უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, რომელიც ლანჩხუთის ხელისუფლებისთვის "არაფერი ისეთი არაა"

მთავარი თემა

უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, რომელიც ლანჩხუთის ხელისუფლებისთვის "არაფერი ისეთი არაა"

2018 მარ 8 10:38:43

2015 წლის 2 ივნისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 412 810 ლარი იყო.

ტენდერში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ყველაზე დაბალი ფასით _ 358 887 ლარი, შპს "გილმარი 2"-მა გაიმარჯვა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ კომპანიის ხელმძღვანელთან, გურამ კარტოზიასთან ხელშეკრულება 2015 წლის 22 ივნისს გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, ბაზის რეაბილიტაცია 2015 წლის 12 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, მასში ცვლილება ორჯერ შეიტანეს, პროექტში კორექტირებაც მოხდა და საბოლოოდ, 7 დეკემბერს ჩაიბარეს.

თუმცა, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გაფორმებიდან ოთხ თვეში იმდენი ხარვეზი გამოვლინდა, რომ ეს საკითხი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა:

"ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ზედამხედველი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შემოწმება განახორციელოს მშენებლობის ყველა ეტაპზე.

ამასთანავე, მიმწოდებელს ევალებოდა შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა.

ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია სამუშაოთა მოცულობები,  ხოლო ხარისხი შესწავლილი არ არის.  შესაბამისად, ზედამხედველსა და ექსპერტიზას არ შეუმოწმებია შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

2017 წლის 28 ივნისს, აუდიტის ჯგუფმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ობიექტის ადგილი დაათვალიერა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს "გილმარი 2" ის" მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა. კერძოდ, დაზიანებულია ფასადი, კედლები, იატაკი, ჭერი.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს სამუშაოს მიღებიდან მე-5 წელს, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან ოთხ თვეში დაზიანდა. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მუნიციპალიტეტმა ორჯერ

მიმართა მიმწოდებელს, რომელმაც სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა.

მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელს სრულად არ განუხორციელებია არსებული დაზიანებების აღმოფხვრა,  მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებიათ, შენობის ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების გამოსწორების მიზნით.

შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილია 354.3 ათასი ლარი ისეთ სამუშაოებში, რომელიც დაზიანებულია და

საჭიროებს დამატებითი სამუშაოების შესრულებას", _ ვკითხულობთ დასკვნაში, რომელიც ამ დრომდე არ შესულა პროკურატურაში და პასუხი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არავის უგია.

უფრო მეტიც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მიმდინარე წლის დასაწყისში, ბაზაზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად 20 000 ლარი გამოყვეს:

_ ყველაფერი მშენებლის ბრალი არ არის. იქ დაზიანებულია ონკანები, უნიტაზები და სწორედ ასეთი ტიპის სამუშაოებისთვის გამოიყო 20 000 ლარი, _ ამბობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.

მისივე თქმით, "გილმარი 2"-ის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია უკვე შედგა და ის ხარვეზებიც გამოსწორდება, რომლებიც კომპანიის ბრალია.

ლანჩხუთის მერს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ ხნის განმავლობაში კომპანიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება და რატომ არ ითხოვენ პასუხს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო:

_ ორჯერ გავაგზავნეთ წერილი კომპანიაში და უკან დაბრუნდა. როგორც ჩანს, მისამართი შეუცვალეს. თუმცა, რამდენიმე დღის წინ კომუნიკაცია შედგა, კომპანიის ხელმძღვანელობა იყო ჩამოსული და ყველა ხარვეზი გამოსწორდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 000 ლარის ხარჯვა ბაზაზე მას შემდეგ დაიწყება, რაც ახალშექმნილი კომისია კონკრეტული პირების ბრალეულობას დაადგენს და გამოარკვევს, ვინ რა გააფუჭა ახალგარემონტებულ ბაზაზე.

_ პასუხს აგებს ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, _ გვითხრა სარიშვილმა.

_ ბატონო ალეკო, როცა ბაზა გარემონტა და ჩაბარდა, საკრებულოს დეპუტატი იყავით და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას ხელმძღვანელობდით, იმდროინდელი გამგეობის მუშაობის ზედამხედველობა თქვენი მოვალეობა იყო და არ გრძნობთ პასუხისმგებლობას?

_ მე, როგორც კი გავიგე ამის შესახებ, რეაგირება მოვახდინე. ყველა აგებს პასუხს. მერწმუნეთ, რეაგირების გარეშე ეს საკითხი არ დარჩება, _ ამბობს სარიშვილი, რომლის თანამშრომლებად ის პირები დღესაც მუშაობენ, რომლებიც მიღება-ჩაბარების დოკუმენტს ხელს აწერენ.

ლანჩხუთის მერი ირწმუნება, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, თუმცა, გაურკვეველი რჩება, რატომ არ იწვევს აკრედიტებულ ექსპერტებს ზიანის შესაფასებლად და რატომ არ უგზავნის საქმეს პროკურატურას.

აღსანიშნავია, "გილმარი 2"-ს წარმომადგენლები საკუთარ დანაშაულს უარყოფენ _ პირმა, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელის, გურამ კარტოზიას ტელეფონის ნომერზე გვიპასუხა და მის ძმად _ ზაზად გაგვეცნო, აღნიშნა, რომ დაზიანებები მათი ბრალი არაა და ობიექტი იმ პირებმა გააფუჭეს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ:

_ გურამი იყო ჩასული, ყველაფერზე შეუთანხმდა მერს და საკრებულოს. ჩვენი კომპანიის გასაკეთებელი არაფერია. იქ ვინც ცხოვრობდა, იმათ მოთხოვეთ პასუხი _ ყველაფერი დააზიანეს, გააფუჭეს. ადამიანები კი არა, ველურები იყვნენ და კიდევ ჩვენ გვთხოვთ პასუხს? არაფერი ჩვენი ბრალი არაა. სახურავიდან რომ წყალი ჩამოვიდა, არც ესაა ჩვენი ბრალი _ ხე დაეცა შენობას და იმიტომ გაფუჭდა. ბათქაშიც უყურადღებობის და მოუვლელობის გამო ჩამოვარდა. ჩვენ რა შუაში ვართ? საერთოდ, რა უფლება გაქვთ ჟურნალისტებს, ამაში რომ იხედებით?! ან რა უფლებით ნახულობთ ხელშეკრულებას?! ჩვენ ყველაფერზე მოვილაპარაკეთ საკრებულოს თავმჯდომარესთან. ისინი იყიდიან მასალებს და გურამი მხოლოდ და მხოლოდ ხათრის გამო გამოაგზავნის მუშას და გააკეთებს, _ გაღიზიანება არ დაუმალავს რესპონდენტს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ძმად გაგვეცნო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე შეთანხმებას, რომლის შესახებაც კარტოზიამ გვითხრა, ადასტურებს:

_ მე ვიყავი ბაზაზე და ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე. საერთოდ, რა შუაშია ეს კომპანია? ძირითადად, ონკანები და უნიტაზებია გაფუჭებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ.

_ ბატონო ბესიკ, სახურავიდან რომ წყალი ჩამოდის, ეს ფეხბურთელების ბრალია?

_ ეგ არაფერი ისეთი არაა.

_ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა წაკითხული გაქვთ? იცით, რა წერია იქ ბაზასთან დაკავშირებით?

_ კი, ვიცი, მაგრამ არაფერი ისეთი. მართლა ვერ ვხედავ ამ კომპანიის ბრალეულობას. პირიქით, მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და მუშახელით დაგვეხმარებიან, _ გვითხრა ტაბიძემ, რასაც არ ეთანხმება ოპოზიცია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, კახა ასკურავას თქმით, ბაზაზე სამუშაოები თავის დროზე უხარისხოდ შესრულდა:

"მაშინ, როცა ბაზის შესარემონტებლად 20 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან, კატეგორიული წინააღმდეგობა გავწიე და ხმაც არ მიმიცია. განცხადებაც გავაკეთე საკრებულოს სხდომაზე და იქვე მოვუწოდე სარიშვილს, რომ კომპანიისთვის მოეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

თუ ეს კომპანია მის ვალდებულებებს არ ასრულებს, პროკურატურას უნდა მიმართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ახალი მერიის მხრიდან ამ თანხის ხარჯვა არამიზნობრივი ხარჯი გამოდის, რაზეც შემდგომში მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება. ისე, ისიც უნდა ითქვას, რომ შენობა იმდენად დაზიანებულია, რომ 20 000 ლარი არაფერში ეყოფა. კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან თავის დროზე სამუშაოები ძალიან უხარისხოდაა შესრულებული, მაგრამ პასუხის მომთხოვნი არავინაა. მოქმედი ძველისკენ იშვერს ხელს _ თითქოს მე ვიყავი მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე", _ გვითხრა ასკურავამ, რომლის თქმით, შენობაში არსებული მდგომარეობის ფეხბურთელებისთვის დაბრალება "თავის მართლების უსინდისო მეთოდია".

ასკურავას მსგავსად, პრობლემების ფეხბურთელებისთვის დაბრალებას არასწორად აფასებს საფეხბურთო ბაზის დარაჯი ამირან პატარია.

_ თუ უნდათ დააბრალონ ფეხბურთელებს, მაგრამ მათი ბრალი რაა _ უხარისხო ონკანები და "დუშები"? ორ თვეში ააშენეს ეს შენობა. სად გინახავთ ორ თვეში ნორმალურად დასრულებული სამუშაო?! 20 წელია აქ ვარ, ბევრი მთავრობა გამოვიცვალე და ბევრი რამ მინახავს. არც პროექტი ვარგა, არც აქ არსებულ რეალობაზეა მორგებული. ფანჯრებიც არ იღება და ნესტი ყველაფერს აფუჭებს.  გარე კედლები  რომ დაბზარულია, რატომაა ფეხბურთელის ბრალი. მივიდა და ფეხი ურტყა? სირცხვილია ამის თქმა. რა უნდათ ამ ფეხბურთელებთან?! ეს ხელოსნების ბრალია, მასალის ბრალია. ეტყობა, მიაკლდათ მასალა და არავინ მიაქცია ყურადღება, თორემ ასე მალე როგორ უნდა დაბზარულიყო კედლები? ან კიდევ, სახურავზე რომ "ტყეა" ამოსული, ეს ფეხბურთელის ბრალია? ყველას ვეჩხუბები ამის გამო. უხარისხოდ გაკეთებული, მოუვლელია ყველაფერი და არც არავინ კითხულობს ამბავს, _  ამბობს ჩვენთან საუბრისას ამირან პატარაია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ხარვეზები აშენებიდან რამდენიმე თვეში გამოვლინდა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ამ დრომდე გრიგოლეთში არ ჩასულან:

_ ახლახან მოვიდნენ, მანამდე თვალიც არ მომიკრავს არავისთვის. დღიან-ღამიანად აქ ვარ. სახლიც მე არ მაქვს სხვა და კარი. აქვე, ეზოში ვცხოვრობ, აქაურობას ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. ყველა ვიცი, ვინც აქ მოდის და მიდის, _ აღნიშნავს ბაზის დარაჯი, რომლის ინფორმაციით, წელიწადზე მეტია მისთვის ხელფასიც კი არ გადაუხდიათ:

_ შუქიც კი არ მაქვს. იმ ხუხულაში, სადაც ღამეს ვათევ, თვეებია სანთელი მინთია. ნისიად მომაქვს მაღაზიიდან იმ იმედით, რომ კუთვნილ ხელფასს როდესმე ავიღებ, _ გვითხრა პატარაიამ.

არადა, ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ბაზის ჩაბარების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კომუნალურ გადასახადებზე 25 000 ლარამდე დაიხარჯა. ამ უხარისხო შენობის დაცვა და ადმინისტრირება კი ლანჩხუთელებს ორ წელიწადში 18 000 ლარზე მეტი დაუჯდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წელიწადზე მეტია დარაჯისთვის ხელფასიც არ მიუციათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში _ მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში "გურია ნიუსმა" ჩააყენა და როგორც გულედანმა აღნიშნა, საკითხს დეტალურად შეისწავლიან.




 ახალი ამბები
  • ალაფიშვილი: ზურაბიშვილმა სალომემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ კონსტიტუცია უკვე დაარღვია"სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ აამოქმედა კონსტიტუცია და პირველი დამრღვევიც თვითონაა", _ ამბობს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი. მისივე თქმით, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს: "პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, მთაწმინდის მაჟორიტარის მანდატი აქვს და ახალი კონსტიტუციით ეს არ შეიძლება.  აამოქმედა და პირველივე თვითონ გახდა დამრღვევი პირველივე წამიდან. ესეთი რამ ისტორიას არ ახსოვს _ მსოფლიო რეკორდია", _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ლევან ... ...
  • სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადოსაქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში სახელმწიფო ფიცი დადო. ამის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. ასევე გაისროლეს ქვემეხები.  ცერემონიას 1500 სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები. საქართველოს ისტორიაში პირველად ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას მისი წინამორბედი ესწრება. დღეიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ... ...
  • ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებას ახსენებს და აქციის ორგანიზატორებსაც მიმართავსსაქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ლომჯარიას თქმით, "აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით". "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,"_ წერია განცხადებაში. გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს ... ...
  • შსს: აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, რომ უწყებამ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით დილით გაავრცელა ინფორმაცია. "თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას. მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" _ განაცხადა მამუკა ... ...
  • "ნაციონალური მოძრაობის" აქციის მონაწილეები "იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენგურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მხარდამჭერი პირდაპირი ეთერის დროს „იმედის“ კამერას ხელით შეეხო. მათ ტელეკომპანიის ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დასარტყმელად გაიწიეს. აქციის მონაწილეების დამშვიდება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ სცადა. როგორც მან მომხდარის შეფასებისას განაცხადა, მათ აქციაზე სუს-ის აგენტები არიან შეგზავნილი და პროვოკაციას ისინი ... ...

არქივი

ზაფრანი

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...