როგორაა და რაზე წყდება გული ნიკა მელიას _ "ინტერვიუ 224-ე საკნიდან"

ფეისბუქსტატუსები

როგორაა და რაზე წყდება გული ნიკა მელიას _ "ინტერვიუ 224-ე საკნიდან"

28 თებ. 2021, 10:50:45

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელია სოციალურ ქსელში ინტერვიუს ავრცელებს სახელწოდებით _ "ინტერვიუ 224-ე საკნიდან'.

1. როგორ ხარ?

იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავი მზად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემ სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

2. როგორი კამერა გაქვს? ეტევი ამხელა კაცი?

კი ვეტევი. 2 ლოგინი დგას და მრავალფეროვნებისთვის, ხან ერთზე ვიძინებ, ხან მეორეზე. ჩემ გემოზე ვაწყობ. დავალაგე გუშინ. საწოლების ქვეშ რკინის უჯრებია და წიგნები იქ შევინახე. ციხის მაღაზიაში ვიყიდე ე.წ. ნაჩნიკი, რომ კითხვა შევძლო. პლაკატებიც უნდა შემოვატანინო და გავაკრა კედლებზე, რომ საავადმყოფოსავით სტერილურ გარემოში არ ვიყო.

3. კარგად გძინავს?

საოცრად გამოვიძინე პირველი ორი დღე. თან ძალიან გადაღლილი და უძინარი ვიყავი. ისე, ასეთ სიჩუმეში, არასდროს მიძინია. ყველაფერში შეიძლება დადებითის პოვნა.

4. ტელევიზორი გაქვს?

2 დღის წინ ამიწყვეს და პირველი რაც ჩაირთო, იმ სამარცხვინო პროკურორის ბრიფინგი იყო. მაგრამ მთავარი, რაზეც გავგიჟდი სიხარულით, ისაა, რომ "მთავარი არხი" მაქვს და მთელი დღე ვუყურებ. მეგონა და გაგონილი მქონდა, რომ ციხეებში არ აჩვენებდნენ, და თვალი რომ მოვკარი, კინაღამ შევხტი სიხარულით. მთავარის გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. ახლა მუდმივად ჩართულია და უცნაურია, მაგრამ თითოეულ სიტყვას, ლამის სარეკლამო ჭრებს ვუსმენ. ეტყობა, ასე ხდება ციხეში, როცა ტელევიზორი ერთადერთი დამაკავშირებელია გარესამყაროსთან.

5. რას გაჭმევენ და შენ თუ ჭამ?

დღეში სამჯერადი კვებაა, მაგრამ მე მარტო ერთხელ ვჭამ. ყველაფერი უნდა გამოიყენო როგორც შესაძლებლობა, და აქაც ასე ვარ - დიეტაზე ვარ, სანამ გამოვალ, ფორმაში უნდა ჩავდგე. თუმცა, მგონია, სწრაფად გამოვალ და ბევრის დაკლებას ვერ მოვასწრებ. გუშინ ვჭამე ლობიო და სტაფილოს სალათა. ნორმალური იყო, აუგს ვერ ვიტყვი. გუშინწინ - ბარდის ძალიან გემრიელი წვნიანი, ოდნავ ცხარე და მაკარონი "პა ფლოცკი", ის არ იყო გემრიელი და ვუთხარი კიდევაც, რას ჰგავდა ესთქო.

6. გყოფნის ერთჯერადი ჭამა?

პრინციპში კი. თუ მომშივდა, ოჯახის მიერ გამოგზავნილ ვაშლს ან ბანანს ვჭამ.

7. რა ნომერია შენი საკანი?

224

8. გითვალთვალებენ კამერაში?

კი, მუდმივი თვალთვალია, 2 კამერის მეშვეობით.

9. რა გაკლია ყველაზე მეტად?

სოლიდარობისა და მხარდაჭერის ემოცია. ხალხი მაკლია ანთებული თვალებით. იმდენი პოზიტიური ენერგია, რაც ოფისში ყოფნისას მივიღე, ალბათ დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში ჯამში არ მიმიღია. მგონია, იმხელა მარაგი დავაგროვე, ახლაც ეს ენერგიაა მთავარი მამოძრავებელი და საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში.

10. უყურე დღეს მიტინგს და კარვების გაშლას? რას ფიქრობ? დაინახე ისევ ანთებული თვალები და თავისუფლებისთვის ბრძოლა?

კი, ვუყურე და ძალიან ვინერვიულე, რომ იქ არ ვიყავი. თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გამარჯვების გემოს. ჩემი გამოსახულებით პლაკატს რომ შევხედე, განცდის გაორება მქონდა: თან უხერხულობისგან მეცინებოდა, თან ძალიან ამაღლებული გრძნობა მქონდა, ძალიან გამიხარდა.

11. რა გაკლია, გავიგე და ვინ გაკლია ყველაზე მეტად?

სანდრო. რა თქმა უნდა, სანდრო. ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის? ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ. რამე, მივლინებაზე უფრო გასაგები. ერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ გაიზრდება, იუთუბში ან გუგლში შევა, ნახავს ჩემ ამბებს და იმედი მაქვს იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება და რომ მოვუტანთ, ეჭვიც არ მეპარება.

12. ტელევიზორი რომ ჩავრთე, პირველი იმ პროკურორის ბრიფინგი ვნახეო. რა რეაქცია გქონდა და რას უპასუხებ მის შემოთავაზებას გირაოს გადახდაზე?

არ დაგიმალავთ, ბევრი ვიცინე. ჯერ თვითონ პროკურორია სასაცილო პერსონაჟი, ჩუმად, გრძლად და გაუგებრად მოლაპარაკე. მერე მისი გამოსვლის შინაარსი სრული ბოდვა და დასაცინი. ნული შანსი, რა გირაო უნდა გადავიხადო, მსგავსი სისულელე რამ მოაფიქრათ? ეტყობა ძალიან შეშინებული არიან საერთაშორისო გამოხმაურებებით. შემოაქვთ ჩემთან ყოველდღე და ვკითხულობ. სწორად არიან შეშინებული. რაც შეეხება გირაოს მესამე პირის მიერ შეტანას, ღიად ვამბობ, ვინც ფსევდო ალტრუისტული მიზეზით, ბიძინას დავალებით შეიტანს გირაოს, ის ივანიშვილზე დიდი მტერი იქნება ჩემი. ღიად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას.

13. სპეცოპერაციის დღე გაიხსენე, შენი აყვანის მომენტიდან მოყოლებული.

როგორც კი გამომიყვანეს, პირველივე კიბის უჯრედზე გამომძიებელმა წამიკითხა განჩინება და დამადო ხელბორკილები. სამივე სართულის კიბის უჯრედზე კორიდორი იყო გაკეთებული და ორივე მხარეს 2-2 რიგად იდგნენ სპეცრაზმელები. თავიდან ძალიან უხეშობდნენ და ხმამაღლა დავიყვირე, გულიც რომ ამომაცალოთ და სულიც რომ ამომიღოთ, ტყვიაც რომ დამახალოთ შუბლში, მაინც მე ვარ თქვენზე გამარჯვებული და შეწყვიტეთ ძალადობათქო. პირველ სართულზე რომ ჩამიყვანეს, გადავსებული იყო იქაურობა, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო. სამი წუთი პაუზა იყო, სიგნალს ელოდნენ, ვიდრე გარეთ გამიყვანდნენ. ეს სამი წუთი ყველა მათგანი მე მიყურებდა ინტერესით. გამიყვანეს ბოლოს და ჩამსვეს მანქანაში. არ უძალადიათ. ორივე მხარეს სპეცრაზმელი მეჯდა. წინ - მძღოლი. აშკარად არ იყო თბილისიდან, შსს-ს სამმართველოს ვერ მიაგნო, სად უნდა გადაეხვია და რა გზით ევლო, არც იცოდა. ხელბორკილიანი ხელი დავადე და ვკითხე, საიდან ხარ, საიდან ჩამოგიყვანეს, აშკარად წარმოდგენა არა გაქვს გზებზეთქო. დანარჩენებმა გაიცინეს. შემიყვანეს ორთაჭალში, სამმართველოში. 25 წუთი ვისხედით გაუნძრევლად. ბოლოს შეცვალეს ისინი ვინც გვერდით მეჯდა ორი ახალი, უფრო წარმოსადეგად ჩაცმული სპეცრაზმელით. 5 წუთიც მოიცადეს და გადამიყვანეს. რომ გადავედი, დამხვდა სამი კამერა, ბუმერი, და ათამდე გადამღები პერსონალი. მივხვდი, რომ დამამცირებლად უნდოდათ ხელბორკილებით ჩემი შეყვანა და ამის გადაღება, რომ მოგვიანებით ეჩვენებინათ. არ მივეცი ამის შესაძლებლობა. ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, გავრილოვებს და ვაგინებდი ივანიშვილს. ამის გადაღება შეძლეს და თუ უნდათ, აჩვენონ, მე წინააღმდეგი არ ვარ. რამდენადაც ვიცი, არ უჩვენებიათ. ძალიან დაბნეულები იყვნენ. შემიყვანეს შენობაში, ე.წ. ოპერების ოთახში. მოვითხოვე ტვ ჩაერთოთ და ჩამირთეს. ავტომატურად მთავარი არხი ჩაირთო, თან შენ იყავი ეთერში, დავცინე, რა იყო, თქვენც მთავარს უყურებთთქო. რამდენიმე წუთი მაყურებინეს და მერე გამომირთეს, გარედან მიიღეს ინსტრუქცია.

14. ჰქონდათ შენთან საუბრის წამოწყების მცდელობა?

კი, თან ხაზგასმულად კეთილგანწყობილ ტონალობაში. ერთ-ერთმა, ჩემი სკოლის დირექტორი ვნახე თქვენს ოფისში სპეცოპერაციისას, თქვა დანანებით. და სად უყურე სპეცოპერაციას, მთავარზეთქო და გაეცინა.

15. როგორ შეაფასებ პოლიციელების ქცევას?

როგორც მონების. თან აგრესიულები, მაგრამ დროს რომ იხელთებენ, მთელი თავისი ქცევით რომ გაჩვენებენ, რომ თუ ყველაფერი შეიცვლება, ახალ პატრონს გადავბარდებით და ვემსახურებითო. გვეშველება რამე? ამას ეკითხებოდნენ, როგორც კი დროს იხელთებდნენ. ერთ-ერთმა, ვინც ოფისიდან შსს-მდე და შსს-დან ციხემდე მომაცილა, რამდენჯერმე გაიმეორა - საყლევეთში ვცხოვრობთ. მოკლედ, კუთხეებს ამრგვალებდნენ, როგორც შეეძლოთ. ამის შემხედვარემ ზუსტად მივხვდი, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს და ეს ხალხი არავინ უნდა გადაიბაროს, თორემ არასდროს დამთავრდება მოძალადე პოლიცია.

16. რას ეტყვი პარტიას, რომლის თავმჯდომარეც ციხეშია?

ვეტყვი იმას, რომ მეგონა გიცნობდით და ყველაფერი ვიცოდი თქვენზე, მაგრამ ვცდებოდი. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თუ გინდა გყავდეს თანაგუნდელები და მეგობრები, აი ასეთები უნდა ინატრო, როგორებიც ნაციონალურ მოძრაობაში არიან. უდიდეს ვალში ვარ თითოეულ თქვენთაგანთან. მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა. და არამარტო თანადგომისა და თავისუფლებისთვის, დაუღალავი ბრძოლისთვის. იმისთვისაც, როგორც სპეცოპერაციისას მოიქეცით, არცერთი ნაბიჯით, რომ არ გადაუხვიეთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის გეგმას და არ მიეცით პროვოკაციის შესაძლებლობა სწორედაც, რომ პროვოკაციისთვის მოსულებს. სხვაგვარად, რომ მოქცეულიყო ერთ-ერთი ჩვენთაგანი მაინც, დღეს ეს საერთაშორისო შტურმი კი არ იქნებოდა, დაზარალებული პოლიციელების ფოტოებითა და კადრებით იქნებოდა გამოტენილი ყველაფერი და ელჩები მთავრობასთან ერთად მათ მოსანახულებლად ივლიდნენ. ახლა კი ჩვენ ვართ სრულიად გამარჯვებულები, ოცნება კი კატასტროფულ ვითარებაში. მთავარია, ახლა სრული მობილიზაცია და იმის რწმენა, რომ გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

17. ოჯახს რას ეტყვით?

ყველაფერი კარგად არის. ისტორიის სწორ მხარეს ვარ და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა. ციხეში ყოფნაზე უარესი კიდევ ბევრი რამე შეიძლება იყოს. არ ინერვიულონ და სანდროს მიხედონ. განცდა მაქვს, რომ აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს. მაგრამ თუ მომიწევს, მზად ვარ ამისთვისაც, ვიყო ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ.

18. რაზე გწყდება გული?

არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ სჯობს ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში - გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე, არაფერზე.

19. რა არის შენთვის გამარჯვება, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა?

არავითარი ჩემი გათავისუფლება, ან ნებისმიერი სხვა რამ, არავითარი მთავრობის გადადგომა - წავლენ ესენი, მოვლენ ახალი მონები. გამარჯვება არის ვადამდელი არჩევნები წელს, უპირობოდ. და მხოლოდ ამასთან პაკეტში ნებისმიერი დანარჩენი, მათ შორის ჩემი თუ სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტდევნის შეწყვეტა. მხოლოდ ახალი არჩევნები, სადაც ოცნება დამარცხდება და მოვიპოვებთ თავისუფლებას, როგორც შენ ამბობ. დანარჩენი თავისით დალაგდება.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...