"რუსეთის ჯარი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვრთნებს გადის, საქართველოს დატოვებს" - ლოლაძე
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე რუსეთის წვრთნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს მიმართებაში აწარმოებს.
"როგორც იცით, საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია. ჩვენი მიზანია განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რათა მოხდეს ჩვენი მოწინააღმდეგის მაქსიმალური შეკავება იმ ფარგლებში, სადაც ის დღეს იმყოფება და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, ის ჯარი, რომელიც წვრთნებს გადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აუცილებლად დატოვებს საქართველოს", _ განაცხადა ლოლაძემ და დასძინა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვრთნებთან დაკავშირებით სავარაუდოდ, განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს.
მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე, რასაც რუსეთი ახორციელებს. კერძოდ, ურთიერთობის გაღრმავება და განმტკიცება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
მისივე განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს ურყევი კურსი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სომხეთში, ჩრდილო კავკასიასა და ყირიმში სამხედრო მანევრები დაიწყო. მასში სამი ათასამდე საარტილერიო დანადგარია ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსეთის არხი "ზვეზდა" ავრცელებს.