მილიონიანი სახელმწიფო ქონება 9 ათას ლარად გაიყიდა_ კორუფციული გარიგება თუ კანონიერი გასხვისება

gurianews.com

მთავარი თემა

მილიონიანი სახელმწიფო ქონება 9 ათას ლარად გაიყიდა_ კორუფციული გარიგება თუ კანონიერი გასხვისება

2018 მარ 9 18:19:13

ურეკში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, 2 ჰექტარი მიწის აუქციონის წესით გაყიდვა საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. როგორც „გურია ნიუსს“ აცნობეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის სკოლის პედაგოგები სასამართლოს გზით აპირებენ აღნიშნული მიწის გაყიდვის კანონიერების დადგენას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე ვწერდით.

2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში, ე. წ. “ჩირეს“ ტერიტორიაზე, სოფელ შრომის სკოლას ამავე სოფლის გამგეობამ 2004 წლის 4 იანვარს საჩუქრად გადასცა, დღეს კი ეს ტერიტორია გაყიდულია. სოფელ შრომის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის ყოფილი გამგებელი ზურაბ მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას, აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მიერ კორუფციულ გარიგებას უკავშირებს. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს და იქ 1 კვმ. მიწის ნაკვეთი, დაახლოებით, 40 დოლარი მაინც ღირს.

_ 50 თეთრადაა გაყიდული 1 კვადრატული მეტრი და 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთში 9 ათასი ლარია გადახდილი, მაშინ როცა, მინიმუმ, მილიონი ლარი მაინც ღირს. 1995 წლიდან 2011 წლამდე ვმუშაობდი შრომის თემის გამგებლად და ამ ხნის განმავლობაში, ამ ნაკვეთის გაყიდვის ან სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის შესახებ საკითხი არ დასმულა, _ ამბობს მჟავანაძე.

როგორც ყოფილი გამგებელი ამბობს, შრომის სკოლას, სოფლის ყრილობის გადაწყვეტილებით, 1994 წელს გადაეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ურეკში, ე. წ. “ჩირეს“ ტერიტორიაზე; ნახევარი ჰექტარი კი ასევე შრომის თემში შემავალ ხრიალეთის არასრულ საჯარო სკოლას გადასცეს. სკოლები მაშინ ამ მიწებს სანერგე მეურნეობად იყენებდნენ. მაშინ სოფლის გამგებელი ჯუმბერ ქურცუა იყო.

_ შემდეგ დაისვა საკითხი, რომ ოფიციალურად გაფორმებულიყო ეს მიწის ნაკვეთი სკოლაზე. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ეს უზურფრუქტის წესით მომხდარიყო. დღესაც არსებობს ყრილობის ოქმი. ამას გარდა, ამის დამტკიცება მოწმეებსაც შეუძლიათ.

როცა გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობები, ეს მიწაც მუნიციპალიტეტის ქონება იყო და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, თუმცა, ყველამ იცოდა, რომ ეს იყო პრივატიზაციის გარეშე დატოვებული მიწა.

კარგად ხედავთ, როგორი ტერიტორიაა და ვინ დატოვებდა პრივატიზაციის გარეშე, თუმცა, რადგან სკოლისთვის იყო გამოყოფილი, პრივატიზაცია არ შეხებია.

გაოგნებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ  50 თეთრად არის გაყიდული 1 კვადრატული მეტრი, როცა ამ ტერიტორიაზე. დღეს, 30-40 დოლარია მინიმალური ფასი. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან. ისეთ პიროვნებას აქვს ნაყიდი, რომელიც სოფელთან არანაირ კავშირში არ არის და შესაბამისად, ეს მისი პირადი ინტერსებისთვის არის შეძენილი. ვინ დგას ამ პიროვნების უკან _ ეს კიდევ გამოძიების საქმეა.

და კიდევე ერთი_ რატომ არის ოფიციალურად დაფიქსირებული 18 350 კვ.მ.? მიწის ნაკვეთი 2 ჰექტარი იყო _ სად და როდის გაქრა 1 650 კვადრატული მეტრი? ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, _ ამბობს ზურაბ მჟავანაძე.

ჩვენ შევეცადეთ ყველა პასუხისმგებელი პირისგან მოგვეპოვებინა კომენტარები.

შრომის ყოფილი გამგებელი მაყვალა დარჩია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას დაა, ამბობს რომ ეს კითხვები მას არ ეკუთვნის.

_ ქალბატონო მაყვალა, თქვენი გამგებლობის პერიოდში მოხდა სოფელ შრომის სკოლაზე გადაცემული მიწის ნაკვეთების გაყიდვა. რას ფიქრობთ, რამდენად კანონიერად გასხვისდა ურეკში 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი?

_ კანონიერად ეს ნაკვეთი შრომის სკოლის არასოდეს ყოფილა _ არ არსებობს ამის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი. ეს იყო სიტყვიერი შეთანხმება სკოლის დირექციასა და მიწის მართვის მაშინდელ სამსახურს შორის. რაც შეეხება კანონიერ გასხვისებას, აღნიშნული ნაკვეთი იყო მუნიციპალური ქონება. ის გასხვისდა ღია და საჯარო აუქციონის წესით, რომლის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ადგილობრივ გაზეთში და ვებგვერდზე.

_ თქვენ, როგორც შრომაში მცხოვრები, ფლობდით თუ არა ინფორმაციას, რომ ეს ტერიტორია შრომის სკოლას სოფლის ყრილობამ საჩუქარად გადასცა და წლების მანძილზე ამ ნაკვეთით პედაგოგები სარგებლობდნენ ?

_ მსგავსი ყრილობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. თუ შეიძლება მიწის ჩუქება მხოლოდ სიტყვიერად, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე, მაშინ სიტყვიერად იმდროინდელ გამგებელს გაუსხვისებია და შეგიძლიათ მას შეეკითხოთ. თუკი ასეთ შემთხვევას მართლაც ჰქონდა ადგილი, მაშინ სოფლის ხელმძღვანელობამ, შრომის საშუალო სკოლების დირექტორებმა და, შესაბამისად, პედაგოგებმა 1996 წლიდან 2006 წლამდე, როცა მიმდინარეობდა მიწების პრივატიზება, რატომ არ იბრძოლეს იმისთვის, რომ მოეხდინათ აღნიშნული ნაკვეთის პრივატიზება? _ ამბობს მაყვალა დარჩია.

ჩვენ დავინტერესდით, ფლობს თუ არა ინფორმაციას სადავო საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, იცის თუ არა, რამდენად გაიყიდა 1 კვ.მეტრი, რაა ამ მიწის რეალური ფასი, ვისი ინიციატივით გაიტანეს ეს ნაკვეთი აუქციონზე, ვინაა რეალური მფლობელი და იცოდა თუ არა მან, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს სოფელ შრომის სკოლა სარგებლობდა წლების მანძილზე:

_ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხის მობილიზების მიზნით, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის შემუშავებას და საკრებულოში ინიცირებას ახდენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საპრივატიზაციო ქონების ნუსხა მტკიცდება განკარგულებით, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური ორგანო _ საკრებულო. განკარგულების მიღებამდე, ნუსხაზე მსჯელობს შესაბამისი დარგობრივი კომისია, ბიურო და საბოლოოდ განიხილება საკრებულოს სხდომაზე. განხილვის პროცესში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი მოსარგებლე არ დაფიქსირებულა, სადავო არ გამხდარა საკითხი და შესაბამისად, საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა განკარგულება საპრივატიზაციო ქონების ნუსხის შესახებ, რომელშიც შევიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთიც.

პრივატიზება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხდება საჯარო აუქციონის გზით; მიწის ნაკვეთის ფასი კი დგინდება დამოუკიდებელი აუდიტის მეშვეობით. აუქციონისა და საპრივატიზებო ობიექტების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ადგილობრივ მედიასაშუალებაში, ასევე ბებ გვერდზე eauction.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა აუქციონში, _ გვითხრა დარჩიამ.

_ ჩვენთან საუბრისას, რესპონდენტები აღნიშნულ ფაქტს კორუფციულ გარიგებას უკავშირებენ...

_ ამ შემთხვევაშიც მიწის პრივატიზება მოქმედი კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით მოხდა. მუნიციპალიტეტის საკრებულო დღემდე მოქმედებდა და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

“გურია ნიუსი“ კომენტარისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, არჩილ ყაზაიშვილს დაუკავშირდა. ყაზაიშვილი იმ პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გამცემ მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიასაც ხელმძღვანელობდა.

_ ბატონო არჩილ, რამდენად კანონიერად მოხდა 2 ჰექტარი მიწის გატანა აუქციონზე  და გაყიდვა ე.წ. “ჩირეს“ ტერიტორიაზე, რომელიც შრომის მცხოვრებლების, ყოფილი გამგებლის, ასევე პედაგოგების თქმით, მათ ეკუთვნოდათ?

_ აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება გახორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

_ რა ღირს აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი და ვის მიერ არის შეფასებული?

_ მუნიციპალიტეტში საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადგენილი ფასის ოდენობით.

_ აუქციონი არჩევნების პერიოდს დაემთხვა, საკუთრების გაფორმება კი მეორე ტურის დამთავრების მეორე დღეს მოხდა. გვაქვს თუ არა საქმე კორუფციულ გარიგებასთან, რის შესახებაც სოფელ შრომის მცხოვრებლები საუბრობენ?

_ მუნიციპალური ქონების მართვა-განკარგვა ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს წარმოადგენდა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებდით. საჯარო აუქციონები იმართებოდა, მინიმუმ, თვეში ერთხელ მაინც და ეს პროცესი არანაირად არ იყო არჩევნებთან კავშირში; მით უფრო, რაიმე კორუფციულ გარიგებაზე საუბარიც ზედმეტია, _ამბობს ყაზაიშვილი.

როგორც უკვე ვწერდით, სადავო ნაკვეთი ლაშა მგელაძემ შეიძინა. მან გასული წლის შემოდგომაზე, ნაკვეთში, რომლის საკადასტრო კოდი იყო 26.34.01.244, ხოლო ფართობი _18 350 კვადრატული მეტრი, 9 000 ლარი გადაიხადა. 2018 წლის მარტში, მგელაძემ ეს ნაკვეთი ორ ნაწილად გაყო _ ერთის ფართობი დღეს 16 850 კვადრატული მეტრია საკადასტრო კოდით _ 26.34.01.319, მეორე კი 1 500 კვადრატული მეტრი, საკადასტრო კოდით _26.34.01.320. როგორც მგელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობდა, იგი აუქციონში მონაწილე 9 პირს შეუთანხმდა და ისე იყიდა აღნიშნული ნაკვეთი. მგელაძის ნათქვამიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ მან უკვე დაიწყო მიწის ნაკვეთის შეთანხმებაში მონაწილე 9 პირზე განაწილება. ამ ეჭვს სოფელ შრომის სკოლის მასწავლებლებიც იზიარებენ _ ისინი ამბობენ, რომ, მათი ინფორმაციით, მგელაძემ ნაკვეთის ერთი ნაწილი უკვე გაყიდა.  

როგორც ჩვენ მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, მიწის ნაკვეთის ღირებულება ინდივიდუალურმა აუდიტორმა დავით რობაქიძემ შეაფასა და კვადრატული მეტრის ფასად 50 თეთრი განსაზღვრა.

რობაქიძის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, მან „მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება-შემოწმებისა და მის შესახებ არსებული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად დაადგინა, რომ 18 350.0 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი არასწორი რელიეფისაა, არ აქვს მისასვლელი სამანქანო გზა და დღეისათვის გაუმჯობესების გარეშეა. ამ ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით მისი საუკეთესოდ და ეფექტიანად გამოყენების პირობებში.

ჩატარებული მოკვლევებისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოთხსენებული მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: 26.34.01.244) 1.0 კვ.მ.-ის ღირებულება განისაზღვრება 0.50 (0 ლარი და 50 თეთრი) ლარით, შესაბამისად მთლიანი ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრება (18350x0.5) 9175.00 (ცხრაათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარით“, _აღნიშნულია აუდიტორის დასკვნაში.

გარდა ამისა, რობაქიძე ჩვენთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ თუ კარგად ახსოვს, ნაკვეთი დაჭაობებულიც იყო.

არადა, ჩვენ მიერ და თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მიწის ნაკვეთი ვაკეს წარმოადგენს, არც ჭაობია სადმე, გარშემო საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა, პლაჟიდან 350 მეტრითაა დაშორებული და, რაც მთავარია, გვერდით ფართო სამანქანო გზა ჩამოუდის.

დავით რობაქიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულად არ ახსოვს, იმყოფებოდა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე და ახლდნენ თუ არა ადგილობრივი ხელსუფლების წარმომადგენლები.

_ ბატონო დავით, ურეკში მიწის ნაკვეთის  1 კვ.მეტრი  50 თეთრად შეაფასეთ. დასკვნაში გიწერიათ, რომ 2 ჰექტარი მიწა არის არასწორი რელიეფის და არ არსებობს მასთან მისასვლელი სამანქანო გზა. არადა, როგორც ვნახეთ, ნაკვეთი ვაკეს წარმოადგენს, მდებარეობს ურეკის ცენტრში და იქ ფართო გზაც მიდის...

_ ეს ურეკში? არა მგონია მასე ყოფილიყო. იცით, რაა?  როცა ასეთ სერიოზულ, დიდ მიწას ეხება საქმე,  იმას აუცილებლად ადგილზე ვნახულობ. შეიძლება, სადღაც სოფელში, დაკარგულში არ ჩავიდე და რუკაზე ვნახო. მაქ კი მახსოვს დიდი ნაკვეთი იყო. მგონი, დაჭაობებული, ასე მახსოვს,

_ როგორ დაწერეთ დასკვნა, რომელში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება?

_ ხშირად ხდება, რომ მივყავარ მათ და მაჩვენებენ, რომელ ტერიტორიაზეა საუბარი.

_ ამ ტერიტორიის დათვალიერებისას  ადგილზე ვინ გახლდათ?

_ ასე კონკრეტულად აღარ მახსენდება, არ ვიცი სახელი და გვარები. ვისაც მანქანა ჰყავდა, ის დამყვებოდა.

_ საერთოდ ხართ ნამყოფი იქ?

_ ვიქნებოდი, კი.

_ რა თანხა გადაგიხადეს სამუშაოს შესრულებაში?

_ მე ვარ ტენდერში გამარჯვებული, მაქვს გაფორმებული ხელშეკრულება. შესაბამისად, რასაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება, ის გადამიხადეს _ სხვა რა თანხას გადამიხდიდნენ?!

_  ზღვის სანაპიროზე მდებარე მიწის კვადრატული მეტრის ფასი _ 50 თეთრი როგორ განსაზღვრეთ?

_ ფასიც მე დავწერე, კი. მახსოვს დიდი ტერიტორია იყო, გრძელი ნაკვეთია. როდესაც ნაკვეთი გამოუსადეგარია, მაშინ ღირს იაფი. მე, როგორც მახსოვს, მაჩვენეს და შენობებიდან მოშორებული იყო. ასეთი დაბალი ფასი ღირს... იცით, როგორ იყო? ასე დავწერე? მინიმალური ფასი მაქ  5 და 10 ლარი მიწერია და რა ვიცი, აბა?! _ ამბობს რობაქიძე.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის განყოფილების ყოფილ უფროსს მალხაზ გორგოშიძეს, რომელიც ამბობს, რომ აუდიტორის შეფასებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს:

 _ როგორ აფასებდა აუდიტორი არ ვიცი. მე ვიყავი მაშინ აუქციონატორი და ასევე ქონების მართვის განყოფილების უფროსი. აუქციონზე გასატან მიწებს შესაბამისი კომისია სწავლობდა. აუდიტორი აკეთებდა დასკვნებს. როგორ აფასებდა და რა კრიტერიუმით, არ ვიცი.

_ იყავით თუ არა აუდიტორთან ერთად ადგილზე, როცა ის ნაკვეთს აფასებდა?

_ არა, არ ვყოფილვარ. თვითონ შეიძლება კი ნახა, თუმცა, მე არ ვიცი, რა ქნა. მე დავდიოდი იქ, სადაც იყო შენობები. მაქ არ ვყოფილვარ და მართლაც არ ვიცი, როგორ ხდებოდა შეფასება, _ გვითხრა გორგოშიძემ.

სოფელ შრომის სკოლის თანამშრომლებმა მიწის ამ ნაკვეთის გაყიდვის გამო, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. პედაგოგი ლალი ჯახუტაშვილი ამბობს, რომ იგი პირადად ესწრებოდა იმ ყრილობას,  რომელმაც შრომის სკოლას აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადასცა:

_ ის ჩვენი ნაკვეთი იყო _ დავდიოდით, ვმუშაობდით, ვთესავდით და ვიღებდით მოსავალს. ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს მიწა პირად სარგებლობაში გადმოეცათ, თუმცა, ეს არ მოხერხდა _ გვატყუებდნენ. დაიკარგა საბუთებიც, იყო დადგენილებები, რომელიც გაქრა.  ხელისუფლების  ყველა ცვლილების დროს სხვადასხვა პასუხს ვიღებდით _ რამდენი ხელისუფლება შეიცვალა, იმდენ სხვადასხვა პასუხს ვიღებდით: „გაქრა; არ არის; ვერ ვნახეთ; ჰაერშია გამოკიდებული ეს მიწა...“

ჩვენ არ ვიცოდით, ამ მიწის აუქციონზე გაყიდვა თუ შეიძლებოდა. ეთქვათ ჩვენთვის და შევისყიდდით, ასე ჩუმად რომ გაყიდეს! უკვე მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ ამ მიწების დაბრუნებას, _ ამბობს ჯახუტაშვილი.

“გურია ნიუსი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას და მოკვლეულ მასალებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ.


ნახვა: 1696


 ახალი ამბები
  • ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვისსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარებას იწყებენ. მსგავსი ტრენინგი მიმდინარეობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის-შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.  „აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება.  ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება“, _ თქვა  ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ. ... ...
  • ოზურგეთში 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობას შეამოწმებენკვლევის ჩატარებამდე საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიას  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს. ხოლო შეხვედრას ორგანიზება გურიის ახალგაზრდულმა რესურს-ცენტრმა გაუკეთა. როგორია ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში და რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა, გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა  და  გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი აქცენტი აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. კვლევა  ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის ფარგლებში,  2-7 წლის  ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და წყლის სინჯების აღებაცაა გათვალისწინებული. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე გახდება. საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკის დარბაზში ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი "პრეზიდენტობა არ შეიძლება". "კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ. გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...