გურიის გუბერნატორი: "რაც გურიაში ჩამოვედი სულ გაშველებაში ვარ"

მთავარი თემა

გურიის გუბერნატორი: "რაც გურიაში ჩამოვედი სულ გაშველებაში ვარ"

2019 თებ 7 13:34:23

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრში, მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და  სოფლის განაპირას მდებარე ასფალტ-ბეტონის ქარხნის მუშაობის შეჩერება მოითხოვეს.

„ვითხოვთ სუფთა ჰაერს“, გვაცალეთ ძილი“,  „გვაცალეთ სუნთქვა“, „არავითარი „მოწამვლის დონე“  “, „მდინარე ნატანების ზოლს საწარმოო ზონის სტატუსი არ აქვს“ _ ასეთი იყო ლოზუნგები, რომლებიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ.

შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის, პედაგოგ ლალი ბასილაშვილის თქმით, თუ ქარხანას სხვა ტერიტორიაზე არ გადაიტანენ აქციები გაგრძელდება.

_ ვითხოვთ, როგორმე ისეთი ადგილი მოუძებნონ და გადაიტანონ, ჩვენ რომ არ დაგვაზიანოს. ჩემი თხოვნაა, გაიზომოს და შემოწმდეს, ჩაუტარდეს ექსპერტიზა თვით ქარხნის მილში. როგორც გავიგეთ, მილს ზემოთ კი არა, შიგ უნდა გაიზომოს და გაისინჯოს.  1600 ლარი სჭირდება ამ ყველაფერს. ეს თანხა ჩვენ არ გვაქვს და გადაიხადონ ან ხელისუფლება დაგვეხმაროს, _ აღნიშნა ბასილაშვილმა.

მისივე თქმით საქმის კეთების წინააღმდეგი არ არის, ქარხანაშიც არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ქარხანა სხვა ადგილზე გადაიტანონ.

ანალოგიური მოთხოვნა დააფიქსირეს აქციაზე მყოფმა სხვა ადამიანებმაც:

„მოვითხოვთ, ქარხანამ შეწყვიტოს ფუნქციონირება და გადაიტანონ სხვაგან. მუშაობს დღისით და ღამითაც. ერთი კვირაა, გაჩერებულია. გამონაბოლქვის გამო, მაქვს სულის ხუთვა, თავბრუხვევა. ამის გარდა, ჭებში წყალი დაშრა, რადგან იქვე, მდინარე ნატანებზე, კარიერია და ქვიშას რომ იღებენ, წყალი დაბლა შრეებში იკარგება და იფანტება.  იყო დრო, მდინარე ნატანები ებრაელებმა შეისწავლეს  და თქვეს, რომ ისევე სასარგებლოა,  როგორც ნაბეღლავი.  წყალი რომ ჩამოასხას აქ მთავრობამ, გაცილებით მეტ მოგებას მიიღებს", _ აღნიშნა სოფელ დვაბზუს მკვიდრმა როზა რუსიეშვილმა.

ამავე სოფელში მცხოვრები ხათუნა ჭაღალიძის მტკიცებით, წყალს გემო შეცვლილი აქვს:

„სუნთქვის უკმარისობა მაქვს და გაწერილი ვარ თბილისში. ბიზნესი ბიზნესია, მაგრამ ხალხმა რა დააშავა. მთელმა ოჯახმა ბრონქების ანთება გადავიტანეთ. ბავშვი თბილისში რომ გავუშვი, ამოისუნთქა. აქედან გამონაბოლქვი მტვრის გამოა ეს“, _ თქვა ჭაღალიძემ, რომელსაც თანასოფლელი, მარგალიტა თავდიშვილიც დაეთანხმა:

„ალერგია გამიჩნდა, ვერ ვსუნთქავ, გვერდები მტკივა. ჭები დაშრა, ხომ უნდა გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ხმა?“, _ თავდიშვილის ეს განცხადება კომენტარის გარეშე არ დაუტოვებია ქარხნის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელს ზურაბ ბაღდასაროვს.

„გვერდები თუ აგტკივდა, ექიმს უნდა ეჩვენო ადამიანი. გამოდიან და ყვირიან. ყველას ვიცნობ ხუთიანზე. სიცრუე არ უნდა თქვან. ამ ხნის ხალხია. ჭაში წყალი დაგვიშრაო, რას ამბობენ, ვერ ხვდებიან. აღმართში წამოვიდა, ბატონო, წყალი? გადეიხედე იქით მხარეს, დაღმართია. ანუ აქეთ „მოწიწა“ ქარხანამ? აგერ, ბატონო, ნატანების წყალი, მიედინება ქვევით. წამოვა აღმა, რაც უნდა ეხვეწო? პროფესორები... სულ ასე ყვირიან. ოცი ადამიანი კი არა, ორასს მოვიყვან ახლა დვაბზუდან, ვინც არაფერს ამბობს და თანახმაა, რმ ამ ქარხანამ იმუშაოს.

აქური ხელმძღვანელობა ყველაფერზე ეხმარება ხალხს. ხან გარდაცვლილია სოფელში, ხან ლხინია. გზის მოხრეშვა დასჭირდება თუ ჭიშკართან მისასვლელის შეკეთება, უფასოდ ემსახურებიან. ვის შეუძლია თქვას, რომ აქედან სიკეთის და დახმარების ხელს არ უწვდიან? ჭაში წყალი გაგვიფუჭდაო, ყვირიან. ჭას ამორეცხვა სჭირდება, ბიძიკო, გურიაა აქ, სინესტეა. ჩივიან ყოველდღე, ამათ საჩივრებით არბენინე, მეტი სიამოვნება არ უნდათ.  სამი თვეა, არ უმუშავია ქარხანას. აცდენენ საქმის მკეთებელს" _ თქვა ბაღდასაროვმა.

ერთ-ერთი მუშის, ლევან პაიჭაძის თქმით ასფალტ-ბეტონის ქარხანას არანაირი ზიანი არ მოაქვს ხალხისთვის:

არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც არ უნდათ განვითარება. ყველაფერში ცუდს ეძებენ და მიზეზობენ. იგება გზები, შენდება, ვითარდება ქვეყანა. საიდან გაკეთდეს გზა, თუ ასფალტი არ იქნა, ხრეში არ ამოვიღეთ?“, _ აღნიშნა პაიჭაძემ.

აქციაზე კომპანია „გზამშენი-18-ის“ დირექტორი თემურ ჯახვა. მისი თქმით, ის ხშირად სარგებლობს ქარხნის მომსახურებით და დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება:

ეს ქარხანა  ულტრათანამედროვეა,  აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტს. მოსახლეობისგან მაქსიმალურად დაშორებულია. ორთქლი ამოდის ისეთი, დაახლოებით, ჩაიდან რომ ამოვიდეს. იფილტრება. ეს არის გერმანული წარმოების ქარხანა და თავად გერმანელებმა დადგეს შარშან, სექტემბერში. მათივე დამონტაჟებულია.

1970 წელს აქ იყო ძველი, რუსული წარმოების ქარხანა. მაშინ მართლა იყო მტვერი და კვამლი. რეალობა იყო ასეთი. ახლა ამ აქციაზე ჩემი ტოლი ადამიანებიც ჩანან. მაშინ არ უთქვამთ არაფერი და ახლა რაა საპროტესტო? მდინარეში არაფერი ჩაედინება ისეთი, რომ სიბინძურე გამოიწვიოს. ჭა დაშრაო.. ჭა ჩემთანაც დაშრა, შემოქმედში. ხედავთ, თოვლი არაა, არ წვიმს...“, _ აღნიშნა ჯახვამ.

აქციის მონაწილეებთან ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებიც მივიდნენ. მარი ჩხიკვიშვილის და როზეტა სკამკოჩაიშვილის თქმით, ისინი „ამ შემთხვევაში ისინი მოსახლეობის გვერდით არიან“.

ოზურგეთის საკრებულოს ლეიბორისტი დეპუტატის დავით მამალაძის განცხადებით,სადაც ბიზნესინტერესებია,  იქ ხალხი, ეროვნული და სახელმწიფო ინტერესები უკანა პლანზეა გადაწეული“:

„სანამ ბიზნესი გააკონტროლებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, მანამ ხელისუფლების ვიშვიში და უბედურება იქნება _ თქვა მამალაძემ.

 მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია მივიდა. მას შემდეგ, რაც ნასარაიამ შეკრებილ დვაბზუელებს მოუსმინა, აღნიშნა, რომ ქარხანა უახლესი ტექნოლოგიით არის აგებული და მის ხელმძღვანელებს მოუწოდა მოსახლეობისთვის დათვალიერების საშუალება მიეცათ:

ტექნოლოგია მართლა ახალია. ეს რომ დაზიანებული არ არის, იცით. დაათვალიერებინეთ ამ ხალხს ქარხანა, რეალობაში ნახონ, რომ მართლა თანამედროვე ტექნოლოგიებია“, _ აღნიშნა გუბერნატორმა და აქციის მონაწილეებს ურჩია, რომ  გააკეთონ ერთობლივი წერილი ქარხნის დირექტორის სახელზე და  მოიწვიონ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო:

„თუ თქვენ ფიქრობთ,  რომ სამხარაულის დასკვნაზე უკეთესი სხვა არ არის ჩვენთან და ასეცაა, წავიდეთ ამ გზით, რომ ამ ბიურომ შეამოწმოს. თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო იტყვის, რომ არ არის მომწამლავი, მაშინ ქარხანას ხელს ვერ შევუშლით მუშაობაში. შეიძლება ხმაურის გაზომვაც. არის საათები, როცა ხმაური ნაკლებად ვრცელდება. ასევე გაზომვაც სხვადასხვა დროს უნდა მოხდეს, რომ სრული ციკლი დავინახოთ.  ყველანაირად ვეცადოთ, მივიდეთ სიმართლესთან, რა და როგორ სჯობს“ _ თქვა ზურაბ ნასარაიამ.

გურიის გუბერნატორმა მოსახლეობას ისიც სთხოვა, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდნენ და რეალურ დასკვნას დაელოდონ.

გუბერნატორის ამ პოზიციას ლალი ბასილაშვილის ეჭვნარევი რეპლიკა მოჰყვა. აქციის ორგანიზატორმა არ გამორიცხა, რომ ვიღაცა სამხარაული ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საქმეს „ჩააწყობს“ და დასკვნა გაყალბდება.

ბასილაშვილის ამ კომენტარმა ქარხნის დირექტორის, ზაზა ცხოიძის გაღიზიანება გამოიწვია:

„პასუხი ყველანაირი შედეგის შემთხვევაში აქვთ. ჯერ დასკვნა არ არის და უკვე წინასწარ ამბობს, რომ გაყალბებული იქნება. არანაირი გამონაბოლქვი არ არსებობს. თანამშრომლებს არ უკეთიათ პირბადეები აქ, ადგილზე,  ისე მუშაობენ. რაზეა საუბარი. თუმცა, ჩვენ მზად ვართ და თანახმა ვართ, ნებისმიერი მაღალი დონის ექსპერტიზა ჩატარდეს და დადგინდეს სიმართლე“, _ თქვა ცხოიძემ და "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ქარხანა მზადაა ნებისმიერი ექსპერტიზის ჩასატარებლად:

"ეს არის თანამედროვე ტიპის, გერმანული წარმოების ასფალტ-ბეტონის ქარხანა. ჩვენ ხელთ გვაქვს და სამინისტროშიც გავაგზავნეთ გერმანელი ექსპერტების მიერ გაცემული სერთიფიკატი, როგორც გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოებაზე, ასევე, თანამშრომლებზე. ამ სერთიფიკატებით დასტურდება, რომ ეს ქარხანა ეკოლოგიას და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ჩატარდეს ნებისმიერი სახის მაღალი დონის ექსპერტიზა“, _ გვითხრა ცხოიძემ.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე, თუ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დადებს დასკვნას, რომლის თანახმადაც საწარმოს მუშაობა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, იქნება თუ არა საკმარისი აქციის მონაწილეებისთვის, ლალი ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სოფლიდან გადასახლება მოუწევთ.

თუმცა, ბასილაშვილს იმედი აქვს რომ ეს ასე არ მოხდება _ მით უმეტეს, რომ მოსახლეობის ნაწილმა უკვე მიმართა სასამართლოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვის გაცემის გამო უჩივის.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ მას შემდეგ აქცია ექსპერტიზის ჩატარებაზე შეთანხმებით დასრულდა, გურიის გუბერნატორმა ღიმილით ჩაილაპარაკა, რომ  „რაც გურიაში ჩამოვიდა, სულ გაშველებაშია“.

მხარის პირველი პირის ეს რეპლიკა გურულებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ:

 „თუ გამოგდის, კია კაი“, _ მიაძახა გუბერნატორს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...