ოზურგეთის მერს "ატკატების" აღებაში ადანაშაულებენ _ რას სთხოვდა შარაშენიძე უმრავლესობის ლიდერს

მთავარი თემა

ოზურგეთის მერს "ატკატების" აღებაში ადანაშაულებენ _ რას სთხოვდა შარაშენიძე უმრავლესობის ლიდერს

2018 დეკ 8 14:43:33

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავალო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით (ერთ პირთან მოლაპარაკება), ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ს/ს "ხიდმშენს" შორის, 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა #538 ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე საფეხმავალო (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება განისაზღვრა 199 981 ლარით.

ხელშეკრულებას ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან იმდროინდელი გამგებელი კონსტანტინე შარაშენიძე აწერდა, ხოლო სს „ხიდმშენს“ ჯიმი მამალაძე წარმოადგენდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 1 აგვისტო იყო, თუმცა, 2014 წლის 31 ივლისის შეთანხმებით, შარაშენიძის გამგებლობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმადაც, ობიექტის ჩაბარების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ოქტომბრით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2014 წლის 1 დეკემბრამდე.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა კომპანიას, ავანსის სახით, წინასწარ ჰქონდა აღებული 150 000 ლარი _ 2014 წლის 31 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ს/ს "ხიდმშენს" ავანსის სახით ჩაერიცხა 80 000 ლარი, ხოლო 2014 წლის 3 ივნისს _ 70 000 ლარი.

ამავე დროს, 2014 წლის 27 მაისის #538-1 შუალედური ინსპექტირების აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 31 803 ლარს და მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 150 000 ლარის ავანსი უკვე ჰქონდა მიღებული, აქედან _ 70 000 ლარი 3 ივნისს, ორი დღის შემდეგ _ 5 ივნისს შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ეს 31 803 ლარი მაინც ჩაურიცხა.

ეს ყველაფერი კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობისას _ ამის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის გამგებლად მერაბ ჭანუყვაძე აირჩიეს. უკვე ჭანუყვაძის ბრძანებით, 2014 წლის 28 აგვისტოს #538-2 შუალედური ინსპექტირება გახორციელდა და აქტით დადგენილი იქნა, რომ #538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 63 421 ლარს, ამ დროს კი „ხიდმშენს“ ოზურგეთის ბიუჯეტიდან უკვე მიღებული ჰქონდა 181 803 ლარი.

ხელშეკრულების ვადა ისე ამოიწურა, რომ ს/ს "ხიდმშენმა" არ შეასრულა #538 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე ვადაგადაცილების პირგასამტეხლო _ 11 998 ლარი და 86 თეთრი.

2014 წლის ბოლოს, ს/ს "ხიდმშენს", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, ამ ერთი ხელშეკრულებიდან საერთო ჯამში 98 577,86 ლარი უნდა გადაეხადა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო _ ამის პარალელურად არსებობდა მეორე ხელშეკრულებაც, რომელიც შარაშენიძესა და მამალაძეს შორის 2013 წლის 19 სექტემბერს მერია-ლაითურის ხიდის ასაშენებლად გაფორმდა 2 356 225,18 ლარზე. დვაბზუს ხიდის მსგავსად, შარაშენიძემ სს „ხიდმშენს“ თანხები წინასწარ ჩაურიცხა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მამალაძეს შარაშენიძეს ბრძანებით 700 000 ლარი ჩაურიცხეს.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე გავარკვიეთ, რომ 2013 წელს ხიდის მშენებლობაზე ათვისებული იყო 339 816 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 19 აპრილი იყო, რომელიც დაარღვია კომპანიამ და 2014 წლის 30 მაისის შეთანხმების საფუძველზე, მშენებლობის ვადამ გადაიწია 2014 წლის 1 სექტემბრამდე; აგრეთვე, კომპანიას დაერიცხა პირგასამტეხლო, 2014 წლის 19 აპრილიდან 2014 წლის 30 მაისამდე, 40 კალენდარული დღის ვადაგადაცილებაზე 93 340,32 ლარის ოდენობით.

პარალელურად კომპანიას გაუგრძელეს ხელშეკრულების ვადა, თუმცა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დვაბზუს ხიდის მშენებლობისას _ „ხიდმშენმა“ შარაშენიძის მიერ წინასწარ ჩარიცხული ბიუჯეტის თანხები გამოიყენა, სამუშაოები არ შეასრულა და არც თანხების დაბრუნებაზე უფიქრია.

არადა, ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ ლაითური-მერიის ხიდზე კომპანიას წინასწარ ჩარიცხული 700 000 ლარიდან მხოლოდ 286 471 ლარის სამუშაო ჰქონდა შესრულებული.

მიუხედავად ამ თვალხილული დარღვევებისა, საბიუჯეტო თანხების, შეიძლება თამად ითქვას, ფლანგვისა, არავის უფიქრია, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია აემუშავებინა და ბიუჯეტის თანხა ამ ფორმით მაინც ამოეღოთ. ეს ვადაც ხელიდან იქნა გაშვებული და ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტის ფულიც _ „ხიდმშენის“ ყულაბაში წასული.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი _ დვაბზუს ხიდის მშენებლობა შარაშენიძემ „ხიდმშენს“ ისე დააწყებინა, რომ არც პროექტი არსებობდა და არც შესაბამისი ექპერტიზა, რაც კანონის დარღვევაა. თუმცა, ამ თემით მაშინ არავინ დაინტერესებულა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ახალმა გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ თანხების ამოღების მიზნით სასამართლოს მიმართა, მოიგო კიდეც პროცესი და კომპანიის „შავ სიაში“ შეყვანის მოთხოვნით შესყიდვების სააგენტოსაც მისწერა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ხიდმშენს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის თითქმის ნახევარი მილიონი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად. როგორც გავარკვიეთ, კომპანიამ 50 000 ლარამდე ჩარიცხა კიდეც ბიუჯეტში, თუმცა, დანარჩენის გადახდა არ გაუგრძელებია. შესაბამისად, მის ქონებას ყადაღა დაედო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა მას შემდეგ შევიდოდა, რაც კომპანიის ქონება, რომელიც მილიონებს შეადგენს, აუქციონზე გაიყიდებოდა.

ჩვენ იმის დადგენაც შევძელით, რომ ამ კომპანიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გარდა, ბევრი მევალე ჰყავდა და „ხიდმშენს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო ორგანიზაციებიდან თუ პირებიდან მილიონები ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, მევალეები რიგში იდგნენ.

გავარკვიეთ ისიც, რომ 2016-2017 წლებში, „ხიდმშენის“ პრობლემების მოგვარებას ხელისუფლების მაღალი პირებიც ცდილობდნენ და მევალეებს, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს მორიგებას სთხოვდნენ. თუმცა, ოზურგეთის შემთხვევაში ეს არ შედგა _ როგორც იმდროინდელმა ჩინოვნიკებმა გვითხრეს, ამის საშუალებას კანონიც არ აძლევდათ და უფრო მეტიც _ კომპანიამ დვაბზუს ხიდის მშენებლობაზე მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც კი ვერ შეძლო.

რამდენიმე წყარომ ისიც გვითხრა, რომ 2015-2017 წლებში, მაშინ, როცა კონსტანტინე შარაშენიძე „ქართუში“ მუშაობდა, იგი ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს თხოვდა, რომ „ხიდმშენს“ დვაბზუში ხიდის მშენებლობა გაეგრძელებინა. თანამდებობის პირებთან საუბარში შარაშენიძე იმასაც ამბობდა, რომ „ხიდმშენს“ „ქართუს“ ტექნიკას პირადად დაახმარებდა. უფრო მეტიც, წყაროს თქმით, აღნიშნული თხოვნით „ქართუში“ მომუშავე შარაშენიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესაც მიმართა:

_ გიდასტურებთ, რომ იყო ასეთი შემთხვევები. სულ უნდოდა მაგ ხიდის დასრულება. რამდენჯერმე მითხრა, იქნებ, დაიძრას პროექტიო, _ აღნიშნა ‘გურია ნიუსთან“ საუბრისას თალაკვაძემ.

_ ბატონო არჩილ, ეჭვი არ გაგჩენიათ, რატომ იყო შარაშენიძე ამ თემით ასე დაინტერესებული და რატომ სურდა, აღნიშნული ხიდი მაინდამაინც „ხიდშმენს“ დაესრულებინა?

_ არ დავინტერესებულვარ არასდროს. მივიჩნიე, რომ ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო, _ გვითხრა თალაკვაძემ.

თუმცა, როგორც ჩანს, შარაშენიძესთვის ეს „ერთი ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული“ პროექტი არ ყოფილა _ 2017 წელს, თანამდებობაზე არჩევიდან მალევე მან ეს თემა ისევ წამოწია. რამდენიმე წყაროს თქმით, იურიდიული და ინფრასტრუქტურული სამსახურის თანამშრომლებს პირდაპირ მოთხოვა, რომ მოეძებნათ გზა მშენებლობის გასაგრძელებლად და თან ისე, რომ სამუშაოები ისევ „ხიდმშენი“ შეესრულებინა.

მერიის თანამშრომლებმა ვერა, თუმცა, ეს გზა წყაროს თქმით, თავად „ხიდმშენმა“ მოძებნა _ შარაშენიძეს კომპანიის“ იურისტებმა“ მორიგების აქტი კაბინეტში მიუტანეს და შეთახმებაც შედგა ზედმეტი კითხვების გარეშე.

ამ შეთანხმების საფუძველზე შარაშენიძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოების შეწყვეტაც მოითხოვა „ხიდმშენის“ მიმართ. ოღონდ არა მხოლოდ დვაბზუს ხიდის საქმეზე _ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შარაშენიძემ აღსრულების ბიუროს, 2018 წლის ოქტომბერში მიწერა, რომ „ხიდმშენის“ მიმართ ორივე საქმე შეეჩერებინა, რომლითაც ოზურგეთის ბიუჯეტში, თითქმის 400 000 ლარი უნდა შესულიყო და ამ თანხის ამოღების მიზნით, აღსრულების ბიუროს რამდენიმე დღეში „ხიდმშენის“ ქონება აუქციონზე უნდა გაეყიდა.

აღსანიშნავია, რომ, წყაროს თქმით, ეს წერილი ბიუროში აუქციონის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე შევიდა და მასში აღნიშნულია, რომ პროცესი 3 თვით უნდა შეჩერდეს.

ამ სამ თვეში კი კომპანიამ დვაბზუს ხიდის მშენებლობა უნდა დაასრულოს, რის შემდეგადაც შარაშენიძე ვალებს გამოუქვითავს. თუმცა, რამდენს და რის საფუძველზე, უცნობია _ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ დრომდე არ არსებობს ხიდის მშენებლობისთვის საჭირო პროექტი, ექპერტიზაგავლილი ხარჯთაღირცხვა, ჰოდროგეოლოგიური დასკვნა...

ეს რომ ნამდვილად ასეა, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ადასტურებს ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელი გია ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, კომპანიას ახალი პროექტი არ წარმოუდგენია და მათ არც ექსპერტიზის დასკვნა აქვთ. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მას თათბირზე დაუძახეს და შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ დოკუმენტაცია ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მომზადდებოდა(?!).

ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა დაგვიდასტურა ისიც, რომ გაზრდილია ხარჯთაღრიცხვაც, რომელსაც ექსპერტიზა არ ახლავს და მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი ციფრებია.

ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალი სამსახურის უფროსისგან, თემურ გიორგაძისგან გაგვეგო, მაგრამ უშედეგოდ _ მას შემდეგ, რაც გიორგაძემ გაიგო, ვინ ვიყავით და რისთვის ვურეკავდით, რამდენიმე ზარის მიუხედავად ტელეფონში ჩვენი ხმა ვერ გაიგონა(?!). მას  სმს-იც მივწერეთ, თუმცა, პასუხად ის მივიღეთ, რომ იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა, ტელეფონი კარგად არ იჭერდა. მეორე დღეს გიორგაძემ ჩვენ ზარებს საერთოდ არ უპასუხა.

არადა, კითხვები ბევრია _ საეჭვო კომპანიის მიერ უპროექტო, უექსპერტო, გეოლოგიური დასკვნების გარეშე საეჭვოდ დაწყებული მშენებლობის საქმეში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება _ შარაშენიძემ „ხიდმშენს“ დვაბზუს ხიდის დასამთავრებლად, სოფელ ლაითურში დანგრეულ ხიდზე გამოყენებული მეორადი კოჭებიც გადასცა, რომელიც ხიდზე ისე დაამონტაჟეს, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებია. არც არავის დაუსვამს კითხვა, რამდენად გამძლე იქნება, დემონტაჟის დროს ამოღებული, ნახევრად დაშლილი კოჭები ახალ ხიდზე, რომლის სიგრძე 24 მეტრია; აგრეთვე, რამდენად ჰქონდა მერს უფლება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, აუდიტის მიერ შეფასებული კოჭების კომპანიისთვის აუქციონის გარეშე, თანაც უსასყიდლოდ გადაეცა.

ჩვენ შევეცადეთ ყველა დეტალი კონსტანტინე შარაშენიძესთან გაგვერკვია, თუმცა, ჩვენი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა _ შარაშენიძემ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.

კითხვებზე პასუხი ვერც პრესსამსახურის საშუალებით მივიღეთ. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა გზა ვცადეთ, თუმცა, ოზურგეთის მერი კონტაქტზე არ გამოვიდა.

არადა, ეს იმ დროს, როცა ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ შარაშენიძემ „ხიდშმენის“ ხელმძღვანელობისგან ე. წ. „ატკატი“ ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინ აიღო, როცა თანხა წინასწარ ჩაურიცხა და სწორედ ამიტომ იყო დაინტერესებული 2015-2017 წლებში, რომ კომპანიას მშენებლობა განეახლებინა და ბიუჯეტის ფული უკან არ დაებრუნებინა.

ჩვენი წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ ჯიმი მამალაძე შარაშენიძემ წლების მანძილზე სთხოვდა მიცემული „ატკატის“ უკან დაბრუნებას ან საქმის მოგვარებას. წყაროს თქმით, მაშინ შარაშენიძემ ეს ვერ შეძლო და დღეს, კომპანიას შეთანხმებაც სწორედ ამიტომ გაუკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალებში მყოფ, საეჭვო საქმეებში გახვეულ „ხიდმშენთან“, რომელსაც რამდენიმემილიონიანი ქონება აქვს და რომლის გაყიდვიდან ოზურგეთის ბიუჯეტი თითქმის 400 000 ლარს მიიღებდა, საქმეს არ დაიჭერდა.

ეს შეკითხვები შარაშენიძეს სმს-ითაც გავუგზავნეთ, თუმცა, მან ამ კითხვებზეც დუმილი არჩია.

კონტაქტზე არ გამოვიდა არც ‘ხიდმშენის“ ხელმძღვანელი ჯიმი მამალაძე _ რამდენიმე ზარი და სმს მამალაძემაც უპასუხოდ დატოვა. არადა, კითხვები მასთანაც ბევრი იყო. მით უმეტეს, რომ ჯიმი მამალაძე, 2012 წელს, თითქმის იგივე სქემით, რაც 2013-2014 წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაახორციელა, სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით გასამართლებული იყო.

ერთი სიტყვით, უპასუხო კითხვები ბევრია. ამ თემაზე საუბარი ექსპერტებსაც კი უჭირთ _ გამოცდილი მშენებლებისთვის, გეოლოგებისთვის გაუგებარია, როგორ დაიწყეს ხიდის მშენებლობა პროექტისა და ექსპერტიზის დასკვნების გარეშე; კითხვები აქვთ იურისტებსაც, რომლებიც ამ საქმეში კორუფციის ნიშნებს ხედავენ და აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო უწყებები დროულად უნდა დაინტერესდნენ.




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...