ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი

მთავარი თემა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი

12 თებ. 2018, 15:38:15

ამ ოჯახის ისტორია უკიდურესი გაჭირვების და დიდი მადლის ისტორიაა _ ნახევრად მშიერი ორი ობოლი ბავშვის ბებია,  პოულობს ძალას და გარდაცვლილი ქმრის მეორე ცოლსაც უვლის, რომელიც დავარდნილია.

უსახური კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ჩამპალი იატაკი, რომელზეც ძალიან ფრთხილად უნდა იარო, ფეხქვეშ რომ არ ჩაგენგრეს... ერთი მაგიდა, ოთხი საწოლი ერთ ოთახში, რომელიც, ამავდროულად, სასადილოცაა... აქვეა უკარო კარადა, რომელზეც პატარა ტელევიზორი დევს და ერთი, პირობითად, სკამი _ ესაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები კალანდაძეების ოჯახის  მთელი ავლადიდება. ოჯახის, სადაც ორ ობოლს ბებია ზრდის და რომლის კიდევ ერთი წევრი, ინსულტგადანატანი, უნარშეზღუდული ქალბატონია.

ოჯახის დიასახლისის, ქალბატონი ნარგიზა შავაძის თქმით, მათი ოჯახის ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელსაც ოჯახის მხოლოდ სამი წევრი _ ბავშვები და ავადმყოფი ბებია იღებენ. დახმარება მასაც რომ მიეღო, სოციალურ სააგენტოში უნდა შეეტანა განცხადება ოჯახის წევრის ცვლილების შესახებ. მისი თქმით კი, ეს იმიტომ არ გააკეთა, რომ პროცედურა გარკვეული ვადით დახმარების შეჩერებას იწვევს.

„მეორე წელია, რაც ჩემი საწყალი შვილი გარდაიცვალა და დამიობლდნენ ბავშვები. მას შემდეგ ჩამოვედი აქ საცხოვრებლად. ვუვლი ჩემს ორ ობოლ შვილიშვილს და დასამალი არაფერი მაქვს, ჩემი ქმრის მეორე ცოლს, რომელმაც ინსულტი გადაიტანა. მას მოძრაობის და მეტყველების უნარი შეზღუდული აქვს და მუდმივად წამლების მიღება ესაჭიროება. მართალია, პენსიონერია, მაგრამ, როდესაც ცუდად გახდა, მკურნალობის ჩასატარებლად გრძელვადიანი საპენსიო სესხი აიღეს და კიდევ დიდხანს ვერ მიიღებს სრულყოფილ პენსიას. ჩვენი შემოსავალი კი მხოლოდ ამათი სოციალური დახმარებაა. მე ჯერ საპენსიო ასაკი არ მაქვს. ვერც სოციალურ სააგენტოს მივმართე, რომ მეც დამნიშვნოდა დახმარება, რადგან, როგორც მითხრეს, ასეთ დროს, რამდენიმე ხნით შეგვიწყდებოდა დახმარება და მერე რა ვქნა... არ იფიქროს ვინმემ, შრომა მეზარება და ვმათხოვრობ _ რაც შეიძლება მოიყვანოს ამ ეზოში ადამიანმა, ყველაფერი მოგვყავს, მაგრამ ამ პატარა ნაკვეთზე იმდენი რა უნდა მოიწიო, რომ მთელი წლის განმავლობაში გეყოს?! ეზოდან კი ავადმყოფი მოხუცის გამო ვერ გადავდივარ, რადგან ყოველ წუთს ყურადღება სჭირდება“, _ ამბობს  ქალბატონი ნარგიზი და ოჯახის მძიმე სოციალური ყოფის შესახებ გვიამბობს.

„თქვენც ხედავთ, როგორ მდგომარეობაშია სახლი. ვიყავი მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დავწერე განცხადება და გამომიყვეს სახურავისთვის თუნუქი, თუმცა, მითხრეს, რომ „ხეობა“ არ იყო გათვალისწინებული. უმადურობას კი არ ვიჩენ,  მადლობელი ვარ ამისთვის, მაგრამ მარტო თუნუქი რად მინდა, სად წავიღო, რას დავაფარო, რამ დაიმაგროს? _ ცრემლებს ვერ იკავებს შვილმკვდარი დედა.

„უნდა ნახოთ, წვიმის დროს რა მდგომარეობაა სახლში. როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნითაც. მძინარე ბავშვები და ავადმყოფი მისველდებიან. ვიღაცას შეიძლება გაეცინოს კიდეც და თქვას, რომ რაში მევალება მე ამ მოხუცებულის მოვლა, მაგრამ ასე არ არის: როდესაც ჩემი საწყალი შვილი ქმარს გაშორდა, თავისი ორი ბავშვით აქ მოვიდა. ეს ქალბატონი თან ჰყვებოდა მათ, სანამ შეეძლო. ჩემი შვილი გარდაცვალებამდე, ბავშვები რომ გამოეკვება, ხან ყანაში მუშაობდა, ხან _ სად. თითქმის სულ გასული იყო სახლიდან. ამ ბავშვებს კი ქალბატონი თინა უვლიდა  და ახლა მე როგორ შემიძლია მისი ამდენი ხნის ზრუნვა და ამაგი დავივიწყო?! ამას ჩემი შვილის სულიც არ მაპატიებს“.

ოჯახის ეკონომიკურ გასაჭირს სიცივეც ემატება. როგორც მისი ნაამბობიდან შევიტყეთ, შეშის მოძიება მას ბავშვებთან ერთად უხდება: „ბავშვები მეხმარებიან, რომ სიცივით არ გავიყინოთ. ხან ღელის პირას ვეძებთ ფიჩხებს, ხან ყანების ნაპირებზე. მებრალებიან, გაყინული ხელებით როგორ ცდილობენ დახმარებას, მაგრამ მარტო არ მიშვებენ. მეზობლები მეხმარებიან, ძირითადად. იმაზე მეტად მიდგანან გვერდით, ვიდრე ჩემს შვილს ედგნენ. ალბათ, ამ ობლების საცოდაობით. მაგრამ სულ სხვის იმედად ხომ ვერ იქნები, მოვა და ხელს გამიმართავსო?! ღმერთი გვმფარველობს-მეთქი ვამბობ, რომ არ გათოვდა, თორემ სახლი თოვლის სიმძიმეს ნამდვილად ვეღარ გაუძლებდა და ჩამოიქცეოდა. ჩვენ კი გაგვესწრო იქნება გარეთ, მაგრამ მოხუცებულისთვის რა უნდა გვექნა“, _ ამბობს ქალბატონი ნარგიზი.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დედის გარდაცვალებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ბავშვებს ობლობის პენსია ჯერ კიდევ არ დანიშვნიათ, რადგან ბავშვების მამასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება. შესაბამისი განცხადებით კი სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვნის  მეორე მშობელმა, ამ შემთხვევაში მამამ უნდა მიმართოს.

„ხათუნა რომ გარდაიცვალა, მივედი სოციალურ სააგენტოში, სადაც მითხრეს, რომ რადგან ბავშვების მეორე მშობელი ცოცხალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, განცხადება მან უნდა შეიტანოს პენსიის დანიშვნის თაობაზე. მაგრამ ჩვენ მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. ის მაინც არ დათანხმდება ამაზე. არასოდეს არაფერი გაუკეთებია ბავშვებისთვის. ერთხელ, ჩემი შვილის სიცოცხლეში წაიყვანა ბავშვები და თხილი აკრეფინა. ბავშვებს შეჰპირდა, რომ გაყიდდა და სკოლისთვის მოსამზადებელ ფულს მისცემდა, მაგრამ არაფერი მიუცია, ტყუილად ამუშავა ბავშვები. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას სხვა ცოლი და ორი შვილი კიდევ ჰყავს. პატიმარი იყო და  დაავადებული გამოვიდა. სახელმწიფომ ის ბავშვებიც გამოიყვანა ოჯახიდან.

არადა, ობლობის პენსია ძალიან დაგვეხმარებოდა, რომ ცოტათი სული მოგვეთქვა. დღე და ღამე იმის ფიქრში ვარ, რით გამოვკვებო ავადმყოფი და ჩემი ობოლი შვილიშვილები, საჭმელი საიდან და რით მოვიტანო. რას ვწვალობ და ვჯახირობ ლუკმის მოსაპოვებლად, არავინ იცის!“

კითხვაზე, მიმართა თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობას საშეშე მერქნით დახმარების თაობაზე, ნარგიზა შავაძე გვპასუხობს, რომ არ მიუმართავს, რადგან დახმარების იმედი არ ჰქონდა.

„შეშით დახმარებისთვის, აღარ მივმართე გამგეობას, რადგან ვიფიქრე, ბავშვებს თავზე აწვიმთ,  ჩემი თხოვნა ამაზე არ გაითვალისწინეს და არც ამაში დამეხმარებიან-მეთქი. არც ჩვენი სოფლის წარმომადგენლისთვის მითქვამს რამე. ეს კი არა, სახლამდე მოსასვლელი გზაც არ გვაქვს. უნდა ნახოთ, წვიმისას ეს ღელე როგორ დიდდება. იმხელაზე გადმოდის, ნახევარ ეზოს ტბორავს. გაკვეთილების დამთავრების დროს გამოვდივარ და გზაზე ვხვდები ბავშვებს, რადგან მეშინია, არ დამეხრჩონ. გარდა ამისა, ავადმყოფი რომ ცუდად ხდება და სასწრაფოს ვიძახებთ, ამხელა გზა ფეხითაა გამოსავლელი. ამასობაში კი ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. ძალიან უყურადღებოდ ვართ ამ მხრივაც“, _ ტირილით გვიყვება ქალბატონი ნარგიზა.

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში დავით ვასაძე, რომელიც ჩვენი რესპონდენტი ოჯახის ახლო მეზობელია, ამბობს, რომ მათ გასაჭირს კარგად იცნობს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ მათ, მას შემდეგ, რაც სახურავის გამოსაყოფად მუნიციპალიტეტის მერიაში უშუამდგომლა, აღარ დახმარებია.

_ მაგ ოჯახს დავეხმარეთ, გამოვუყავით სახურავი, მაგრამ „ხეობა“ არ იყო გათვალისწინებული. ბავშვებს ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ ჩემთან და მთელი ზამთრის სამყოფ შეშას სახლიდან გავატანდი, მაგრამ არ მოვიდნენ. სოფლის ცენტრში მაქვს დასამუშავებელი შეშა. ამ შაბათ-კვირასვე დავამუშავებ და მივუტან, _ გვითხრა დავით ვასაძემ.

ამასობაში კი ობლების ბავშვური ოცნებები მათი გაყინული ხელებით მოპოვებულ შეშასთან ერთად ინაცრება და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორმე ერთ ბებოს დაეხმარონ,  მეორე, დავარდნილ ბებიას კი ტკივილი შეუმსუბუქონ. არადა, თავად ბავშვებსაც განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ _ ორივე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები არიან. ბავშვებმა უკვე რამდენიმე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა გადაიტანეს: ძველ საცხოვრებელ ადგილას სკოლაში სიარულის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ სოფელში გადმოსვლის შემდეგ, მასწავლებლების ძალისხმევით დაიწყეს ბავშვებმა სკოლაში სიარული და ახლა პედაგოგების დახმარებით, ორივე ცდილობს, თანატოლებს დაეწიონ. ორი წლის წინ კი დედა ბავშვების ხელში გარდაიცვალა, როცა სამივე თხილის აკრეფაზე მუშაობდა...

და ახლა ბებიას იმედად არიან... მათი ოცნება და სურვილიც ყოფითია: „ჩვენ არაფერი გვინდა. მხოლოდ შეშა და საჭმელი... და კიდევ, გვინდა წვიმის დროს საწოლში არ გვაწვიმდეს... ცუდია, როცა სველ ლოგინში წევხარ... როცა წვიმს, ბებო გვაღვიძებს და საწოლს ვაჩოჩებთ იქ, სადაც ნაკლებად უვლის წვიმა, მაგრამ ასეთი ადგილი ჩვენს სახლში თითქმის არაა, _ ჩურჩულით გვეუბნება ობოლი და-ძმა  გაცილებისას.

 




 ახალი ამბები
  • რაში უსწრებს საქართველო ამერიკას კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა. მათივე ინფომაციით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს. “2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია. 2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით,  ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს”,_ ნათქვამია ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისაქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ). „ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში, მისამართზე: “http://covid19st.ushas.com.tr”. სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr. USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ. ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა. უცხოელმა პაციენტებსა და თანმხლებ პირებს თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ-19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება. აღნიშნული რეგულაციის შესახებ ეცნობათ საქართველოს უწყებებს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობასსაქართველოში იაპონიის საელჩო განცხადებას ავრცელებს  ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით.  „იაპონია ხელახლა ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას“,_ წერია ... ...
  • კომპენსაციების გაცემის პროგრამით უკანონოდ სარგებლობის მიზნით ყალბი დოკუმენტები- დაკავებულია 1 პირისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში. თითოეული ასეთი ცნობა, ბრალდებულის მიერ დამზადებულ და გასაღებულ იქნა 50 ლარის საფასურად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებული ნასამართლევია ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენების ფაქტზე და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ... ...
  • ოქროთი მანიპულაციაზე ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს?ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთში რამდენიმე პირი დააკავეს ლომბარდში ოქროს ნივთებით მანიპულაციასთან დაკავშირებით. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისინი მდარე ხარისხის ოქროთი ცვლიდნენ კლიენტის მიერ დატოვებულ ოქროს. შსს-ს თქმით, ამ საქმეზე პირები დაკავებულები არ არიან, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?