი ნების გარეშე ქვეყანაში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. შეიძლება, ეს კანონი აღარც გამოჩნდეს პარლამენტში, რადგან ივანიშვილი საოცრად პრაგმატული კაცია და ხვდება, რომ საზოგადოება კანონპროექტის მიღებას წინ აღუდგება. ის ბუნდოვანება, რაც ამ კანონპროექტის გაწვევას ახლავს თან, ნიშნავს, რომ მმართველ ძალასა და ივანიშვილს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ცალსახად ეშინიათ  პოზიციის დაფიქსირება.  თუ დაინახეს, რომ ეს წინააღმდეგობა შესუსტდა, მაშინ კანონპროექტს დატოვებენ  და გაიტანენ. _ გარდა ბიძინა ივანიშვილისა, როგორ ფიქრობთ, სხვა პიროვნების ინტერესი არ იკვეთება? _ ეს შეიძლება ბევრი ადამიანის ინტერესი იყოს, მაგრამ სადღეისოდ მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა უნდა, თუ ბიძინამ არ დართო ნება, არც ერთი დიდი საქმე და პროექტი არ განხორციელდება“, _ გვითხრა ბერიძემ. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური ... ...
  • ლანჩხუთში მოსახლეობამ გზა გადაკეტალანჩხუთში ოზურგეთი-ლანჩხუთის გზის ნინოშვილის მონაკვეთზე ადგილობრივებს რამდენიმე საათია გზა აქვთ გადაკეტილი და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას  ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაუდევრად შესრულებაში ადანაშაულებს და სოფელში არსებული პრობლემების დროულ მოგვარებას ითხოვს. „სახლები გვენგრევა ხალხს თავზე. ზედაპირულად და დაუდევრად აკეთებენ ყველაფერს. ფაქტობრივად, დანგრეულია ეს მთავარი გზა, მაგრამ პატრონი არავინაა. მოვლენ და ისვრიან ცარიელ სიტყვებს. კეთილი ინებონ და დროულად შეუდგნენ ჩვენი პრობლემების მოგვარებას, ტყუილ დაპირებებს ნუ იძლევიან. საქმე აკეთონ წესიერად. მეც ერთ-ერთი ვარ, ვისი სახლიც დანგრევის პირასაა. მითხრეს, უნდა ასახლდეო, არადა, გამაგრებითი სამუშაობი რომ ჩატარდეს, არაფერი მჭირს ასასახლებელი“, _ ამბობს „გურია ნიუსთან საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ოლეგ გოგუაძე. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვითარების შესწავლის მიზნით აქციის მონაწილეებთან იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. "ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფაცურია, რომელიც შეისწავლის შექმნილ ვითარებას და შესაძლებლობის ფარგლებში გაეწევათ ... ...
  • ბაქსვუდის სკოლის მოსწავლე ლანჩხუთიდანლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში წარმატებით გამოვიდა, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში ისწავლის. სალომე სახალხო პროექტის „ეტალონის“ გასული  წლის გამარჯვებულია ლანჩხუთში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო ათეულში მოხვდა და ჯილდოდ 1000 ლარი მიიღო. ამ თანხით კი ბავშვობის ოცნება აიხდინა და „მოპედი“ შეიძინა. „სწავლა ძალიან მიყვარს. გამორჩეული საგანი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მათემატიკა მაინც სულ სხვაა. ძალიან გამიხარდა, რომ 21 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი და ამისთვის მადლობა ჩემს პედაგოგებსა და სკოლას“, _ ამბობს სალომე. სალომე ერთადერთი არაა მეორე საჯარო სკოლიდან, ვინ უცხოეთში ისწავლის. მისი თანაკლასელი მარიამ ზენაიშვილი ამერიკაში, ჰავაის კუნძულებზე მდებარე სკოლაში ... ...
  • ცხოვრება განათლების გარეშე: ბაბუამ მითხრა, რომ კარგი ბიჭი შეარჩიეს და უნდა დავქორწინებულიყავი32 წლის ლია ირემაძე  ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ცხოვრობს. მას  მხოლოდ 9 კლასის განათლება აქვს. ამბობს,  სოფელ ბასილეთში, სადაც ის ცხოვრობდა მხოლოდ არასრული განათლების მიღების შესაძლებლობა იყო და შემდეგ, სწავლის გაგრძელებაზე არ უფიქრია. 16 წლის იყო, როცა მშობლებმა გაათხოვეს _ მეუღლეს არ იცნობდა თუმცა უფროსების ნებას დაჰყვა და ოჯახი შექმნა. ყვება, რომ მაშინ პროტესტიც გამოხატვა არ შეეძლო და ამის მიზეზად იმდროინდელ სიტუაციას ასახელებს. იხსენებს, რომ ნიშნობის წინ მხოლოდ მომავალი მეუღლის ფოტო ანახეს: _ ბაბუამ მითხრა, რომ კარგი ბიჭი შეარჩიეს და უნდა დავქორწინებულიყავი. წინააღმდეგობა არ გამიწევია, დავთანმხდი. ფოტო მანახეს და მითხრეს, რომ კარგ ოჯახში მომიწევდა ცხოვრება. მაშინ ასეთი დრო იყო და სხვა გზა არც მქონდა, _ ამბობს ჩვენი რესპოდენტი.  ლია ირემაძის თქმით, სწავლის გაგრძელებაზე საუბარი არც ყოფილა: _ კარგი იქნებოდა მესწავლა, მაგრამ ასე მოხდა. ოჯახი, შვილები როცაა ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა. მათ ბევრი რამე სჭირდებათ და მათი გულისთვის ყველაფერს უნდა შეეგუო, _ ამბობს ლია, რომელსაც  შეგუება ბევრ რამესთან მოუწია და ახლაც უწევს _ 22 წლის იყო როცა მეუღლე დაეღუპა და 4 შვილით მარტო დარჩა. მას შემდეგ ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს. თუმცა, დასძენს, რომ ფიზიკური შრომა მეუღლის სიცოცხლეშიც უწევდა: _ ახალგათხოვილი ვიყავი, როცა წალკაში გადავედით საცხოვრებლად. გვითხრეს, რომ იქ უკეთესად ვიქნებოდით. ყველაფერი თითქმის თავიდან დავიწყეთ და როცა შუა გზაზე ვიყავით მეუღლე დამეღუპა. წალკაში ისეთი პირობები არ გვქონდა, რომ თავის გატანა შეგვძლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვშრომობდი. ამიტომ, ჩოხატაურში დავბრუნდით, _ აღნიშნავს ჩვენი რესპოდენტი, რომლის ცხოვრების ყოველი დღე, მისი თქმით ერთნაირია. დილას ადრიანად _ 6 საათზე იწყებს. უვლის საქონლებს, ამზადებს რძის პროდუქტებს, მუშაობს ბოსტანში, ყანაში. მძიმე ფიზიკური შრომის კვალი ხელებზე კარგად ეტყობა. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, რადგან მას ბავშობიდან მხოლოდ შრომა  ასწავლეს. კითხვაზე რას იზამდა მაშინ, თუ ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება ექნებოდა, პასუხი არ აქვს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მშობლების სურვილის წინააღმდეგ წასვლას, ალბათ, ვერ გაბედავდა. განათლება არც ლიას დედამთილს, მერი ირემაძეს  მიუღია. ამბობს, რომ ამის სურვილი არასდროს ჰქონია.  გვიყვება, რომ 16 წლის სარძლო კარგი ოჯახისშვილობით აარჩია და მისთვის ეს საკმარისი იყო. კითხვაზე, რატომ არ დაეხმარა რძალს განათლების მიღებაში, გვპასუხობს, რომ მას არ მოუნდომებია: _ ლიას სწავლის სურვილი არასდროს გამოუთქვამს და არც მე შემითავაზებია. არც ჩემი შვილი იყო ნასწავლი და არც მას ჰქონდა სურვილი. დღეს ვფიქრობ, რომ ნასწავლი ადამიანისთვის ცხოვრება უფრო იოლია, მაგრამ ეს თავად უნდა მოინდომონ. დაძალებით არაფერი გამოვა. ჩემს შვილიშვილებს მუდამ ვეუბნები, რომ ისწავლონ, მაგრამ არ უნდათ, არ ინდომებენ და ეს ძალიან მაწუხებს, _ გვითხრა მერი ირემაძემ. აჭარელ რძალ-დედამთილს იმედი აქვთ, რომ მათი შვილები და შვილიშვილები კარგ განათლებას მიიღებენ და  მიწის დამუშავებით და საქონლის მოვლით თავის გატანა არ მოუწევთ. _ სიმართლე გითხრათ, სწავლის სურვილი არც მე მქონია. მაშინ, ამას დიდი მნიშვნელობა არც ენიჭებოდა, თუმცა, დღეს სხვა სიტუაციაა. უსწავლელი ადამიანი არავის სჭირდება. თუ განათლებას არ მიიღებ, თავის გატანა ისეთი მძიმე შრომით მოგიწევს, როგორითაც თითქმის მთელი ცხოვრება გავიარე. დღეს შეძლება არ მაქვს. ჩემს რძალს დიდი დახმარებას ვერ ვუწევ. ვეღარც ბოსტანში ვმუშაობ და ვეღარც ყანაში. რა თქმა უნდა გული მწყდება, რომ ასეა და სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა კარგად ისწავლონ. მათი წინაპრების მაგალითი უნდა გაითვალისწინონ და თოხით და ბარით არ უნდა გალიონ ცხოვრება, _ აღნიშნა მერი ირემაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...