დისტანცირება, შეზღუდვები მოიხსნება და ანდრიასთან ჩახუტების სითბოც გაზაფხულივით მოვა!

მთავარი თემა

დისტანცირება, შეზღუდვები მოიხსნება და ანდრიასთან ჩახუტების სითბოც გაზაფხულივით მოვა!

3 მარ. 2021, 10:58:52

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ კარგად იცოდა 2020 წლის მეორე ნახევარში კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროების შესახებ, საქართველოს ყველა მოქმედ სკოლაში  სასწავლო პროცესი მაინც დაიწყო. ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებმა მანანა კვაჭანტირაძემაც იცოდა იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლებოდა, ეპიდემიურ აფეთქებას მოჰყოლოდა, მაგრამ შვილი ოზურგეთის  #4 საჯარო სკოლაში შეიყვანა _ ანდრია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვია და მისთვის ახალ ეტაპზე გადასვლა, სოციალური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

“ჩემი მთავარი მიზანია, ანდრიას ჰყავდეს ბევრი მეგობარი და ბავშვებთან ჰქონდეს აქტიური კავშირი“, _  ამბობს ანდრიას დედა მანანა კვაჭანტირაძე. სოციალური ინტეგრაცია ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და პანდემიამ, რომელიც ფართო ურთიერთობებისას ძალას იკრებს, სწორედ ამ ინტეგრაციას შეუქმნა საფრთხე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ანდრია ონლაინ სწავლების პროცესშიც ხალისით ჩაერთო. როგორ მოახერხეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა სწავლის ონლაინ ფორმატთან ადაპტირება _ ეს იყო ჩვენი სტატიის თემა.

მანანა კვაჭანტირაძე  გვიყვება, რომ კორონავირუსის პიკურ პერიოდში, ანდრიას, ცხადია, სკოლაში აღარ უვლია, თუმცა, აქტიურად ჩაერთო ონლაინ სწავლებაში. ახლა კი, რამდენიმე კვირაა საკლასო ოთახში აგრძელებს სწავლას.

მანანა კვაჭანტირაძე: ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ის პროცესები, რაც ანდრიასთვის აუცილებელია, როგორმე დავაფინანსოთ. მთავარია, ჩვენმა შვილმა მიიღოს განათლება, ტიპიური განვითარების ბავშვისგან განსხვავებით, ამათ ჭირდებათ მუშაობის დასწავლა, ყველაფერი უნდა დაისწავლოს _ ქცევის მართვა, მეტყველებაზეც მუშაობენ.

ანდრია 6 წლისაა; მას სკოლაში სიარული პირველ ეტაპზე არ მოწევია და სწავლა პირველად დისტაციურად დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ კარგი მასწავლებელი შეხვდა, რომელიც ანდრიას გასაგებ ენაზე გადმოცემდა; პირველადვე, როცა შევხვდი ანდრიას პედაგოგს ნათია ბოლქვაძეს, მივხვდი, რომ ჩვენთვის მთავარი სტიმული მისი მიდგომა და პედაგოგების თანადგომა იყო. მეც ვსწავლობდი, რათა  შემდეგ ანდრიას დავხმარებოდი. სოციალური პრობლემა უფრო იყო ანდრიასთან და ამიტომ, გადავწყვიტე, სკოლაში შეყვანა წელს. ბავშვებთან კონტაქტი მინდოდა ჰქონოდა, მეტი ურთიერთობა ყოფლიყო თანატოლებთან. ჩემდა გასაკვირად, ძალიან კარგად აუღო ალღო სწავლას _ ეს მასწავლებლის და ჩემი დახმარებით მოხდა, რადგან ორივემ კარგად მივაწოდეთ სასწავლო მასალა.

ჩემი შვილის დიაგნოზი ბავშვთა აუტიზმია; ამ დიაგნოზის ბავშვებს მეტად სჭირდებათ თანატოლებთან ჩართულობა და მათი მხრიდან გაგება.  მათ სხვანაირი ხედვა აქვთ და მართლა განსხვავებულად აღიქვამენ ყველაფერს. ამბობენ, რომ როდესაც საუბრობენ, აგრესიულები არიან, თუმცა, ამაში ვერ დავეთანხმები, ვინც ამას ამბობს. 5 წელია დამყავს ჩემი შვილი ბათუმში შესაბამისს ცენტრში; ეიბიეი (ABA) თერაპია აუცილებლად ჭირდება _ როგორც სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის წყლის მიღება, ისეა მათვის ეს თერაპია. ეს სერვისი ოზურგეთში არ არის და აქედან გამომდინარე, დაგვყავს ბათუმში.

ამ დიაგნოზის ბავშვები სხვადასხვა განვითარების არიან, ყველა ბავშვი განსხვავებულია: ზოგს ქცევის გამოხატვის პრობლემა აქვს, ზოგი _ ვერ ლაპარაკობს და ა.შ. ყველას სჭირდება ინდივიდუალურად ყურადღების მიქცევა“, _ ამბობს ქალბატონი მანანა.

ABA თერაპია ანუ ქცევის გამოყენებითი ანალიზი გამოიყენება სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა ასაკისა და დიაგნოზის მქონე პირებთან სამუშაოდ და ორიენტირებულია სამეტყველო, საკომუნიკაციო, თამაშის, თავის მოვლის, აკადემიური უნარებისა და სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

მანანა კვაჭანტირაძის თქმით, აუტიზმით მქონე ბავშვებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ავადმყოფებად აღიქვამენ:

“პირდაპირ მინდა ვთქვა _ ეს ბავშვები არ არიან ავადმყოფები; უბრალოდ, ხედვა და ქცევა აქვთ სხვანაირი. ამიტომ, უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან. ინიციატივას თავად არ გამოხატავენ და თქვენზეა დამოკიდებული მათ გვერდით დგომა“, _ ამბობს ანდრიას დედა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ონლაინ რეჟიმიდან სასწავლო პროცესზე გადართულ ორმოცდაორ საჯარო სკოლაში, დღეისთვის, 201 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე სწავლობს და მათ ორმოცდასამი სპეცპედაგოგი ემსახურება; ამ ინფორმაციას “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი აწვდის.

ლელა იმედაშვილი: “ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ მოსწავლეებთან მუდმივად მუშაობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები. სპეცპედაგოგთა უმეტესობა  გადამზადებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ამ გადამზადების პროცესს მასწავლებელთა სახლი ხელმძღვანელობს. ამასთან, სამინისტროს მიერ, გურიაში ჩამოყალიბებულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მონიტორინგს უწევს  პროცესს, ეხმარება პედაგოგებს სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური გეგმის შედგენაში და პროცესების მართვაში.  

არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლის შენობებისა და სველი წერტილების მოდერნიზაცია და მორგება სსსმ მოსწავლეების საჭიროებებს. ამ მიმართულებითაც ყოველწლიურად ვდგამთ ნაბიჯებს და ვცდილობთ, ყველა დეტალი გავითვალისწინოთ.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მშობლები ენდობიან სკოლებს, გამოთქვამენ თანხმობებს მათი შვილების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციაზე. ზოგიერთ სკოლაში, სამედიცინო დასკვნების საფუძველზე, ჩვენ ხელშეკრულებით აგვყავს დამხმარე პირები, რომელზედაც დასკვნას სწორედ მულტიდიციპლინური გუნდი გასცემს. ჩვენ ამ გუნდთან თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა ჩამოგვიყალიბდა.

წინ კიდევ  ბევრი საინტერესო გამოწვევაა. მათ შორის არის სპეცპედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლისთვისაც მზადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, უკვე დაასრულა და საგამოცდო პროგრამები უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის“. 

ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე:  ჩვენ გვყავდა და გვყავს აუტისტური სპექტრის ბავშვი, ამიტომ,  რაღაც გამოცდილება გვქონდა ამ მიმართულებით.  წელს განსხვავებული პირობა იყო _ როცა დაიწყო პირველ კლასელთა რეგისტრაცია, პირველ ეტაპზე რეგისტრირდებოდნენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა ძალიან კარგი პროექტი და მოხდა მოსწავლის შესწავლა სასწავლო პროცესის დაწყებამდე. პროცესში ჩართული იყო მასწავლებელი, მშობელი. ადრე,  სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ვაგზავნიდით მიმართვას შესაბამის სამსახურში,  მერე ხდებოდა შესწავლა, დასკვნის დაწერა; მოკლედ, ეს ყველაფერი იწელებოდა დროში. ამჯერად, სასწავლო წლის დასაწყისშივე  მოწესრიგებული იყო დოკუმენტაცია. მასწავლებელი ფსიქოლოგიურად მზად იყო,  ის და მოსწავლე უკვე იცნობდნენ ერთმანეთს. დასკვნაში ეწერა, რომ ბავშვს ჭირდება ასისტენტი და აიყვანეს კიდეც. ასე რომ, ბავშვთან სამუშაოდ ყველა პირობა იქნა შექმნილი. გარემო იყო ადაპტირებული იმისთვის,  რომ ბავშვს დისკომფორტი არ შექმნოდა. მასთან ერთად გაკვეთილზე იყო ასისტენტი _ შეიძლება მოსწავლე გადაიღალოს, ან გარეთ მოუნდეს გასვლა ამ დროს მასზე ასისტენტი ზრუნავს.  გარდა ამისა ბავშვს ემსახურება სპეციალური მასწავლებელი.

აღნიშნულ მოსწავლესთან პანდემიის პერიოდშიც  ჩვეულებრივად მიმდინარეობდა მუშაობა _ ეკონტაქტებოდნენ მასწავლებლები, რომლებიც სამინისტროს მიერ  აღჭურვილები არიან სპეციალური რესურსებით. სასიხარულოა, რომ ბავშვი სოციალურ ქსელშიც იყო ისეთი აქტიური, როგორც ამ კლასის სხვა მოსწავლეები.

მესამე კლასშიც გვყავს აუტისტური სპექტრის მოსწავლე.  ის სკოლაში სწავლის დაწყების შემდეგ ძალიან შეიცვალა. ასისტენტი მასაც ჰყავს ჯერჯერობით, თმცა, პროგრესის ფონზე, მომავალში შეიძლება აღარ იყოს ამის საჭიროება. მისი მშობელი აქტიურადაა ჩართული სწავლის პროცესში.

აუცილებლად უნდა ვთქვათ,რომ მშობლები ორიენტირებულები და გარკვეულები არიან ბავშვების საჭიროებებში. თვალნათელია, რომ სკოლაში სწავლისას, ამ ბავშვებში ხდება გარდატეხა, ცვლილებები უკეთესობისაკენ.

კიდევ მეტის გაკეტებაა საჭირო; მაგალითად, არასამთავრობოებს რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, აქვთ განსაკუთრებული ტიპის რესურსები და კარგი იქნება მათი მეტად ჩართვა პროცესში;  სპეც მასწავლებელი და ასისტენტიც უფრო მეტად უნდა იყვნენ გადამზადებულები“, _ ამბობს ტარიელ კალანდაძე.

თეონა თალაკვაძე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირის ასისტენტი ამბობს, რომ მას და ანდრიას ახალი ცხოვრების დაწყება ერთად მოუხდათ; ანდრიამ სწავლა დაიწყო, მან კი _ ანდრიასთან მუშაობა.  მათ კომუნიკაცია პანდემიის დროს, ონლაინ სწავლების რეჟიმშიც არ შეწყვეტილა.

ბავშვთან ერთად უნდა ვიყო გაკვეთილზე და მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველმხრივ დავეხმარო. ჩემთვის გამოწვევა იყო პირველი ურთიერთობა აუტისტური სპექტრის ბავშვთან, როგორც მოსწავლესთან. თუმცა,  ინკლუზიური სწავლების მიმართულებით სასწავლო კურსი მაქვს გავლილი; პროფესიით კი, დაწყებითი კლასების პედაგოგი ვარ. მე არ მაქვს უფლება გაკვეთილის მსვლელობის დროს ჩავერთო პროცესში, მაგრამ ნებისმიერ დროს შემიძლია დავეხმარო; ჩემს მოსწავლეს ძალიან გაუმართლა _ არაჩვეულებრივი დედა და პედაგოგები ჰყავს.

პანდემიის პერიოდში, ონლაინ სწავლების დროს, გვქონდა კომუნიკაცია; სახლში არ ვაკითხავდი, მაგრამ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა ტელეფონით, ინტერნეტით... თავიდან, პირველად რომ დავიწყეთ სწავლა, მეც შეშინებული ვიყავი _ არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდა. ახლა უკეთესობისკენ ვართ შეცვლილი, უფრო მშვიდი და მონდომებულია გაკვეთილზე, უფრო მეტად ჩაერთო სასწავლო პროცესში.

თავიდან კლასის სხვა ბავშვებიც დამფრთხალები იყვნენ, ახლა, ნელ-ნელა აწყობენ ურთიერთობებს, უფრო კონტაქტურები გახდნენ, სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ. მინდა ვთქვა, რომ #4 საჯარო სკოლაში ერთად მოგვიწია შესვლა: მე მუშაობა დავიწყე და ანდრიამ _ სწავლა.

ანდრია: "ყველაზე ლამაზი ჩემი ქვეყანაა"

ოზურგეთის მე-4-ე  საჯარო სკოლის სპეცპედაგოგ ნინო ჩხარტიშვილისთვის აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლესთან ურთიერთობა წელს პირველი არ იყო, მას ორწლიანი გამოცდილება აქვს:

ჩვენ მარტო სწავლაზე ვერ ვიქნებით ორიენტირებული_  ვცდილობთ, ვასწავლოთ ყველაფერი, ქცევის წესებიდან დაწყებული, სასიცოცხლო ფუნქციისთვის საჭირო ყველა ჩვევის ჩათვლით. როცა უნარების გამომუშავებაში მშობელიც აქტიურადაა ჩართული,  მასწავლებელს შრომა გაცილებით უადვილდება.

პანდემიის პერიოდში ონლაინ სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები აუტისტური სპექტრის ბავშვები. ერთმა ვირუსი გადაიტანა და რა თქმა უნდა, ავადობის პერიოდში ვერ ერთვებოდა ონლაინ გაკვეთილებში, მაგრამ ამ დროს უშუალოდ მშობელს ვეკონტაქტებოდი, ვუგზავნიდი დავალებებს, აქტივობებს და მისი დახმარებით მუშაობდა ბავშვი.

არა იმიტომ, რომ ჩემი სკოლაა, ობიექტურად ვამბობ, რომ სკოლიდან ყველანაირი ხელშეწყობაა. თუ მშობლებს დაეკონტაქტებით, დარწმუნებული ვარ, იგივეს გეტყვიან. მასწავლებლებს ტრენინგები აქვთ გავლილი, იციან როგორ უნდა მოექცნენ, როგორ იმუშაონ ამ ბავშვებთან. მშობლებიც არაჩვეულებრივად მუშაობენ.  სიძნელის მიუხედავად, თითქმის ყოველთვიურად დაყავთ ბავშვები ბათუმში, თერაპიებზე. მე როგორც ვხედავ, შედეგიც არის. რაც შეეხება საზოგადოებას, ეს ბავშვები წინანდებურად დამალულები აღარ არიან. საზოგადოებაც ნელ-ნელა ეჩვევა გულისხმიერებას, თანადგომას, განსხვავებულის სიყვარულს... ასე თუ ისე, წინსვლა არის“, _ ამბობს ნინო ჩხარტიშვილი

პანდემიის პირობებში აუცილებელი სასკოლო ონლაინ ურთიერთობები ცოცხალი ურთიერთობებით შეიცვალა ოზურგეთში. იმედია, ანდრიას და მის კლასელებს “მესამე ტალღა“ ერთმანეთს არ დააშორებს, ახლანდელი დისტანციებიც მოიშლება და ჩახუტების სითბოც გაზაფხულივით მოვა.

მაგრამ პანდემია არ არის ერთადერთი დამაბრკოლებელი ზღუდე ანდრიას და ანდრიასნაირი განსხვავებული ხედვებისა და ქცევების ბავშვებისთვის; ყველა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ამბობს, რომ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არ არიან ლოგოპედები, ფსიქოლოგები, რომლებიც მათთან იმუშავებენ. არც ABA-თერაპიის ცენტრია და ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მისაღებად, პატარებს მშობლებთან ერტად, ბათუმში უხდებათ სიარული.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...