"ეს ერთი მაპატიეთ და მეტს არ ვიზამ!"

მთავარი თემა

"ეს ერთი მაპატიეთ და მეტს არ ვიზამ!"

2017 მარ 5 21:53:14

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ "სპორტის განვითარების ცენტრს" გასულ წელს რამდენიმე ათასი ლარის შესყიდვა აქვს გახორციელებული. შესყიდვის ხელშეკრულებების უმრავლესობა ერთ პირთან მოლაპარაკების წესით არის გაფორმებული, უმრავლეს მათგანს არ ახლავს მიღება-ჩაბარების აქტები, რაც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის, ზურაბ ჯინჭარაძის თქმით, იმით არის გამოწვეული, რომ  ფული გადახდილი არ აქვს.

მაგალითად, ასეთად ასახელებს 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული #54 ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ი/მ ამირან კაკურიასგან შეძენილია 200 ლარის საკვები. ოღონდ რა, რატომ და ვისთვის, უცნობია. ხელშეკრულებაზე თანდართულ, 2016 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული ანგარიშფაქტურიდან მხოლოდ იმის გარკვევაა შესაძლებელი, რომ საქონლის რაოდენობა 12 ცალია, ხოლო ერთეულის ფასი _ 16.67 თეთრი.

_ დოკუმენტაციას მიღება-ჩაბარების აქტი იმიტომ არ ახლავს, რომ ინდმეწარმემ დაგვიანებით ატვირთა ფაქტურა და თანხა ვერ ჩავრიცხეთ, _ ამბობს ზურაბ ჯინჭარაძე.

კითხვაზე, ვისთვის და რა სახის საკვები შეიძინეს, პასუხი რამდენიმენაირი აქვს: პირველი ვერსიით _ ვეტერანებისთვის, მეორე ვერსიით _ სპორტსმენებისთვის, მესამე ვერსიით კი ლელობურთელებისთვის, რომლებიც მისივე თქმით, ფოთში ჰყავდა წაყვანილი შეჯიბრებაზე. თუმცა, აღნიშნული შეჯიბრი სპორტის განვითარების ცენტრის გასული წლის  ღონისძიებების ჩამონათვალში არ იძებნება. ჯინჭარაძეს ამ საკითხზეც მისეული ახსნა აღმოაჩნდა:

_ ხანდახან სპორტის სამინიტროდან რეკავენ გუბერნიაში (?!) და გვავალებენ, რომ სპორტსმენები შეჯიბრებაზე წავიყვანოთ, _ განმარტავს ჯინჭარაძე, რომელსაც არ ახსოვს, ამ შემთხვევაში ვინ დაურეკა შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრის ნამდვილად გამართვის და მასში მონაწილეობის დასადასტურებლად, 2016 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება მოჰყავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ი/მ გრიგოლ კვინტრაძეს 100 ლარი გადაუხადეს ფოთში ლელობურთელების ტრანსპორტირებისთვის (არადა, საკვების შეძენისთვის ხელშეკრულება 31 აგვისტოსაა გაფორმებული).

ამ ასლარიან ხელშეკრულებას 2016 წლის 10 ნოემბრით დათარიღებილი ანგარიშფაქტურა ახლავს, რომელშიც წერია: "ტრანსპორტის ქირავნობა _ ქ. თბილისი, სპორტის სამინისტროდან სპორტული ინვენტარის ჩამოსატანად". მომსახურებაში  სამასი ლარია გადახდილი.

ჯინჭარაძე ამბობს, რომ დოკუმენტები შეცდომით მოგვაწოდეს, თუმცა, სპორტის განვითარების ცენტრში მოსულებს "სწორი დოკუმენტაცია" ვერ გვაჩვენეს და  მიზეზად ის დაგვისახელეს, რომ  შესყიდვების სპეციალისტი სამსახურში არ იმყოფებოდა.

კითხვაზე, მათ მიერ "შეცდომით მოწოდებული" დოკუმენტები ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტების ნაწილი დაგვიმალეს, ჯინჭარაძე გვპასუხობს, რომ არა. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად მოსული დოკუმენტები ამ კითხვის დასმის საფუძველს იძლევა _ ი/მ კვინტრაძესთან გაფორმებულ 100-ლარიან ხელშეკრულებას ფაქტურა არ ახლავს, ხოლო 300-ლარიანი ფაქტურის შესაბამისი ხელშეკრულება არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, არც ჩვენთვის მოუწოდებიათ და არც ადგილზე მისულებს გვაჩვენეს.

ასევე, ვერ გვაჩვენეს ვიდეო კამერა, რომელიც  ი/მ კობა კეშელევასთან 2016 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად 500 ლარად უნდა იყოს ნაყიდი.

_ არ მიყიდია საერთოდ. კი გავაფორმე ხელშეკრულება, მაგრამ არ მომეწონა და გავაუქმე, _ გვითხრა ჯინჭარაძემ, თუმცა კითხვაზე, თუკი ხელშეკრულება გააუქმა, რატომ არ არის ეს მითითებული შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ 500-ლარიანი ვიდეოკამერაა შეძენილი და რატომ მოგვაწოდა ჩვენ დოკუმენტი გახორციელებული შესყიდვის დამადასტურებლად, პასუხი არ აქვს:

_ კარგი ვქენი,  მგონია, რომ არ ვიყიდე. ფული დავზოგე და ვერ გავიგე, რატომ მისვამთ ასეთ კითხვებს?! _ გვითხრა ჯინჭარაძემ, რომელსაც ასევე, "სასიკეთო საქმე" ჰგონია, როცა სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადს უმალავს; ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს თავად.

საქმე იმაშია, რომ ზურაბ ჯინჭარაძემ 2016 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულება გააფორმა  ი/მ ზია შავაძესთან. ხელშეკრულების საგანში მითითებულია, რომ მუსიკოსები იქირავეს. ხელშეკრულებას თანდართულ, 150-ლარიან ანგარიშფაქტურაში აღნიშნულია: "კურორტ ბახმაროს ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში (დოღი და გარმონი)". სავარაუდო კორექტორულ შეცდომას და "დოღს" (ალბათ, დოლი იგულისხმება) რომ თავი დავანებოთ,  ი.მ. ზია შავაძე სავაჭრო ობიექტის მფლობელია და მუსიკოსებთან მას არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს.

"ჩოხატაურში საერთოდ არავინ არის, ვინც დოლზე და გარმონზე უკრავს. ამიტომ, გვიწევს ოზურგეთიდან  ან ბათუმიდან მუსიკოსების ჩამოყვანა. მომღერალს ფულს ხელზე ვერ მივცემთ და ამიტომ ასე გავაფორმეთ," _ ასე განმარტა ეს ფაქტი ჯინჭარაძემ.

_ ბატონო ზურაბ, ამბობთ, რომ კანონი დაარღვიეთ გამიზნულად... _ ამ საუბარში ჯინჭარაძეს თანამშრომლები ჩაერთნენ და აღნიშნეს, რომ შავაძისთვის ფულის ჩარიცხვა მხოლოდ იმ მიზეზით მოხდა, რომ ერთ-ერთი მუსიკოსი მისი შვილი იყო.

_ ბატონო ზურაბ, თუ მუსიკოსი ბატონი ზიას შვილი იყო, პირდაპირ მას რატომ არ ჩაურიცხეთ თანხა?

_ მისთვის რომ ჩამერიცხა, საშემოსავლო უნდა გადამეხადა, რაც ხარჯს გამიზრდიდა.

_ ბიუჯეტს გადასახადი დაუმალეთ?

_ არა, რატომ დავუმალე. პირიქით, ინდმეწარმეს ჩავურიცხე, _ განმარტა ჯინჭარაძემ.

ამ საკითხისგან განსხვავებით, ჯინჭარაძეს უჭირს განმარტებების გაკეთება, რის საფუძველზე გადაურიცხა გურიის ნარდის ფედერაციას 1 500 ლარი.

_ ფედერაციის წევრი ვართ და ალბათ, ამიტომ, _ ამბობს ზურაბ ჯინჭარაძე.

_ რას ნიშნავს, ალბათ? ხელშეკრულებაში წერია _ სპორტული ღონისძიების ორგანიზება. რომელი ღონისძიების ორგანიზება დაგიჯდათ 1 500 ლარი? მით უმეტეს, რომ ამ ხელშეკრულებას არც ხარჯთაღრიცხვა ახლავს, არც მიღება-ჩაბარების აქტი და არც ანგარიშფაქტურა.

_ ჩვენს ასე ყოველ წელს ვრიცხავთ.

_ კი, მაგრამ რატომ?

_ ფედერაციის წევრები ვართ, აქაც ტარდება ღონისძიებები.

_ ბატონო ზურაბ, ამ ხელშეკრულებას, რომელიც თქვენვე მოგვაწოდეთ, ახლავს მხოლოდ გამგებლის, ირაკლი კუჭავას ხელმოწერილი წერილი, რომელშიც წერია: "გურიის ნარდის ფედერაციის 2016 წლის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნარდის მოყვარულთა მაქსიმალურ ჩართულობას, გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული ფედერაციის მოთხოვნა ხარჯთაღრიცხვის მონაცემების შესაბამისად". იქნებ, ამ ყველაფრის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა გვაჩვენოთ?

_ ახლა არ მაქვს, არ არის სამსახურში ის ადამიანი, რომელიც ამ დოკუმენტებს ინახავს და მოგვიანებით მოგაწვდით (?!), _ აღნიშნა ჯინჭარაძემ.

მან, ასევე, ვერ შეძლო წარმოედგინა ჩამოწერის აქტები, რომელიც ცხადყოფდა, რომ თვეების წინ შეძენილი ბურთები, მისივე თქმით, სპორტდარბაზის ჭერზე "არსებულმა ლურსმნებმა დააზიანა".

ჯინჭარაძემ ვერც ის გაიხსენა, რა სახის რკინის კონსტრუქცია მოაწყვეს ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე 600 ლარად. არადა, 2016 წლის 7 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეს კონსტრუქცია ი/მ გრიგოლ კვინტრაძემ გააკეთა. ადამიანმა, რომელთანაც ორი ხელშეკრულება, როგორც მძღოლთან, ისეა გაფორმებული.

_ ეს კაცი ყველაფერია _  მძღოლიცაა, "სვარჩიკიც", _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

რაც შეეხება კვინტრაძის მიერ გაკეთებულ კონსტრუქციის დეტალებს _  ჯინჭარაძის თავდაპირველ ვერსიაში, ეს კონსტრუქცია ფეხბურთელების დასასვენებელი სკამები იყო, რომელიც ამჟამად სტადიონზე არ არის და როგორც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ამბობს, "მოხელესთან შესაკეთებლადაა წაღებული"; შემდეგ რკინის ბოძები აღმოჩნდა, ბოლოს კი რაგბის კარის ძელები, რომელიც ამჟამად მოხსნილი აქვს და მისივე თქმით, სტადიონზე არსებულ საწყობში ინახება. მართალია, ჯინჭარაძემ საწყობის კარი გაგვიღო, მაგრამ იქ რაიმეს პოვნა ძალიან რთულია _ ნაგვით სავსე საწყობში გავლაც კი შეუძლებელია, არამც თუ რაიმეს მოძებნა.

სტადიონზე საწყობის გარდა, ნაგავი სხვაგანაც დაგვხვდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი კი მაყურებლის სკამების უკან მოწყობილი "მინი სანაგვე" იყო:

_ ეს ერთი მაპატიეთ, ეს არ გამიშუქოთ მხოლოდ და მეტს არ ვიზამ, გეფიცებით, _ გვთხოვა ჯინჭარაძე, რომელსაც არ ჰქონდა კითხვაზე პასუხი, რაში იღებდა სტადიონის ორი მუშა ყოველთვიურად ხელფასს და რატომ მოაწყვეს სტიქიური ნაგავსაყრელი სტადიონზე, სადაც დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი ვარჯიშობს.

ამ ყველაფრის ფონზე, მით უმეტეს, რომ ეს ნაწილია იმ დარღვევებისა, რაც ჯინჭარაძის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში აღმოვაჩინეთ, დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა შესწავლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურს სპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობა და დოკუმენტაცია.

"დოკუმენტალურად არ მაქვს უფლება, რაიმე გითხრათ", _ აღნიშნა აუდიტის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ჩიჩუამ  და გამგებელთან გადაგვამისამართა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ კი გვითხრა, რომ აუდიტის სამსახურს ა(ა)იპების 2014-2015 წლების საქმიანობა აქვს შესწავლილი და შესაბამის მასალებს წერილობითი მოთხოვნის შემდეგ მოგვაწოდებს.

მანამდე კი ამ სიტუაციის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ იურისტები _ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, ჩვენს მიერ დასახელებული ფაქტები მოწმობს იმას, რომ სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი:

_ თქვენს მიერ აღმოჩენილი ფაქტები, რა თქმა უნდა, დარღვევებია, რაც მინიმუმ, ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შეიძლება იყო სისხლის სამართლის დანაშაულიც, რომლითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და დაადგინოს, რა სახის დარღვევებთან გვაქვს საქმე _ ან გადაცდომაა ან სამსახურებრივი გულგრილობა. უნდა ითქვას ისიც, რომ ა(ა)იპები გამგეობის მიერ არის დაფუძნებული და გამგეობამ თავად უნდა განახორციელოს კონტროლის შესაბამისი ზომები. ეს იქნება იმის საფუძველი, რომ იგივეს სხვები არ გააკეთებენ.

დაუსჯელობის სინდრომი აფუჭებს ყველაფერს და საბოლოო ჯამში, ვიღებთ იმას, რომ ბევრგან კორუფცია მატულობს. ამ ყველაფრის ფონზე წარმომიდგენია, რა მოხდება, მანდ რომ აუდიტი ჩავიდეს და კარგად შეისწავლოს. თქვენ რამდენიმე დოკუმენტი გამოითხოვეთ და რაც ნახეთ, კითხვებს და ეჭვებს ბადებს. როცა ა(ა)იპის ხელმძღვანელი ღიად აფიქსირებს, რომ არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, რომ ხელშეკრულება აქვს შესყიდვაზე და ამბობს, რომ არ უყიდია ნივთი, ბუნებრივია, ეს საკითხი შესწავლილი და რეაგირებული უნდა იყოს, _ გვითხრა ტრაპაიძემ.




 ახალი ამბები
  • "კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ"-ნატა ფერაძე დააკავესაქტივისტმა ნატა ფერაძემ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილიას" სახელით შეშა მიუტანა, რის შემდეგაც, ის პოლიციამ დააკავა. როგორც ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა. ფერაძე  პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც, მასთან მივიდა  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი და დაწყნარებისკენ მოუწოდა. "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ",_უპასუხა ფერაძემ, რის შემდეგაც ის დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, აქტივისტი ნატა ფერაძე  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ... ...
  • სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • რა ცვლილებებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გახორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა  და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია. აქედან, გურიაში გახორციელდა 376 პროექტი, იმერეთში _ 1042 პროექტი, კახეთში _ 366 პროექტი, მცხეთა-მთიანეთში _ 536 პროექტი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში _ 275 პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 1061 პროექტი, სამცხე-ჯავახეთში _ 309 პროექტი, ქვემო ქართლში _ 399 პროექტი და შიდა ქართლში _ 447 პროექტი. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების გახორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების ... ...
  • დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო (ფოტო) დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების დაშლა დაიწყო. ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხეს შლიან მთაწმინდის პარკის მოედანზე. პარკის შესასვლელში დადგმული ნაძვის ხის დემონტაჟი კი უკვე ... ...
  • ბავშვები ბაღში წასასვლელად ემზადებიან (ფოტოები) ეს ფოტოები ოზურგეთში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში არის გადაღებული. დღეს სალონს ყველაზე მეტად ბავშვები სტუმრობენ, ისინი ბაღში წასასვლელად ემზადებიან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს, ორშაბათს განახალდება. “საახალწლო არდადეგები სრულდება და სააღმზრდელო პროცესი 43 საბავშვო ბაღში ორშაბათიდან გაგრძელდება,“ _ გვითხრა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...