"სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვექცა!"

მთავარი თემა

"სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვექცა!"

25 სექ. 2020, 12:29:50

"გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა იმ ზიანის შესახებ, რაც რეგიონს გარემოსდაცვითი კუთხით ჰესების აშენების შედეგად შეიძლება მიადგეს და ამ მხრივ არაერთი საპროტესტო აქციაც გაგვიშუქებია.

თუმცა, ამჟამად ჩვენმა რედაქციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 19 ოჯახის ერთობლივი განცხადება მიიღო.

მოსახლეობა სოფლის გზაზე ჰესის მშენებლობაზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს და გზის გაკეთებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი გზის გადაკეტვით და არჩევნებზე არმისვლით ემუქრება ადგილობრივ ხელისუფლებას.

ხიდისთავში, "იაშვილის უბნის" მცხოვრებლები ამბობენ, სოფლის მოუწესრიგებელი გზა, ტრაილერების გადაადგილების შედეგად, მშრალ ამინდში ისე მტვერდება, მოსასხამით დადიან, რომ არ გაიბუღონ, წვიმაში კი ისე ტალახდება, გზაზე გავლა უჭირთ.

მათი თქმით, მანქანების გადაადგილების შედეგად წარმოქმნილი ბიძგები სახლების ჩამონგრევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ხიდისთავში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, დავით ვასაძეს მიმართეს, მაგრამ მხოლოდ დაპირება მიიღეს, რომ გზა ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

რაც შეეხება მერის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, ზურაბ მათითაიშვილს, ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს.

ხიდისთაველები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლებიც იმავეს იმეორებენ, რადგან გზა, გაკეთების შემთხვევაში, მანქანების გადაადგილების შედეგად ისევ დაზიანდება.

მოსახლეობა მიღებული დაპირების მიუხედავად შიშობს, რომ ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელ კომპანიას ვეღარ იპოვიან და გზის პრობლემა მოუგვარებელი დარჩება.

"ხიდისთავის მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჰესის მშენებლობაზე მიმავალი მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილების დროს სახლები ზანზარებს. ფილმში რომაა, "ცისფერი მთებში" _ "შემაქანა, შემაქანაო", ასე შექანებულები ვართ. ეკოლოგიურად გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. საშინელი მტვერი დგება. სარეცხი ვერ გაგვიფენია. ისეთი ბუღია, თითი რომ მიიტანო თვალთან, ვერ დაინახავ! წვიმის დროს ისეთი გუბეები დგება, თუ გზად ვართ და მანქანებმა გაიარეს, გვწუწავენ.

გამოკრულია გაფრთხილება სიჩქარის შენელების შესახებ, მაგრამ სიჩქარეს არავინ უკლებს.

ადრე ვასაძეს ვთხოვეთ და დაგვპირდნენ, რომ როცა ჰესი აშენდება, მერე გავაკეთებთო, მაგრამ ადამიანები არ ვართ? დაინგრეს სახლები? სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვექცა. მაგათი წყალობით აწი კალმახი აღარ იქნება წყალში, ამით დამთავრდება გუბაზეულის სიცოცხლე! ჩვენ რა ვქნათ? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? მერის წარმომადგენელი, ზურაბ მათითაიშვილი ამბობს, მოვითმინოთო. ჰიტლერი ამბობდა, "დაწერეთ ყველაფერი ქაღალდზე. ოღონდ სასურველ მიზანს მივაღწიოთ, ქაღალდი კი ყოველთვის დაიწვება და დაიხევაო". ეგენი მემორანდუმს შეასრულებენ? ან ვინ მოთხოვს პასუხს? ეს კაშხალი რომ დაინგრეს, ჩაიძირება მთელი სოფელი.

ისე ვართ გამწარებულები, გზის გადაკეტვას ვაპირებთ. უკვე რამდენიმე წელიწადია ვითმენთ და ვეღარ მოვითმენთ. არჩევნების დროს შეიძლება ბოიკოტი გამოვაცხადოთ.

ჰესის მშენებლობა რომ დასრულდება, ჩვენ მაგათ ვეღარსად ვიპოვით. ამბობენ, ჩვენ რომ ახლა გზა გავაკეთოთ, მალე გაფუჭდებაო. ხიდისთავში მოსვლამდე, საიდანაც კი ამოდიან _ ჩაისუბნის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ოზურგეთის გზა არ გაფუჭებულა, რაღა მაინცდამაინც გზის ეს მონაკვეთი გაფუჭდება?!

წყლის "ტრუბები" რომ სკდება მანქანების სიარულისგან, აკეთებენ, მაგრამ გზის დასხმაა აუცილებელი.

ის მონაკვეთი, რის მოწესრიგებასაც ჩვენ ვითხოვთ, ნახევარი კილომეტრიც არ არის და რა გახდა ამის გაკეთება?! შეწუხებულია 19 ოჯახი. დაინგრევა სახლები და დაგვემხობა თავზე.

ჩავივლით მერის ირაკლი კუჭავას სახლთან ჯაყჯაყით და თუ გაუძლებს, ვნახოთ. ხმას კი არა სიკვდილს მივცემთ მაგათ! ორი წელია, ვითმენთ. ადამიანების ასე მასხრად აგდება როგორ შეიძლება?!" _ ამბობენ ხიდისთაველები.

"გურია ნიუსმა" აღნიშნულ საკითხზე პასუხის მიღება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისგან სცადა, მაგრამ ირაკლი კუჭავამ არც სატელეფონო ზარს და არც სმს შეტყობინებას არ უპასუხა.

მერის პრესსამსახურის თქმით კი, კუჭავა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ჯერ არ აპირებს. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი კითხვაზე _ თუ როდის იგეგმება გზის მოწესრიგება აღნიშნულ მონაკვეთზე, ვერ მივიღეთ.

ჰესის მშენებელ კომპანიაში კი ამბობენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ შორის მემორანდუმია გაფორმებული, რაც კომპანიის მხრიდან სოფელში წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

მშენებელი კომპანიის "ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი დავით ხაჩიძე გვეუბნება, რომ მემორანდუმი ძალაში გასული წლის სექტემბრიდან შევიდა და როგორც ხელშეკრულების დადების პერიოდში, ასევე, მას შემდეგაც, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის წარმომადგენლებთან საუბარი.

ხაჩიძის თქმით, გზა გადასაადგილებლად ნორმალურია, სრული მოწესრიგება კი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ იგეგმება და ახლა აზრი არ აქვს. თუმცა, კომპანია მოსახლეობის მოთხოვნაში გარკვევას და მის მოგვარებას ეცდება:

"სოფელი გვესაუბრება და ვესაუბრებით, ის პატარ-პატარა პრობლემები, რაც არის, დავუშვათ _ მტვერი, ტალახი, წყლის მილების დაზიანება, ამ საკითხებზე ღიად ვსაუბრობთ. ამ საუბრებმა და ამ პრობლემებმა მოგვცა საშუალება, რომ ფორმალური შეთანხმება გავაკეთეთ ერთმანეთთან. ჩვენც გამოვთქვით მზაობა, რომ ჩვენი მხრიდან აღმოვუჩინოთ სოფელს დახმარება, რასაც შევძლებთ ფინანსური თუ ტექნიკური მიმართულებით. პრობლემებზე შევჯერდით ერთად, ჩამოვწერეთ და გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ფონდისთვის თანხის გადაცემას და სოფელი, თავისი პრიორიტეტების შესაბამისად, ახორციელებს ამ თანხების ათვისებას. ხელშეკრულება არის უვადო და მზად ვართ, სოფელს დავეხმაროთ. ასევე, სოფელმა გამოხატა მზაობა, რომ იქნება ჩვენ გვერდით და პროექტი არ შეფერხდება. შარშან სექტემბრიდან მემორანდუმი უკვე ძალაშია.

მემორანდუმში მონაწილეობს თითქმის ყველა ადამიანი.

გზა დაზიანებული არ არის _ პირიქით, რაც იყო, იმაზე უკეთაა აღდგენილი. მსუბუქი მანქანები ადიან ობიექტამდე. გზა რომ იყოს დაზიანებული, ჩვენ თვითონ ვერ ვიმუშავებდით. რას გულისხმობს მოსახლეობა ამ დაზიანებაში, არ ვიცი.

გზა კარგ მდგომარეობაშია, მოხრეშილია, ორმოები არ არის. როცა ჰესის მშენებლობა დასრულდება კიდევ უფრო მოწესრიგდება და კარგ მდგომარეობაში დარჩება სოფელს. ახლა ამ გზის კაპიტალურად შეკეთებას აზრი არ აქვს, რადგან ისევ დაზიანდება. სხვა შემთხვევაში, გზა ფუნქციონირებს თავიდან ბოლომდე. ამ საკითხზე ველაპარაკეთ მოსახლეობას. მათ იციან, რომ იმ ნაწილში გზა ჰესის მშენებლობის შემდეგ აღდგება ისე, როგორც უნდა იყოს სტანდარტებში.

ამ 19 მოსახლის საჩივარს აუცილებლობად განვიხილავთ. არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენსა და სოფელს შორის რაიმე პრობლემა შექმნილიყო, რომელიც არ მოგვარებულიყო", _ ამბობს ხაჩიძე.

ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი "ოცხანას" თავმჯდომარე გიგა ფრუიძე გვეუბნება, რომ გზისპირა მოსახლეობა წუხდება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მოძრაობით. სოფლისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ განსაზღვრა ამ პრობლემის მოგვარების ვადა, რომ უპრობლემოდ დასრულდეს ჰესის მშენებლობა და ამჟამად მემორანდუმით გათვალისწინებული თანხა ეკლესიის მშენებლობას ხმარდება:

"ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ფონდი "ოცხანა", რომლის დამფუძნებლები არიან ხიდისთაველები, წევრები კი მთელი თემის მოსახლეობა. წევრობისთვის ფონდი დღესაც ღიაა. მისი თავდაპირველი დანიშნულება იყო შემოწირული თანხებით ეკლესიის მშენებლობის ორგანიზება და გამჭვირვალედ ხარჯვა. აღნიშნული მშენებლობის ხარჯის ძირითადი შემომწირველია ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი მდინარე საშუალას ხეობაში ჰესების მშენებარე კომპანია შპს "ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია’’.

შემდეგ სოფელსა და კომპანიას შორის წარმოიშვა მემორანდუმის გაფორმების სურვილი და ჩვენი ფონდი გახდა კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის მხარე. აღნიშნული მემორანდუმით კომპანია ჰესის ფუნქციონირების პერიოდში, ე. ი. უვადოდ, სოფელს ყოველწლიურად გადასცემს 50 000 ლარს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული თანხის ხარჯვის პრიორიტეტს განსაზღვრავს ფონდის წევრები, რომელიც, თავის მხრივ, არის სოფლის მოსახლეობა. ამჟამად ეს პრიორიტეტი არის ეკლესიის მშენებლობა. ფონდი უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას კომპანიის შემოწირული თანხის ხარჯვის შესახებ და დასახული პრიორიტეტის შესრულების ორგანიზებას. ამასთან, ფონდმა ხელი უნდა შეუწყოს კომპანიისა და მოსახლეობის კომუნიკაციას, გააცნოს მოსახლეობას კომპანიის საქმიანობა და ხელი შეუწყოს სოფელსა და კომპანიას შორის წამოჭრილი დავების მოგვარებას, მშენებლობის შეფერხების გარეშე.

ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ჰესის მშენებლობაზე მისასვლელი გზა გადის სოფელზე. რა თქმა უნდა, მოსახლეობა წუხდება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მოძრაობით, რომელიც, ასევე, აზიანებს გზის საფარს. განსაკუთრებით წუხდება გზისპირა მოსახლეობა. თუმცა, სოფლისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ განსაზღვრა ამ პრობლემის მოგვარების ვადა ისე, რომ უპრობლემოდ დასრულდეს ჰესის მშენებლობის პროცესი და მაქსიმალურად გაითვალისწინონ შენების პროცესში მოსახლეობის მოთხოვნა. ისინი არ გაურბიან მათ ვალდებულებებს.

ახლა ჩვენთვის თქვენგან გახდა ცნობილი ამ საკითხის ისევ დადგომის შესახებ ინფორმაცია, ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას და ამ შემთხვევაშიც ურთიერთთანამშრომლობით მოვაგვარებთ აღნიშნულ საკითხს", _ ამბობს ფრუიძე.

იმის გარკვევა, რა ეტაპზეა ჰესის მშენებლობა, დაახლოებით, რამდენი მოსახლის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიით მშენებლობის დასრულების შემდეგ, გათვლილია თუ არა ჰესის დაზიანების შემთხვევაში რისკები, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მოსახლეობას, გარემოს, მდინარეს ან სულაც მდინარეში წყლის დონის დაწევა ხომ არ არის მოსალოდნელი, ისევ "ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" დამფუძნებელ და პროექტის მენეჯერთან ვცადეთ.

როგორც დავით ხაჩიძე გვპასუხობს, ჰესი ორკასკადიანი იქნება, აქედან 1 უკვე აშენებულია, ხოლო მეორე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად მონიტორინგი მიმდინარეობს:

"ჰესის განვითარება დაიწყო 2013 წლიდან. დაპროექტდა, გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა და 2018 წლის მაისში დაიწყო მშენებლობა. არის ორი კასკადი ანუ ორი ჰესი _ 4.8 და 7.6 მეგავატი სიმძლავრის.

"ჰესი 2"-ის მშენებლობა დასრულებულია და მუშაობს გასული წლის ოქტომბრიდან. "ჰესი 1"-ის _ ზედა კასკადის მშენებლობა დასრულდება წლის ბოლომდე. ჰესი ჩართულია ერთიან ენერგოქსელში და მარაგდება კონკრეტულად ის ადგილები, რომლის მომარაგებასაც სისტემა ითხოვს. ერთი ჰესი, რომელიც ახლა გაშვებულია, უხეშად რომ ვთქვათ, 2 500 ოჯახს ამარაგებს. მეორე ჰესი, რომელიც ახლა გაეშვება, 4 000 ოჯახს მოამარაგებს", _ ამბობს ხაჩიძე.

მისი თქმით, ჰესის კაშხლის სიმაღლე 5 მეტრია და მასში წყალი არ გროვდება. შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში, მდინარეში წყლის დონის მომატების საფრთხე არ არსებობს:

"სულ არის 5 მეტრი სიმაღლის ნაგებობები და დაცულია ყველანაირი სტანდარტი. ასეთი კლასის კაშხალს, დაზიანების შემთხვევაში, არანაირი რისკი არ მოაქვს. კაშხალი არის პატარა და შეტბორვა შიგნით არ არის. მდინარე არხისებურად შემოდის. იქ წყლის რაოდენობა არ გროვდება. როგორც წესი, ასეთი პატარა ზომის კაშხლები არ ზიანდება, მაგრამ მაინც, რაიმე რომ მოხდეს, გამორიცხულია წყლის დონის აწევა მდინარეში",_ გვპასუხობს ხაჩიძე.

იგი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებლობა დაიწყო, პერიოდულად ტარდება მონიტორინგი და მშენებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებას, თევზის სახეობებს და წყლის დონეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება:

"ჩატარებულია შესაბამისი კვლევები გარემოზე ზემოქმედების მხრივ. თევზის გადაადგილებას არანაირი პრობლემა არ ექმნება. მდინარის იმ მონაკვეთში დარჩენილია იმ რაოდენობის წყალი, რასაც მოითხოვს სტანდარტი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმაზე მეტიც. პერიოდულად ტარდება მონიტორინგი. ჩამოდიან შესაბამისი სამსახურები და იკვლევენ ბიომრავალფეროვნებას, აკვირდებიან თევზის გადაადგილებებს. ამზადებენ რეპორტებს და აბარებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში. ასევე, დამონტაჟებულია წყლის ხარჯთმზომები, რომელიც აღრიცხავს წყლის რაოდენობას კალაპოტში, რას შეესაბამება სტანდარტებს. ასე რომ, გარემოზე ზემოქმედების სისტემატურად ვაკვირდებით", _ ამბობს ხაჩიძე.




 ახალი ამბები
  • რას მოუწოდებს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებსაშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები. არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას. შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში: • მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება. • გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი ... ...
  • თიბისიმ პირველი სტრარტაპ საწარმო დააფინანსა (R)თიბისიმ ახალი პროდუქტის სტარტაპ საწარმოს დაფინანსების ფარგლებში პირველი საწარმო დააფინანსა. სტარტაპი  „ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“ საბურავების გადასაკრავ საწარმოს გააკეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება მეორადი საბურავების განახლება. საწარმო შეიძენს მეორად საბურავებს, რომელთა გადამუშავების შედეგად საბურავზე მოხდება პროტექტორების გადაკვრა და განახლება. „ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“-ის საწარმოს დაფინანსება 270 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში „აწარმოე საქართველოსთან“ პარტნიორობით მოხდა.    პროგრამა „სტარტაპერმა“ დამწყები ბიზნესების მხარდაჭერად და ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალი ფინანსური პროდუქტი - სტარტაპ საწარმო სესხი ახლახანს შექმნა. შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა, გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ გადასახადების დაფარვა. ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა თიბისის ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა  წარადგინოს. განაცხადის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია ფილიალში ან ქოლ-ცენტში. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში“, რაც  სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს. სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვედრზე: ... ...
  • დაუდასტურდა თუ არა ჩოხატაურის პირველი საბავშვო ბაღის პედაგოგს კორონავირუსიგავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საბავშვო ბაღის პედაგოგს, მაია ეზიეშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ქალბატონ მაიას დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია უარყო და გაკვირვებულიც კი დარჩა. „დამიდასტურდა? ანალიზი არ ჩამიბარებია და პასუხი როგორ დაფიქსირდებოდა“, _ გვითხრა ... ...
  • კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტს შეხვდა (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე აგრძელებს უწყების ცალკეულ დეპარტამენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს. დღეს, იგი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და დეპარტამენტის მიერ 2019 წელს გაწეულ და მიმდინარე წლის 9 თვეში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. დეპარტამენტის უფროსმა, მიხელ ხურციძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ 2019 წელს, დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა 3700 კორესპონდენცია. ვეტერანის სტატუსის მინიჭების პროცედურებთან და არსებულ სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, იურიდიული კონსულტაცია გაეწია უწყების 1000-ზე მეტ ბენეფიციარს, მათ შორის ადგილზე, რეგიონებში. დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდეს ბენეფიციართა სამართლებრივი თანადგომის პროექტი, რომელიც, გასულ წელს, საპილოტე პროგრამის სახით აჭარის ა/რ -სა და გურიის რეგიონში საპილოტე პროგრამის სახით განხორციელდა. პროგრამა, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, კვალიფიციური, იურიდიული დახმარების გაწევას გულისხმობს. მიმდინარე წელს, 9 თვის განმავლობაში, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენცია 2200 შეადგენს. ვეტერანის სტატუსის მინიჭების პროცედურებთან და არსებულ სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, იურიდიული კონსულტაცია გაეწია უწყების 750-მდე ბენეფიციარს, საუბარი, ასევე, შეეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ვეტერანთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამ კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში, უნდა გაღრმავდეს ამ ჯგუფში შემავალ უწყებათა _ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის, ფინანსთა, რეგიონული მართვის, ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ოკუპიორებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს და აფხაზეთის ა/რ მთავრობას შორის კოორდინაცია. ... ...
  • გიორგი გახარია: არჩევნები არ გადაიდებაარჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში, არჩევნები არ გადაიდება, _ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს. ეს ერთი და მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს,წესები დავიცვათ - ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ ასეთი რთული არ არის?! შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება“, - განაცხადა პრემიერმა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...